#Op-Ed – როცა მშობლობას არასასიამოვნო ემოციები ეპარება – ანი ჩხიკვიშვილი

#Op-Ed – როცა მშობლობას არასასიამოვნო ემოციები ეპარება – ანი ჩხიკვიშვილი

მშობლობაზე ხშირად საკმაოდ ადრე ვიწყებთ ფიქრს, ვიქმნით მოლოდინებს, როგორი იქნება, ჩვენი შვილი, როგორი მეგობრები ეყოლება, როგორ ისწავლის, როგორი იქნება ჩვენი მასთან ურთიერთობა..მსგავსი წინასამზადისი ხშირად გვიქმნის მოლოდინებს, რაც შეიძლება არ შეესაბამებოდეს დამდგარ რეალობას და აღმოვჩნდეთ იმ ფაქტის წინაშე, როცა ჩვენი შვილის მიმართ ვკარგავთ კეთილგანწყობას და ვრჩებით იმედგაცრუებულები.

მშობლობა ყოველთვის დადებით, სასიამოვნო გრძნობებთან არ ასოცირდება. ხშირია იმედგაცრუების, დანაშაულის, სტრესის განცდა, რაც ძალიან ბუნებრივია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი გვეურჩება, გვეწინააღმდეგება, შეურაცხყოფას გვაყენებს ან უბრალოდ არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა რომ იყოს.

იმედგაცრუების და დანაშაულის შეგრძნება ხშირად გვაცდუნებს მშობლებს, რომ უარვყოთ მტკივნეული ემოციები, დავთრგუნოთ ჩვენი რეაქციები და მოვირგოთ ბედნიერი, მუდამ ამაყი და თავმომწონე მშობლის როლი ან ჩავვარდეთ დანაშაულის მორევში და დავარწმუნოთ თავი, რომ ვართ ცუდი მშობელი, ან შეიძლება გამოვიყენოთ ძალაუფლება, როგორც მშობელმა და შევეცადოთ ყველა არსებული უთანხმოების თუ გაუგებრობის აღმოფხვრა შვილთან ურთიერთობაში არაჯანსაღი, ემოციურად დამთრგუნველი მეთოდების გამოყენებით.

რას გვანიშნებენ ჩვენი ემოციები? საკუთარ თავთან დიალოგი მნიშვნელოვანია…

მშობლის ემოციური მდგომარეობა შეიძლება ხშირად მტკივნეული და აუტანელიც გახდეს და არც ვართ ვალდებულები ამ ემოციებს შევეგუოთ ან მოვიწონოთ.  აუცილებელია უბრალოდ მივიღოთ, ვაღიაროთ, დავრჩეთ მოცემულ ემოციებთან მარტო და მივცეთ თავს საშუალება გავუგოთ საკუთარ გრძნობებს – რატომ ვგრძნობთ ამ ემოციას? რა ჰქვია ამ ემოციას? როდის გვიჩნდება ეს ემოცია? ცვლილებების დაწყება შეუძლებელია, სანამ არ ვიქნებით გულახდილი საკუთარი თავის მიმართ და არ წამოვიწყებთ ნამდვილ, თუმცა, ხშირად რთულ დიალოგს საკუთარ თავთან, სანამ არ ვკითხავთ თავს რას და რატომ ვგრძნობთ.  საკუთარი რეაქციების და ემოციების გაკონტროლება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.

რა მიზეზი იწვევს უარყოფით ემოციებს? ბევრი და განსხვავებული…

ჩვენი შეგრძნებებისა და ემოციების მიზეზის ძიება, ამაზე დაკვირვება ბავშვთან ურთიერთობის პოზიტიურ, სასიამოვნო დინამიკაში გაგრძელების საწყისი ეტაპია.

შვილთან მიმართებაში ჩვენი უარყოფითი ემოციების მიზეზი შეიძლება გარე ფაქტორების გავლენა იყოს. მაგალითად, სკოლაში მომხდარი უსიამოვნება, დაბალი აკადემიური მოსწრება, პარტნიორთან კონფლიქტი ბავშვთან დაკავშირებულ თემებზე, ან სხვა უამრავი ფაქტორია, რაც ჩვენში იმედგაცრუებას იწვევს. ზოგჯერ, ბრაზის, გაღიზიანებისა და იმედგაცრუების მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ჩვენი შვილი ჩვენ არ გვგავს, არ არის საკმარისად სოციალური, როგორზეც ჩვენ ვოცნებობდით, ან არ იცვამს ისე, როგორც ჩვენ გვინდა. არ გვესაუბრება პატივისცემით, ხშირად ხდება ოჯახური კონფლიქტის წამომწყები, გვეპასუხება…მიზეზი შეიძლება ბევრი და განსხვავებული იყოს.

ზოგ შემთხევავაში, ჩვენს გაღიზიანებას, შიშსა და შფოთვას საკუთარი ბავშვობის  მოგონებებიც აღძრავს და ხდება ამ მოგონებებთან დაკავშირებული შეგრძნებების და ემოციების გადატანა (პროექცია) შვილზე. მაგალითად, თუ ბავშვობაში მკაცრად გვაკრიტიკებდნენ და გვაიძულებდნენ სკოლაში საუკეთესო შედეგი გვქონოდა, შეიძლება ანალოგიური მოთხოვნა და მოთხოვნის ფორმა გამოვიმუშაოთ შვილის მიმართ. ან, თუ, მუდმივად გვთხოვდნენ ზრდილობიანი, მორჩილი, დამთმობი ვყოფილიყავით, შეიძლება ჩვენც იგივე მოვთხოვოთ შვილს. მნიშვნელოვანია, მსგავსი კავშირებისა და  ჯაჭვის დანახვა და გააზრება, რომ არ მივცეთ საშუალება ამ ემოციებს აკონტროლონ  ჩვენი ურთიერთობა შვილთან.

არ არსებობს ცუდი ბავშვი, არსებობს ცუდი საქციელი

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ, რაც გვაღიზიანებს, არ მოგვწონს და გვაბრაზებს ბავშვის საქციელია და არა თვითონ ბავშვი. ჩვენ შეიძლება გვიყვარდეს ჩვენი შვილი და არ მოგვწონდეს, მეტიც გვძულდეს მისი საქციელი. ალბათ, იმის გააზრებაა საჭირო, რომ ყოველთვის ვერ მოგვეწონება ჩვენი შვილის საქციელი და  ჩვენც ვერ ვიქნებით მისთვის ყოველთვის მოსაწონი.როცა ვცდილობთ დავინახოთ ჩვენი შვილი, ისეთი, როგორიც არის, გვეხსნება გზა მშვიდი, დაბალანსებული და პოზიტიური ურთიერთობისთვის.

როცა ვგრძნობთ გაღიზიანებას, შფოთვას და იმედგაცრუებას შვილის მიმართ, ეს ემოციები მხოლოდ ჩვენი რეაქციებია ბავშვის ქცევის მიმართ და ამის კონტროლი მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და გაანალიზება ბავშვის რა საქციელი იწვევს ჩვენს კონკრეტულ ემოციურ უკუკავშირს და რატო შეიძლება ეს ხდებოდეს ან როგორ შეიძლება თავიდან ავირიდოთ მსგავსი ასოციაციები.

როგორ დავიხსნათ თავი უარყოფითი ემოციებისგან? რთულია, მაგრამ შესაძლებელი…

გაღიზიანებულ და გაბრაზებულ მგომარეობაში პოზიტიური მუხტის და ბალანსის დაბრუნება საკმაოდ რთულია. მშვიდ მდგომარეობას რომ დავუბრუნდეთ, ხშირად განცალკავება და დრო გვჭირდება მშობლებს, რაც მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა რთული იყოს, ბალანსის აღდგენის საუკეთესო გზა პოზიტიური აურის შენარჩუენებაა. ბავშვთან საუბრის დროს, თუნდაც შენიშვნას ან შეზღუდვას ეხებოდეს საუბარი, არ უნდა გამოვიყენოთ ცინიზმი, გადატანითი მნიშვნელობის სიტყვები  და დამცინავი ტონი. ხშირად, სახის გამომეტყველებას და ხმის ტონს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იმას, რას ვამბობთ. ბავშვები ადვილად ‘იჭერენ’ აგრესიულ განწყობას და ითავისებენ ან პირიქით, აგრესიას ისევ აგრესიით პასუხობენ, რაც ზედმეტ დისბალანსს და დაძაბულობას იწვევს ურთიერთობაში.

ცნობიერ დონეზე გაანალიზებული ფიქრები და მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად გვეხმარება გავერკვეთ ჩვენს ემოციებში. მაგალითად, ხშირად შვილთან ურთიერთობის დროს, ვხვდებით, რომ ჩვენ ორნი ერთმანეთს უბრალოდ ვერ ვეწყობით, ხშირად ვკამათობთ, არც ინტერესები გვაერთიანებს და ვერც რიგ საკითხებზე ვემთხვევით. ის უბრალოდ არ არის ადამიანი, ვისაც მეგობრად ავირჩევდით. პრობლემაც მაშინ იწყება, როცა ვხდებით იმედგაცრუების მსხვერპლი და გამოსავალს მეორე ადამიანის შეცვლაში ვხედავთ. მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, რომ ჩვენი შვილი ჩვენი მეგობარი არ არის. როგორც მშობლები, ჩვენი პასუხისმგებლობა და როლი არის განსხვავებული, ჩვენ შეიძლება მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს შვილთან, თუმცა არ არის აუცილებელი ვიყოთ მეგობრები.

რასაც ჩავიფიქრებთ, როგორც განვეწყობით, საქციელითაც იგივეს დავადასტურებთ…

პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ემოციებზე და ძალისხმევის გაღება,იმისთვის რომ მტკივნეულმა ემოციებმა არ ავნოს ურთიერთობას, მნიშვნელოვანი მაგალითია ჩვენი შვილისთვის. მარტივი, თუმცა ხშირად რთული წარმოსათქმელი წინადადება დიდ შედეგს იძლევა: ‘დე, ვიცი, რომ გაწყენინე და რომ ზედმეტად მკაცრი ვიყავი შენს მიმართ. მინდა ბოდიში მოგიხადო და იცოდე, რომ ვცდილობ უკეთესად გამომივიდეს,.’

ყოველთვის მოიძებნება ურთიერთობაში ის კარგი, ძლიერი, დადებითი მხარეები, რაზეც შეგვიძლია ავაშენოთ ურთიერთობა. თუ აღვნიშნავთ ბავშვის საქციელს, თვისებას, მცდელობას, უნარს, მონდომებას, რაც კარგია, გვეამაყება და გვახარებს, ვიქნებით ნაკლებად სერიოზულები, კრიტიკულები და დაძაბულები, მივიღებთ შვილს ისეთს, როგორიც არის, ვიქნებით მისთვის უსაფრთხო და მშვიდი საყრდენი და არა მუდმივი კრიტიკის წყარო,  აუცილებლად გაჩნდება ნდობა, პატივისცემა და საიმედო ბალანსი ურთიერთობაში.

ავტორი: ანი ჩხიკვიშვილი

The post #Op-Ed – როცა მშობლობას არასასიამოვნო ემოციები ეპარება – ანი ჩხიკვიშვილი appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart