არჩევანის საშუალება – არის თუ არა ბევრი ვარიანტის ქონა ყოველთვის კარგი

არჩევანის საშუალება –  არის თუ არა ბევრი ვარიანტის ქონა ყოველთვის კარგი

ჩვენი ცხოვრება გაღვიძებისთანავე არჩევანით იწყება. გამოვრთო თუ არა მაღვიძარა, ლურჯი სვიტერი ჩავიცვა თუ წითელი, რა მივირთვა, რა გავაკეთო სადილად, მივიღო თუ არა სამსახურის შემოთავაზება და სხვა. ჩვენი ცხოვრება პატარპატარა გადაწყვეტილებების მიღებითაა სავსე. ისინი შეიძლება იყოს ისეთი ტრივიალური, როგორიცაა არჩევანი ვანილისა და შოკოლადის ნაყინს შორის, ან ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიცაა სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა

არჩევანის გაკეთება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დიდ ნაწილის მოიცავს. ზოგადად, ადამიანებს მოგვწონს, როდესაც არჩევანის გაკეთების საშუალება გვაქვს,  თუმცა, მრავალფეროვანმა არჩევანმა შეიძლება პირიქით,  გაართულოს არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება.

ზოგადად, არჩევანის შესაძლებლობა ჩვენზე დადებითად მოქმედებს 

არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჩვენზე დადებითად აისახება, ამას მრავალი კვლევა ამოწმებს. როდესაც არჩევანის შესაძლებლობა გვაქვს, ვგრძნობთ, რომ საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე ავტონომია ჩვენ გვეკუთვნის, დამოუკიდებლები ვართ და შეგვიძლია თავად ავარჩიოთ ის, თუ რა გვინდა. ეს ეხება როგორც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ასევე ტრივიალურ საკითხებს

მაგალითად, მოხუცებულთა სახლში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მაცხოვრებლები თავს ბევრად უკეთ გრძნობდნენ, როდესაც თავად ირჩევდნენ როდის ესეირნათ, წაეკითხათ ან ეყურებინათ ტელევიზორისათვის. ერთერთი ბრიტანული კვლევის თანახმად კი, თანამშრომლებს, რომელთაც სამსახურეობრივი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა აქვთ, უფრო კმაყოფილები და ბედნიერები არიან. ხოლო მათ, ვისაც უწევთ გადაწყვეტილებებს უსიტყვოდ დაემორჩილონ სტრესისა და შფოთვის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ. (არადა, თითქოს პირიქით უნდა იყოს, რადგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სტრესთანაა დაკავშირებული). 

თუმცა, რაც უფრო დიდია არჩევანი, მით უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება

ჩვენ ვთანხმდებით, რომ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა დადებითად მოქმედებს ჩვენზე. მაგრამ, ყველაფერი რთულდება, როდესაც არჩევანი დიდია. ჩვენთვის უფრო მარტივია 3 შესაძლო ვარიანტიდან ერთის შერჩევა, ვიდრე 30-დან. ამას 90-იან წლებში ჩატარებული კვლევაც მოწმობს, რომელიც ჯემის ექსპერიმენტის სახელითაა ცნობილი. კვლევა სასურსათო მაღაზიაში მიმდინარეობდა, რომელიც ცნობილი იყო პროდუქტების ფართო არჩევანით. ექსპერიმენტის დროს მომხმარებელს სთავაზობდნენ ჯემის გასინჯვას. ერთ შემთხვევაში გასასინჯი ჯემების რაოდენობა 6 იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში – 24. კვლევის თანახმად, მართალია უფრო მეტი ადამიანი სინჯავდა ჯემს, როდესაც გემოების მეტი არჩევანი ჰქონდათ, თუმცა უფრო მეტი ადამიანი ყიდულობდა ჯემს, როდესაც მისი არჩევანი შეზღუდული იყო. რაც მოწმობს, რომ რაც მეტი ვარიანტი გვაქვს, მით უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება. რატომ ხდება ასე

ჩვენ ვღელავთ არჩევანზე, რომელიც არ გავაკეთეთ 

როდესაც არჩევანი დიდია, ჩვენ პარალიზებული ვართ, გვიჭირს შერჩევა და შემდეგ, ნაკლებად კმაყოფილები ვართ ჩვენი გადწყვეტილებით. ამას ხშირად FOMO (Fear of missing out) ეფექტსაც ეძახიან,  რაც გულისხმობს შიშს იმის გამო, რომ რაღაც გამოტოვე. 

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ სამსახურის რამოდენიმე შემოთავაზება გაქვთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ და დათანხმდეთ ისეთ შესაძლებლობას, რომელიც უკეთეს სამუშაო გარემოს, ანაზღაურებასა და სარგებელს გთავაზობთ. ასეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ საუკეთესო ვარიანტი აარჩიეს. მაგრამ, მაინც არ არიან ბოლომდე კმაყოფილები, რადგან ფიქრობენ, რომ სადღაც სხვა, უფრო მიმზიდველი და მათთვის უფრო შესაფერისი შესაძლებლობა არსებობს. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ვადარებთ არამხოლოდ არსებულ, არამედ არარსებულ შესაძლებლობებსაც. რაც კიდევ უფრო ართულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ეს აისახება არამხოლოდ სამსახურის შერჩევაში, არამედ ურთიერთობებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში

ჩვენ ნაკლებად კმაყოფილები ვართ არჩევანით

როდესაც არჩევანი დიდია, ჩვენს გადაწყვეტილებაში ნაკლებად ვართ დარწმუნებული და ხშირად ვფიქრობთ  – იქნებ სხვა რამ უნდა ამერჩია? მაგალითად, თუ კაფეში მხოლოდ ლატეს ან კაპუჩინოს გთავაზობენ, შეგიძლიათ გადაწყვეტილება მარტივად მიიღოთ და ამაზე არ იფიქროთ, მაგრამ როდესაც არჩევანს 100 დასახელების ყავაში აკეთებთ იცით, რომ სავარაუდოდ უფრო გემრიელიც შეგეძლოთ აგერჩიათ. რაც უფრო მეტი არჩევანი გვაქვს, მით უფრო ნაკლებად ვართ კმაყოფილები ჩვენი გადაწყვეტილებით. 

მშვენიერება სიმარტივეშია 

გადაწყვეტილების მიღება ზოგჯერ სტრესული პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბევრი ვარიანტიდან გვიწევს არჩევანის გაკეთება. გონებრივი სიფხიზლე (mindfulness) და ჩვენი თავისა და სურვილების უკეთ გაცნობა გვეხმარება იმაში, რომ არჩევანი გავფილტროთ, შევამციროთ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული შფოთვა და ვისიამოვნოთ იმ არჩევანით, რომელიც გავაკეთეთ!

 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი

The post არჩევანის საშუალება – არის თუ არა ბევრი ვარიანტის ქონა ყოველთვის კარგი appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart