Night mode

Meal prep – როგორ მოვამზადოთ საკვები წინასწარ

Meal prep – როგორ მოვამზადოთ საკვები წინასწარ
ფონტის ზომა

საკვების წინასწარ მომზადება, ანუ “meal prep”, გულისხმობს კერძების ან ინგრედიენტების წინასწარ მომზადებას და შენახვას, რომ შემდეგ მინიმალურ დროში შევძლოთ კერძის მომზადება. ეს შესანიშნავი მეთოდია დროისა და ფინანსების დასაზოგად. წინასწარ მომზადება, ასევე, გვეხმარება მივირთვათ უფრო დაბალანსებული და ჯანსაღი საკვები.

Meal Prep-ის სხვადასხვა ტიპი

საკვების წინასწარ მომზადების რამდენიმე ტიპი არსებობს. შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელია თქვენთვის ხელსაყრელი თქვენი ცხოვრების სტილის, თავისუფალი დროისა და პრეფერენციების მიხედვით.

რამდენიმე კერძის წინასწარ მომზადება

ეს ტიპი გულისხმობს სხვადასხვა კერძის წინასწარ მომზადებას და საყინულეში შენახვას. შეგიძლიათ, მოამზადოთ კერძები მომდევნო ერთი კვირისთვის და გაათბოთ მირთმევამდე.

ერთი კერძის დიდი რაოდენობით მომზადება

შეგიძლიათ, მოამზადოთ კერძი ერთი რეცეპტით, წინასწარ დაყოთ პორციებად და გაყინოთ. შემდეგ კი, გაათბოთ ერთი პორცია და მიირთვათ. ეს მეთოდი განსაკუთრებით მოსახერხებელია სადილის გასაკეთებლად მათთვის, ვისაც არ სურს სხვადასხვა კერძზე დროის ყოველდღიურად ხარჯვა.

კერძების ინდივიდუალური პორციების მომზადება

შეგიძლიათ, მოამზადოთ სხვადასხვა კერძის ცალკეული პორციები და შეინახოთ ცალ-ცალკე კონტეინერებში. განსაკუთრებით მოსახერხებელია ისეთი საკვებისთვის, რომელსაც გათბობა არ სჭირდება, მაგალითად, სალათებისთვის, რომლებიც შეგიძლიათ ძირითად კერძად მიირთვათ. შესაბამისად, მთელი კვირის განმავლობაში გექნებათ წინასწარ მომზადებული საკვები ლანჩისთვის.

ინგრედიენტების წინასწარ მომზადება

თუ არ გსურთ საკვების წინასწარ მომზადება და გაყინვა ან მაცივარში დიდი ხნით შენახვა, საუკეთესო გამოსავალია ინგრედიენტების წინასწარ მომზადება. შეგიძლიათ, წინასწარ მოამზადოთ დაჭრილი ბოსტნეული, შეინახოთ და კერძების მზადების დროს გამოიყენოთ. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს კერძის მზადებისთვის საჭირო დროს.

Meal Prep დამწყებთათვის

აირჩიეთ, რომელი კვებისთვის ამზადებთ კერძებს

საკვების ან ინგრედიენტების წინასწარ მომზადება შეგიძლიათ დაგეგმოთ ყველა კვებისთვის – საუზმისთვის, ლანჩისთვის თუ სადილისთვის.

თუმცა, სიმარტივისთვის უმჯობესია, თუ თავდაპირველად ერთი რომელიმე კვებით დაიწყებთ.

  • საუზმის წინასწარ მომზადება ყველაზე მარტივია, ამისთვის შეგიძლიათ უბრალოდ ინგრედიენტები გაამზადოთ და დააფასოვოთ.
  • ლანჩისთვის შეგიძლიათ სალათები გაამზადოთ, რომელთაც დიდი დრო არ სჭირდება მოსამზადებლად და შეგიძლიათ ცივად მიირთვათ. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც ოფისიდან მუშაობს.
  • სადილების მომზადებას ყველაზე დიდი დრო დასჭირდება, სამაგიეროდ, დაგეხმარებათ შეამციროთ ყოველ დღე კერძების მომზადებაში დახარჯული დრო.

დაგეგმეთ კერძები და მომზადების დრო 

  • გადაწყვიტეთ რომელ დღეს გამოიყენებთ საკვების წინასწარ მოსამზადებლად.
  • წინასწარ შეარჩიეთ რამდენიმე რეცეპტი, ჩამოწერეთ საჭირო ინგრედიენტები.
  • დარწმუნდით, რომ ყველაფერი გაქვთ, რაც კერძების მომზადებისთვის გჭირდებათ.

შეარჩიეთ ისეთი კერძები, რომლებიც გიყვართ

სანამ კერძების წინასწარ მომზადებას შეეჩვევით, უმჯობესია, შეარჩიოთ ის კერძები, რომლებიც გიყვართ და იცით, რომ მიირთმევთ. ახალი რეცეპტების გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება, არ მოგეწონოთ კერძი. ასეთ დროს, შესაძლოა, უარი თქვათ მათ მირთმევაზე. შედეგად კი, ტყუილად გააფუჭებთ ინგრედიენტებს და დაკარგავთ დროს.

შეამცირეთ საჭმლის მომზადების დრო

მთელი კვირისთვის წინასწარ საჭმლის მომზადება დამღლელად ჟღერს. თუმცა, აუცილებელი არ არის მთელი კვირა დღე სამზარეულოში გაატაროთ. კერძების სწორად დაგეგმვა დაგეხმარებათ მინიმუმამდე შეამციროთ მათ მომზადებაზე დახარჯული დრო.

  • შეარჩიეთ კერძები, რომელთაც სხვადასხვა ტიპის მომზადება სჭირდებათ: მაგალითად, შეწვა, მოხარშვა, გრილზე მომზადება, გამოცხობა და სხვა. ასე შეძლებთ ერთდროულად რამდენიმე კერძის მომზადებას.
  • დაიწყეთ ყველაზე რთულად მოსამზადებელი კერძით. სანამ ის მზადდება, მოამზადეთ სხვა კერძები.
  • ცივი კერძები, მაგალითად, სალათები და სენდვიჩები, ბოლოსთვის მოიტოვეთ, როდესაც ყველა სხვა კერძი მზადების პროცესშია და თქვენგან მინიმალურ ჩართულობას მოითხოვს.
  • წინასწარ გადაამოწმეთ ინგრედიენტები. თუ რამდენიმე კერძი ერთსა და იმავე ინგრედიენტს მოითხოვს, ერთიანად მოამზადეთ. მაგალითად, თუ ერთ კერძს ორი ცალი ხახვი სჭირდება, მეორეს კი – ერთი, შეგიძლიათ წინასწარ დაჭრათ ხახვი ორივე კერძისთვის, ეს დაგეხმარებათ დროის დაზოგვაში.

სწორად შეარჩიეთ შესანახი კონტეინერები 

კერძებისა და პროდუქტების სწორად შენახვა კერძების წინასწარ მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილია. არასწორად შერჩეულმა კონტეინერმა შეიძლება შეუცვალოს კერძს გემო. ამასთანავე, ზოგიერთი კონტეინერი შეიცავს ქიმიკატებს, რომლებიც შეიძლება შეერიოს კერძს, განსაკუთრებით, თუ კონტეინერითვე გააცხელებთ.

  • გამოიყენეთ ჰერმენტული კონტეინერები, მრავალჯერადი სილიკონის ჩანთები და უჟანგავი ფოლადის კონტეინერები ინგრედიენტების შესანახად. ასე შენახვა დიდხანს შეუნარჩუნებს მათ გემოს.
  • BPA-ისგან თავისუფალი კონტეინერები საუკეთესოა ისეთი კერძების შესანახად, რომელთაც შემდეგ მიკროტალღურ ღუმელში გაათბობთ. ისინი უფრო მოსახერხებელია და ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია.
  • შესანახად უმჯობესია მინის კონტეინერების გამოყენება, თუმცა, ისინი მოუხერხებელია სატარებლად, რამდენადაც შედარებით უფრო მძიმეა.
  • უმჯობესია, თუ გამოიყენებთ ერთი ზომისა და ფორმის კონტეინერებს. ისინი მოსახერხებელია მაცივარში შესანახად და დაგემხარებათ სივრცის დაზოგვაში.
  • უპირატესობა მიანიჭეთ მრავალჯერადი გამოყენების კონტეინერებს, ისინი გვეხმარება დავზოგოთ ფული და, თანაც, უფრო ეკოლოგიურია.

რჩევები საკვების წინასწარ მომზადებისთვის

  • წინასწარ შეარჩიეთ კერძები და მათი მომზადების მეთოდები;
  • შეარჩიეთ კვირაში ერთი დღე, როდესაც შეიძენთ ინგრედიენტებს და მოამზადებთ კერძებს. მიჰყევით ამ გრაფიკს;
  • სწორად შეარჩიეთ რეცეპტები. თავდაპირველად აირჩიეთ კერძები, რომლებიც გიყვართ;
  • აირჩიეთ დაბალანსებული კერძები, რათა მთელი კვირის განმავლობაში მიიღოთ საჭირო მაკრო და მიკრო ნუტრიენტები
  • სწორად დაგეგმეთ მზადების პროცესი, რათა შეამციროთ სამზარეულოში გატარებული დრო.
  • შეარჩიეთ სწორი კონტეინერები და პორციები. რეკომენდებული არ არის საკვების რამდენჯერმე გაცხელება, ამიტომ გქონდეთ ის პორციებად დახარისხებული.

 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი