რა არის მიკრობიომი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გავლენა ჩვენი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე?

რა არის მიკრობიომი და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გავლენა ჩვენი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე?

მიკრობიომი წარმოადგენს იმ უნიკალური, ტრილიონობით ბაქტერიის, სოკოსა და ვირუსის ერთობლიობას, რომლისგანაც შედგება ჩვენი ორგანიზმი - ცხვირისა და პირის ღრუ, კანი და ყველაზე დიდი რაოდენობით - კუჭ-ნაწლავის ფლორა.

მიკრობიომი ჩვენი ორგანიზმისა და გარე სამყაროს ურთიერთკავშირის შედეგად ყალიბდება და ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსურ ეკოსისტემას წარმოადგენს. მართალია, მიკრობიომის ჩამოყალიბება ჩვენი ცხოვრების ადრეულ წლებში ხდება, თუმცა, ის კვების რაციონის, მედიკამენტოზური მკურნალობისა და გარემო ფაქტორების გავლენით, დროთა განმავლობაში ცვლილებას განიცდის.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, სულ უფრო მეტი კვლევა ტარდება ადამიანის მიკრობიომის - კუჭ-ნაწლავის ფლორის შესასწავლად, რადგან აღმოჩნდა, რომ ის მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ჩვენი იმუნური სისტემის, ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჩამოყალიბებასა და გამართულ ფუნქციონირებასთან.

კუჭ-ნაწლავის მიკრობიომი შედგება ‘კეთილი’ და პოტენციურად ‘მავნე’ მიკრო ორგანიზმებისაგან, რომლებიც, საუკეთესო შემთხვევაში, მშვიდად თანაარსებობენ და ჩვენი ორგანიზმის კეთილდღეობას ემსახურებიან. თუმცა, მიკრო ფლორის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა ავტოიმუნური ან სხვა სახის დაავადებები განვითარდეს, როგორიცაა: ჭარბწონიანობა, დიაბეტი, ალერგია, კარდიო-ვასკულარული, ნევროლოგიური, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები (როგორიც არის შფოთვა, დეპრესია..)

 

რა იწვევს მიკრობიომის ბალანსის დარღვევას?

 

არაჯანსაღი საკვების დიდი დოზით გამოყენება - ისეთი საკვები პროდუქტების ხშირი მოხმარება, რომლებიც შეიცავს რაფინირებულ შაქარს, ტრანს ცხიმებს, კონსერვანტებს, სახამებელსა და თეთრ ფქვილის, უარყოფითად მოქმედებს ჩვენს მიკროფლორაზე.

ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი/ხშირი მკურნალობა - ანტიბიოტიკების გამოყენება საყურადღებოა, რადგან ორგანიზმში მოხვედრისას, ის ‘ცუდ’ ბაქტერიებთან ერთად, ჩვენთვის საჭირო და სასარგებლო ბაქტერიებსაც ანადგურებს. შესაბამისად, იკრძალება ანტიბიოტიკის პრევენციის მიზნით გამოყენება და აუცილებლობის შემთხვევაში, ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. 

ხანგრძლივი სტრესი - მართალია უარყოფითი და, პერიოდულად, ძლიერი სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ის მნიშნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს კუჭ-ნაწლავის ფლორაზეც. სტრესი ხელს უშლის ორგანიზმში სისხლის გადაადგილების პროცესს და ამცირებს მიკროფლორაში არსებულ სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას.

არაჯანსაღი ცხოვრების წესი - ალკოჰოლის ხშირი/დიდი რაოდენობით მოხმარება, უმოძრაობა და დაუბალანსებელი ძილის რეჟიმი უარყოფითად აისახება ჩვენს მიკრობიომზეც. რაც, შემდგომში, შესაძლოა აისახოს ჩვენს განწყობასა და პროდუქტიულობაზე. არაჯანსაღი ცხოვრების წესი, სხვა პრობლემებთან ერთად, იწვევს უხასიათობას, ენერგიის დეფიციტსა და მიკრო ფლორის დისფუნქციას.

არსებობს პროდუქტები და ჩვევები, რომელთა გამომუშავებითაც ჩვენს ორგანიზმში არსებული მიკრობიომის გაუმჯობესება შეგვიძლია.


როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მიკრო ფლორის გამართულად ფუნქციონირებას?


ყოველდღიური კვების რაციონი გაამდიდრეთ სასარგებლო პროდუქტებით - კარგი იქნება, თუ გადავხედავთ ჩვენს კვების რაციონს და მასში შევიტანთ მიკროფლორის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელ პროდუქტებს, ესენია: პარკოსნები, ხახვი, ასპარაგუსი, შვრია, ბანანი, კენკრა, იოგურტი, კიმჩი, კეფირი, შავი შოკოლადი, კომბუჩა და მწვანე ჩაი. ასევე, არ დაგვავიწყდეს, წყლის დღიური ნორმის მიღება, რადგან მიკრობიომის ბალანსისა და ორგანიზმის მინერალებით მოსამარაგებლად, ის შეუცვლელია.

ეცადეთ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ - ხარისხიანი ძილი მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისთვის, ამიტომ შეეცადეთ მოაწესრიგოთ თქვენი ძილის რეჟიმი. საღამოს საათებში კოფეინის შემცველი პროდუქტების მოხმარებიდან ამოღება, ყოველ დღე (თუნდაც არ გეძინებოთ) ერთსა და იმავე დროს დაწოლა, საძინებელში სიბნელე და ძილისთვის ხელშემწყობი ატმოსფერო, დაგეხმარებათ ძილის მოწესრიგებაში.

იპოვეთ გზები, რომლებიც დაგეხმარებათ სტრესის შემცირებაში - ჩვენს ორგანიზმზე სტრესის ნეგატიური გავლენის შემცირებისთვის, შესაძლოა ყველას ინდივიდუალური მეთოდი ჰქონდეს. თუმცა, სუნთქვითი სავარჯიშოები, მედიტაცია, ფიზიკური აქტიურობა - ვარჯიში, ფეხით სიარული, სახლის დალაგება, ხელს შეუწყობს შფოთვისგან გათავისუფლებას და დადებითად აისახება ჩვენს ორგანიზმსა და გონებაზე.

მართალია, ჩვენში არსებულ მიკრო ორგანიზმებს ვერ ვხედავთ, თუმცა ისინი ჩვენს ჯანმრთელობასა და ზოგად კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი გავლენას ახდენენ. გამართული მიკრობიომი გვიცავს პათოლოგიური დაავადებებისგან, აუმჯობესებს იმუნიტეტს, უზრუნველყოფს საჭმლის მონელებას და ყოველდღიურად გვეხმარება ფუნქციონირებისა და პროდუქტიულობისათვის საჭირო ენერგიის გამომუშავებაში.


YOUR CART (0)

No Products in the Cart