რატომ და როგორ შევაქოთ ბავშვები?

რატომ და როგორ შევაქოთ ბავშვები?

მხარდაჭერა და წახალისება ბავშვს მოტივირებულ და ენთუზიასტ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ეხმარება. უფროსისგან მოსმენილი საქებარი სიტყვები პატარას ხელს უწყობს, მეტი თავდაჯერებით გადალახოს ახალი გამოწვევები და თამამად გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ შექება მშობლების ხელთ არსებული მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც ბავშვის მოტივირება და გაბედნიერება შეუძლია.

თუმცა, საყურადღებოა, რომ არასწორმა შექებამ შეიძლება ბავშვის თვითშეფასებაზე უარყოფითადაც კი იმოქმედოს და ის საკუთარ შესაძლებლობებში დააეჭვოს კიდეც. ბავშვის აღზრდის პროცესში მეცნიერები ერთმანეთისაგან ორ მიდგომას - ზრდაზე ორიენტირებულ და ფიქსირებულ აზროვნებას - განასხვავებენ (growth vs fixed mindset, ქეროლ დვეკის თეორიის თანახმად). თითოეული მათგანი, შეიძლება ითქვას, რომ დიდ და ხშირად გადამწყვეტ როლსაც თამაშობს ბავშვის მსოფლმხედველობის და საკუთარი შესაძლებლობების შესახებ განწყობის ჩამოყალიბების პროცესში.

ტერმინი “ზრდაზე ორიენტირებული აზროვნება” დაახლოებით 30 წელიწადს ითვლის და ამერიკელ ფსიქოლოგს, ქეროლ დვეკს ეკუთვნის. ფსიქოლოგი თავის გუნდთან ერთად წარუმატებლობის მიმართ სტუდენტების დამოკიდებულებით დაინტერესდა და შენიშნა, რომ მაშინ, როცა ამოცანის ამოხსნისას განცდილი მარცხის გამო ზოგიერთი სტუდენტი აშკარა მწუხარებას, განწყობის გაფუჭებას და უიმედობას გამოხატავდა, მეორე ნაწილი მალევე ახერხებდა ძალების მოკრებას და ამოცანის ამოხსნაზე მუშაობის გაგრძელებას. ათასობით სტუდენტზე დაკვირვების შემდეგ, ფსიქოლოგმა დვეკმა სტუდენტების ქცევას ტერმინები “ზრდაზე ორიენტირებული” და “ფიქსირებული აზროვნება” მიუსადაგა. 

ზრდაზე ორიენტირებული აზროვნება ბავშვის ირგვლივ კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას და მის ძლიერ მხარეებზე ყურადღების გამახვილებას გულისხმობს. ამ დროს, ბავშვი მიიღება მისი თითოეული თვისებით, რაც, ასევე, მშობელსა და შვილს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას აყალიბებს. შესაბამისად, ზრდაზე ორიენტირებული მეთოდი გამორიცხავს ფიზიკურ თუ ემოციურ ზეწოლას ბავშვზე და ამის ნაცვლად, აღიარებს ისეთ დამოკიდებულებებს, როგორებიცაა: შექება, დაჯილდოვება, მოწონება, ნდობა და ა.შ.

შექებაზე საუბარისას, ფსიქოლოგები გვირჩევენ, ყურადღება რამდენიმე ასპექტზე გავამახვილოთ:

  • მივმართოთ მცდელობაზე დაფუძნებულ შექებას - ფსიქოლოგების დასკვნით, ბავშვის თანდაყოლილ ნიჭზე ხაზგასმული შექება არაეფექტური შეიძლება იყოს, რადგან ბავშვმა ამ მიმართულებით განვითარებაზე ზრუნვა საჭიროდ აღარც კი ჩათვალოს. მაგალითად, თუ ბავშვს იმისთვის შევაქებთ, რომ ძალიან კარგი ხმა აქვს, შეიძლება იფიქროს, რომ ამ მიმართულებით მეტი მუშაობა და ვარჯიში მისთვის საჭიროებას აღარ წარმოადგენს. ამის საპირისპიროდ კი, მცდელობაზე დაფუძნებული შექება გაცილებით ეფექტურად მიიჩნევა - ამავე მაგალითში, ბავშვი შეიძლება ასე შევაქოთ: „ძალიან კარგად იმღერე, გეტყობა, რომ მოინდომე და ბევრი ივარჯიშე“.

 

  • შეეცადეთ, შექებისას კონკრეტულ ქცევაზე ფოკუსირდეთ - კვლევის მიხედვით, კონკრეტული საქციელის გამო ბავშვის შექება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე - მისი ზოგადი სიკარგის ხაზგასმა. კონკრეტული მიღწევის ხაზგასმა ბავშვის მიერ უფრო მძაფრად აღიქმება და მეტ კმაყოფილებას ბადებს. მაგალითად, ნაცვლად „ძალიან კარგად იმღერე ეს სიმღერა“, აჯობებს ვუთხრათ: „ის (კონკრეტული) ფრაზა/რთული მონაკვეთი ძალიან კარგად შეასრულე“.

 

  • ხაზი გაუსვით ბავშვის პროგრესს - ხშირად, შეიძლება, ბავშვები თვითონ ვერ ამჩნევდნენ, რამდენად გაიზარდნენ და განვითარდნენ რაიმე საქმეში. შექების დროს პროგრესზე ფოკუსირება მათ მოტივაციის შენარჩუნებაში დაეხმარებათ. შეიძლება, ვუთხრათ: „გახსოვს, თავიდან სიმღერის ის (კონკრეტული) მონაკვეთი რომ არ გამოგივიდა? ნახე, ახლა რა კარგად გაართვი თავი?!“

 

  • დაეხმარეთ ბავშვს მისი ქმედების შედეგის გააზრებაში - ზოგჯერ, პატარებისთვის გაუგებარია, რატომ ვთხოვთ სახლის დალაგებაში ან საჭმლის კეთებაში მონაწილეობის მიღებას. ამიტომ, სასურველია, შექებისას ხაზი გაესვას იმასაც, რომ ბავშვის მიერ გადადგმულმა კონკრეტულმა ნაბიჯმა შედეგი გამოიღო (მაგ:, მშობელს შრომა შეუმსუბუქა, ოჯახის წევრების გამასპინძლებაში დაეხმარა და ა.შ.).

გარდა აღზრიდ პოზიტიური მეთოდისა, მეცნიერები გამოყოფენ კიდევ ერთ - ფიქსირებული აღზრდის მეთოდს, რომელიც უმეტესწილად საზოგადოებაში ბავშვის წარმატების და „სიყოჩაღის“ წარმოჩენაზეა კონცენტრირებული. მის მიხედვით, კეთილდღეობა და წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ერგება ადამიანი საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტანდარტებს. მშობლებისთვის, რომლებიც ფიქსირებული აზროვნების მიდგომას იზიარებენ, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა საზოგადოებაში ჭკვიანი, ყოჩაღი, განვითარებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს. შესაბამისად, ამ მიდგომით აღზრდილი მოზარდები ხშირად განიცდიან დიდ იმედგაცრუებას საკუთარი წარუმატებლობის შემთხვევაში და ხშირად, მარცხის დაშვების შიშით, ნაკლებად ავლენენ საკუთარ პოტენციალს.

ადამიანის ღირებულებებს, შესაძლებლობებს და აზროვნებას საფუძველი პატარა ასაკშივე ეყრება. ამიტომ, ასეთ დროს ბავშვისთვის ნათქვამ სიტყვებს (მათ შორის, საქებარს) სიფრთხილე სჭირდება. ცხადია, უშეცდომო არავინაა, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მშობლობა საკმაოდ რთული და კომპლექსური გამოცდილებაა, თუმცა, აღნიშნული რჩევების გათვალისწინება პატარების სწორად შექებაში და მათი პოზიტიური განვითარების ხელშწეყობაში დაგეხმარებათ.


YOUR CART (0)

No Products in the Cart