კომუნიკაციის სტილი, რომელიც ჰარმონიას მოგვანიჭებს

კომუნიკაციის სტილი, რომელიც ჰარმონიას მოგვანიჭებს

მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გარშემომყოფებისგან სამართლიანი მოპყრობის მიღება და ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნება. ამისთვის კი, აუცილებელია თამამად და ტაქტიანად დავაფიქსიროთ ჩვენი მოთხოვნები, გამოვხატოთ გრძნობები და შეხედულებები.

რას ნიშნავს ასერტულობა?

კომუნიკაციის სტილი, რომლის დროსაც ინდივიდები პირდაპირ, თავდაჯერებულად და მტკიცედ გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს, სურვილებსა და საჭიროებებს და ამავე დროს, პატივს სცემენ სხვის აზრს.

ასერტული კომუნიკაცია მოიცავს გასაგებ, გულწრფელ წინადადებებს ადამიანის რწმენის, ემოციებისა და მოთხოვნილებების შესახებ.

ასეთ დროს ადამიანს მკაფიოდ დაწესებული საზღვრები აქვს ურთიერთობაში. მას შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და თავის დაცვა სხვების განსჯის გარეშე. შესაბამისად, ასერტული ადამიანი არ არის აგრესიული და არ გამოხატავს გაღიზიანებას მაშინ, როცა მისი მოლოდინები არ მართლდება.

შეიძლება ითქვას, რომ მაღალი ასერტულობის მქონე ადამიანებს, ნაკლებად აწუხებთ შფოთვის გამომწვევი აზრები და ეფექტურად რეაგირებენ კრიტიკაზეც.

წარმოიდგინეთ, რომ ასერტულობა არის ოქროს შუალედი პასიურ და აგრესიულ კომუნიკაციას შორის.

რა განსხვავებაა ასერტულობასა და პასიურ კომუნიკაციას შორის?

შედარებით პასიური კომუნიკაციის მქონე ადამიანები ნაკლებად გამოხატავენ თავიან სურვილებს და, როგორც წესი, სხვების მითითების მიხედვით მოქმედებენ. ისინი საშუალებას აძლევენ სხვებს, მათ ნაცვლად მიიღონ გადაწყვეტილებები.

პასიური კომუნიკაცია არ ჩაივლის უკვალოდ.  შედეგად, ადამიანს შეიძლება დაუგროვდეს აგრესია, რომელიც რაღაც მომენტში ერთიანად იჩენს თავს ან შიგნიდან აფეთქდება. პასიური კომუნიკაციის შედეგი შეიძლება იყოს ძლიერი დათრგუნვა და უსამართლობის შეგრძნება.

რა განსხვავებაა ასერტულობასა და აგრესიულ კომუნიკაციას  შორის?

აგრესიული კომუნიკაციით, ადამიანი აფიქსირებს თავის საჭიროებებს, თუმცა არა კონსტრუქციული ფორმით. ასეთი ადამიანის მთავარი მიზანი ნებისმიერი გზით გამარჯვებაა.

აგრესიული ადამიანი შეიძლება იყოს უხეში, ნაკლებად ითვალისწინებდეს სხვის მდგომარეობას და შეიძლება ვინმე დაჩაგროს კიდევაც.

რატომ არის სასურველი ასერტული კომუნიკაციის გამოყენება?

– გვეხმარება ჩვენი საჭიროებების დაცვაში

ურთიერთობაში გარკვეული საზღვრების არსებობით, ჩვენ თავს ვიცავთ ისეთი სიტუაციებისგან, რომლებსაც შეუძლიათ უსიამოვნება ან დისკომფორტი მოგვანიჭონ.

ასერტული კომუნიკაცია გვეხმარება ამ საზღვრების დაწესებასა და შენარჩუნებაში სხვებისთვის გასაგები ენით და ნაკლები აგრესიის თუ წყენის გამოწვევით.

– გვიცავს სტრესისგან

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ნაცნობი ისეთი საქმის გაკეთებას გთხოვთ, რომლის დრო და ენერგიაც არ გაქვთ. როგორ შეიძლება ასეთ დროს მოიქცეთ?

  1. პასიური კომუნიკაცია გამოიყენოთ და უთხრათ: “კი, სიამოვნებით დაგეხმარები”;
  2. აგრესიულ კომუნიკაციას მიმართოთ და უპასუხოთ: “დამღალე შენი თხოვნებით, ნუ მეუბნები ასეთ რამეებს”;
  3. ასერტული კომუნიკაცია აირჩიოთ და უთხრათ: “ამჯერად, არ შემიძლია დახმარება”.

პირველი გამოსავალი აუცილებლად სტრესთან იქნება დაკავშირებული, რადგან თქვენი სურვილის საპირისპირო ქცევაში ჩაერთვებით და ისეთ რაღაცას გააკეთებთ, რაც გულზე არ გეხატებათ.

აგრესიული კომუნიკაცია, ასევე, სტრესს აღვივებს. ხოლო ასერტული კომუნიკაციით, კონსტრუქციულად აუხსნით, როგორ გრძნობთ თავს და ისე მიიტანთ სათქმელს ადრესატამდე, როგორც საჭიროა.

სხვების თვალში უფრო სანდოს გვხდის

ადამიანები უფრო გვენდობიან, როდესაც იციან, რომ გულწრფელი და პირდაპირები ვართ.

შეიძლება, პასიური კომუნიკაციის დროს პირდაპირ არ ვიტყუებით, მაგრამ რაღაც მხრივ, ასეთ დროს მაინც არ ვართ გულახდილები.

შეიძლება იფიქროთ, რომ აგრესიულობით მიზანს ვაღწევთ. თუმცა, ასეთი კომუნიკაცია სხვების მხრიდან ნდობისა და პატივისცემის დაკარგვის ფასად გვიჯდება. შეიძლება, მომავალში ზოგმა ნაცნობმა თავი აგვარიდოს უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენთან  დაპირისპირების სურვილი არ აქვს.

ხელს უწყობს ჯანსაღი და სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებას

როცა ასერტულები ვართ და ღიად გამოვხატავთ ჩვენს საჭიროებებს, ურთიერთობებსაც ისეთ ადამიანებთან ვავითარებთ, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს აზრს და ვისთანაც შეგვიძლია თავისუფლად გამოვხატოთ ჩვენი ემოციები.

ასევე, ასერტულობა გვეხმარება თვითშეფასების დასტაბილურებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ურთიერთობისთვის.

როგორ გამოვიმუშაოთ ასერტული კომუნიკაციის უნარები?

  • ეცადეთ შეაფასოთ, კომუნიკაციის რა სტილს იყენებთ. როგორც წესი, როგორ იქცევით განსხვავებულ სიტუაციებში? გულახდილად ამბობთ, რას ფიქრობთ თუ ჩუმად ყოფნას ამჯობინებთ? თანხმდებით ხოლმე სხვებს მაშინაც, როცა არ გინდათ? სხვებს რამდენად ხშირად ადანაშაულებთ და განსჯით? სანამ ცვლილებას დაიწყებთ, კარგი იქნება ამოიცნოთ თქვენი სტილი.
  • ეცადეთ გამოიყენოთ “მე” ფრაზები “შენ” წინადადების ნაცვლად. მაგალითად: იმის ნაცვლად რომ თქვათ “შენ ცდები”, თქვით “მე არ გეთანხმები”; “ცუდად იქცევი”-ს ნაცვლად, თქვით “მე მწყინს, როცა ამას აკეთებ”. “მე” -ს გამოყენებით, ადამიანები უფრო კარგად გაიგებენ რას გრძნობთ და რას ფიქრობთ.
  • ივარჯიშეთ “არა”-ს თქმაზე. კარგი იქნება, თუ მარტივი სიტუაციებიდან დაიწყებთ და იტყვით “არა”-ს, როცა რაღაც თქვენს სურვილებს ეწინააღმდეგება.
  • დაიწყეთ მარტივი სიტუაციებით. ამ სტილით კომუნიკაცია თავიდან სცადეთ ისეთ სიტუაციებში, რომლებიც თქვენთვის ნაკლები რისკის შემცველია და ნაკლებად მძაფრ ემოციასთან არის დაკავშირებული.

გახსოვდეთ, რომ ასერტულობის სწავლას დრო და ვარჯიში სჭირდება. თუ წლების განმავლობაში კომუნიკაციის პასიურ სტილს იყენებდით, რა თქმა უნდა, ერთი და ორი დღე არ იქნება საკმარისი სურვილების ხმამაღლა დაფიქსირებისთვის. თუ, კომუნიკაციის აგრესიულ სტილს იყენებდით, მაშინ ასერტულობის სწავლასთან ერთად, კარგი იქნება თუ ბრაზის მართვაზეც ივარჯიშებთ.

 

სტატია მომზადებულია TBC Concept -ისა და Bloomin.ge -ის პარტნიორობის ფარგლებში. 

ავტორი: ნინი დარსაძე

The post კომუნიკაციის სტილი, რომელიც ჰარმონიას მოგვანიჭებს appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart