10 რჩევა საახალწლოდ გააზრებული კვებისთვის

10 რჩევა საახალწლოდ გააზრებული კვებისთვის

ახალი წელი კარს მოგვადგა და სულ მალე, ჩვენი სამზარეულოები გემრიელი საახალწლო კერძებითა და ათასგვარი ნუგბარით აივსება. მათთვის, ვინც ჯანსაღად კვებას ცდილობს, ან ზედმეტ კილოგრამებს ერიდება, ეს ნამდვილი გამოწვევაა. მის გადალახვაში კი გააზრებული კვება დაგეხმარებათ.

გააზრებული კვება გულისხმობს ჭამის დროს მთელი ყურადღებისა და ცნობიერების მიმართვას კვების პროცესზე, აღქმაზე, თუ რას მიირთმევთ და როგორ გრძნობთ თავს ამ პროცესში. ეს დაგეხმარებათ სრულიად დატკბეთ კვების გამოცდილებით და, ამავდროულად, ზომიერად და თავშეკავებულად მიირთვათ.

ქვემოთ მოცემულია 10 რჩევა გააზრებული ჭამისთვის, რომელიც დაგეხმარებათ საახალწლო პერიოდში და არამხოლოდ. ზოგიერთი მათგანი შეიძლება თქვენთვის შესაფერისი არ იყოს. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე სცადეთ რამდენიმეს გამოყენება და ნახეთ როგორ მუშაობს.

1. დაფიქრდით თქვენს შეგრძნებებზე

სანამ ჭამას დაიწყებდეთ ცოტა დრო დაუთმეთ თქვენი შეგრძნებების გაცნობიერებას. იფიქრეთ, როგორ გრძნობთ თავს, ხომ არ ჩქარობთ? დაძაბული ხომ არ ხართ? მოწყენილი ხართ, მობეზრებული თუ მშიერი? რა არის თქვენი სურვილები და საჭიროებები. ზოგჯერ რთულია ამ გრძნობების ერთმანეთისაგან გარჩევა. როდესაც ამაზე დაფიქრდებით და გადაწყვეტთ, რომ ნამდვილად გშიათ, შეგიძლიათ მოიფიქროთ რისი ჭამა გსურთ.

2. არ იფიქროთ წონის კლებაზე

საახალწლო პერიოდში ბევრი ადამიანი ღელავს წონის მომატებაზე. არიან ისინიც, ვისაც სურს, ეს დრო კლებისთვის გამოიყენოს. არადა, როდესაც სახლი სავსეა საახალწლო ნუგბარით, რთულია ჭამაზე უარის თქმა, ეს კი დამატებით სტრესს იწვევს. უმჯობესია, თუ ამ დროს წონის კლების ნაცვლად ჯანსაღ კვებაზე ფოკუსირდებით, ამით თავიდან აიცილებთ სტრესს.

3. მიირთვით მჯდომარე მდგომარეობაში

როდესაც მოგშივდებათ, დასხედით და ისე მიირთვით. ასეთ დროს უკეთ აღიქვამთ რას მიირთმევთ და მეტ სიამოვნებას იღებთ ჭამისგან. ამასთანავე, როდესაც ჭამის დროს კონცენტრირებული ხართ, უკეთ იაზრებთ თუ რამდენს მიირთმევთ.

4. გამორთეთ ტელევიზორი და ყველაფერი, რასაც ეკრანი აქვს

გქონიათ შემთხვევა, როდესაც რამდენიმე წუთით შეხედეთ ტელევიზორის, მობილურის ან ლეპტოპის ეკრანს და გააცნობიერეთ, რომ თქვენი თეფშიდან მთელი საჭმელი გაქრა? თანაც ისე, რომ ვერ გაიაზრეთ, რა მიირთვით. უმჯობესია, თუ ჭამის დროს ეკრანები გათიშული გექნებათ, ასე მეტად ისიამოვნებთ საკვებით.

5. გამოიყენეთ პატარა თეფში

პატარა თეფშზე ჭამა დაგეხმარებათ, არ მიირთვათ იმაზე მეტი, ვიდრე გსურთ. როდესაც გშიათ, ფიქრობთ, რომ დიდ პორციას შეჭამთ, მაშინ, როდესაც ორგანიზმს სულაც არ სჭირდება ამდენი საკვები. პატარა თეფში დაგეხმარებათ გააზრებულად მიირთვათ.

6. დააგემოვნეთ

ჭამისას მთავარი სიამოვნება დაგემოვნებაა. როდესაც საახალწლო სუფრასთან დასხდებით, მაშინვე ნუ დაიწყებთ ამა თუ იმ კერძის მირთმევას. მცირე ულუფებით დააგემოვნეთ ის კერძები, რომელთა ჭამაც გსურთ. ასე შეძლებთ, რაც გსურთ, ყველაფერი გასინჯოთ, ზედმეტი ჭამისა და სიმძიმის შეგრძნების გარეშე.

7. დაღეჭეთ 30-ჯერ

შეეცადეთ თითოეული ლუკმა 30-ჯერ დაღეჭოთ. რა თქმა უნდა, ეს რიცხვი პირობითია, ყველა ტიპის საკვებს 30-ჯერ ნამდვილად ვერ დაღეჭავთ, თუმცა, გააკეთეთ ეს იმდენჯერ, რამდენჯერაც შესაძლებელია. დაუთმეთ დრო კერძის ტექსტურისა და არომატის შეგრძნებას. თუ ასე გააზრებულად და ნელა შეჭამთ, შედეგად, ტვინი უფრო მალე მიიღებს შეტყობინებას, რომ დანაყრდით და თავიდან აგაცილებთ ზედმეტ ჭამას.

8. დააწყვეთ დანა-ჩანგალი

გააზრებული კვების ერთ-ერთი მეთოდი ჭამის დროს შუალედების აღებაა. იმის ნაცვლად, რომ ღეჭვის პროცესში დანა-ჩანგლით შემდეგი ლუკმა მოიმზადოთ, თითო ლუკმის პირში ჩადების შემდეგ, დადეთ დანა-ჩანგალი თეფშზე და კონცენტრირდით ღეჭვაზე.

9. შეწყვიტეთ ჭამა, თუ მეტი აღარ გსურთ

“თეფშს თუ ბოლომდე არ მოასუფთავებ უშნო ქმარი/ცოლი გეყოლება” – დროა, ეს ნათქვამი დაივიწყოთ. თეფშზე საკვების დატოვება დანაშაული არ არის. მოუსმინეთ თქვენს თავსა და ორგანიზმს და შეწყვიტეთ ჭამა, როდესაც მეტი აღარ გსურთ. ხოლო იმისთვის, რომ ამ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, მეხუთე რჩევა დაგეხმარებათ.

10. ჭამეთ სიჩუმეში

სცადეთ სიჩუმეში ჭამა. ეს არაჩვეულებრივი სავარჯიშოა გააზრებული კვებისათვის. სიჩუმეში, გონებისთვის ბუნებრივია ხეტიალი და აზრიდან აზრზე გადასვლა. ასეთ დროს ნაზად შეახსენეთ თქვენს თავს დაბრუნდეს რეალობაში და კონცენტრირდეს საჭმლის მირთმევაზე. ეცადეთ, აღიქვათ საჭმლის არომატი, გემო და სუნი და სრულად დააფასეთ მომენტი. ეს რჩევა შეიძლება არაპრაქტიკული იყოს სადღესასწაულო პერიოდში, როდესაც მთელი ოჯახი ერთად მიირთმევს, მაგრამ დასაწყისისთვის 5-10 წუთი სიჩუმეში ჭამაც სასარგებლოა. გახსოვდეთ, სადღესასწაულო სადილების უმთავრესი მიზეზი არა ჭამა, არამედ საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებაა.

გააზრებული კვება არ გულისხმობს კონკრეტულ კერძებზე ან თავად ჭამაზე უარის თქმას. პირიქით, ის დაგეხმარებათ სრულად ისიამოვნოთ კერძებითა და ჭამის პროცესით. სანამ ჭამას დაიწყებდეთ იფიქრეთ თქვენს შეგრძნებებზე, ეცადეთ ნელა, გააზრებულად და აუღელვებლად მიირთვათ და რაც მთავარია, იყავით მადლიერი იმ კერძისთვის, რომელსაც მიირთმევთ.

 

ავტორი: მარიამ რუსიშვილი

The post 10 რჩევა საახალწლოდ გააზრებული კვებისთვის appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart