რომელი სიყვარულით გიყვარს?

რომელი სიყვარულით გიყვარს?

ალბათ, სიყვარულის იმდენნაირი ახსნა შეიძლება ვიპოვოთ, რამდენი ადამიანიც არსებობს და ყველა მათგანის გამოცდილება უნიკალურია. თუმცა, მეცნიერება გვეუბნება, რომ არსებობს ნიშნები, რომლებიც ხშირად მსგავსია და რომლებიც გვეუბნებიან, როგორი სიყვარულით გვიყვარს. 

ზოგჯერ, როცა გვგონია ვიღაცას არ ვუყვარვართ, შეიძლება ვცდებოდეთ. უბრალოდ, სიყვარული სხვადასხვა ფორმას იღებს და განსხვავებულად გამოიხატება. 

რისგან შედგება სიყვარული?

ემპირიულ კვლევებზე დაყრდნობით, ფსიქოლოგმა რობერტ სტერნბერგმა “სიყვარულის სამკუთხედი”-ს თეორია შემოგთავაზა. ამ თეორიის მიხედვით, სიყვარული სამი კომპონენტისგან შედგება:

ინტიმურობა – სიახლოვის შეგრძნება, სულიერი კავშირი, ღრმა ემოციური კონტაქტი;

ვნება – გრძნობები და სურვილები, რომლებიც ფიზიკურ მიზიდულობას, რომანტიკას და სექსუალურ ლტოლვას იწვევენ;

გადაწყვეტილება/ვალდებულება – გრძნობები, რომელთა წყალობითაც, ერთი ადამიანი მეორესთან რჩება და საერთო მიზნებისკენ მიისწრაფიან. 

სიყვარულის განცდის სიძლიერე და ტიპი, ამ სამი კომპონენტის სიძლიერესა და ერთმანეთთან მიმართების ხასიათზე არის დამოკიდებული. ორის ან ორზე მეტის თანაარსებობა კი, სიყვარულის 7 განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის.

რომელია სიყვარულის 7 ტიპი ?

ეცადეთ, თითოეული ტიპის წაკითხვის დროს იფიქროთ ადამიანებზე და ამოიცნოთ ნაცნობები. ვინ გახსენდებათ, ვის მიმართ გამოგიცდიათ მსგავი რამ? 

1. მეგობრობა 

ამ შემთხვევაში, ადამიანის მიმართ სითბოს და სიახლოვეს ვგრძნობთ (ინტიმურობა), მაგრამ არ გვაქვს ვნება და ერთად ყოფნის გადაწყვეტილება. პოტენციურად, მეგობრული სიყვარული შეიძლება სხვა ტიპის სიყვარულში გადაიზარდოს.

2. გატაცება

ლტოლვა და ფიზიკური ვნება ინტიმურობის და ვალდებულების შეგრძნების გარეშე. ფაქტობრივად, ეს არის ე.წ. “ერთი ნახვით შეყვარება”, როდესაც ჯერ არ გვქონია დრო ღრმა შინაგანი კავშირის დამყარებისთვის. თავიდან, გატაცება ძალიან ძლიერია, მაგრამ უცბად შეიძლება გაქრეს.

3. ცარიელი სიყვარული

ეს არის ვალდებულებების ქონა ვნებისა და ინტიმურობის გარეშე. ზოგჯერ, ძლიერი სიყვარული ცარიელში გადაიზრდება და პირიქითაც. მაგალითად, გარიგებით ან სხვა რაიმე განზრახვით დაწყებულმა ქორწინებამ, შეიძლება, დროთა განმავლობაში, სიყვარულის სხვა ფორმა მიიღოს. 

4. რომანტიული სიყვარული 

ამ ტიპის ურთიერთობაში, ადამიანებს ძლიერი სიახლოვის შეგრძნება აქვთ და ერთმანეთისკენ ფიზიკურადაც მიილტვიან. თუმცა, მათ შორის არ არსებობს ვალდებულებები და ნებისმიერ ფასად ერთად ყოფნა.

5. კომპანიონური სიყვარული 

ინტიმურობა და ვალდებულება არსებობს, მაგრამ ურთიერთობას ვნება აკლია. ასეთი ტიპის ურთიერთობას ხშირად ვხვდებით წყვილებში, რომელთა შორისაც აღარ არის ვნება, მაგრამ ძლიერი ღრმა გრძნობები და ძლიერი კავშირი არსებობს.

კომპანიონური სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე მეგობრობა. 

6. თავქარიანი სიყვარული 

ურთიერთობა, სადაც ვალდებულებებს ვნება იწვევს, მაგრამ არ არსებობს სულიერი სიახლოვე. მაგალითად წყვილი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო, მაგრამ ურთიერთობას ინარჩუნებენ ფიზიკური მიზიდულობის, სექსუალური ლტოლვის ხარჯზე. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ქორწინება, ნაკლებად ეფექტური და მოკლე ვადიანია. 

7. სრულყოფილი სიყვარული

ეს არის სიყვარული, რომელიც ყველა სამი კომპონენტისგან შედგება და იდეალურთან არის გაიგივებული. ასეთი სიყვარულის მქონე ადამიანებს, ვერ წარმოუდგენიათ ერთმანეთის გარეშე ან სხვა ადამიანთან ერთად ცხოვრება. ისინი ვერ ხედავენ ნამდვილ ბედნიერებას თავიანთი პარტნიორის გარეშე. ასეთი სიყვარული ძალიან იშვიათია. 

მიჯაჭვულობის ეტაპს წყვილები აღწევენ მაშინ, როდესაც სჯერათ, რომ ურთიერთობა სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება. ასეთი კავშირები უფრო ძლიერდება ინტიმურობის და სხვა ძლიერი ემოციური ქცევების დროს, როცა ორგანიზმში გამოიყოფა ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი.

რა თქმა უნდა, ყველა ინდივიდუალურია და სიყვარულის ეს ტიპები არ არის უნივერსალური. თუმცა, მათ შეუძლიათ ნათლად დაგვანახოს, სად ვართ და რის გაუმჯობესებაზე შეიძლება ვიმუშაოთ იდეალური ურთიერთობის განსავითარებლად. იმის გაცნობიერება, თუ რას ვგრძნობთ სხვის მიმართ და ამ გრძნობებისთვის თავისი სახელის დარქმევა, ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

ავტორი: ნინი დარსაძე

The post რომელი სიყვარულით გიყვარს? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart