იდეები პანდემიის დროს ვალენტინობის დღის აღსანიშნად

იდეები პანდემიის დროს ვალენტინობის დღის აღსანიშნად

შეყვარებული წყვილებისათვის ვალენტინობა მნიშვნელოვანი დღეა. სულერთია ერთად წლებია ხართ თუ მხოლოდ რამდენიმე თვეა, ამ დღის პაემნის იდეის მოფიქრება არც თუ ისე მარტივია. ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს, თანაც ორივე ადამიანისათვის. ახლა, პანდემიისა და სოციალური დისტანციის პირობებში ასეთი პაემნის დაგეგმვა კიდევ უფრო რთულია. თუმცა, ეს ვალენტინობის აღნიშვნაზე უარის თქმის მიზეზი არ არის. პანდემიის დროსაც კი შეგიძლიათ საყვარელ ადამიანთან ერთად დრო განსაკუთრებულად გაატაროთ. 

მოამზადეთ რომანტიული ვახშამი ერთად

სანამ კაფერესტორნები ჯერ კიდევ დაკეტილია, შეგიძლიათ რომანტიული ვახშამი სახლში, ერთად მოამზადოთ. წინასწარ შეარჩიეთ სასურველი რეცეპტი, შეიძინეთ ინგრედიენტები და ისიამოვნეთ კეთების პროცესით. საჭირო არ არის გამოცდილი მზარეულები იყოთ, საჭმლის ერთად მომზადება სახალისო გამოცდილება და თქვენს პარტნიორთან ერთად დროის ხარისხიანად გატარების შესაძლებლობაა

მოაწყეთ პიკნიკი 

პიკნიკზე წასვლა მშვენიერი იდეაა ვალენტინობის აღსაღნიშნად. თუმცა, თუ თებერვლის სუსხი საშუალებას არ მოგცემთ დრო ბუნებაში გაატაროთ, შეგიძლიათ პიკნიკი სახლში მოაწყოთ. გააკეთეთ ყველაფერი ისე, როგორც ნამდვილ პიკნიკზე წასვლისას. გამოეწყვეთ, მოამზადეთ სასუსნავები, დასხედით პლედზე, შეგიძლიათ მისაღებ ოთახში კარავიც კი გაშალოთ, ჩართეთ მუსიკა და ისიამოვნეთ ერთად გატარებული დროით

იმოგზაურეთ სახლში 

თუ ერთად ხშირად მოგზაურობთ, ან პანდემიის გამო დაგეგმილი ქვეყნების სტუმრობა ვერ მოახერხეთ, შეგიძლიათ სახლში მინი მოგზაურობა მოაწყოთ. მაგალითად, თუ საფრანგეთში მოგზაურობაზე ოცნებობთ ან იქ ერთად ყოფნის მოგონებების გაცოცხლება გსურთ, მოიწყვეთ ფრანგული დღე იქ, სადაც არ უნდა იყოთ. დაიწყეთ დილა ფრანგული საუზმით, ვირტუალური ტურით ეწვიეთ ლუვრის მუზეუმს, უყურეთ ფრანგულ ფილმებს და ისიამოვნეთ ღვინითა და ფრანგული კულინარიული შედევრებით. 

მოაწყეთ ფილმების საღამო 

უამრავი ფილმია, რომელთა ნახვაც გვსურს, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებთ. თუ ეს თქვენთვის და თქვენი პარტიორისთვის ნაცნობი სიტუაციაა, შეგიძლიათ ვალენტინობის დღეს ფილმების საღამო მოაწყოთ. ერთად მოამზადეთ სასურველი ფილმების სია და სასუსნავები. თუ სხვადასხვა ჟანრის ფილმები მოგწონთ ეს მშვენიერი საშუალებაა ერთმანეთს გაუზიაროთ თქვენი გემოვნება და საყვარელი კინო შედევრები აჩვენოთ

წადით ფოტო-ტურზე 

პანდემიის გამო დროის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებთ. ამიტომ ვალენტინობის დღის გარეთ გატარება საუკეთესო საშუალებაა ყოველდღიური რუტინის გასახალისებლად. დაგეგმეთ საფეხმავლო ტური და მოაწყვეთ ფოტოსესიაეწვიეთ ადგილებს, რომელთაც ხშირად სტუმრობდით და რომლებსაც თქვენთვის სენტიმენტალური ღირებულება აქვთ. ეწვიეთ ადგილებს სადაც ერთმანეთი გაიცანით, პირველად აკოცეთ ან სიყვარულში გამოუტყდით ერთმანეთს. ეს გაგახსენებთ თქვენი ურთიერთობის საუკეთესო მომენტებს და ნამდვილად აგავსებთ სიყვარულით

მოაწყეთ სახლი სპა ცენტრივით

სიყვარულის დღე მშვენიერი მიზეზია, თქვენს საყვარელ ადამიანს სახლში მოწყობილი სპათი “გაუმასპინძლდეთ.” შეუქმნათ გარემო, რომელშიც თქვენთან ერთად განიტვირთება და ერთ-ერთი სასიამოვნო მოგონება დარჩება.  

როგორც Kohler Waters Spa-ს დირექტორი გარეტ მერსბერგერი ამბობს, სპა უნდა ერგებოდეს ჩვენს 5-ივე შეგრძნებას: სურნელს, გემოს, სმენას, შეხებას, მხედველობას. სწორედ ამიტომ, მოაწყვეთ სპა დამამშვიდებელი განათებით, წყნარი მუსიკით, სურნელოვანი სანთლებით, მოიმარაგეთ რბილი, სასიამოვნო ხალათები, იქონიეთ ღვინო და ა.შ დაიმახსოვრეთ, ეს სპას იმიტაციაა და მისი რეალური მიზანი თქვენი საყვარელი ადამიანისთვის სასიამოვნო დღის შექმნაა.

შექმენით ალბომი

საერთო სასიამოვნო მოგონებების კიდევ ერთხელ გასახსენებლად და საერთო გამოცდილებების გასაერთიანებლად კიდევ ერთი კარგი იდეაა ალბომის შექმნა, რომელშიც ერთად გადაღებულ ფოტოებს მოათავსებთ. შესაძლოა ეს იმ ადგილებზე გადაღებული ფოტოებიც კი იყოს, “მოგონებების ექსკურსიაზე” რომ უნდა გაიაროთ. მსგავსი ალბომი ის ნივთია, რომლის დათვალიერება თქვენს საყვარელ ადამიანს არ მობეზრდება და თანაც – რაც დრო გავა, კიდევ უფრო გაიზრდება მასში არსებული ფოტოების რაოდენობა. 

Scavenger Hunt (გამოცნობანას თამაში საჩუქრის მისაგნებად)

სიყვარულის დღის გასახალისებლად ერთ თამაშს შემოგთავაზებთ. ეს თამაში ერთგვარად ნადირობას ჰგავს, თუმცა კი – საიდუმლოებებსა და საჩუქრებზე ნადირობას. მას ლათინურად Scavenger Hunt ეწოდება და საკმაოდ პოპულარულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 

თამაშის დროს თქვენ უნდა შექმნათ მცირე ზომის წერილები, რომლებმაც თქვენი საყვარელი ადამიანი თანმიმდევრულად საჩუქრებამდე უნდა მიიყვანოს. აღნიშნული წერილები სხვადასხვა ადგილას უნდა განათავსოთ და უნდა დააწეროთ, თუ სად იმყოფება მომდევნო წერილი. თუმცა კი, მთავარი მხიარულება იმაშია, რომ წერილებს მინიშნებებით უნდა ეწეროს მომდევნო წერილის მდებარეობა (მაგ: “მომდევნო შეტყობინებას იმ ნივთის ქვეშ იპოვი, რომელიც წინა დაბადების დღეზე მაჩუქე”). 

აღნიშნულ თამაშში შეგიძლიათ, ყოველ მომდევნო წერილს თან მცირე საჩუქარი მოაყოლოთ, ან შეგიძლიათ, რომ ერთი და მთავარი საჩუქარი დაახვედროთ ადრესატს, როცა ის წერილების კითხვას დაასრულებს. 

აღნიშნეთ ვალენტინობა ვირტუალურად

თუ პანდემიის ან თვითიზოლაციის გამო თქვენს პარტნიორთან შეხვედრას ვერ ახერხებთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვალენტინობის დღე არ აღნიშნოთ. დაგეგმეთ ვირტუალური აქტივობები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ დღე ონლაინ, თუმცა ერთად გაატაროთ. შეგიძლიათ  Netflix-ის, Zoom-ის ან სხვა აპლიკაციების საშუალებით ფილმებსა და შოუებს ერთად უყუროთ, ან პაემანი Facetime-ით მოაწყოთ

პანდემიის დროს ვალენტინობის დღის აღსანიშნად კიდევ ბევრი იდეის მოფიქრება შეიძლება. მთავარია შეარჩიოთ აქტივობა, რომელიც თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვისაც საინტერესოა და ერთად ხარისხიანი დრო გაატაროთ.

 

ავტორები: მარიამ რუსიშვილი, თინათინ უგრეხელიძე

The post იდეები პანდემიის დროს ვალენტინობის დღის აღსანიშნად appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart