რა არის “კეთილი განზრახვის დაშვების” თეორია და როგორ შეიძლება, გამოვიყენოთ ჩვენი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად?

რა არის “კეთილი განზრახვის დაშვების” თეორია და როგორ შეიძლება, გამოვიყენოთ ჩვენი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად?

ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე, რომელსაც ცხოვრებაში ვაწყდებით, ადამიანების ნეგატიურ ქცევებსა თუ დამოკიდებულებებზე ჩვენი პასუხია. რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ სხვების ქცევები ჩვენზე უარყოფითად არ მოქმედებდნენ? როგორ ვიყოთ უფრო ღია და თანამგრძნობი? ურთიერთობების მკვლევარი ბრენე ბრაუნი, გვიზიარებს თავის გამოცდილებას და, კვლევებზე დაყრდნობით, ამ კითხვებზე პასუხებს გვთავაზობს.

პროფესორი ბრაუნი, TED-ის ერთ-ერთი საუკეთესო მომხსენებელი და New York Times-ის 5 ბესთსელერი წიგნის ავტორია. სწორედ ბრაუნი გვთავაზობს ამ პრობლემის გადაჭრის საინტერესო მიდგომას და ამ მიდგომას “კეთილი განზრახვის დაშვებას” უწოდებს. ის ძირითადად მოიცავს ორ იდეას:

• დაშვებას, რომ ჩვენ ირგვლივ ადამიანები ყოველთვის მოქმედებენ კეთილი განზრახვით, თუნდაც ეს გარედან აშკარა არ იყოს.
• და დაშვება, რომ გარშემო ადამიანები აკეთებენ თავიანთ მაქსიმუმს (doing the best they can) და ამაზე მეტი მოცემულ სიტუაციაში უბრალოდ არ შეუძლიათ.

რაში გვეხმარება ამ ორი დაშვების გაკეთება? საქმე იმაშია, რომ ადამიანები საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას ვუთმობთ სხვების საქციელისა და სიტყვების მოტივაციის გამორკევვას, რადგან ზოგადად სხვების სიტყვების და ქმედებების ეჭვის თვალით გაანალიზება მნიშვნელოვანი თვისება იყო ჩვენი წინაპრების გადარჩენისთვის. ასევე, თუ ჩვენ არ გვჯერა, რომ ადამიანები თავის მაქსიმუმს აკეთებენ, ბუნერივია, რომ დროს ვუთმობთ მათი გადარწმუნების თუ შეცვლის მცდელობას. განსაკუთრებით მაშინ,  როდესაც ეს საქციელი ჩვენკენ არის მომართული და ჩვენზე უარყოფითად მოქმედებს. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

• დედამთილი მეათედ დაგიწუნებთ გაკეთებულ საჭმელს;
• ვიღაც წინ ჩაგიჭრით ტარების დროს;
• თუ მეგობარი კიდევ ბოლო წუთს გადაგიდებთ დათქმულ შეხვედრას;

რთულია არ გვეწყინოს, გავბრაზდეთ და ავტომატურად ვივარაუდოთ, რომ ამ ადამიანებს არც ისე კეთილი განზრახვა აქვთ ჩვენს მიმართ. ასეთ დროს ხშირად მოგვიცავს ამაზე ფიქრი, უარყოფითად ვიმუხტებით, ვღიზიანდებით და ვცდილობთ სხვადასხვა ხერხებით ამ ადამიანების და მათი საქციელის ჯერ ახსნას და შემდეგ შეცვლას. 

თუმცა, თუ დავუშვებთ, რომ ეს ადამიანები ან კეთილი განზრახვით იქცევიან, ან უბრალოდ ამაზე მეტი არ შეუძლიათ, მაშინ შესაძლებელია ის ენერგია რაც ნეგატიურ ემოციებში გვეხარჯება, უფრო პროდუქტიულად გამოვიყენოთ.  

შეიძლება დედამთილი საწყენად კი არა, უბრალოდ ამ ფორმით გამოხატავს ზრუნვას ჩვენ მიმართ, გზაში წინ რომ ჩაგიხტა ადამიანი, იქნებ ბავშვი ჰყავს ცუდად და სახლში ეჩქარებოდა, ან იქნებ თქვენი მეგობარი სულ იმიტომ იგვიანებს, რომ ემოციურად ცუდად არის და განსჯის მაგივრად თქვენი თანადგომა სჭირდება… “კეთილი განზრახვის დაშვება” საშუალებას გვაძლევს, ალტერნატიული ახსნა მოვუძებნოთ ამ საქციელს და გაბრაზების მაგივრად ემპათიითა და გაგებით მოვეკიდოთ ჩვენს ურთიერთობებს.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშანავს იმას, რომ უნდა გავამართლოთ და თვალი დავხუჭოთ იმ ადამიანების საქციელზე, რომლებიც ფიზიკურ ან მენტალურ ზიანს გვაყენებენ.

ასეთ შემთხვევაშიც იმის დაშვება, რომ ეს ადამიანები კეთილი განზრახვით მოქმედებენ, ან ამაზე მეტი არ შეუძლიათ, გვაძლევს საშუალებას, ერთხელ და სამუდამოდ განვსაზღვროთ ჩვენი ურთიერთობა და დამოკიდებულება მათთან. ხშირად ჩვენ მიმართ მიყენებულ ზიანს სწორედ იმიტომ ვითმენთ და ვიტანთ, რომ გვჯერა, იმ ადამიანს უკეთესი შეუძლია და ჩვენი ძალისხმევით მათ შევცვლით; ხოლო როდესაც გავიაზრებთ, რომ ეს არის მათი მაქსიმუმი, შეგვიძლია ის ენერგია, რასაც მათ შეცვლაზე ვხარჯავთ, საკუთარი კეთილდღეობისკენ მოვმართოთ. 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ : “კეთილი განზრახვის დაშვების” ეფექტურად გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენ მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული პირადი საზღვრები და ამ საზღვრებს თავადაც პატივს ვცემთ და სხვებისგანაც ამავეს მოვითხოვთ.

რა იგულისხმება ჯანსაღ პირად საზღვრებში?

როდესაც კარგად გვაქვს გააზრებული ის ფიზიკური და ემოციური საზღვრები, რომლებიც ჩვენს შინაგან ღირებულებებს პასუხობს, როდესაც ვიცით, რა არის ჩვენთვის მისაღები და რა – არა და როდესაც ვიცით, ვინ ვართ და რა არის ჩვენთვის პრიორიტეტული, ბევრად მარტივია იმის განსაზღვრა, რამდენი და როგორი ენერგია უნდა დავუთმოთ ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს და ურთიერთობებს.

თქვენ შეიძლება ემპათიით მიუდგეთ მეგობრის, უფროსის თუ უცხო ადამიანის საქციელს, მაგრამ თუკი ის თქვენს პირად საზღვრებს არღვევს, გეცოდინებათ, რომ ეს აუცილებლად უნდა დააფიქსიროთ და, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ამ ადამიანს სრულიადაც გაეცალოთ. 

სინამდვილეში, სხვისი საქციელი სწორედ მაშინ არის ყველაზე მტკივნეული, როდესაც ის ჩვენს პირად საზღვრებს არღვევს. ამ საზღვრების მკაფიოდ განსაზღვრის და სხვებთან კომუნიკაციის შედეგად კი, შესაძლებელია ბევრად ჰარმონიულად ვიურთიერთოთ ადამიანებთან, რომლებიც თუნდაც იდეოლოგიით ჩვენგან განსხვავდებიან.

 

ავტორი: ელენე კვერნაძე

The post რა არის “კეთილი განზრახვის დაშვების” თეორია და როგორ შეიძლება, გამოვიყენოთ ჩვენი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart