რა იწვევს პროფესიულ გადაწვას და როგორ გავუმკლავდეთ მას?

რა იწვევს პროფესიულ გადაწვას და როგორ გავუმკლავდეთ მას?

გახსოვთ, ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაფლული, ბოლოს როდის შეჩერდით და სრულფასოვნად დაისვენეთ? როდის ისეირნეთ ისე, რომ გონება კვლავ სამსახურის საქმეებით არ დაგეკავებინათ? როდის უყურეთ ფილმს ისე, რომ მეორე დღის დავალებებზე არ გეფიქრათ? ან როდის შეხვდით მეგობარს მშვიდად, როცა რუტინულ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს არ შეუწუხებიხართ? 

მუდმივი შფოთვა და შედეგით დაუკმაყოფილებლობა ე.წ. „გადაწვის“ მთავარი სიმპტომებია. პრობლემა თვალსაჩინო გახდა ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში და, განსაკუთრებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, რაც ხშირად სახლიდან მუშაობას და, შესაბამისად, სახლსა და სამსახურს შორის ზღვარის მოშლას გულისხმობს.

ტერმინი „გადაწვა“ 1974 წელს პირველად გამოიყენა ჰერბერტ ფროიდენბერგერმა და ასე განმარტა: „გადაწვა არის რეაქცია ხანგრძლივ სტრესზე, რომელიც ძირითადად სამი ნიშნით წარმოჩინდება: მუდმივი დაღლილობა, სამსახურთან საკუთარი თავის იდენტიფიცირების კარგვა და პროფესიული უნარებისა თუ შესაძლებლობების დაქვეითება“. 

მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენ მუდმივ დაღლილობას, სამსახურით უკმაყოფილებას და ენერგიის დეფიციტს განიცდით, დიდი ალბათობით, „გადაიწვით.“ 

გადაწვა მხოლოდ ემოციური ფონის ცვლილებით არ ვლინდება, არამედ ხშირად ისეთ ფიზიკურ სიმპტომებსაც ავლენს, როგორებიცაა: თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, არითმია და სხვა. ამიტომ ამ მდგომარეობის ხანგრძლივად უგულებელყოფა ადამიანისთვის შეიძლება საკმაოდ დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური კუთხით. 

რამ შეიძლება გამოიწვიოს პროფესიული გადაწვა?

პროფესიული საქმიანობისას, არსებობს რამდენიმე რისკ ფაქტორი, რამაც ადამიანი შეიძლება გადაწვამდე მიიყვანოს:

  • უსამართლო მოპყრობა – დასაქმებულები, რომლებიც თავს უსამართლო მოპყრობის მსხვერპლად მიიჩნევენ, დაახლოებით 3-ჯერ მეტად დგანან გადაწვის საშიშროების წინაშე, ვიდრე სხვები. დასაქმებულები, რომლებსაც თანამშრომლების ან უფროსების მხრიდან არაობიექტური დამოკიდებულების გამომჟღავნება, ფავორიტიზმი, დაუმსახურებელი შენიშვნები ან შეუსაბამო ანაზღაურება აწუხებთ, ხშირად განიცდიან გადაწვას.
  • დროში შეზღუდულობა – დასაქმებულები, რომლებიც ამბობენ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო აქვთ, დაახლოებით 70%-ით ნაკლებად დგანან გადაწვის საფრთხის წინაშე, ვიდრე ისინი, ვინც დროის მუდმივ ნაკლებობას განიცდიან. 
  • დამსაქმებელთან კომუნიკაციის ნაკლებობა – ადამიანები ყოველთვის ელიან შეფასებას და მხარდაჭერას დასაქმებულის მხრიდან. როდესაც მენეჯერი თავს არიდებს თანამშრომლებთან ღია კომუნიკაციას, უკუკავშირის მიცემას და ინფორმირებას, როგორც წესი, დასაქმებულთა დიდი ნაწილი მუდმივი და ბუნდოვანი მოლოდინით ისტრესება და გადაიწვება.
  • ბუნდოვანი წარმოდგენები საკუთარი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების შესახებ – ნორმალურია, რომ ახალი სამსახურის დაწყებისას ადამიანი დეტალურად გაეცნოს მისი პოზიციით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობებს, უფლებებსა და მოვალეობებს, თუმცა, სამწუხაროდ ხშირად ასე არ ხდება.  როცა პოზიციასთან დაკავშირებით დასაქმებულის მოლოდინები არ მართლდება და ზღვარი საკუთარ და თანამშრომელთა პასუხისმგებლობებს შორის ბუნდოვანი ხდება, ადამიანი სტრესში ვარდება, რამაც ხანგრძლივობის ან ინტენსიურობის შემთხვევაში, შეიძლება ადვილად გამოიწვიოს გადაწვა.

როგორ გავუმკლავდეთ გადაწვას?

პრობლემებთან გამკლავების საუკეთესო გზა მათი პრევენციაა. გადატვირთული სამუშაო რეჟიმის დროს სხვისთვის დახმარების თხოვნამ, შესასრულებელი საქმეების დროში სწორად დაგეგმვამ და დღის რეჟიმის მოწესრიგებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქოთ სტრესული ფონი და ამით თავიდან აიცილოთ გადაწვა. თუმცა, ხშირად, ადამიანები საკუთარი მდგომარეობის სიმძიმეს მხოლოდ მას შემდეგ აცნობიერებენ, როცა ემოციურთან ერთად, თავს იჩენენ ფიზიკური სიმპტომებიც. ამ შემთხვევაშიც, შეიძლება, ბოლომდე გააზრებული არ იქნას, რომ საქმე გვაქვს გადაწვასთან და არა მედიკამენტოზური მკურნალობის დაწყების საჭიროებასთან. 

როცა სამსახური ძალიან დამღლელი, დისკომფორტის მომტანი, უსამართლო და დამთრგუნველი გვეჩვენება, ასეთ დროს შეიძლება ეფექტური იყოს, შეჩერდეთ და თქვენს თავს ჰკითხოთ: რა მიქმნის დისკომფორტს? რა მაღიზიანებს? როგორ შეიძლება მოვაგვარო ეს საკითხი?

ცვლილება სამუშაო რუტინაში – ზოგი ადამიანი რადიკალურ გადაწყვეტილებას იღებს და სამუშაო გარემოს იცვლის, თუმცა, შეიძლება, დასაქმებულთან ღია კომუნიკაცია საკუთარი მოვალეობების შემცირებისა და საქმის მასშტაბის ცვლილებაზე სავსებით საკმარისი აღმოჩნდეს. ხშირად, შენიშვნის მიღების შიშით, ადამიანები ყველა დაკისრებულ დავალებას საკუთარი პასუხისმგებლოის ქვეშ უხმოდ ვიღებთ, თუმცა, თუ დამსაქმებელთან კომუნიკაციასა და ჩვენი საჭიროებების გაზიარებას შევეცდებით, შესაძლოა კომპრომისის მიღწევა მოახერხოთ.

რამდენიმე დავალების ერთდროულად მიღება გონებისთვის საკმაოდ სტრესულია, მაგრამ თითქმის გამორიცხულია, ყველა დავალების ერთად შესრულება მოგვეთხოვებოდეს. მშვიდად გადახედეთ შესასრულებელ საქმეებს და სცადეთ, ერთმანეთისგან გამიჯნოთ საქმეები, რომელთა შესრულებაც სასწრაფოდ მოგეთხოვებათ და საქმეები, რომელთა გადადებაც შესაძლებელია. ამის შემდეგ კი, კონცენტრირდით მხოლოდ იმ დღის დავალებებზე ისე, რომ გონება სხვა დღისთვის გადადებული საქმეებით აღარ დააკავოთ.

ხარისხიანი დასვენება გადაწვასთან გამკლავების ყველაზე ეფექტური გზა შეიძლება დასვენება აღმოჩნდეს. ადამიანებს ხშირად დანაშაულის გრძნობა გვიპყრობს, როცა ვამბობთ, რომ დავიღალეთ და დასვენება გვესაჭიროება. ეს კი საკმაოდ ბუნებრივია – ჩვენ ისევე ვსაჭიროებთ დროს დახარჯული ძალების აღდგენისთვის, როგორც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი. იმის აღიარება, რომ ენერგიის აღდგენისთვის დრო გვჭირდება, სირცხვილი არ არის. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ დასვენება არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის დროებითი შეცვლას, არამედ, პირველ რიგში, ყოველდღიური რუტინული საქმიანობის უგულებელყოფას და სამსახურთან დაკავშირებული საქმეებისგან სრულად მოწყვეტას გულისხმობს. ხარისხიანი დასვენების შემდეგ, შეიძლება, სამსახური არც ისე დამთრგუნველი და უინტერესო მოგეჩვენოთ, როგორსაც აქამდე აღიქვამდით.

ცვლილება დღის განრიგში – დღის გრაფიკის მნიშვნელობაზე აქამდეც არაერთხელ გვისაუბრია – ილის რეჟიმის მოწესრიგება, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ის საშუალებებია, რომლებსაც სტრესისგან თავის დაღწევაში ჩვენი დახმარება, მოტივირება და ჩვენი ორგანიზმის ენერგიით ავსება ყველაზე ეფექტურად შეუძლიათ. 

როგორც აღვნიშნეთ, ხშირად, ადამიანები მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ, რომ გადაიწვნენ, როცა ემოციურთან ერთად, თავს იჩენს ფიზიკური პრობლემებიც. ასე რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად წუთით შევჩერდეთ და დავფიქრდეთ, რამდენად მშვიდად ვგრძნობთ თავს, რა გვაღიზიანებს და გვართმევს ენერგიას. 

გახსოვდეთ, რომ გადაწვა 21-ე საუკუნეში დასაქმებულებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და იმის აღიარება, რომ დასვენება გვესაჭიროება, შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენი ემოციური და ფიზიკური მდგომარეობისთვის.

 

სტატია მომზადებულია Planta სა და Bloomin.ge –ს პარტნიორობის ფარგლებში. 

The post რა იწვევს პროფესიულ გადაწვას და როგორ გავუმკლავდეთ მას? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart