10 ხერხი, სახლში ფიზიკური აქტივობის შესანარჩუნებლად

10 ხერხი, სახლში ფიზიკური აქტივობის შესანარჩუნებლად

სახლიდან მუშაობის პირობებში ჩვენი ფიზიკური აქტივობის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. გაცილებით ნაკლებს ვმოძრაობთ და დღის დიდ ნაწილს მჯდომიარე პოზაში ვატარებთ. დიდი ხნის განმავლობაში უმოძრაოდ ყოფნამ და დაბალმა ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხზე. ის ასევე ცუდად აისახება ჩვენს ემოციურ და მენატალურ მდგომარეობაზე და შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი სტრესი. 

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სახლში ყოფნისას შევინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობა, რათა თავი უფრო ჯანსაღად, ენერგიულად და მშვიდად ვიგრძნოთ. ქვემოთ მოცემული 10 რჩევა დაგეხმარებათ შეუმჩნევლად ჩართოთ ვარჯიშის ელემენტები თქვენს ყოველდღიურ  რუტინაში და შეინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობის ჯანსაღი დონე. 

გააკეთეთ მსუბუქი გაწელვები გაღვიძებისას და დაძინებისას 

გაღვიძებისას მსუბუქი გაწელვების გაკეთება დაგეხმარებათ ძილის დროს მოდუნებული სხეულის გამოფხიზლებასა და დღის მხნედ დაწყებაში. ამისთვის იოგა მატი ან სავარჯიშო ტანისამოსი არ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ პიჟამოში გამოწყობილმა გაღვიძებისთანავე რამდენიმე მსუბუქი გაწელვა გააკეთოთ საწოლში. დაძინებისას გაწელვების გაკეთება კი დაგეხმარებათ დაძაბულობისგან გათავისუფლებასა და უკეთ დაძინებაში.

მუშაობისას ერთმანეთს შეუნაცვლეთ ჯდომა და დგომა

8 საათის განმავლობაში ჯდომა ჩვენს ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მოდუნება, წელის, ზურგისა და კისრის ტკივილი, რომ აღარაფერი ვთქვათ გრძელვადიან უარყოფით შედეგებზე. მუშაობის განმავლობაში დროდადრო ადექით და ფეხზე მდგომმა განაგრძეთ საქმიანობა. ამით თქვენს სხეულს საშუალებას მისცემთ გაიმართოს და გააქტიურებთ კუნთებს. 

გამოიყენეთ ფიტნეს ბურთი სკამის ნაცვლად 

ფიტნეს ბურთის გამოყენება სკამის ნაცვლად მშვენიერი საშუალებაა ფიზიკური აქტივობისათვის. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მუშაობისას, ასევე ტელევიზორის ყურებისას. ფიტნეს ბურთზე ჯდომა სასარგებლოა თქვენი კუნთებისთვისა და ზურგისთვის. 

თანაც, მისი გამოყენება ყოველდღიურად 20 წუთის განმავლობაში სრულიად საკმარისია.  

ნუ ისარგებლებთ ლიფტით

ახლა, როდესაც ჩვენი ფიზიკური მოქმედების არეალი ასე თუ ისე შეზღუდულია (დახურულია სავარჯიშო დარბაზები და საცურაო აუზები), კიბეებზე ფეხით სიარული ერთ-ერთი საუკეთესო ფიზიკური აქტივობაა. გარეთ გასვლისას ნუ ისარგებლებთ ლიფტით, გამოიყენეთ კიბეები და ახლო მანძილზე გადაადგილებისას იარეთ ფეხით. 

ივარჯიშეთ ტელევიზორის ყურებისას

სავარჯიშოდ დროის გამოყოფა რთულია, განსაკუთრებით დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ. ამ პრობლემის გადასაჭრელად შეგიძლიათ სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსოთ და ტელევიზორის ყურებისას ივარჯიშოთ. ტელევიზორის ყურებისას შეგიძლიათ დაკავდეთ მსუბუქი ვარჯიშით, ხოლო სარეკლამო ჭრების დროს აქტიური ვარჯიშები გააკეთოთ. 

იარეთ საუბრის დროს 

გამოყენეთ ის დრო, რომელსაც ტელეფონზე საუბრისას ან ვიდეო კონფერენციებში ჩართვისას ხარჯავთ. საუბრის დროს ოთახიდან ოთახში იარეთ. ეს წესი დაგეხმარებათ გქონდეთ ყოველდღიური მცირე ფიზიკური აქტივობა. 

დააყენეთ მაღვიძარა და გააკეთეთ ვარჯიშები ყოველ ერთ საათში 

საქმეში გართულს რომ ფიზიკური აქტივობა არ დაგავიწყდეთ, დააყენეთ მაღვიძარა ყოველ 1 საათში და დაკავდით ვარჯიშით. საკმარისია სულ რამდენიმე მოძრაობა. თითის წვერებით რამდენჯერმე შეეხეთ თქვენს ფეხის თითებს, გააკეთეთ ბუქნები, მსუბუქი გაწელვები და მსგავსი სავარჯიშოები. ამით თქვენს სხეულსაც და გონებასაც გამოაფხიზლებთ. 

დაუკავშირეთ ვარჯიში სხვა აქტივობას 

დაუკავშირეთ ვარჯიში რაიმე ყოველდღიურ აქტივობას: სამზარეულოში ყავის მოსამზადებლად შესვლას, წყლის დალევას, ახალ იმეილს თქვენს საფოსტო ყუთში. მაგალითად, დათქვით, რომ ყოველ დალეულ ჭიქა წყალზე 10 აზიდვას გააკეთებთ. ასე ყოველდღიური ვარჯიში გაცილებით უფრო მარტივი და სახალისო გახდება. 

ივარჯიშეთ სანამ საჭმელს ამზადებთ

სამზარეულოში გატარებული დრო შგიძლიათ სავარჯიშოდ გამოიყენოთ. ამისთვის განსაკუთრებით შესაფერისია ბალანსის ვარჯიშები. გაზქურასთან დგომისას ჯერ ერთ ფეხზე გაჩერდით 1-2 წუთით, შემდეგ მეორეზე და ასე მონაცვლეობით. 

დაკავდით სახლის საქმეებით ენერგიული მუსიკის ფონზე

სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება, სარეცხის გაფენა და სახლის სხვა საქმეები ფიზიკური აქტივობაა. მათი კეთებისას ჩართეთ თქვენი საყვარელი, ენერგიული მუსიკა.  ენერგიულ მუსიკასთან ერთად ამ საქმეებს კიდევ უფრო ენერგიულად , ხალისით მიუდგებით და მეტს იმოძრავებთ. 

ავტორი : მარიამ რუსიშვილი

The post 10 ხერხი, სახლში ფიზიკური აქტივობის შესანარჩუნებლად appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart