როგორ გადავიტანოთ სადღესასწაულო პერიოდი ჯანსაღად

როგორ გადავიტანოთ სადღესასწაულო პერიოდი ჯანსაღად

სადღესასაწაულო პერიოდი მშვენიერი დროა დასასვენებლად და ოჯახის წევრებთან მეტი დროის გასატარებლად. თუმცა, ეს დრო არასწორ კვებასა და მისგან გამოწვეულ უსიამოვნებებსაც უკავშირდება. ახალი წლის პერიოდი ბევრი ადამიანისთვის დამატებით სტრესთან და კვების რაციონში ცვლილებებთანაა დაკავშირებული, რაც ცუდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

რამდენადაც ქართული საახალწლო სუფრა დატვირთულია ნიგვზიანი კერძებით, ცომეულით, ტკბილეულითა და ზოგადად, მძიმე საკვებით, ამ პერიოდის შემდგომ ბევრი ადამიანი მიმართავს გასტროენტეროლოგს სხვადასხვა ჩივილებით. მათ შორისაა სიმძიმის ან ტკივილის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში და კუჭის თავთან, კუჭის წვა, მუცლის შებერილობა, გულძმარვა და გულისრევის შეგრძნება. ამ უსიამოვნო შეგრძენებებს შეუძლიათ გაგიფუჭონ სადღესასწაულო განწყობა და საშუალება არ მოგცენ დასვენებით ისიამოვნოთ. ამიტომ, უმჯობესია თუ წინასწარ მოემზადებით დღესასწაულებისთვის და თავიდან აირიდებთ არასწორი კვებით გამოწვეულ დისკომფორტს.

ექიმი გასტროენტეროლოგი, ანდრო მაჭავარიანი, გვიზიარებს რჩევებს როგორ გადავიტანოთ სადღესასწაულო პერიოდი ჯანსაღად, რომ კვებასთან დაკავშირებულმა უსიამოვნო შეგრძნებებმა საახალწო განწყობა არ გაგვიფუჭოს.

რა იწვევს ამ პრობლემებს?

● საკვებისა და კვებითი ჩვევების შეცვლა. იმ საჭმლის მირთმევა რითაც, როგორც წესი, არ იკვევებით ხოლმე, ან ისეთ დროს ჭამა, როდესაც ჩვეულებრივ არ მიირთმევთ. მაგალითად, თუ როგორც წესი საღამოს საათებში არ ჭამთ, ახალი წლის პერიოდში კი გვიან მიირთმევთ, ამან შეიძლება სიმძიმის და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს.
● ტრადიციული კვებითი ჩვევებისაგან “დასვენება”. ხშირად ხდება, რომ ადამიანები სადღესასწაულო პერიოდში იკვებებიან იმ საკვებით, რომელთაც, როგორც წესი, სხვა დროს ერიდებიან. მაგალითად, ჩვეულებრივ დღეებში არ მიირთმევენ ტკბულეულს, მაგრამ ახალი წლის დროს მომატებულად იღებენ მას, რადგან “დღესასწაული და შეიძლება”.
● რაფინირებული (ანუ გადამუშავებული) ნახშირწყლებით, ცხიმებითა და შაქრით დატვირთული საკვების მირთმევა. ამან შეიძლება გაართულოს მონელება და გამოიწვიოს სტრესი, რომელიც გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ასევე, ასეთი საკვების გადაჭარბებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წონაში მატება.
● ჩვეულებრივზე უფრო დიდი ულუფების მირთმევა.
● სტრესული კვება. სადღესასწაულო პერიოდში მომატებულმა ემოციებმა შეიძლება გამოწივიოს სტრესული რეაგირება და კვებითი ჩვევების შეცვლა.
● ალკოჰოლისა და გაზიანი სასმელების ჭარბი მიღება.

როგორ გადავიტანოთ სადღესასწაულო პერიოდი უფრო ჯანსაღად

ეცადეთ გამაღიზიანებელი საკვები მიირთვით ზომიერად

საახალწლო დიდი რაოდენობით გამაღიზიანებელი საკვებითაა დატვირთული. საცივი, გოზინაყი, ხაჭაპური, გოჭის ხორცი და ახალი წლისთვის დამახასიათებელი სხვა კერძები, რომლებიც ასე გვიყვარს, შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების სათავე გახდეს. ამან შეიძლება გაამწვავოს უკვე არსებული პრობლემები ან შექმნას ახალი. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, ნაწლავების გაღიზიანება, არ უნდა გადატვირთოთ ორგანიზმი ალკოჰოლით და გამაღიზიანებელი საკვებით: (ნიგვზიანი, ტკბილეული, ცხარე, შემწვარი, გაზიანი სასმელები). ეს არ ნიშნავს, რომ ამ კერძებზე უარი უნდა ვთქვათ, უბრალოდ მიირთვით ისინი ზომიერად. მაგალითად, რამდენიმე ნაჭერი გოზინაყის ნაცვლად მიირთვით ერთი. ჭამეთ ნელა და გააზრებულად და დატკბით პროცესით. ხოლო მეორე ნაჭრერის ჭამის ნაცვლად მიირთვით ხილი, მაგალითად მანდარინი ან დალიეთ წყალი. ასეთი ზომიერი მიდგომით შეძლებთ ისიამოვნოთ საკვებით. მნიშვნელოვანია, რომ ზომიერება არ აგერიოთ რომელიმე საკვების აკრძალვასა ან შეზღდუვაში თუ, რა თქმა უნდა, კონკრეტული კვებითი აშლილობა ან პრობლემა არ გაქვთ.

ეცადეთ იკვებეთ მცირე ულუფებით

მცირე ულუფებით კვება ძალიან რთულია საახალწლო პერიოდში, როდესაც ათასგვარი გემრიელი კერძი გელოდებათ. თუმცა, იმისთვის, რომ ეს პერიოდი ჯანსაღად გაიაროთ, აუცილებელია მიირთვათ დაკვირვებითა და გააზრებულად. საკვები მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ 3 საათიანი ინტერვალებით და მოერიდეთ ჭამის შემდეგ წამოწოლას. თუ დიდი რაოდენობით დამუშავებული საკვები მიირთვით (ნახშირწყლებით, ცხიმებითა და შაქრით მდიდარი), გაისეირნეთ. ჭამის შემდეგ გასეირნება დაარეგულირებს სისხლში შაქრის დონის დარეგულირებასა და საკვების მონელებაში.

მოერიდეთ დიდი დოზით ალკოჰოლის მიღებას

ახალი წელი ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან ასოცირდება. ალკოჰოლის ჭარბმა მიღებამ შეიძლება კუჭისა და ღვიძლის გაღიზიანება გამოიწვიოს. ამიტომ, მოერიდეთ დიდი დოზით ალკოჰოლური სასმელების მიღებას. ასევე, სასურველია თუ არ აურევთ რამდენიმე სახის სასმელს, რადგან ესეც შეიძლება გახდეს კუჭისა და ღვიძლის გაღიზიანების მიზეზი. სუფრაზე დაჯომისას წინასწარ გადაწყვიტეთ რომელ სასმელს მიირთმევთ. რამდენადაც ალკოჰოლის და ზოგადად ნებისმიერი სასმელის მიღება ჩვენი კულტურის ნაწილია, განსაკუთებით კი სადღესასწაულო სუფრაზე, ეცადეთ რომ თქვენს ორგანიზმს ხელი შეუწყოთ წყლის მიღებით. სუფრაზე ალკოჰოლთან ერთად გქონდეთ წყალი და დალიეთ ერთი ჭიქა, ყოველ ჯერზე, როდესაც ალკოჰოლს მიირთმევთ. ეს დაგეხმარებათ დარჩეთ ჰიდრატირებული. ამასთანავე, წყლის მიღება დაგეხმარებათ დაარეგულიროთ საჭმლის რაოდენობა.

ეცადეთ მიირთვათ მეტი ხილი და ბოსტნეული

როგორც წესი, სადღესასწაულო პერიოდში ხილსა და ბოსტნეულს ნაკლებად მიირთმევენ. საახალწლო სუფრა ძირითადად შედგება ნახშირწყლებით, ცხიმებითა და რაფინირებული შაქრით მდიდარი საკვებით. არადა ორგანიზმისთვის აუცილებელია ხილსა და ბოსტნეულში შემავალი ბოჭკო, რომელიც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. თუ დღის განმავლობაში ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევთ ეს დაეხმარება ორგანიზმს უფრო იოლად გადაამუშაოს საკვები, შედეგად, თავს უფრო მსუბუქად და ჯანსაღად იგრძნობთ.

თუ საახალწლო სუფრის მასპინძელი ხართ, შეიტანეთ უმი ან მომზადებული ბოსტნეული თქვენს სადღესასწაულო მენიუში. ხოლო დესერტი მოამზადეთ ხილით.

დაიმახსოვრეთ, ჯანსაღი კვება სპექტრია. ეს არ ნიშნავს, რომ სადღესასწაულო პერიოდში ოთახში უნდა ჩაიკეტოთ ან მაგიდასთან ცარიელი თეფშით ისხდეთ. მიზანი ის არის, რომ არ მიირთვათ მძიმე და გამაღიზიანებელი საკვები იმ რაოდენობით, რომ გრძელვადიანი ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ. ასე რომ, ნუ იტყვით უარს საახალწლო კერძებზე, ამის ნაცვლად, ეცადეთ შეამციროთ არაჯანსაღი საკვების სახეობები, რაოდენობა და კვების სიხშირე. ასე თავს უკეთ იგრძნობთ ფიზიკურად და გონებრივად.

ასევე იხილეთ სტატია სადღესასწაულო პერიოდში გააზრებული ჭამის (mindful eating-ის) შესახებ.

 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი

The post როგორ გადავიტანოთ სადღესასწაულო პერიოდი ჯანსაღად appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart