რა საფრთხეები შეიძლება შეგიქმნათ ძილის დარღვევამ

რა საფრთხეები შეიძლება შეგიქმნათ ძილის დარღვევამ

თუ ერთხელ მაინც გამოგიცდიათ როგორია, როცა ღამე საწოლში წრიალებთ და ვერ იძინებთ, მაშინ გეცოდინებათ, რას იგრძნობთ მეორე დღეს – დაღლილობას, სისუსტეს და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებს. სინამდვილეში, რეკომენდირებულ დროზე ნაკლები ძილი, შემაწუხებელ შეგრძნებებზე უფრო მეტ ზიანს გვაყენებს. 

არასაკმარისი დროით, უხარისხოდ ძილი ან ძილში გადამეტებული დროის გატარება, შეიძლება მოვიაზროთ როგორც ძილის დარღვევა. 

ძილის დარღვევის ზოგიერთი ნიშანია: მუდმივი ძილიანობა, ხშირი მთქნარება, გაღიზიანებულობა, დაღლილობა დღის განმავლობაში. 

ძილის დარღვევა უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე და ფიზიკურ ჯანმრთელობას, რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს. მეცნიერებმა, ცუდი ძილი ჯანმრთელობის უამრავ პრობლემას დაუკავშირეს, დაწყებული წონის მატებით, დამთავრებული იმუნური სისტემის დაქვეითებით.  

რატომ გვჭირდება ძილი?

გასაკვირი არ არის, რომ ცხოვრების, დაახლოებით, მესამედს ძილში ვატარებთ, რადგან ის აუცილებელია ადამიანის გადარჩენისთვის. ისევე, როგორც საკვები და წყალი – ძილიც  არსებობისთვის გვჭირდება. 

ძილის დროს ბევრი ბიოლოგიური პროცესი მიმდინარეობს:

  • ტვინი ინახავს ახალ ინფორმაციას და იშორებს ტოქსიკურ ნარჩენებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოსვენების რეჟიმში, ტვინის “წმენდის” ფუნქცია ირთვება, რომელიც ცნობილია როგორც გლიმფატური სისტემა. 
  • ნერვული უჯრედები ახლიდან ორგანიზდებიან, რაც ხელს უწყობს ტვინის ჯანსაღ ფუნქციონირებას.
  • სხეული აღიდგენს უჯრედებს, ენერგიას და ისეთ მოლეკულებს გამოყოფს, როგორიცაა ჰორმონები და ცილები.

სხვადასხვა თეორია, განსხვავებულად ხსნის ძილის მნიშვნელობას. მაგალითად, უჯრედის აღდგენის თეორიის მიხედვით, ძილი სხეულის აღდგენისთვის გვჭირდება. აღნიშნული თეორიის ძირითადი იდეა არის ის, რომ ძილი საშუალებას აძლევს უჯრედებს აღდგნენ და განვითარდნენ. ძილის დროს ხდება: კუნთების აღდგენა, ცილების სინთეზი, ქსოვილის ზრდა და ჰორმონის გამოყოფა. 

ტვინის პლასტიურობის თეორიის თანახმად, ძილი საჭიროა ტვინის გამართული ფუნქციონირებისთვის. კერძოდ, ძილი საშუალებას აძლევს ნეირონებს, ნერვულ უჯრედებს, მოახდინონ რეორგანიზაცია. როდესაც გვძინავს, ტვინის  გოლიმფატური სისტემა, ტვინიდან შლის ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გროვდება. 

კვლევების თანახმად, ძილი მოკლევადიანი მოგონებების გრძელვადიანად გარდაქმნას უწყობს ხელს და ამრიგად ეხმარება მეხსიერებას. ასევე, არასაჭირო ინფორმაციის წაშლას ან დავიწყებას ეხმარება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ნერვული სისტემა არ აირიოს. ძილი ტვინის ბევრ ფუნქციაზე მოქმედებს, მათ შორის სწავლაზე, პრობლემის გადაჭრის უნარზე, შემოქმედებითობაზე, გადაწყვეტილების მიღების უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე. 

ენერგიის კონსერვაციის თეორიის მიხედვით, ძილი გვჭირდება ენერგიის შესანახად. ძილი საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ კალორიული მოთხოვნილებები და დროის ნაწილი მეტაბოლიზმის მსუბუქი ფუნქციონირებით გავატაროთ. ცოცხალი ბუნების ისტორიულ განვითარებას თუ გავითვალისწინებთ, ძილის უპირველესი მიზანი, უძველეს დროში, ადამიანის ენერგიის დაზოგვა იყო დღისა და ღამის პერიოდში, როცა საკვებზე ნადირობა მოუხერხებელი და ნაკლებად ეფექტური იყო.

რა დრო უნდა დავუთმოთ ძილს?

ის, თუ რამდენხანს უნდა გვეძინოს, ძალიან ინდივიდუალია და ადამიანიდან ადამიანამდე, განსხვავდება. თუმცა, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციის მიხედვით, ზრდასრულ ადამიანს უნდა ეძინოს 7-9 საათამდე ყოველი ღამის განმავლობაში. 

გადამეტებული დროით ძილის საკითხი, ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი, თუმცა როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის, ძილის და ეპილეფსიის დეპარტამენტის პროფესორი კარლ ბაზილი ამბობს : ”ცალკეულად, გადამეტებული ძილი არ არის საზიანო, მაგრამ ეს არის ნიშანი იმისა, რომ შეიძლება არ გძინავთ ხარისხიანად ან რომ არსებობს რაიმე პრობლემა, რომელიც ძილის ასეთ მოთხონილებას გიქმნით.”  

რა ხდება, როცა საკმარისი დროით არ გვძინავს?

თუნდაც ერთ ღამეს მოკლებული ძილი უსიამოვნო გრძნობებს აჩენს და აქვეითებს მოტივაციას. მეორე დღეს, შეიძლება გიჭირდეთ ყურადღების კონცენტრირება და იყოთ ძალიან დაღლილი იმისთვის, რომ ეფექტურად იმუშაოთ, ივარჯიშოთ ან ჯანსაღად იკვებოთ. 

ძილის დარღვევა, ჯანმრთელობას სხვადასხვა მხრივ აზიანებს:

  • ძილის დროს, ჩვენი იმუნური სისტემა დამცავ, ინფექციასთან მებრძოლ ნივთიერებებს გამოყოფს, რაც სხვადასხვა დაავადებებისგან გვიცავს.  ძილის დარღვევამ, შეიძლება გაზარდოს ინფექციების მიღების რისკი, მათ შორის სასუნთქ გზებთან დაკავშირებული დაავადებები, არსებობს კვლევები, რომლებიც იმასაც კი დასტურებენ, რომ ძილის დარღვევის მქონე ადამიანები უფრო ხშირად ცივდებიან.
  • ძილი მოქმედებს ჰორმონებზე, რომლებიც შიმშილის და სისავსის შეგრძნებებს აკონტროლებენ. ის ასევე ხელს უწყობს ინსულინის გამოყოფას. ძილის უკმარისობამ, შეიძლება გამოიწვიოს ჭარბწონიანობა და გაზარდოს მეორე ტიპის დიაბეტის რისკი. 
  • ძილი ეხმარება გულის სისხლძარღვების აღდგენას, რაც ხელს უწობს არტერიული წნების შენარჩუნებას, სისხლში შაქრის დონისა და ანთების კონტროლს. ძილის დარღვევამ, შეიძლება გაზარდოს კარდიოვასკულარული დაავადებების რისკი. 
  • არასაკმარისი ძილის შედეგად, გამოიყოფა დამატებითი სტრესის ჰორმონები, ნორეფინეფრინი და კორტიზოლი. 
  • ძილის დარღვევა უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინზე. უარესდება მეხსიერება, მუშაობის თუ სწავლის ხარისხი, ყოველდღიურად ფუნქციონირების უნარი.
  • ძილის უკამრისობა ვნებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ძილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში და შესაბამისად, უძილობა უარყოფითად აისახება ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე. 

მართალია იშვიათად, მაგრამ არასაკმარისი ძილი, ზოგჯერ, უფრო სერიოზულ საფრთხესაც ქმნის. ძილის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა დღის განმავლობაში და ე.წ. “მიკროძილი”. 

მიკროძილი გულისხმობს ძილის ხანმოკლე პერიოდებს, რომლებიც დღის განმავლობაში ჩნდება და მხოლოდ რამდენიმე წამით გრძელდება. თუ, როდესმე ჩათვლიმეთ ლექციაზე ყოფნისას, ე.ი, თქვენ გამოგიცდიათ მიკროძილი. როგორც წესი, ის რამდენიმე წამიანი მოვლენაა, მაგრამ შეილება 10 ან 15 წამამდეც კი გაგრძელდეს. 

მიკროძილის დროს, ტვინი არ რეაგირებს ხმაურზე ან სხვა სენსორულ გამღიზიანებელზე და შესაბამისად, ჩვენ არ ვრეაგირებთ იმაზე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. მიკროძილი საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, თუ ის ადამიანს ემართება მაგალითად მანქანის ტარების დროს. 

ძილის დარღვევას შეუძლია დააზიანოს ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა. მუდმივად ძილის უკმარისობა, ნეგატიურად აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. თუ ხვდებით, რომ თქვენი ძილი დარღვეულია, აუცილებელია ცხოვრების წესში ცვლილებები შეიტანოთ და საჭიროების შემთხვევაში, ექიმსაც მიმართოთ. 

ავტორი : ნინი დარსაძე

The post რა საფრთხეები შეიძლება შეგიქმნათ ძილის დარღვევამ appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart