Night mode

რატომ უნდა ვისწავლოთ მადლიერების გამოხატვა?

რატომ უნდა ვისწავლოთ მადლიერების გამოხატვა?
ფონტის ზომა

რა არის მადლიერების გრძნობა? 

მადლიერება არის პოზიტიური ემოციური პასუხი, რომელიც გამოწვეულია სარგებლის გაცემით ან მიღებით (Emmons & McCullough, 2004). სარგებელი, შეიძლება იყოს როგორც მატერეალური, ისე არამატერეალური. 

პოზიტიური ფსიქოლოგიის მიხედვით, მადლიერების გრძნობა, ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე კარგი მომენტების აღიარებაა. მადლიერება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მისი შეგრძნება. ეს არის ვინმეს ან რაიმეს სიღრმისეული დაფასება, რასაც ხანგრძლივი დროით შეუძლია პოზიტიური ემოციების გამოწვევა. 

პროფესორ რობერტ ემმონსის თანახმად, მადლიერების შეგრძნება ორ ეტაპს მოიცავს:

პირველი მათგანი, ცხოვრებაში მიმდინარე კარგი მომენტების გაცნობიერებაა. როდესაც ვაღიარებთ, რომ ჩვენს ირგვლივ ხდება მოვლენები, რომლებიც ცხოვრებას აზრს სძენენ. 

მეორე კი, იმის გააზრება, რომ მადლიერების მიზეზი გარემოშია და არა ჩვენ თავში. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ადამიანების, ცხოველების, სამყაროს მადლიერი. 

მეცნიერული თვალსაზრისით, მადლიერება არ არის მხოლოდ სიტყვა “მადლობა”, რომელსაც სხვების მიმართ გამოვხატავთ. მადლიერება პოზიტიური ემოციაა, რომელსაც ბიოლოგიურად აუცილებელი დანიშნულება აქვს. 

რატომ არის მადლიერების გრძნობა მნიშვნელოვანი? 

როგორც ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, მადლიერების გრძნობა პირდაპირ უკავშირდება ბედნიერებას და ხელს უწყობს ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. 

ისინი, ვინც ხშირად გრძნობენ მადლიერებას,  ნაკლებ ტკივილსა და სტრესს განიცდიან, უფრო იშვიათად აწუხებთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები და უკეთესი იმუნური სისტემა აქვთ; მეტიც, ასეთი ადამიანები, უფრო მარტივად ინარჩუნებენ ჯანსაღ ურთიერთობებს და აღწევენ წარმატებას. 

მუდმივად უფრო მეტის მიღების სურვილის ნაცვლად, მადლიერების გრძნობა იმის დაფასებაში გვეხმარება, რაც უკვე გვაქვს. გვეხმარება ვფოკუსირდეთ იმაზე, რაც არის და არა იმაზე – რაც გვაკლია.

ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, მკვლევარები აკვირდებოდნენ ადამიანთა სამ ჯგუფს, რომლებსაც ყოველკვირეულად, სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული ჩანაწერების გაკეთება ევალებოდათ:

• პირველი ჯგუფის წევრები, ინიშნავდნენ რა აღიზიანებდათ ყოველდღიურად და რა იწვევდა მათში უსიამოვნო შეგრძნებებს;
• მეორე ჯგუფის წევრები, აღნიშნავდნენ რითი იყვნენ კმაყოფილები;
• მესამე ჯგუფის წევრებს ევალებოდეთ, დაეწერათ ნებისმიერ თემაზე, რომელმაც მათზე გავლენა იქონია.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ცხოვრებით კმაყოფილების დონე უფრო მაღალი იყო ადამიანებში, რომლებიც პოზიტიურ მომენტებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. 

მადლიერების გამოხატვისა და მიღების დროს, ტვინი გამოყოფს ბედნიერების ჰორმონებს (დოპამინს და სეროტონინს). მათი საშუალებით თავს კარგად ვგრძნობთ და გვიუმჯობესდება გუნება-განწყობილება. 

მართალია, მადლიერება სპონტანური გრძნობაა, მაგრამ კვლევებით დასტურდება, რომ მის გამოხატვაზე ვარჯიში შესაძლებელი და სასარგებლოა. ასეთი ვარჯიში, გვაშორებს ისეთი ნეგატიური ემოციებისგან, როგორიც არის უკმაყოფილება და შური, ასევე, ამცირებს რუმინაციის (აზრების ჩახვევის) ალბათობას.

როგორ ვისწავლოთ ვიყოთ მადლიერები?

აწარმოეთ დღიური

კვირის ბოლოს დაწერეთ, რა გამოგივიდათ კარგად და რისთვის ხართ მადლიერი. შეგიძლიათ, “მადლიერების სიაში” შეტანილი მომენტების რაოდენობაც განსაზღვროთ, მაგალითად, ჩამოწერეთ მადლიერების გრძნობის გამომწვევი 4-5 მიზეზი. 

გაუგზავნეთ მადლიერების გამომხატველი ბარათი საყვარელ ადამიანებს 

ბარათის საშუალებით, შეგიძლიათ გამოხატოთ, როგორ აფასებთ ადამიანებს და რამდენად მნიშვნელოვანი როლი უკავიათ მათ თქვენს ცხოვრებაში. უკეთესი იქნება, თუ წერილს თქვენით წაუკითხავთ ადრესატს. ჩვევად აქციეთ, თვეში სულ ცოტა ერთი სამადლობელი ბარათის გამზადება.

გამოხატეთ მადლიერება მენტალურად

თუ ბარათის წერის დრო არ გაქვთ, უბრალოდ იფიქრეთ ადამიანზე, რომელმაც თქვენთვის რაიმე კარგი გააკეთა და გულში მადლობა გადაუხადეთ.

გამოხატეთ მადლობა არავერბალურად

შემდეგში, როცა მაღაზიაში კონსულტანტისთვის მადლობის გადახდას დააპირებთ, ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ სიტყვით. გაუღიმეთ და დაამყარეთ თვალით კონტაქტი.  

იფიქრეთ ადამიანებზე

იფიქრეთ მათზე, ვინც თქვენს ცხოვრებაზე თუნდაც მინიმალური პოზიტიური გავლენა იქონია. ადამიანზე, რომელმაც პატარა სიხარული მოგიტანათ ან წვლილი შეიტანა თქვენი თუ თქვენი საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში. 

იფიქრეთ გარემოზე

დაუკვირდით, რამდენი რამეა ჩვენს ცხოვრებაში, რისთვისაც შეიძლება მადლიერი ვიყოთ. თუნდაც, ზამთარში ერთი მზიანი დღისთვის.

გახსოვდეთ, რომ მადლიერების გრძნობის ეფექტი ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომენტალურად არ აისახება და მნიშვნელოვანია, მის გამოხატვაზე სისტემატიურად ვარჯიში. 

ავტორი: ნინი დარსაძე