9 გზა, თუ როგორ გავიღრმავოთ ურთიერთობა სხვებთან

9 გზა, თუ როგორ გავიღრმავოთ ურთიერთობა სხვებთან

“მხოლოდ მაშინ ვიგებთ ბედნიერების რეალურ ფასს, როცა მას სხვასთან ერთად ვიზიარებთ.”

მარკ ტვენი

ადამიანები სოციალური არსებები ვართ და ერთმანეთთან კავშირი ჩვენი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ურთიერთობები ის გამოცდილებაა, საიდანაც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ. თუმცა, ახლა, როცა უკვე ურთიერთობების მნიშვნელოვანი წილი ვირტუალური გახდა, ზოგჯერ შეხსენება გვჭირდება, თუ რა გვაახლოებს ადამიანებთან რეალურად. საამისოდ კი, რამდენიმე რჩევას გთავაზობთ, რომლითაც შეძლებთ სხვებთან კავშირი გაიღრმავოთ.

გაიღიმეთ

სხვა ადამიანისთვის გაღიმება მათთან კავშირის დამყარების ყველაზე მარტივი გზაა, რომელსაც სულ ერთი წამი სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, ქუჩაში მომავალ უცნობს მიაგებებთ უცაბედ ღიმილს, თუ თქვენს ახლო მეგობარს გაუღიმებთ. ღიმილით კავშირის დამყარება ნებისმიერ ადამიანთან შესაძლებელია. 

ადამიანებთან კონტაქტის დროს თვალებში უყურეთ

დღევანდელ სამყაროში, როცა ყველა ძალიან დაკავებულია და ვირტუალურ კომუნიკაციას მივეჩვიეთ, ბევრი ადამიანი სხვებისგან მივიწყებულად გრძნობს თავს. მაგალითად, ხდება ხოლმე ისე, რომ მეგობართან მივდივართ და მის მაგივრად სმარტფონს ჩავყურებთ. როდესაც გვესაუბრებიან, მნიშვნელოვანია, თვალებში ვუყუროთ მათ, რადგან სწორედ ასე ჩნდება განცდა, რომ მათ ვუსმენთ. მზერითი კონტაქტის დამყარებით ადამიანებს სანდოობის შეგრძნებას გავუჩენთ, რაც შემდგომი გახსნილი ურთიერთობის საწინდარი იქნება. 

გამოყავით დრო საყვარელ ადამიანებთან გასატარებლად

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ხშირად იმდენად დაკავებულები ვართ, კონტაქტის არათუ გაღრმავებაზე, არამედ დამყარებაზეც კი არ ვფიქრობთ. ამიტომაც საჭიროა, თქვენს კალენდარს თვალი გადაავლოთ და დრო გამონახოთ თქვენს პარტნიორთან ერთად რომანტიკული საღამოს გასატარებლად, თქვენს მეგობართან ერთად გასასეირნებლად და საკუთარ თავთან განმარტოებისთვისაც, რათა უკეთ გაიაზროთ თქვენი საჭიროებები. როგორც კი ამას განახორციელებთ, მალევე მიხვდებით, თუ როგორ ზრდის ურთიერთობის ხარისხს სპეციალურად მისთვის გამოყოფილი დრო. 

გულით მოუსმინეთ სხვებს

ყურადღება მიაქციეთ როგორ უსმენთ სხვებს. ალბათ გესმით მათი ლაპარაკი, მაგრამ, რეალურად შეიძლება არ უსმენდეთ, რას ამბობენ ისინი. ხშირად ხდება, რომ მათი საუბრის პროცესში ჩვენ უკვე ვაყალიბებთ ჩვენს პასუხს, გონებაში მათ წინადადებებს ვასრულებთ ან ვაჩერებთ საუბრისას და ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ. მათი მოსმენის მაგივრად, საკუთარ თავს ვუსმენთ და შინაგან დიალოგს ვამყარებთ მასთან, ვაკეთებთ დაშვებებს ან დასკვნებს მოსაუბრე ადამიანის შესახებ. ამიტომაც საჭიროა, არა ჩვენს თავს, არამედ სხვას მოვუსმინოთ ისე, როგორც საჭიროა, ეს კი კავშირს მნიშვნელოვნად გააღრმავებს. 

გახსოვდეთ, სიყვარული ზმნაა და არა არსებითი სახელი

აქტიური სიყვარული მაშინ ვლინდება, როცა ამ სიტყვას ზმნად, მოქმედებად აქცევთ და უბრალოდ არ განიხილავთ მას, როგორც მდგომარეობას. ე.ი თქვენს შეგრძნებებზე საუბრის ნაცვლად, თქვენ უბრალოდ უნდა იმოქმედოთ და ამგვარად გამოხატოთ თქვენი სიყვარული. მისი ამგვარად გამოხატვა კი ხშირად ძალიან მარტივია: დაეხმარეთ თქვენს მეგობარს რაიმე საკითხის გადაჭრაში, წაიყვანეთ თქვენი მშობელი სასიამოვნო გარემოში ვახშამზე, დაეხმარეთ სრულიად უცნობ ხანში შესულ ადამიანს ქუჩაზე გადასვლაში და ა.შ შესაძლებლობა უამრავია, აჩვენოთ სხვას, თუ როგორ ზრუნავთ მათზე. და ზოგადად – ადამიანებს სიტყვებზე მეტად ხომ ქმედებები ამახსოვრდებათ?!

იყავით გულწრფელი

ჯანსაღი ურთიერთობა გახსნილ, გააზრებულ კომუნიკაციას მოითხოვს. ყველაზე მთავარი კი, რაც ასეთ დროს გვჭირდება, გულწრფელობა და ღია დიალოგია. როდესაც შეგვიძლია, სხვა ადამიანთან გახსნილად ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ვფიქრობთ, ამა თუ იმ საკითხის შესახებ, მათთან ავტომატურად ვამყარებთ უფრო ღრმა კომუნიკაციას, რაც შემდგომში სხვა ადამიანს უბიძგებს, ასევე გაიხსნას ჩვენთან და გულწრფელად მოგვიყვეს მისი ნააზრევი. 

მეტად ჩაეძიეთ თავს და მეტს გაიგებთ სხვებზეც

საკუთარ პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვით უფრო მეტს ვიგებთ ჩვენი თავების შესახებ. მეტის გაგება კი ჩვენი რწმენების, იმედებისა, ემოციებისა და დამოკიდებულებების გადააზრებას გულისხმობს. ერთი წლის წინ შესაძლოა სულ სხვა აღქმები გვქონოდა ამა თუ იმ საკითხის შესახებ, რომლებიც ახლა სრულიად აღარ გვაქვს. სწორედ ამიტომ, ხშირად ჩვენ არ გვესმის იმ ადამიანის, რომელიც რაღაც დროის წინ ვიყავით. ინდივიდები ყოველთვის განსხვავებულ ემოციურ თუ აზრობრივ ტალღაზე ვართ და ამიტომაც, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შესაძლოა, ჩვენი ფიქრები ისევე არ დაემთხვეს სხვა ადამიანების ფიქრებს, როგორც ერთი წლის წინანდელ ჩვენი თავის ნააზრევს არ დაემთხვეოდა. 

იყავით სხვებზე ფოკუსირებული 

როდესაც ჩვენ გვეკითხებიან, თუ როგორ ვართ, რა ხდება ახალი ჩვენს ცხოვრებაში, როგორ მიდის ჩვენი კარიერული თუ პირადი ცხოვრება, ეს გვსიამოვნებს. ამიტომაც საჭიროა, სხვებსაც ვკითხოთ ეს ყველაფერი – ვკითხოთ მათი მიზნები, სურვილები, ჰობები.. ვკითხოთ, რა ხდება მათ აწმყოში. ასევე, საჭიროა, ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ მათზე ფოკუსირებული – თავი შევიკავოთ მათთან საუბრისას მობილურის შემოწმებისგან, გამვლელების დათვალიერებისგან და სხვა ყურადღების გამფანტავი ქმედებებისგან. საბოლოო ჯამში კი, როცა სხვას ამგვარ ყურადღებას აქცევთ, ეს კავშირის ხარისხს ერთი ორად ზრდის. 

იყავით ავთენტური

სხვებთან კავშირის დასამყარებლად ასევე მნიშვნელოვანია, არ ვითამაშოთ – ანუ, ჩვენი რეალური მე გამოვავლინოთ. საამისოდ კი საჭიროა, სხვებს დავანახოთ, რომ ჩვენ მათ ვენდობით და როცა რაიმეს ვუზიარებთ, მათგან ჩვენი ნააზრევის პატივისცემასა და საიმედოდ შენახვას მოველით. ამავენაირად უნდა უზრუნველვყოთ ჩვენც მათი უსაფრთხოება, რათა ისინიც გულწრფელები იყვნენ ჩვენთან. იმისთვის, რომ სხვების უკეთ გვესმოდეს და სხვები მუდმივად გვიზიარებდნენ საკუთარ თავს, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. 

იმისთვის, რომ ურთიერთობები ჯანსაღი იყოს, მათში საკმაო ძალისხმევის ჩადებაა საჭირო. მოცემული რჩევები კი დაგეხმარებათ, უფრო მეტი ყურადღება და ზრუნვა დაუთმოთ თქვენს ოჯახურ, სასიყვარულო, მეგობრულ თუ კარიერულ ურთიერთობებს. და რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ სწორედ ურთიერთობები გვავსებენ ყველაზე მეტი დადებითი შეგრძნებით. 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

The post 9 გზა, თუ როგორ გავიღრმავოთ ურთიერთობა სხვებთან appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart