ადამიანები, რომლებიც ზედმეტად ცდილობენ სხვას ასიამოვნონ

ადამიანები, რომლებიც ზედმეტად ცდილობენ სხვას ასიამოვნონ

ალბათ, ძალიან კომფორტულია ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის მზად არის საკუთარი თავი გვერდზე გადადოს და ისე მოიქცეს, როგორც გვესიამოვნება. ჩვენს თვალში, ეს ადამიანი კეთილი და მხარდამჭერია. მაგრამ, გიფიქრიათ, რა შეიძლება ედოს ასეთ ქცევებს საფუძვლად და რას გრძნობს ის?

ფსიქოლოგებმა აღწერეს მუდმივი ემოციური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს უნდა სხვებს ასიამოვნოს და არგოს, თუნდაც საკუთარი საჭიროებების და სურვილების დათმობა გახდეს საჭირო.

ერთმანეთზე ზრუნვა და გაფრთხილება, ნორმალური და აუცილებელია. მაგრამ, სხვებზე სისტემატიური ფიქრით, ასეთი ადამიანები უამრავ დისკომფორტსა და დაძაბულობას იქმნიან.  კვლევების თანახმად, ისინი თვით-დესტრუქციულ ქცევებში ერთვებიან, რითაც საკუთარ თავს მნიშვნელოვნად აზიანებენ.

რატომ არის ზოგი ადამიანი, მუდმივად სხვის სიამოვნებაზე ორიენტირებული

ხშირად, სხვების სიამოვნებაზე გადაჭარბებული ზრუნვა ღრმა ფსიქოლოგიური პრობლემით არის გამოწვეული. ეს პრობლემა კი დაბალი თვით-შეფასება, წარსულში მიღებული ტრავმა და უარყოფის შიში შეიძლება იყოს.

რეალურად, ბევრი ადამიანი, რომელიც მუდმივად სხვების სიამოვნებაზე არის ორიენტირებული, ზედმეტად ბევრს ფიქრობს მოსწონს თუ არა ის სხვებს და ყოველთვის სჭირდება დადებითი შეფასების მიღება. ასეთ ადამიანებს, პრაქტიკულად არ აქვთ არჩევანი, გარდა იმისა რომ სხვისი მოლოდინები გაამართლონ.

ადამიანები, რომლებსაც მუდმივად სურთ სხვას მიაგონ სარგებელი, აღიარებას ეძებენ გარემოში. მათი “ პიროვნული უსაფრთხოება და თავდაჯერებულობა სხვებისგან მიმღებლობაზეა დამოკიდებული”, ამბობს ლინდა ტილმანი, დოქტორი კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით. შესაბამისად, ამ ადამიანებს აკლიათ თავდაჯერებულობა.

ერთ-ერთი ფუნდამენტური რწმენა, რომელიც ასეთ მდგომარეობას საფუძვლად უდევს არის შემდეგი: “მე ვიმსახურებ სიყვარულს მხოლოდ მაშინ, როცა ყველაფერს სხვა ადამიანს ვაძლევ”.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სხვებისთვის მუდმივად თავის მოწონებისა და სიამოვნების მინიჭებისკენ სწრაფვის დაძლევა – შესაძლებელია, თუმცა პრობლემის მოგვარების პირველი ნაბიჯი, მისი გაცნობიერებაა.

როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ადამიანი, რომელიც ზედმეტად ცდილობს სხვებს ასიამოვნოს?

სხვების სიამოვნებაზე გადაჭარბებულად მზრუნველი ადამიანის ამოცნობა შემდეგი ნიშნებით შეიძლება:

მას უჭირს უარის თქმა

თქვენ ზემოთ ხსენებულ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით თუ უარის თქმა გიჭირთ ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და უბრალო ნაცნობებისთვის. მათ სხვადასხვა მოთხოვნაზე “არა”-ს თქმა გინდათ, მაგრამ ამბობთ “კი”-ს.

ამბობთ “კი”-ს და ნანობთ, რომ რაღაცას დათანხმდით და ასეთ ქცევას ძალით ასრულებთ ან მისგან თავის დასაღწევ მიზეზებს ეძებთ. მაგალითად: “ცოტა დაღლილი ვარ, მაგრამ წამოვალ…” მიდიხართ შეხვედრაზე, რომელზე წასვლაც, არ გინდოდათ.

როგორც სოციალური ფსიქოლოგი სიუზან ნიუმენი ამბობს, “არა”-ს თქმა ზოგჯერ შფოთვასთან არის დაკავშირებული. ეს შფოთვები, ჩვენი წინასწარი შეფასებებიდან მოდის: “რა მოხდება თუ ჩემს მეგობრებს ბარში წასვლაზე უარს ვეტყვი? შეიძლება, სამეგობროდან გამრიყონ.” ან  “ჩემს ბიძაშვილს თუ არ დავეხმარები, ეწყინება”.

