როგორ გავიადვილოთ ბავშვებისთვის საკვების მომზადების პროცესი

როგორ გავიადვილოთ ბავშვებისთვის საკვების მომზადების პროცესი

მშობლების უმრავლესობას საკმაოდ დატვირთული დღის განრიგი აქვს. როგორც წესი, მათ თავიანთი სამსახურეობრივი და პირადი საქმის გარდა, ისეთ საკითხებზეც უწევთ ფიქრი, როგორებიცაა: შვილების ჯანმრთელობა, განათლება, გართობა, ოჯახის წევრებზე ზრუნვა, საოჯახო საქმეები და ა.შ. 

მშობლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მით უმეტეს, ე.წ. „სწრაფი კვების“ ეპოქაში, შვილების ჯანსაღად კვებაა. ხშირად, სწრაფი კვების შეძენაზე მატერიალური რესურსის ხარჯვა მშობლებისთვის გაცილებით მარტივი გამოსავალია, ვიდრე - შვილებისთვის ყოველ დღე ჯანსაღი საკვების მომზადება. თუმცა, არსებობს მეთოდი, რომელიც მშობლებს დროის დაზოგვაში და ბავშვების ჯანსაღად გამოკვებაში დაეხმარება. 

ამ მეთოდს საკვების წინასწარი მომზადება, ანუ “meal prep” ეწოდება, რაც კერძებისთვის ინგრედიენტების წინასწარ მომზადებას და მათ შენახვას გულისხმობს. საკვების წინასწარ მომზადების განსხვავებულ მეთოდებზე ადრე უკვე ვისაუბრეთ. ახლა კი, მოგიყვებით, როგორ გამოვიყენოთ ეს მეთოდი შვილებისთვის საკვების მოსამზადებლად.


  • შეარჩიეთ კვირაში ერთი მსუბუქი, ნაკლებად დატვირთული დღე და შეიძინეთ საჭირო ინგრედიენტები მთელი კვირისათვის. მოიმარაგეთ ე.წ. ვაკუუმ პარკები და საკვების შესანახი კონტეინერები, სასურველია, შუშის ან ეკომეგობრული მასალისგან დამზადებული. 

  • თევზი, ქათამი, ხორცი დაჭერით და დაყავით დღიურ პორციებად. დაახარისხეთ ვაკუუმ პარკებში და შეინახეთ საყინულეში, ცალკე უჯრაში. სასურველია, დასახელებასთან ერთად, პროდუქტს გარედან მარკერით დააწეროთ შენახვის თარიღი. 

  • გარდა პროდუქტის შენახვისა, ხორცისგან და ქათმის ფილესგან შეგიძლიათ გააკეთოთ ნახევარფაბრიკატები, მაგალითად: კატლეტები, გუფთა, ხორცის ან ყველის ბლინები და ა.შ. გამზადებული ნახევარფაბრიკატები ერთმანეთს რომ არ მიეწებოს, დაალაგეთ დაფაზე და რამდენიმე წუთით გაყინეთ. ამის შემდეგ კი, მოათავსეთ ვაკუუმ პარკში და შეინახეთ საყინულეში.

  • რაც შეეხება წვნიანის და მსგავსი საკვების მოსამზადებლად,  მალფუჭებად პროდუქტები გარეცხეთ და გათალეთ ბოსტნეული (კარტოფილის გარდა) და შენახვამდე, კარგად გააშრეთ ჩაის ტილოს ან სამზარეულოს სხვა საშუალებით. აჯობებს, ხახვი და ნიორი ცალკე კონტეინერში მოათავსოთ. მთელი კვირის განმავლობაში, სადილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ კარტოფილის გათლა და რამდენიმე წუთი, რადგან ყველა ინგრედიენტი უკვე მზად გექნებათ. 

  • ასევე, იმისთვის, რომ ხშირად არ მოგიწიოთ მაღაზიაში სიარული, წინასწარ გაწერეთ სასურველი პროდუქტების სია.  შეგიძლიათ იყიდოთ უფრო დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, გარეცხოთ, გააშროთ და გაყინოთ. შეგახსენებთ, რომ გაყინული პროდუქცია ინარჩუნებს ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს.


მშობლების აქტიური და დატვირთული დღის განრიგიდან გამომდინარე, ბავშვებისთვის მუდმივად ჯანსაღი საკვების მომზადება ხშირად სტრესული და დამღლელი პროცესია. ეს ბუნებრივია - ზრდასრულებს უწევთ ფიქრი არა მარტო საკუთარ პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაზე, არამედ შვილების კეთილდღეობაზე, განათლებაზე, ტრანსპორტირებაზე და ა.შ. ამიტომ, ჯანსაღი საკვების მომზადების დრო ყოველთვის არ რჩება. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინება, პროდუქტების წინასწარ მომარაგება და მომზადება საკმაო დროს დაგიზოგავთ და თქვენი შვილების სიჯანსაღის შენარჩუნებაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.


YOUR CART (0)

No Products in the Cart