რატომ შეიძლება ლატარიის მოგება უარყოფითი მოვლენა იყოს?
ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გითქვამთ, რომ ფულის მოგება თქვენს ყველა პრობლემას თუ არა, მის 90%-ს მაინც მოაგვარებდა. ყველაზე ცოტა, თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე სანერვიულო აღარ გექნებოდათ, გადაიხდიდით კრედიტებს, იყიდდით საოცნებო სახლს, საუკეთესო მანქანას, წახვიდოდით სამოგზაუროდ… მოკლედ, იცხოვრებდით საკუთარი ბედნიერებისთვის.
როგორც ლატარიის მოგებულთა ისტორიები აჩვენებს, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ბევრი მათგანის აზრით, ლატარიაში დიდი თანხის მოგება ყველაზე ცუდი რამ იყო, რაც მათ დამართნიათ. ზოგიერთი კი ნატრობს, რომ ეს არასდროს მომხდარიყო.
ლატარიის მოგება – ბედნიერება თუ წყევლა?
ადამიანებს ხშირად სჯერათ, რომ დიდი თანხის მოგების შემდეგ არა მხოლოდ ფინანსურად უზრუნველები, არამედ უფრო ბედნიერებიც იქნებიან, ვიდრე მოგებამდე იყვნენ. მაგრამ იმ იღბლიანების ისტორია, რომელთაც სხვადასხვა დროს დიდი ჯეკპოტები მოიგეს, საწინააღმდეგოში გვარწმუნებს. ასეთი ადამიანი კი იმდენად ბევრია, რომ ამ ფენომენს ლატარიის წყევლაც კი დაარქვეს.
მათმა ნაწილმა, ვინც უეცრად მილიონების მფლობელი გახდა, ფულის შენარჩუნება ვერ მოახერხა და მალევე გაღარიბდა. ბევრ მათგანს დეპრესია და ალკოჰოლიზმი დაემართა და ზოგიერთი ამ იღბალმა სიკვდილამდეც კი მიიყვანა.
აი, რამდენიმე მაგალითიც:
- სანდრა ჰეიესი ერთ-ერთი იყო, ვინც 224 მილიონ დოლარიანი საპრიზო ფონდი 11 ადამიანთან ერთად გაიყო. მალევე მან აღმოაჩინა, როგორ შეიცვალნენ მისი მეგობრები მის მიმართ. მისივე თქმით, ისინი ვამპირებად იქცნენ, რომლებიც მეტად იყვნენ დაინტერესებულები მისი ფულით, ვიდრე მეგობრობით.
- სტეისი ლოურის, რომელმაც 5 მილიონი მოიგო, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწია მას შემდეგ, რაც მთელი ქალაქი მის წინააღმდეგ განეწყო. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ იგი უარს ამბობდა ფულისა და საჩუქრების გაცემაზე.
- უილიამ პოსტმა მოგებული2 მილიონი დოლარი მალევე გაფლანგა და სიცოცხლის ბოლომდე საკვები ტალონების მიღებით ირჩენდა თავს.
ზოგიერთი ისტორია კიდევ უფრო ტრაგიკულია. თუმცა ყველა მათგანი აჩვენებს, რომ უეცრად დიდი ფულის მიღება ხშირად უზრუნველ ცხოვრებას და ბედნიერებას არ ნიშნავს. როგორც წესი, იღბლიან გამარჯვებულთა ისტორიები ნათესავებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტით მთავრდება (ყოფილა შემთხვევა, რომ ოჯახის წევრებს “ქილერიც” კი დაუქირავებიათ მოგებულის მოსაკლავად და თანხის მისატაცებლად).
ამასთანავე, სტატისტიკის მიხედვით, იმ ადამიანების 70% ვინც ლატარიაში გაიმარჯვა, ან უეცრად მემკვიდრეობით დიდი ფული მიიღო, რამდენიმე წელში კოტრდება.
რატომ ვერ ახერხებენ ლატარიის გამარჯვებულები ფულისა და ბედნიერების შენარჩუნებას?
ლატარიაში განსაკუთრებით დიდი თანხის მოგება ბედნიერების მომტანია. წარმოიდგინეთ, რამდენიმე წამში თქვენ მდიდარი ხართ, შეგიძლიათ იყიდოთ რაც გსურთ, წახვიდეთ იქ, სადაც გინდათ და თქვენი ყველა სურვილი აისრულოთ. ამიტომ, არასწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ლატარიის გამარჯვებულები უბედურები არიან. თავდაპირველად, ისინი მდიდრები და ბედნიერები არიან. სამწუხაროდ, ეს ხშირად დიდხანს არ გრძელდება.
ლატარიის მოგება ავტომატურად ყველა ფინანსურ პრობლემას არ აგვარებს
კვლევები აჩვენებს, რომ 20-30 წლამდე რიგითი ადამიანი, რომელიც უეცრად ლატარიას იგებს, მემკვიდრეობას იღებს ან რაიმე სხვა სახით უცებ მდიდრდება, თავისი ახლადშეძენილი ქონების ნახევარს კარგავს.
კიდევ ერთი კვლევის თანახმად, ლატარიის მოგებიდან 10 წლის შემდეგ, საშუალო სტატისტიკურ გამარჯვებულს ყოველი მოგებული 1 დოლარიდან მხოლოდ 16 ცენტი აქვს დარჩენილი. ხოლო ლატარიის გამარჯვებულების ნახევარზე მეტი, თითქმის 70 პროცენტი, რამდენიმე წელიწადში კოტრდება.
ლატარიის გამარჯვებულები ფულს მეტწილად არასწორი ხარჯვისა და ცუდი ინვესტიციების გამო კარგავენ. მათი უმრავლესობა ფულს დაუფიქრებლად ფლანგავს ფუფუნების საგნებზე, გართობასა და წვეულებებზე, სანამ არ აღმოაჩენს, რომ გაკოტრდა, რაც აჩვენებს, რომ მითი, თითქოს ფულის მოგება ჩვენს ყველა ფინანსურ პრობლემას მოაგვარებს – არასწორია.
ლატარიის მოგება სამუდამოდ არ აბედნიერებს
რაც არ უნდა უცნაური იყოს, ლატარიაში მოგებული ფული შეიძლება უფრო დიდხანს გეყოთ, ვიდრე მოგებისგან მიღებული ბედნიერება.
მოგებული ფულის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ამან შეიძლება გაზარდოს ცხოვრების ხარისხი. თუმცა, როგორც ლატარიის გამარჯვებულები აღნიშნავენ, მოგების შემდეგ ისინი უფრო ბედნიერები არ არიან, ვიდრე მოგებამდე იყვნენ.
1978 წელს ჩატარებული კვლევა შეისწავლიდა ლატარიის 22 გამარჯვებულს, 22 ადამიანს, რომელთაც ვერ მოიგეს და 29 ადამიანს, რომლებიც უბედური შემთხვევის გამო პარალიზებულები იყვნენ.
კვლევამ აჩვენა, რომ ლატარიის მოგებამ არ გამოიწვია გრძელვადიანი ბედნიერების შეგრძნების მომატება, ხოლო პარალიზებამ არ გამოიწვია დიდი ხნით ბედნიერების დაქვეითება.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბედნიერების დონე საგრძნობლად იმატებდა ლატარიის მოგებისას, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების გარკვეული ნიშნული. როდესაც ცხოვრებაში რაიმე დადებითი ხდება, ბედნიერების დონე იზრდება, როდესაც უარყოფითი, პირიქით, კლებულობს. თუმცა, დროის გასვლის შემდეგ, აუცილებლად უბრუნდება საწყის ნიშნულს.
ლატარიის ბევრი გამარჯვებული განიცდის “უეცარი გამდიდრების თაფლობის თვის ფაზას”. როდესაც ისინი მიდრეკილნი არიან, აისრულონ ყველა ოცნება და არ ფიქრობენ, როგორ ხარჯავენ თანხას. ფულის ცუდი მართვის გამო, საბოლოოდ მთელ ქონებას კარგავენ. ისინი საშუალებას აძლევენ ფულს, მართონ მათი ცხოვრება და არა პირიქით. სწორედ ამიტომ, ხშირად ლატარიის მოგება ვერ ეხმარება მათ გადაჭრან ფინანსური პრობლემები.
ლატარიის გამარჯვებულთა ბედნიერების კვლევა კი აჩვენებს, რომ გარე მოვლენები (მათ შორის, ვერც ლატარიის მოგება) სამუდამოდ ვერ გაგვაბედნიერებს. ჩვენი ბედნიერების ნიშნულის შეცვლა მხოლოდ შინაგანად, საკუთარი თავის მიღებითა და ძლიერი ურთიერთობების დამყარებითაა შესაძლებელი.
ავტორი: მარიამ რუსიშვილი
The post რატომ შეიძლება ლატარიის მოგება უარყოფითი მოვლენა იყოს? appeared first on Bloomin.