უარის თქმის შეუძლებლობა დასწავლილი ქცევაა და არა პიროვნული მახასიათებელი, რომელიც ადამიანს დაბადებიდან მოყვება. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგისთვის, ყველაფერზე “კი”-ს თქმა არის ჩვევა, ხშირი და ავტომატური პასუხი, ხოლო ზოგისთვის – დამოკიდებულება.

ყველას ეთანხმება

სხვისი აზრის პატივისცემა და ყურადღებით მოსმენა, თუნდაც გამოთქმულ მოსაზრებას არ ეთანხმებოდეთ, ძალიან კარგი სოციალური უნარია. მაგრამ, როდესაც სხვას ცდილობთ დაანახოთ, რომ ეთანხმებით მაშინ, როდესაც საპირისპიროდ ფიქრობთ და უბრალოდ გინდათ თავი მოაწონოთ, ეს უკვე სხვა რამის ნიშანია.

ხშირად იხდის ბოდიშს

ბოდიშს იხდის არა მაშინ, როდესაც რაღაც ეშლება, არამედ ყოველთვის, თუნდაც არაფერი დაეშავებინოს.

თავს ცუდად გრძნობს, როცა ვინმე მასზე გაბრაზებულია

რა თქმა უნდა, ბუნებრივია თავს დამნაშავედ გრძნობდე მაშინ, როცა რაიმე დანაშაულს ჩადიხართ და თქვენი ქცევით ადამიანს აწყენინებთ ან აბრაზებთ. მაგრამ, ზოგჯერ სხვებსაც ეშლებათ და მათი ბრაზის გამო თქვენი ზედმეტი ფიქრი არასწორია.

კარგად ყოფნისთვის შექება სჭირდებათ

შექება და თბილი სიტყვები ყველასთვის სასიამოვნოა. თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც მუდმივად აქვთ სურვილი სხვებს ასიამოვნონ, ისინი დამოკიდებულები ხდებიან სხვების მხრიდან მიღებასა და აღიარებაზე (ვალიდაციაზე).

როცა საკუთარ თავს მხოლოდ იმით აფასებთ, თუ რას ფიქრობენ თქვენზე სხვები, კარგად ყოფნა სხვის შეფასებაზე ხდება დამოკიდებული. მხოლოდ მაშინ იქნებით ბედნიერი,  როცა სხვები გამოხატავენ კეთილგანწყობას და კომპლიმენტებით აგავსებენ.

არ აღიარებს, როცა გული სტკივა

უჭირს ავთენტური (ნამდვილი) ურთიერთობების ჩამოყალიბება, რადგან არ შეუძლია უარყოფითი გრძნობების სიტყვით გადმოცემა (ვერბალიზაცია). უარყოფს გაბრაზებას, წყენას, გაღიზიანებას და იმედგაცრუებას მაშინაც კი, როდესაც ემოციურად განადგურებულია. ასეთი მდგომარეობა, ხელს უშლის ღრმა ურთიერთობების ჩამოყალიბებას

საკუთარ თავს აკისრებს პასუხისმგებლობას იმაზე, თუ როგორ გრძნობენ თავს სხვები 

აუცილებელია, ვაცნობიერებდეთ, როგორ მოქმედებს ჩვენი სიტყვები თუ ქცევები სხვებზე. მაგრამ, ფიქრი იმაზე, რომ სხვისი ბედნიერება მხოლოდ თქვენზე არის დამოკიდებული – არასწორია. ყველა ადამიანი, თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ემოციების კონტროლზე.

ზედმეტი საქმეებით არის დატვირთული

მუდმივად სხვების სიამოვნებაზე ორიენტირებული ადამიანის გრაფიკი დატვირთულია ისეთი აქტივობებით, რომლებიც სხვისი გასაკეთებელია.

ყველანაირად ცდილობს კონფლიქტის თავიდან აცილებას

კონფლიქტი ნორმალურია, ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია; კონსტრქციული კონფლიქტი, რომლის დროსაც ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ და შეურაცხყოფას არ ვაყენებთ, საჭიროც კი არის.

ერთია, არ გვინდოდეს კონფლიქტის დაწყება, მაგრამ მეორე, როდესაც ყველაფერს ვაკეთებთ, მისგან თავის ასარიდებლად. როცა, არ ვიცავთ მნიშვნელოვან ღირებულებებს და ადამიანებს, რომლებიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავენ.

როგორ გადავეჩვიოთ მუდმივად სხვების სიამოვნებაზე ფიქრს?

დააწესეთ საზღვრები 

სხვების მოწონებაზე ორიენტირებული ქცევების დაძლევისთვის, მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზღვრების (ჩარჩოების) დაწესება. შემდეგში, როდესაც თქვენი ჩართულობა საჭირო იქნება, დაფიქრდით:

  • როგორ იგრძნობთ თავს? ეს არის ის, რისი გაკეთებაც გინდათ თუ რაღაც, რასაც ძალით აკეთებთ?
  • გაქვთ თუ არა ამის დრო? მოგიწევთ თუ არა, ისედაც შეზღუდული თავისუფალი დროის დათმობა ან პირადი საქმეების გადადება?
  • როგორ გაგრძნობინებთ თავს სხვისი დახმარება? ბედნიერი იქნებით თუ უკმაყოფილო?

თუ ვინმეს დახმარებას გადაწყვეტთ, განსაზღვრეთ დრო. მაგალითად, “თავისუფალი ვარ მხოლოდ 10:00 -დან 12:00 საათამდე.”

მოერიდეთ ინიციატივას

დაიცადეთ, სანამ დახმარებას გთხოვენ. ხშირად, ინიციატივას მაშინ ვიჩენთ, როცა საჭირო არ არის. მაგალითად, მოხალისეობრივად ვიტვირთებით სახლის საქმეებით ან ვითავსებთ დავალებას, რომელიც ჩვენი თანამშრომლის გასაკეთებელია.

გადახედეთ თქვენს ქცევებს

სხვების დასახმარებლად, ენერგია და ემოციური რესურსები აუცილებელია. თუ, საკუთარ თავს არ გაუფრთხილდებით, გაგიჭირდებათ სხვისი გახარებაც. საკუთარი სურვილების პირველ ადგილზე დაყენება ეგოიზმი კი არა, ჯანსაღი და ბუნებრივი მდგომარეობაა.

მისაღებია იყოთ მზრუნველი პიროვნება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია პატივს სცემდეთ და ითვალისწინებდეთ საკუთარ საჭიროებებს.

გაითვალისწინეთ, რომ საჭიროებები შეიძლება იყოს სამსახურში აზრის გამოთქმა, საკუთარ ემოციებთან და გრძნობებთან კომფორტულად ყოფნა და იმის მოთხოვნა, რაც ურთიერთობაში გჭირდებათ.

გამოიჩინეთ სიკეთე მაშინ, როცა მართლა გულისხმობთ

სიკეთის კეთება კარგია. მაგრამ გახსოვდეთ, რომ სიკეთე არ მოდის სხვებისთვის თავის მოწონების სურვილიდან. მის უკან, არ დგას არანაირი მოტივი გარდა სურვილისა, რომ ვინმეს თავი უკეთ აგრძნობინოთ.

სანამ ადამიანს დახმარებას შესთავაზებდეთ, გადახედეთ დაფიქრდით, რატომ აკეთებს ამას, როგორ იგრძნობთ თავს და მოგიტანთ თუ არა სხვისი დახმარება სიხარულს.

იფიქრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ავთენტურობა

ჩვენ ყველანი უნიკალურები ვართ. მნიშნელოვანია, გრძნობები და სურვილებიც ამის შესაბამისად გამოვხატოთ.

გახსოვდეთ, რომ ყოველთვის გაქვთ არჩევანი

ხშირად გვგონია, რომ აუცილებელია “კი”-ს თქმა. გახსოვდეთ, რომ ეს არ არის ვალდებულება და არჩევანი თქვენზეა.

გაავარჯიშეთარა 

როგორც ფსიქოლოგი ნიუმენი ამბობს, პირველი “არა”-ს თქმა ყველაზე რთულია, მაგრამ შემდეგ პროცესი უფრო მარტივად გაგრძელდება. ასევე, გახსოვდეთ, რომ “არა”-ს კარგი მიზეზითაც ამბობთ. მაგალითაც, მეტი დრო გრჩებათ საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანებისთვის.

იყავით ემპათიური, მაგრამ ამავე დროს ასერტული

ეცადეთ, გაიაზროთ იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება. გამოხატეთ, რომ გესმით მისი, მაგრამ აღნიშნეთ, რომ სამწუხაროდ ვერ დაეხმარებით. თქვენ არ გაქვთ ამოუწურავი რესური და ამიტომაც მნიშვნელოვანია უარის თქმაც.

გაესაუბრეთ ფსიქოლოგს

არ არის მარტივი, დაძლიოთ ის პიროვნული სირთულეები, რომლებიც ბავშვობაში ან რაიმე ტრავმის შედეგად ჩამოგიყალიბდათ. თუ ხვდებით, რომ თქვენით ვერ უმკლავდებით, მიმართეთ ფსიქოლოგს.

ავტორი : ნინი დარსაძე

The post ადამიანები, რომლებიც ზედმეტად ცდილობენ სხვას ასიამოვნონ appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart