როგორ ვიყოთ ბედნიერები იმით, რაც გვაქვს ?
პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, თუ რას ნიშნავს ბედნიერება. ბედნიერება ადამიანის შინაგანი, ემოციური მდგომარეობაა, რომლის დროსაც განვიცდით სიამოვნებისა და კმაყოფილების ძლიერ და ყოვლისმომცველ შეგრძნებას. თქვენთვის რა არის ბედნიერება და როდის შეგიძლიათ თქვათ, რომ ბედნიერი ხართ? როდესაც მომავალში დაგაწინაურებენ სასურველ პოზიციაზე და თქვენი ანაზღაურება გაორმაგდება თუ როდესაც აცნობიერებთ იმას, რომ საკმაოდ გრძელი გზა გაიარეთ ამ სამსახურში მოსახვედრათ?
გასაკვირი არ არის, რომ ბევრი ჩვენგანისათვის ბედნიერების განმსაზღვრელი, ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებია ე.ი. ჩვენი ბედნიერება დამოკიდებულია გარე სტუმულებზე. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ გარე ფაქტორებით გამოწვეული ბედნიერების განცდა დიდხანს არ გრძელდება, ამის საპირისპიროდ კი, შინაგანი პროცესები - ჩვენი ფიქრები და დამოკიდებულებები ჩვენივე ცხოვრების მიმართ, უფრო მნიშვნელოვანია ბედნიერების შეგრძნების სრულფასოვანი და გრძელვადიანი აღქმისთვის.
რა თქმა უნდა, ბედნიერების განმარტება ყოველი ჩვენგანისათვის ინდივიდუალური იქნება და ამ ემოციის გამოწვევა, თითოეულ ჩვენგანში, სხვადასხვა მოვლენებსა თუ ფიქრებს შეუძლიათ, თუმცა არსებობს პატარა ჩვევები და აზროვნების პატერნები, რომელთა გამომუშავებითაც, ყოველდღიურ ცხოვრებაში, უფრო ხშირად შევძლებთ ვიგრძნოთ ბედნიერება.
მადლიერებას მოაქვს ბედნიერება - მადლიერების შეგრძნება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენში ბედნიერებისა და კმაყოფილების განცდას და მისი გამომუშავება საკმაოდ პატარა და მარტივი ჩვევების დახმარებით შეგვიძლია:
- ყოველთვის, როდესაც რაიმე კარგი მოხდება, ხმამაღლა გამოხატე ან ჩუმად, გონებაში აღნიშნე რომ მადლიერი ხარ ამისთვის
- შენს გარშემო მყოფ ადამიანებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა თუ პარტნიორს, უთხარი რა მოგწონს და რას აფასებ მათში
- სიხარულით აღნიშნე შენი ყოველი, სულ მცირე მიღწევაც კი
- მადლობა გადაუხადე და გაუღიმე ყველას, ვინც შენს მიმართ სიკეთეს გამოიჩენს
- ყოველ ღამე, დაძებამდე, იფიქრე სულ მცირე ერთ კარგ რამეზე, რაც დღის მანძილზე მოხდა
- დაიწყე მადლიერების დღიურის წარმოება. გამოყავი კვირაში რამდენიმე ან ერთი დღე, როდესაც მარტო, მშვიდ გარემოში იქნები და ჩამოწერე ყველა დაბრკოლება, რომელიც იმის მიუხედავად, რომ შეუძლებელი გეჩვენებოდა, გადალახე. გაიხსენე ყველა წარმატება, რასაც ამ დღემდე მიაღწიე. დაწერე ყველა ის თვისება თუ ფაქტი, რომელიც მოგწონს საკუთარ თავში და ცხოვრებაში.
მეტი დრო დაუთმე ურთიერთობებს - ადამიანები სოციალური არსებები ვართ, რაც იმას გულისხმობს, რომ სოციალურ ცხოვრებას და ურთიერთობებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩვენს პირად კეთილდღეობასა და ბედნიერების ხარისხზე. ეცადე, მეტი დრო გაატარო მეგობრებთან ერთად იმ გარემოში, რომელიც შენთვის სასიამოვნოა. ურთიერთობები ჩვენთვის საყვარელ და ახლო ადამიანებთან, შესაძლოა ერთი-ერთი ყველაზე ძვირფასი რამ იყოს, რაც გაგვაჩნია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ და მეტი დრო და ყურადღება დავუთმოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობებს, რომლებიც გვიღებენ ისეთებად, როგორებიც ვართ და უპირობოდ ვუყვარვართ.
ნუ შეადარებ შენს თავს სხვებს - შესაძლოა, ბავშვობაში ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ რომელიმე ჩვენი თანატოლი რაღაცას ჩვენზე უკეთესად აკეთებდა ან უფრო ლამაზად გამოიყურებოდა... თუმცა, ზრდასრულ ასაკში, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ თითოეული ადამიანის სხეული, გონება და ხასიათი სრულიად უნიკალური და თავისებურად მომხიბვლელია. სოციალური ქსელების ეპოქაში, მარტივი დასაჯერებელია, რომ სხვებს იდელური და უპრობლემო ცხოვრება აქვთ, თუმცა ეს ასე არ არის. იცოდე, რომ ის ყველაფერი, რაც შენ გამოიარე, მხოლოდ შენი ისტორიაა და შეგიძლია საკუთარი თავით ამაყობდე.
უკეთ გაიცანი და დაუახლოვდი შენს თავს - სხვა ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობები მნიშვნელოვანია, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი, საკუთარ თავთან ურთიერთობაა. დაფიქრებულხარ, რამდენად კარგად იცნობ შენს თავს? შინაგანი სიმშვიდისა და ბედნიერების მდგომარეობის მოპოვება რთულია მაშინ, როდესაც ჩვენს თავს არ ვუსმენთ და არ ვიცნობთ. ბევრი ჩვენგანი, მხოლოდ ზედაპირულად იცნობს საკუთარ თავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს აღმოსაჩენი:
- დარჩი მარტო. ნუ გაექცევი მარტოობას, რადგან ეს ყველაზე კარგი შესაძლებლობაა საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად. შეგიძლია მარტო გაისეირნო, გამოფენაზე წადხვიდე ან რესტორანში საყვარელი კერძი მარტომ მიირთვა.
- დახატე, გააფერადე ან გამოძერწე რაიმე. ბავშვობაში ამგვარი აქტივობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. ახლაც შესაძლებელია, რომ ამ პროცესით დიდი სიამოვნება მივიღოთ და საკუთარ თავსაც მეტად დავუატლოვდეთ. ხელოვნება ხომ კომუნიკაციის უნივერსალური ფორმაა, იქნება ეს საკუთარ თავთან თუ სხვა ადამიანებთან.
- საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად, დღიურის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალია. ამ დროს, გულწრფელად შეგვიძლია ჩამოვწეროთ ყველაფერი, რაც აზრად მოგვდის. გადაკითხვისას კი, უკეთ მივხვდებით როდის როგორ ვგრძნობთ თავს და რატომ ხდება ასე.
ბედნიერების განცდა არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს ცხოვრებაში. ბედნიერებაა, როდესაც შეგვიძლია დავინახოთ ის ყველაფერი, რაც კარგი და საკმარისია, იქნება ეს ჩვენს გარშემო თუ ჩვენში. ბედნიერებაა, თუ თქვენ თამამად შეგიძლიათ იმის თქმა, რომ კმაყოფილი ხართ თქვენი თავის ამჟამინდელი ვერსიით, რადგან იმ ყველა სირთულეს გაუმკლავდით, რომლებიც ერთი შეხედვით, გადაულახავი ჩანდა.
საკუთარი მიღწევებით განცდილი კმაყოფილება არ უნდა გულსიხმობდეს ერთ ადგილას გაჩერებას ან სტაგნაციას. ჯანსაღი მოტივაცია აუცილებელია წინსვლისთვის, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ბედნიერების საზომი ჩვენთვის კონკრეტული შემოსავალი ან ყველა ჩვენთვის სასურველი თვისების ერთ ადამიანში აღმოჩენა უნდა იყოს. ბედნიერება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია, ვიდრე გვგონია, ამიტომ ნელ-ნელა, შეგვიძლია მისი აღმოჩენა ჩვენს ყოველდღიურობაშიც დავიწყოთ.