როგორ გავზარდოთ ბედნიერი და მიზანდასახული ბავშვები

როგორ გავზარდოთ ბედნიერი და მიზანდასახული ბავშვები

 

ალბათ, ყველა მშობელს უნდა, მისი შვილი ბედნიერი და წარმატებული გაიზარდოს. მეცნიერები ამბობენ, რომ განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა არის რწმენა, რომ ინტელექტი და სხვა უნარები შრომის, საკუთარ თავზე მუშაობის და სწავლის შედეგია. ამას ზრდაზე ორიენტირებულ აზროვნებას (Growth mindset) უწოდებენ.

მისი საპირისპიროა ფიქსირებული აზროვნება. ფიქსირებული აზროვნების მქონე ადამიანს სჯერა, რომ შესაძლებლობები ჩარჩოებში არის მოქცეული და, მაგალითად, ინტელექტის თანდაყოლილ დონეზე მეტად განვითარება შეუძლებელია.

ბავშვები, რომლებსაც ფიქსირებული აზროვნება აქვთ

რამდენად ხშირად გაგიგიათ თქვენი შვილისგან მსგავსი ფრაზები:

  • “საშინაო დავალებას ვერ შევასრულებ, რადგან მათემატიკა არ მესმის”
  • “სპორტზე სიარულს აზრი არ აქვს, რადგან მოუქნელი ვარ”
  • “მონაწილეობას რა აზრი აქვს, მაინც ყოველთვის სხვები იმარჯვებენ”

ასეთი შეხედულებების მიზეზი არ უნდა ვეძებოთ მხოლოდ დაბალ თვითშეფასებაში, მოტივაციის ნაკლებობაში ან წარსულში გამოცდილ წარუმატებლობაში. პასუხი, შესაძლოა, ფიქსირებული აზროვნება იყოს.

ფიქსირებული აზროვნების მქონე ბავშვების მთავარი მიზანი არის, რომ ყოველთვის და ყველა სიტუაციაში ჭკვიანები, ყოჩაღები, წარმატებულები ჩანდნენ. შედეგად, მათ შესაძლოა თავი აარიდონ ისეთ აქტივობებს, რომლებიც სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ასეთ ბავშვებს სჯერათ, რომ თუ ბევრი წვალება და შრომა უწევთ, ე.ი. არ არიან საკმარისად კარგი, ნიჭიერი, ჭკვიანი. ასეთ დროს, ისინი შესაძლოა დაითრგუნონ და ხელი ჩაიქნიონ სხვადასხვა საქმიანობაზე.

ასეთი აზროვნების მქონე ბავშვები გაურბიან, ერიდებიან ან მალავენ, როდესაც შეცდომას უშვებენ.  ამიტომ, შეიძლება აგრესიულებიც გახდნენ. ხშირად, თავდაცვით და თავის მართლების პოზიციაში არიან. ასე იმიტომ იქცევიან, რომ ეშინიათ ვინმემ არ დაინახოს, რომ რამე არ ესმით ან არ გამოსდით.

სამწუხაროდ, ასეთი აზროვნების გამო, ბავშვების დიდი პოტენციალი შეიძლება ვერ გამოვლინდეს და ეს იმიტომ, რომ რაღაც ახლის სწავლის ეშინიათ.

ზრდაზე ორიენტირებული აზროვნების მქონე ბავშვები

ზრდაზე ორიენტირებული აზროვნების მქონე ბავშვის მთავარი მიზანი არის ზრდა და სწავლა, ყველგან და ყოველთვის. მათ ესმით, რომ თუ რომელიმე საქმეში ცოტა მეტი შრომა სჭირდებათ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ რამე უნარი.

ასეთი აზროვნების მქონე ბავშვებს ესმით, რომ შეცდომების დაშვება ძალიან ბუნებრივია. აცნობიერებენ, რომ ეს სწავლის პროცესის ნაწილია და რომ შეუძლებელია რაღაც ახალი ისწავლო ყოველგვარი შეცდომის დაშვების გარეშე.

1. ბავშვს აუხსენით, რა ძალა აქვს სიტყვა “ჯერ”-ს.

  • “ჯერ არ გამოგდის”;
  • “ჯერ ვერ იმარჯვებ”;
  • “ჯერ არ იცი”.

თუ ადამიანი რომელიმე სირთულეს ვერ უმკლავდება, ეს არ არის სამყაროს დასასრული და არ ნიშნავს, რომ ყველა შანსი გადაწურულია. პირიქით, ყველაფერი წინ არის და საკუთარ თავზე მუშაობით, ადრე თუ გვიან, მიზნები მიღწევადია.

რა გირჩევნიათ თქვენმა ბავშვმა თქვას: “ენების სწავლა არ გამომდის” თუ “ენებს ჯერ ვერ ვსწავლობ?”

2. მიაჩვიეთ ბავშვი იდეას, რომ შეცდომების დაშვება  ნორმალური და მისაღებია

თუ ბავშვი ისწავლის, რომ შეცდომების დაშვებას “არაუშავს”, მისთვის უფრო მარტივი იქნება რაღაცების ახლიდან ცდა. ძალიან რთულია, რამე ახალი ისწავლო, როცა წარუმატებლობის გეშინია.

3. აუხსენით, რომ შეცდომების დაშვება ზრდაში ეხმარება

როდესაც რაღაცას მარტივად ვაკეთებთ, მაშინ იმ ცოდნას ვამჟღავნებთ, რომელიც უკვე გვაქვს, ანუ ახალს არაფერს ვსწავლობთ.  ხოლო, როცა შეცდომას ვუშვებთ, იძულებულები ვხდებით მასზე ყურადღება გავამახვილოთ და ამ პროცესში გავიზარდოთ.

ფრაზა “შეცდომების დაშვება მზრდის” – შეცდომის დაშვების შიშს ამცირებს.

4. ასწავლეთ ბავშვს სირთულეების გადალახვის ახალი გზები

როდესაც სირთულეს წააწყდება, სწორი პასუხის კარნახის ნაცვლად, იდეები მიაწოდეთ იმის შესახებ, თუ სად შეიძლება პრობლემის გადაჭრის გზა მოძებნოს.

ჰკითხეთ, რა რესურსები შეიძლება გამოიყენოს? მაგალითად, იქნებ, ინფორმაციის ინტერნეტში მოძებნა შეიძლება, წიგნში ნახვა ან მეგობრის გამოცდილების გაზიარება.

5. ასწავლეთ ბავშვს დაშვებული შეცდომის შესახებ საუბარი

შეცდომებზე საუბრით და მათი მიზეზების გაცნობიერებით, ბავშვები იმ ქცევების ამოცნობას სწავლობენ, რომლებიც მათი გამოცდილებით ეფექტური იყო ან პირიქით – არ გაამართლა.

ამგვარად, ისინი უფრო თავისუფლები ხდებიან და კომფორტულად განიხილავენ როგორც პრობლემებს, ისე – მათი გადაჭრის გზებს.

6. წაახალისეთ მცდელობის პროცესი და არა უბრალოდ ის შედეგი, რომელიც თანდაყოლილი უნარების დამსახურებით მიიღეს.  

იმის ნაცვლად, რომ შეაქოთ და უთხრათ: “რა ჭკვიანი ხარ”, “რა ნიჭიერი ხარ”, “რა კარგი ხარ”,  შეაქეთ ბავშვი მცდელობებისთვის.

უთხარით: “რა მაგარია, რომ ცდილობ”, “რა ყოჩაღად იქცევი, რომ არ ნებდები”, “რა კარგია, რომ რაღაც ახალი სცადე”.

სასურველია, შექება კონკრეტულ ქცევაზე იყოს მიმართული, ხაზი გაუსვათ მას და არ იყოს ზოგადი ხასიათის.

ზრდაზე ორიენტირებული აზროვნება ნებისმიერ სიტუაციაში ეფექტურია, თუმცა, ცხოვრებას რეალურად უნდა შევხედოთ და არ გვქონდეს მოლოდინი, რომ  ჩვენ ან ჩვენი შვილები ყოველთვის ყველაფერს ამ რწმენით შეხედავენ.

გაითვალისწინეთ, რომ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, შეიძლება, განსხვავებული აზროვნება გვქონდეს. ეცადეთ, ამოიცნოთ, რომელ საკითხებთან დაკავშირებით გაქვთ ფიქსირებული აზროვნება და იმუშავეთ მის შეცვლაზე.

არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ბავშვიც უბრალოდ დაიღალოს. ზოგჯერ, დაღლილობა და დემოტივირებულობაც ნორმალურია. მთავარია, დაღლილობა არ დავაკავშიროთ ზოგადად რამე შესაძლებლობის არქონასთან.

ზრდაზე ორიენტირებული აზროვნება არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ყველაფერი მარტივი და სახალისოა. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ვართ და ცხოვრება ყოველთვის მარტივი არ არის. ზოგჯერ შეცდომებს ვუშვებთ, ზოგჯერ წარმატებას ვერ ვაღწევთ, ზოგჯერ ვიღლებით… ზრდაზე ორიენტირებული აზროვნება არის რწმენა, რომ ზრდა და სწავლა პროცესია, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე გავდივართ და რომ შრომით ცხოვრების გაუმჯობესება ნამდვილად შესაძლებელია.

 

ავტორი: ნინი დარსაძე

The post როგორ გავზარდოთ ბედნიერი და მიზანდასახული ბავშვები appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart