რა ჩვევები აზიანებს ჩვენს ტვინს ყველაზე მეტად და როგორ შევცვალოთ ისინი?

რა ჩვევები აზიანებს ჩვენს ტვინს ყველაზე მეტად და როგორ შევცვალოთ ისინი?

ცხოვრებისეული ჩვევები ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენენ. თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში, ადამიანებს უფრო მეტი ცდუნება გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენივე ჯანმრთელობისათვის საზიანო ყოველდღიური გადაწყვეტილებები მივიღოთ. მათი უმეტესობის შედეგს ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ.

ტვინის ნორმალური ფუნქციონირება ჩვენ მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებების არა მყისიერი, არამედ გრძელვადიანი შედეგია. ამიტომაა, რომ ყოველდღიურობაში მცირე და, თითქოს, უმნიშვნელო ჩვევების გავლენის გაცნობიერება გვიჭირს. შესაბამისად, არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ საზიანო ჩვევებს თუ შევცვლით, ამის დადებითი შედეგი დღესვე შესამჩნევი გახდება. 

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, თანამედროვე ადამიანის რუტინაში ბევრი ისეთი რამაა, რაც ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას აზიანებს,  მათ შორის, განსაკუთრებულად აღსანიშნავია შემდეგი ჩვევები: ცხოვრების მჯდომარე წესი, სოციალიზაციის ნაკლებობა, ძილის დარღვეული რეჟიმი და ქრონიკული სტრესი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩამოთვლილი ჩვევები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან და ერთის შეცვლის შემთხვევაში, მეორის გამოსწორებაზე შედარებით ნაკლები ძალისხმევის დახარჯვა დაგჭირდებათ.

ამ სტატიაში მოცემული რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ, ყოველდღიურობაში ისეთი ჩვევები დანერგოთ, რომლებიც თქვენი ტვინის ფუნქციონირებას ნელ-ნელა, ეტაპობრივად გააუმჯობესებს.


ძილის ნორმალური რეჟიმის დაცვა თქვენს გონებრივ ფუნქიონირებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს - „ტვინის ჯანმრთელობის გლობალური ცენტრის“ მიხედვით, ხარისხიანი ძილი ტვინის ფუნქციონირებაზე უდიდეს გავლენას ახდენს. ხარისხიან ძილში კი, როგორც ძილის ხანგრლივობის, ისე - მისი ბიოლოგიური დროის დაცვა იგულისხმება. კვლევის მიხედვით, ძილის ნაკლებობა ნერვული უჯრედების ეტაპობრივ დაზიანებას იწვევს, რაც მოგვიანებით კოგნიტური ფუნქციების (განსაკუთრებით, მეხსიერების) დაქვეითებაში ვლინდება. ევოლუციურად, ადამიანის ორგანიზმი მიჩვეულია, რომ დაიძინოს შებინდებისას და გაიღვიძოს მზის სხივების ამოსვლისას, ამიტომ ამ პერიოდის დაცვა და ზრდასრულობის ასაკში 7-8-საათით გამოძინება თქვენს ტვინს საკმარისად დაასვენებს და ახალი დღის უკეთესი განწყობით დაწყებაშიც დაეხმარება. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ გრილ და, რაც მთავარია, ბნელ ოთახში დავიძინოთ, რადგან ეს ხელს უწყობს სხეულის ცირკადული რიტმის გარემოსთან შესაბამისობას და გავლენას ახდენს გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნცქიონირებაზე, მეტაბოლიზმზე და ა.შ.


ჯანსაღი სოციალური კავშირები ტვინის უჯრედებს კვებავს - ადამიანები სოციალურ არსებებს წარმოვადგენთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ხნით იზოლირებულად ყოფნა და მარტოსულობის შეგრძნება უარყოფითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე და, მოგვიანებით, ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზეც. სოციალურ კავშირებში, ცხადია, პირადად, პირისპირ დამყარებული ურთიერთოები მოიაზრება. არ არის აუცილებელი, ბევრი მეგობარი გყავდეთ, საკმარისია, რამდენიმე ახლო ადამიანი გეგულებოდეთ, ვის მიმართაც გულწრფელი სიახლოვე და მიკუთვნებულობის შეგრძნება გექნებათ. ზოგიერთი ფსიქოლოგის თანახმად, სოციალური კავშირებით მდიდარ ადამიანს ტვინის ფუნქციონირების დაქვეითებისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შედარებით ნაკლები შანსი აქვთ. 


ცხოვრების მჯდომარე წესის ცვლილება და ფიზიკური აქტივობა მენტალურ ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებს - ვარჯიში, სიარული, სპორტული აქტივობა გავლენას არა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ მენტალურ მდგომარეობაზეც ახდენს. ტექნოლოგიების განვითარება ადამიანების უმრავლესობას ცხოვრების მჯდომარე წესისაკენ უბიძგებს, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსუქნის, დიაბეტის, დეპრესიის, შფოთვისა და ჯანმრთელობის სხვა დარღვევების წარმოქმნის რისკს ზრდის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყოველდღიური მჯდომარე რუტინა, თუნდაც სამუშაო სივრცეში, შეძლებისგდაგვარად, მეტი მოძრაობით დავტვირთოთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, ზრდასრულმა ადამიანმა, სასურველია, ფიზიკურ აქტივობას ყოველკვირეულად, სულ მცირე, 150 წუთი დაუთმოს. ეს შეიძლება იყოს ცეკვა, ველოსიპედით სიარული, აერობიკა, წონებით ვარჯიში, ცურვა და სხვა აქტივობები, რომლებიც კუნთებს ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებაში დაეხმარება. გაითვალისწინეთ, რომ თუ მთელ დღეს მჯდომარე პოზიციაში ატარებთ, 1-საათიანი ვარჯიში საკმარისი ვერ იქნება. ამიტომ აჯობებს, თუ თქვენს ყოველდღიურ რუტინაში პატარა ცვლილებებს შეიტანთ და შეძლებისდაგვარად, ხშირად იმოძრავებთ.


ყოველდღიური სტრესის შემცირება ტვინს ჯანსაღი ფუნქციონირების საშუალებას აძლევს - უკვე ვიცით, რომ სტრესი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი ნეგატიური, ისე - პოზიციური სიახლეებისგან. პოზიტიური სტრესი ხშირად ადამიანის მამოტივირებელ მექანიზმსაც წარმოადგენს, თუმცა ფსიქოლოგების თანახმად, ხანგრძლივ, ქრონიკულ სტრესს ტვინის ნეირონული ქსელების დაზიანება, დასწავლისა და დამახსოვრების უნარების დაქვეითება და ისეთი დაავადებების გაზრდა შეუძლია, როგორებიცაა: გულ-სისხლძარღვთა, დემენცია და სხვა. თანამედროვე სამყაროში სტრესის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი სამსახურებრივი გარემოა, რომელსაც მუდმივი შფოთვა, პირადი სივრცისგან იზოლირებულობის პრობლემა და პროფესიული „გადაწვა“ სდევს თან. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ხარისხიანი დასვენება, დახარჯული ძალების აღდგენა და დღის განრიგში შეტანილი პოზიტიური ცვლილებები (ფიზიკური აქტვობის ზრდა, ჯანსაღი კვება, ძილის რეჟიმის მოწესრიგება) სტრესისაგან თავის დაღწევაში და ორგანიზმის ენერგიით ავსებაში დაგვეხმარება.


რეალურად, თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობაში მენტალური ჯანმრთელობისათვის საზიანო უფრო მეტი „საცდურია“, ვიდრე - ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები. არ არის აუცილებელი და გამორიცხულიც კია, რომ ყველაფრის ერთდროულად მოგვარება შევძლოთ და, ამასთან, უკვე დაწყებული პოზიტიური ცვლილებების შედეგები მყისიერად შევიგრძნოთ. მთავარია, გავიაზროთ, რომ პოზიტიური ჩვევების დანერგვას გარკვეული დრო და ძალისხმევა ესაჭიროება და გრძელვადიან პერიოდში მათი გავლენა ჩვენს როგორც მენტალურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე თვალსაჩინო გახდება.





YOUR CART (0)

No Products in the Cart