როგორ გავიმარტივოთ საჩუქრების შერჩევა
ახალი წელი ბევრისთვის სასიამოვნო ემოციებთან, საყვარელ გარემოში გაზიარებულ სიხარულთან და საჩუქრებთან ასოცირდება. საჩუქრების გაცვლაა სწორედ ის, რაც ახალ წელს განსაკუთრებულ ელფერს, სასიამოვნო მღელვარებას და ამაღლებულ განწყობას სძენს.
საყვარელი ადამიანები ცდილობენ, ერთმანეთს მადლობა გადაუხადონ განვლილი წლისთვის და ახალი წელი სიმბოლურად ახალი ნივთით/გამოცდილებით დაიწყონ. კომპანიები და ორგანიზაციებიც ხშირად მხარს უჭერენ მსგავს ინიციატივას და „საიდუმლო სანტას“ თამაშში ან სხვა წამახალისებელ აქტივობებში ერთვებიან. თუმცა, ყველამ ვიცით, რომ სანამ საჩუქრის ჩუქების ან მიღების ბედნიერ მომენტებამდე მივალთ, მანამდე, როგორც წესი, მათი მოფიქრების, შერჩევის, შედარების, ყიდვის, საკმაოდ გრძელ გზას გავდივართ.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ 5 რჩევას და კვლევაზე დაფუძნებულ ფაქტს, რომელიც საჩუქრების შერჩევაში დაგეხმარებათ.
გაითვალისწინეთ ადრესატის ინტერესები - საჩუქრის შერჩევა, ალბათ, ადრესატის ინტერესებზე დაფიქრებით უნდა დავიწყოთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა არის მისი ჰობი, საყვარელი აქტივობა, და შეეცადეთ, მოარგოთ საჩუქარი. თქვენ მიერ შერჩეული ნივთი რომ მართლაც გამოსადეგი აღმოჩნდეს, ამაში ადრესატის პროფესიის გათვალისწინებაც დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ იცით, რომ ადამიანი დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან ან ტელეფონთან, შეგიძლიათ აქცენტი ყურსასმენებზე, საინტერესო დიზაინის მაუსებზე, სამაგიდო ნივთებზე, ფოვერბანკზე, კომპიუტერის დეკორატიულ გასაფორმებელ ნივთებზე და სხვა აქსესუარებზე გააკეთოთ. თუ ადრესატს ხშირად უწევს წერა ან შეხვედრებზე განხილული საკითხების ჩანიშნვა, მაშინ არჩევანი შეგიძლიათ სხვადასხვა დიზაინის ბლოკნოტზე, კალამზე, დეკორატიულ სანათებზე შეაჩეროთ.
თუმცა, შესაძლოა, ადამიანის პროფესია ან ინტერესი სხვაგვარადაც გამოვიყენოთ. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ აჩუქოთ ის ნივთი, რასაც უშუალოდ საქმის კეთების დროს გამოიყენებს, მოიძიეთ ან შექმენით სახალისო სურათი/წარწერა მის შესახებ და დაპრინტეთ ჰუდზე, ქუდზე, შარფზე, მაისურზე, ჩანთაზე და ა.შ. ასე საჩუქარი ერთდროულად სახალისოც იქნება და - გამოსადეგიც.
აჩუქეთ გამოცდილება - ხშირად, როდესაც საჩუქარზე ვფიქრობთ, ადამიანები ნივთებზე უფრო ვკონცენტრირდებით, ვიდრე სერვისსა თუ აქტივობაზე. არადა, გამოცდილების „ჩუქება“ შეიძლება ადრესატისთვის არანაკლებ სასიამოვნო და ძვირფასი აღმოჩნდეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. 2016 წელს ჟურნალში „კვლევები მომხმარებელთა შესახებ“ გამოქვეყნდა სტატია, რომლის მიხედვითაც გამოცდილების ჩუქება ადრესატსა და საჩუქრის გამცემს შორის ურთიერთობას აძლიერებს: „აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც გამოცდილებას იღებდნენ საჩუქრად, უფრო ახლო კავშირს გრძნობდნენ საჩუქრის გამცემთან, და ამავდროულად, აუცილებელი არც იყო, რომ ეს საჩუქრები (აქტივობები) მათ ერთად გამოეცადათ“, - ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ქესი მოგილნერი.
გამოცდილებით საჩუქრებში სტატიის ავტორები გულისხმობდნენ სპორტდარბაზის თუ საცურაო აუზის აბონიმენტებს, კონცერტის ბილეთებს, სასტუმროს ჯავშანს, რესტორნის ვახშმის ვაუჩერს, გასართობ აქტივობებს და სხვა.
გაიმარტივეთ საქმე - საჩუქრის ადრესატის ინტერესებზე მორგება არც ისეთი მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მით უმეტეს, თუ საქმე არც ისე კარგად ნაცნობ ადამიანს ეხება. ხშირად, ჩვენ მიერ წვალებით შერჩეული „იდეალური“ და ზედმეტად პერსონიზირებული საჩუქარი შეიძლება არც ისეთი მოსაწონი და გასაოცარი აღმოჩნდეს, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს. ასეთ დროს უმჯობესი იქნება, კონცენტრირდეთ ისეთ ნივთებზე, რომლებიც ყველასთვის მისაღები და სასურველია. მაგალითად, საოჯახო ნივთები, პირადი მოხმარების საშუალებები, ყოველდღიური აქსესუარები, და ა.შ.
ამასთან, თუ რამდენიმე ადრესატი გყავთ, არ არის აუცილებელი, თავი დაისტრესოთ განსხვავებული საჩუქრების მოფიქრებით. თუ იცით, რომ არსებობს ნივთები/აქტივობები, რომლებიც თანაბრად სასიამოვნო და მისაღები იქნება ყველა მათგანისთვის, სავსებით ნორმალურია, რომ ადრესატებს ერთნაირი საჩუქრები აჩუქოთ.
კონცენტრირდით ადრესატზე და არა საკუთარ თავზე - საჩუქრის შერჩევს დროს ხანდახან იმაზე უფრო მეტს შეიძლება ვფიქრობდეთ, თუ როგორ წარმოვჩინდებით ჩვენ, ვიდრე იმაზე, თუ რა სურს ადრესატს რეალურად. გახსოვდეთ, რომ ძვირადღირებული ყოველთვის საუკეთესოს არ ნიშნავს. თუ გსურთ ადრესატი ნამდვილად კმაყოფილი დატოვოთ, ეცადეთ მათი სურვილები და ინტერესები შეძლებისდაგვარად დააპრიორიტეტოთ. მაგალითად, ძვირფასი სამკაულის ნაცვლად (რომელიც თქვენ უკეთ წარმოგაჩენთ), აჩუქეთ დარბაზის აბონიმენტი, ან თეატრის ბილეთები, თუ იცით, რომ ეს არის აქტივობები, რაც მას ძალიან უნდა.
მიმართეთ შეფუთვის კრეატიულ ხერხებს - განსაკუთრებით მაშინ, თუ საჩუქარი უბრალო და სიმბოლურია, შეგიძლიათ შეფუთვით „ითამაშოთ“ და ერთგვარი დღესასწაული შექმნათ. იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ, ჭიქა ჩვეულებრივი შეფუთვით აჩუქოთ ადამიანს, შეგიძლიათ ის რამდენიმე ყუთში მოათავსოთ. თითოეული ყუთის გახსნისას კი, პატარა ბარათები დაახვედროთ. მაგალითად:
ბარათი 1. „ვიცი, რომ დღის დაწყება ამ ნივთის გარეშე წარმოუდგენლად მიგაჩნია“.
ბარათი 2. „ისიც მახსოვს, როგორ ინერვიულე შენი საყვარელი ____ რომ გაგიტყდა“.
ბარათი 3. „ეს რომ დავინახე, მაშინვე შენ გამახსენდი, რადგან შენი საყვარელი ფერები აქვს“.
ბარათი 4. „შეიძლება ოდნავ დიდი მოგეჩვენოს, მაგრამ მჯერა, რომ მოერევი“.
ამ ბარათების წაკითხვით ადამიანი ნელ-ნელა მიუახლოვდება იმ ყუთს/შეფუთვას, სადაც ჭიქაა მოთავსებული, თუმცა რადგან ბარათებით უკვე აუხსენით, რომ ეს ჭიქა მას კონკრეტული მიზეზების გამო და, თანაც, დიდი ყურადღებით შეურჩიეთ, საჩუქარი უფრო მნიშვნელოვანი გახდება.
გახსოვდეთ, რომ საჩუქრის ჩუქებით არა მხოლოდ სხვებს არამედ საკუთარ თავსაც ვაბედნიერებთ! ამიტომ, ეს პროცესი მეტად სასიამოვნო და ნაკლებად სტრესული რომ გახადოთ, უმჯობესია, საყიდლებზე წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე განსაზღვროთ ადრესატების სასურველი აქტივობები, კონცენტრირდეთ მათ ინტერესებზე, დაფიქრდეთ, რა საყოფაცხოვრებო თუ საკანცელარიო ნივთები შეიძლება გამოადგეთ ყოველდღიურად, და, რაც მთავარია, სასიამოვნო გამოცდილების შესაქმნელად ცოტაოდენი დრო გამოყოთ პირადი წერილების/ბარათების შექმნისთვისაც.