რა შეგვიძლია გავაკეთოთ სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად

რა შეგვიძლია გავაკეთოთ სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად

სოციალური კეთილდღეობა ჩვენ ირგვლივ მხარდამჭერი გარემოს შექმნას და ჯანსაღი პირადი კავშირების დამყარებას გულისხმობს. ხშირად, ადამიანებს ჰგონიათ, რომ რაც მეტი ნაცნობი/მეგობარი ჰყავთ, სოციალური თვალსაზრისით, მით უფრო ბედნიერად უნდა გრძნობდნენ თავს, თუმცა შესაძლოა ცხოვრების ამ სფეროთი კმაყოფილებას მაინც ვერ განიცდიან. 

თანამედროვე სამყაროში, როცა საზოგადოების ძირითადი ორიენტირი პროფესიული ურთიერთობების დამყარება და კარიერული განვითარებაა, სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, თითქოს, მეორახისხოვანი გახდა. ადამიანებს ხშირად გვავიწყდება კიდეც, რომ ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან დროის გატარება და გულწრფელი ურთიერთობები მნიშვნელოვანია. 

გამომდინარე იქიდან, რომ სოციალურ გარემოზე ზრუნვა ზრდის ჩვენი ყოველდღიურობის გამზიარებელთა და მხარდამჭერთა რიცხვს, ამასთან, ის გვეხმარება თავდაჯერებულობისა და ცხოვრების მიმართ იმედიანი განწყობის გაძლიერებაში. ამასთან, ხელს გვიწყობს ემოციური სიმტკიცის შენარჩუნებაშიც, რადგან გვავსებს ძალით და იმედით, რომ რთულ ცხოვრებისეულ გამოცდილებებთან პირისპირ გამკლავება მარტო არ მოგვიწევს. 

სოციალური კეთილდღეობა მხოლოდ ახალი ადამიანების გაცნობას და მეგობრებთან/ოჯახის წევრებთან ურთიერთობას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები ხარისხიანი და ურთიერთსასარგებლო იყოს. ამ სტატიაში მოცემული რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ, უკეთ შეაფასოთ თქვენი ამჟამინდელი სოციალური კეთილდღეობის დონე და გადადგათ უფრო ეფექტური ნაბიჯები თქვენი ცხოვრების ამ სფეროს გაუმჯობესებისათვის.

  • კონცენტრირდით საკუთარ თავზე - ხშირად, ადამიანებს ჰგონიათ, რომ სოციალური კეთილდღეობის მისაღწევად მხოლოდ გარშემომყოფების სურვილები და საჭიროებები უნდა გაითვალისწინონ, საკუთარი კი, უგულებელყონ. ასეთ ქცევას იქამდე მივყავართ, რომ შეიძლება, გარშემომყოფთათვის კომფორტული აღმოჩნდეს ჩვენთან ურთიერთობა, თუმცა არა - ორმხრივად სასარგებლო. ამიტომაც, სოციალური კეთილდღეობის საფუძველი სწორედ იმის გარკვევაა, თუ რა არის ჩვენთვის პრიორიტეტული ურთიერთობებში, რა წარმოადგენს ჩვენს ინტერესებს. სტრესთან გამკლავების, თავდაჯერებულობის, პრობლემის გადაჭრის უნარების გამომუშავება, ერთი შეხედვით, მხოლოდ პირად საზრუნავად გვეჩვენება, თუმცა, სინამდვილეში, ამ უნარების გამომუშავება და საკუთარი თავის განვითარება სოციალური კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. 

  • ყურადღება მიაქციეთ თქვენს სოციალურ გარემოს - მართალია, ჩვენ კონრკეტულ მოცემულობაში ვიბადებით, თუმცა, ძირითადად, ცხოვრების მთავარ მეგზურებს - მეგობრებს, მეორე ნახევარს - თავადვე ვირჩევთ. ის ფაქტი, რომ დროთა განმავლობაში ადამიანი საკუთარი გარემოცვის „უხილავ ჩარჩოებში“ და სტანდარტებში ჯდება, ილუზია არ არის, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სოციალური კეთილდღეობისათვის სწორედ იმ სოციუმის სწორად განსაზღვრაა, რომლის წევრობაც გვინდა. 1995 წელს როი ბაუმეისტერისა და მარკ ლერის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის სურვილი ადამიანის ერთ-ერთ ბაზისურ საჭიროებად განიხილება, ხოლო ის ფაქტორი, თუ რომელ ჯგუფს მივეკუთვნებით, ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს - ჩვენი ტვინის კოგნიტურ პროცესებს, ქცევით ნორმებს და ემოციურ მდგომარეობას განსაზღვრავს.

 

  • დაუთმეთ დრო საყვარელ საქმიანობებს - გარდა იმისა, რომ ჰობის არსებობა და მისთვის დროის დათმობა განწყობის ამაღლებაში და სტრესის დაძლევაში გვეხმარება, ის, ასევე, საშუალებას გვაძლევს, შევხვდეთ ადამიანებს, ვისთანაც საერთო ინტერესებს გავიზიარებთ. სოციალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით ფსიქოლოგ ქორი ქეისის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ჯგუფში ინტეგრაცია სოციალური კეთილდღეობის ერთ-ერთი ინდიკატორია, რადგან საერთო ინტერესების გაზიარება, როგორც წესი, ყველაზე მყარი ადამიანური და ღირებულებითი კავშირების შექმნას უწყობს ხელს.

  • დააწესეთ ჯანსაღი საზღვრები - დიდი სანაცნობო წრის არსებობა ჩვენს ცხოვრებაში ზედმეტად ჩარევის, ჩვენ ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღების ან ჩვენზე ზეგავლენის მოხდენის უფლების ქონას არ გულისხმობს. ქორი ქეისის მიხედვით, სოციალური კეთილდღეობას ინდივიდუალურ და სოციალურ სამყაროებს შორის ბალანსის არსებობა განაპირობებს, ამიტომ ის, თუ რამდენად ვაწესებთ ჯანსაღ საზღვრებს, როგორ ვმიჯნავთ ჩვენს პროფესიულ და პირად ცხოვრებას და როგორ ვრეაგირებთ სხვების მიერ ჩვენი საზღვრების დარღვევაზე, სოციალური კეთილდღეობის მისაღწევად, ასევე, მთავარ საზრუნავს წარმოადგენს. 

გახსოვდეთ, რომ სოციალური კეთილდღეობა როგორც სხვებისადმი, ასევე, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემისა და მხარდაჭერის გამოხატვას გულისხმობს, ამიტომ სანამ სოციალურ კეთილდღეობაზე ფიქრს დაიწყებთ, მანამდე უმჯობესია, კარგად განსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები, ძლიერი მხარეები და გამოწვევები ურთიერთობაში. სოციალური კეთილდღეობა კომუნიკაციისა და მოსმენის უნარების სწორ გამოყენებასაც გულისხმობს, რაც ჩვენი საჭიროებების ადექვატურად გადმოცემაში და გარშემომყოფების ინტერესების გაზიარებაში გვეხმარება. 

იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრების ამ სფეროს მდგომარეობის ცვლილებას თვალი ვადევნოთ, უმჯობესია, სოციალური კეთილდღეობის დონე გარკვეული პერიოდულობით შევაფასოთ. ამაში Bloomin-ის კითხვარი დაგეხმარებათ.


YOUR CART (0)

No Products in the Cart