როგორ დავიწყოთ დღიურის წარმოება: 6 გზა, რომლებსაც თერაპევტები გვირჩევენ

როგორ დავიწყოთ დღიურის წარმოება: 6 გზა, რომლებსაც თერაპევტები გვირჩევენ

საკუთარი გრძნობების ფურცელზე დაწერა მნიშვნელოვნად გვეხმარება გონების გაწმენდასა და სტრესის შემცირებაში. სწორედ ამიტომ, მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ხშირად დღიურის წარმოებას მიმართავენ. 

დღიურის წარმოება შესაძლოა, დაგეხმაროთ იმ ნეგატიური ფიქრების აღმოფხვრაში, რომელსაც თქვენი გონება მუდმივად იმეორებს. ეს პროცესი კი რუმინაციის სახელწოდებითაა ცნობილი და მას მნიშვნელოვნად შეუძლია, გაამძაფროს შფოთვა და დეპრესია. 

“დღიურის წარმოება შეგრძნებებისა და ფიქრების ორგანიზების საშუალებას იძლევა, რაც შემდგომში საკუთარ გონებაზე კონტროლის საშუალებას გვაძლევს,” – ამბობს ელისონ ლობელი, ჩიკაგოს ველინგტონის საკონსულტაციო ჯგუფის ფსიქოლოგი.

რა ტიპის დღიურები არსებობს?

დღიურის წარმოების საკმაოდ ბევრი გზა/თემატიკა არსებობს. თქვენ უბრალოდ უნდა აარჩიოთ შორის, რომელი თემატიკაა უფრო ახლოს თქვენთან. ესენია:

ბულეტები – ეს არის ჩვენი ფიქრებით/აზრებითა და და შემოქმედებითად შექმნილი დღიური. ამგვარ ჟურნალში შეგიძლიათ მცირე ჩანაწერები, შესასრულებელი საქმეები და შემახსენებელი სიტყვები ჩაწეროთ. 

სიზმრები – მსგავს ჟურნალში ინიშნავთ ღამით ნანახ სიზმრებს, სიზმრების ნაწყვეტებს – ყველაფერს, რაც გახსოვთ და ასევე იმ ემოციებსა და რეაქციებს, რომლებიც ამ სიზმრებთან გაკავშირებთ. 

სიცილი – ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც დღის განმავლობაში სიცილს გგვრით. 

მადლიერება – ყოველდღე გამოყავით დრო იმისთვის, რომ ჩამოთვალოთ, თუ რისი მადლიერი იყავით გასული დღის განმავლობაში. 

კრეატიული – ეს ცალსახად შემოქმედებით გაჟღენთილი დღიურია, სადაც შეგიძლიათ, დახატოთ, გააფერადოთ, ჩაწეროთ ნებისმიერი რამ..

მიზანზე ორიენტირებული – ამგვარ ჟურნალში თქვენ თვალყურს ადევნებთ თქვენს მიზნებსა და პროგრესს. ასევე, ამ ჟურნალში შეგიძლიათ, საკუთარ თავს შენიშვნებიც დაუწეროთ, რომლებიც მოტივაციას აგიმაღლებენ, მიზანი ბოლომდე განახორციელოთ. 

კოლაჟი – გამოიყენეთ სურათები, ნახატები, ჟურნალებიდან ამოჭრილი ფოტოები საიმისოდ, რომ თქვენი შინაგანი მდგომარეობა აღწეროთ.

ხატვა – გააკეთეთ თქვენს ჟურნალში მცირე სკეჩები, რომლებითაც ასევე აღწერთ თქვენს შინაგან მდგომარეობას. 

ბუნება – ჩაიწერეთ შეგრძნებები, რომლებიც ბუნებაში ყოფნის დროს გებადებათ.

ცნობიერების ნაკადი – ჩაიწერეთ აზრები მაშინვე, როდესაც ისინი თქვენს გონებაში მოდიან. 

მადლიერების დღიური – დღის დასაწყისში ან/და ბოლოში დაწერეთ მინიმუმ სამი რამ, რისი მადლიერიც ხართ.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ არ არსებობს არასწორი გზა დღიურის წარმოებისთვის. ნებისმიერი თქვენ მიერ მოფიქრებული თემატიკა და ვარიანტი მისაღები იქნება. მთავარია, შერჩეული ფორმა თვითგამოხატვაში დაგეხმაროთ. 

განსაზღვრეთ დრო

შეარჩიეთ ისეთი პერიოდი თქვენს ცხოვრებაში, როცა მართლა მზად იქნებით, რეგულარულად აწარმოოთ დღიური. ელისონ ლობელი გვირჩევს, რომ დღიურისთვის დრო დილით ან საღამოთი გამოვყოთ. ძილის წინ კიდევ უფრო კარგი პერიოდია საამისოდ, რადგან ეს პროცესი შესაძლოა, დამღლელი დღის შემდეგ განმტვირთავ საშუალებად იქცეს. 

რაიმე მარტივით დაიწყეთ

აუცილებელი არაა, დღიურის წარმოება სიღრმისეული ფიქრების გამოხატვით დავიწყოთ – ბევრისთვის ეს შესაძლოა, უჩვეულო და რთულიც კი იყოს. ამიტომ, თავიდან უბრალოდ თქვენი დღის აღწერით დაიწყეთ. 

მაგალითად: თქვენ დილის შვიდ საათზე გაიღვიძეთ, აალაგეთ საწოლი, მიიღეთ შხაპი, შემდეგ კი შეუდექით მუშაობას. რა იგრძენით ამ პროცესში? როგორ ხასიათზე იყავით?

ჟურნალში ნებისმიერი დეტალის ჩანიშვნას დიდი მნიშვნელობა აქვს – თუნდაც მომავალი დღის გეგმების. მრავალ კვლევაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანები, რომლებიც წინა დღით წერენ მომავალი დღის შესასრულებელი საქმეების სიას, მომდევნო დღეს ყველა ამ გეგმას ახორციელებენ. 

ასევე, მარტივია 3-5 წუთით დრო დაუთმოთ იმის ჩამოწერას, რის გამოც დღის განმავლობაში მადლიერებას გრძნობდით. ეს დაგეხმარებათ, ცხოვრებას უფრო ოპტიმისტურად შეხედოთ და საკუთარ მიზნებს უფრო მარტივად მიაღწიოთ. 

აირჩიეთ დღიურის წარმოების თქვენთვის მისაღები გზა

თქვენ შეგიძლიათ თქვენი შეგრძნებები ფურცელზე დაწეროთ, ან კლავიატურაზე აკრიფოთ, ხოლო თუკი წერაზე მეტად საუბარი გირჩევნიათ, შეგიძლიათ თქვენივე ხმა ჩაიწეროთ და ხმოვანი დღიური იქონიოთ. ლობელი გვირჩევს, რომ ჩვენი ემოციების გამოსახატად ფურცელი გამოვიყენოთ, რადგან დღის განმავლობაში მოწყობილობებთან ისედაც დიდი დროის გატარება გვიწევს. თანაც, ხელით წერა გვეხმარება, კარგად დავფიქრდეთ იმაზე, რასაც ვწერთ.

იყავით გულწრფელი

იყო გულწრფელი, საკმაოდ რთულია – თუნდაც საკუთარ თავთან. როდესაც ჩვენს ემოციებს ვწერთ გულწრფელობა კიდევ უფრო რთულდება, რადგანაც ამ დროს საკუთარი სიტყვების წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე. თუმცა, რაც უფრო გულწრფელად აღწერთ თქვენს ემოციებს, უფრო დიდი შედეგი ექნება თქვენს დღიურის წარმოებას. შეგრძნებების გულწრფელად გამოხატვა დაგეხმარებათ, უფრო მეტად დაიცალოთ მათგან და თავი ბევრად უკეთ იგრძნოთ. 

აქციეთ რიტუალად

იმისთვის, რომ დღიურის წერა ჩვევად ჩამოგიყალიბდეთ სასურველია, დღიური იდოს თვალსაჩინო ადგილას და აირჩიოთ დღის მონაკვეთი და ადგილი, სადაც სისტემატიურად ამას გააკეთებთ. მიუდექით ამ პროცესს, როგორც სასიამოვნო რიტუალს. შეგიძლიათ დღიურის წარმოება დაუკავშიროთ სხვა სასიამოვნო მოვლენას, მაგალითად გემრიელი ჩაის მოდუღებას და მირთმევას, ან საყვარელი მუსიკის ფონზე წერას.

გახსოვდეთ, კვლევები აჩვენებს, რომ ზოგადად, ჩვენი აზრების გაზიარებას და დღიურის წარმოებას უამრავი დადებით გავლენა აქვს ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

The post როგორ დავიწყოთ დღიურის წარმოება: 6 გზა, რომლებსაც თერაპევტები გვირჩევენ appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart