5 მაგალითი, როცა თქვენი პირადი საზღვრები მეტ ყურადღებას და გამყარებას საჭიროებენ

5 მაგალითი, როცა თქვენი პირადი საზღვრები მეტ ყურადღებას და გამყარებას საჭიროებენ

ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის სტაბილურობა ხშირად და დიდწილად ჩვენსავე ირგვლივ არსებულ სოციუმზეა დამოკიდებული. ადამიანები სოციალური არსებები ვართ, შესაბამისად გარე სამყაროსთან, ახლობლებთან, მეგობრებთან თუ უცხოებთან კონტაქტი ჩვენი ცხოვრების თითოეულ ეტაპზე გარდაუვალია. თუმცა, იმას, თუ ვისთან დავამყაროთ კონტაქტი, ხშირად ჩვენ თვითონვე ვერ ვირჩევთ, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ცხოვრების ადრეულ ეტაპს ეხება, ამიტომაც პირადი საზვრების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს.

2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, პირადი საზღვრების დაცვა მენტალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ადამიანები, რომლებიც საკუთარი სურვილებისა და გეგმების მიმართ სიმტკიცეს იჩენენენ, თავდაჯერებულობისა და დამოუკიდებლობის შედარებით მაღალი ხარისხით ხასიათდებიან. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირადი საზღვრების დაცვა სხვასთან კომპრომისზე უარის თქმას და საზოგადოებისგან გარიყვას არ გულისხმობს, არამედ იმის გათვალისწინებას, თუ სად გადის ზღვარი სხვის სიამოვნებასა და საკუთარ პრიორიტეტებს შორის. 

თუ სხვისი კეთილდღეობისათვის საკუთარი სურვილებისა და გადაწყვეტილებების შეწირვა ხშირად გიწევთ, სავარაუდოდ, დროა, თქვენი პიროვნული საზღვრების გამყარებაზე იფიქროთ. 

ამ სტატიაში გაგიზიარებთ 5 მაგალითს, რომელიც მიგანიშნებთ, რომ თქვენი პირადი საზღვრები მეტ ყურადღებას საჭიროებს:


გიჭირთ „არა“ს თქმა - საკუთარი სურვილების შესაბამისად მოქმედება ზოგჯერ სხვისთვის უარის თქმას გულისხმობს, თუმცა, ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანებს სხვისი განაწყენება მეტად გვაშინებს, ვიდრე საკუთარი თავის დაუკმაყოფილებლობა. დაფიქრდით, რამდენად გულწრფელად და შიშის გარეშე ამბობთ უარს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რამდენად ჯანსაღად იღებენ ამას თქვენი გარშემომყოფები. ჯანსაღ ურთიერთობებში „არას“ თქმა, უმეტესწილად, უხერხულობასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და თქვენი სურვილების/მიზნების კომუნიკაცია თავისუფლად უნდა შეგეძლოთ. 


გიჭირთ უარის მიღება - უარის მიღების შიშიც ჯანსაღი პირადი საზღვრების დარღვევის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ერთი მხრივ, ეს შიში ხშირად გვიბიძგებს, რომ გარშემომყოფების ინტერესებს მაქსიმალურად მოვერგოთ, მეორე მხრივ კი, მიგვითითებს, რომ შესაძლოა, ადამიანის მიერ თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებას არაჯანსაღად აღვიქვამდეთ. მაშინ კი, როდესაც ჩვენი პირადი საზღვრები დაცულია, სხვის მიერ საკუთარი საზღვრების დაცვაც საკმაოდ ბუნებრივ მოვლენად გვეჩვენება და უარის მიღება გაცილებით მარტივი ხდება. 


მკაფიოდ არ გამოთქვამთ თქვენს სურვილებს - ზოგადად, სურვილებისა და ინტერესების პირდაპირი კომუნიკაცია ჯანსაღი ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. თუ ხშირად გიწევთ საკუთარი აზრების „შეკავება“ და სხვისი განწყობის შესაბამისად მათი ცვლილება, ამის მიზეზი, შესაძლოა, პირადი საზღვრების არარსებობაში/დარღვევაში ვეძიოთ. არ აქვს მნიშვნელობა, სამსახური იქნება თუ სიყვარული, ოჯახი თუ მეგობრები - დააპრიორიტეტთ თქვენი მიზნები ურთიერთობებში და ყურადღებით მოუსმინეთ სხვის სურვილებსაც, რათა თანხმობის მიღწევა თანაბარი კომპრომისების საფუძველზე შეძლოთ, და არა თქვენი სურვილების სრულად შეწირვის ხარჯზე.


უარს ამბობთ საკუთარ გეგმებსა და ცხოვრებისეულ მიზნებზე - ხანდახან ისეც ხდება, რომ საკუთარი სურვილების პირდაპირ კომუნიკაციას ვახერხებთ, თუმცა მეორე ადამიანის გამო მათზე უარს ვამბობთ. ამის მაგალითები თანაბრად მოიძებნება როგორც სასიყვარულო, ისე - ოჯახთან თუ მეგობრებთან ურთიერთობებშიც კი. ჩვენ, შესაძლოა, საათები დავუთმოთ მომდევნო დღის გეგმის შემუშავებას, თუმცა როგორც კი სასურველი ადამიანისგან ზარს მივიღებთ, დაუყოვნებლივ შევცვალოთ ყველაფერი. ანდაც, წლები დავუთმოთ ჩვენი კარიერული მიზნისკენ სვლას, მაგრამ სხვას მისი უგულებელყოფის და გათელვის საშუალება მივცეთ. ეს ყველაფერი პირადი საზღვრების არარსებობის და საკუთარი თავის უპატივცემულობის საკმაოდ თვალსაჩინო მაგალითებია. ამასთან, საკმაოდ „კარგი“ გზაა იმისათვის, რომ სხვას ჩვენზე მანიპულაციის საშუალება მივცეთ. შემდეგში, როდესაც მომდევნო დღის გეგმას ჩამოწერთ, შეეცადეთ, რომ არავის მისცეთ მათი შეცვლის უფლება და თანდათან, შედარებით მასშტაბურ ცხოვრებისეულ მიზნებზე კონტროლიც თავად დაიბრუნოთ. 


განიცდით სამსახურებრივ გადაწვას - ამერიკის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სამსახურებრივ გადაწვასა და მენტალურ დარღვევებს, კერძოდ, შფოთვასა და დეპრესიას შორის საკმაოდ დიდი კორელაციაა. ამიტომ თუ სამსახურის გამო ზედმეტ გადაღლას და უენერგიობას განიცდით, დროა, საზღვრების დაწესებაზე/გამყარებაზე იზრუნოთ. დაფიქრდით, რამდენად ხშირად მიგყვებათ სახლში სამსახურებრივი საქმეები, რამდენად სრულფასოვნად ახერხებთ დასვენების დროის მხოლოდ დასვენებისთვის გამოყენებას, სამსახურში თქვენი შინაგანი ღირებულებების შესაბამისად მოქმედებას და შესაბამისად შეიმუშავეთ გეგმა პირადი საზღვრების გაძლიერებისათვის. 


გახსოვდეთ, საზღვრის არსებობა დიდწილად განაპირობებს საზღვრის შიგნით, ანუ ჩვენსავე შინაგან სამყაროში არსებულ მდგომარეობას - ჩვენს განწყობას, სიმშვიდეს, რეაქციას გარე სამყაროსადმი. ამიტომ, დააწესეთ ჯანსაღი პიროვნული საზღვრები, მოუფრთხილდით მათ და მიეცით გარშემომყოფებს თქვენი გათვალისწინებისა და პატივისცემის მაგალითი.


YOUR CART (0)

No Products in the Cart