იოგას 8 პოპულარული სახეობა დასავლეთში
იოგა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარჯიშის ფორმაა და უამრავი სარგებელი მოაქვს როგორც ჩვენი ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანრმთელობისთვის. გარდა ამისა,იოგას ვარჯიში შეგიძლიათ ყველგან , საკმარისია იოგა მატი და თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ივარჯიშოთ თქვენს საძინებელ ოთახშიც კი.
თუ დაინტერესებული ხართ იოგათი ან ერთხელ მაინც გიძებნიათ იოგას ვიდეოები, შეამჩნევდით რომ დასავლეთში ის საკმაოდ მრავალფეროვანია. მიუხედავად იმისა, რომ იოგა მთლიანი ცხოვრების ფილოსოფიაა 8 მიმართულებით, დასავლეთში უფრო მეტად პოპულარულია მისი ფიზიკური მხარე. იოგას სხვადასხვა სახეობა განსხვავდება ვარჯიშის სპეციფიკითა და მიზნებით. იმის მიხედვით, თუ რა არის თქვენი მიზანი და როგორი ტიპის ვარჯიშებს ანიჭებთ უპირატესობას, შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მისაღები სახეობა.
გაითვალისწინეთ, კონკრეტული სახეობის არჩევის შემდეგ, სასურველია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს იოგისთან, რათა ზუსტად შეირჩეს თქვენთვის შესაბამისი მეთოდი.
Restorative Yoga
ეს პასიური იოგაა, რომლის დროსაც გამოიყენება ბალიშები და სხვა დამხმარე საშუალებები. ვარჯიშის მიზანია ბოლომდე მოვეშვათ, მთლიანად ვფოკუსირდეთ თითოეულ ასანაზე (იოგას პოზა) და დიდი ხნის, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გავჩერდეთ ერთ პოზაში.
აღდგენითი იოგა ეხმარება სხეულს მიაღწიოს ღრმა რელაქსაციას, ნელა და ნაზად გაიხსნას, გათავისუფლდეს დაძაბულობისგან.
იოგას ეს მიმართულება განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მოვარჯიშეებისთვის. თავისი ბუნებიდან გამომდინარე მას თერაპიული გავლენა აქვს მათზე, ვისაც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ. თუმცა, ასეთ შემთხვევებში უმჯობესია გამოცდილ მასწავლებელთან ერთად ვარჯიში. აღდგენითი იოგა კარგი დანამატია მათთვისაც, ვინც უფრო ენერგიულ, ძალისმიერ იოგას მისდევს.
Yin Yoga
ეს იოგას კიდევ ერთი პოპულარული სტილია. ის შედგება ნელი, ხანგრძლივი და პასიური მოქმედებებისგან. ვარჯიშის დროს დატვირთვა არ მოდის ძვლებზე ან კუნთებზე, არამედ დამაკავშირებელ ქსოვილებზე. მოვარჯიშეები კონცენტრირდებიან გაწელვებსა და სუნთქვაზე. ბევრისთვის იოგას ამ სახეობას დამამშვიდებელი, დასასვენებელი და თერაპიული ეფექტი აქვს. თუმცა, აქტიური გონების მქონეთათვის, ვისაც დიდი ხნის განმავლობაში ერთ მდგომარეობაში გაჩერება უჭირს, შეიძლება ეს მიმართულება რთული აღმოჩნდეს. ეს იმიტომ, რომ ერთი ასანას შესრულების დროს შეიძლება 3-5 წუთი მჯდომარე, მუხლმოდრეკილ ან მწოლიარე პოზებში მოუწიოთ გაჩერება.
Iyengar Yoga
იოგას ეს სახეობა სახელწოდებას იღებს მსოფლიოში ცნობილი იოგისა და მასწავლებლის B.K.S იენგარის სახელიდან. ეს მიმდინარეობა ფოკუსირდება იოგას ასანების ზედმიწევნით სწორად შესრულებაზე. ვარჯიშის დროს ხშირად გამოიყენებენ დამხმარე საშუალებებს,როგორიც არის იოგას კუბიკები, ქამრები, პლედები, რის გამოც იოგას ეს მიმართულება განსაკუთრებით პოპულარულია დამწყებებში.
Kundalini Yoga
ალბათ გინახავთ იოგების სურათები, სადაც მათ თეთრი ტანისამოსი აცვიათ და ჩალმა ახურავთ. ესენი სწორედ კუნდალინი იოგები არიან. იოგას ამ სახეობაში ასანების გარდა დიდი ყურადღება ექცევა სუნთქვასა და მედიტაციას. კუნდალი იოგას დროს მოვარჯიშეები ხშირად იმეორებენ მანტრებს, ასრულებენ სუნთქვის სავარჯიშოებს სხვადასხვა ტექნიკით და იმეორებენ გამამხნევებელ მოძრაობებს (კრიია).
Hatha Yoga
საერთოდ, ჰათჰა აერთიანებს იოგას ყველა იმ მიმდინარეობას, რომელშიც მოცემულია სხეულის მოძრაობა და სუნთქვითი სავარჯიშოები. თუმცა, ამასთან ერთა ჰათჰა იოგას ერთ-ერთი სახეობაცაა. ტრადიციული ჰათჰას გაკვეთილი მოიცავს ასანების სერიას, რომლებიც ერთი მეორეს მიყოლებით სრულდება, წინასწარ დადგენილი მიმდინარეობის გარეშე. ვარჯიშები შედარებით ნელია და კონცენტრაცია პოზების სწორად გაკეთებაზე ხდება. მოვარჯიშეები თითოეულ პოზაში იმდენ დროს ატარებენ, რაც 5-ჯერ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას სჭირდება. ამის გამო ჰათჰა იოგა მისაღებია ყველა ტიპის მოვარჯიშესთვის. თუმცა, მას რთული დონეებიც აქვს, ამიტომ, თუ ამ მიმდინარეობით დაკავებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ იოგას კლასი დამწყებებისთვისაა.
Vinyasa Yoga
ეს სახეობა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მისი სახელი ხშირად ითარგმნება როგორც „სუნთქვა-მოძრაობა“. ასანები სრულდება შედარებით უფრო სწრაფად, სუნთქვასთან სინქრონში. ჩასუნთქვასთან ერთად მოვარჯიშეები გადაადგილდებიან ერთი პოზიდან მეორეში, შემდეგ კი ჩერდებიან და ამოისუნთქავენ. ვინიასას იოგის ნაწილია ცნობილი მზის მისალმება. მას მოყვება მსგავსი ასანები. ამ მიმდინარეობაში მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვრული მიმდევრობის დაცვა.
Ashtanga Yoga
ეს არის ასანების ზუსტად განსაზღვრული, ინტენსიური და დინამიური თანმიმდევრობა. ის მეოცე საუკუნეში ჰათჰა იოგას საფუძველზე შეიქმნა და მისგან განსაკუთრებული ენერგიულობით განსხვავდება. ვინიასა იოგა თავის მხივ აშტანგა იოგას თანამედროვე ვარიაციაა. თუ, მაგალითად, ვინიასას გაკვეთილებზე თქვენ შეიძლება გააკეთოთ ერთი და იგივე ასანები სხვადასხვა თანმიმდევრობით, აშტანგას კლასში თანმიმდევრობა ყოველთვის იგივე იქნება. ეს მიმდინარეობა ფიზიკურად საკმაოდ დამღლელია, ამიტომ მის გაკვეთილებს ხშირად ძალის იოგა კლასებს უწოდებენ
Bikram/Hot Yoga
ამ სახეობის იოგა გულისხმობს მაღალი ტემპერატურის მქონე ოთახში ინტენსიურ ვარჯიშს. ამ მიმართულებას ხშირად 26 ან 26 + 2 უწოდებენ, რადგან ვარჯიშის დროს კეთდება 26 ერთი და იგივე მოძრაობა და 2 სუნთქვის ტექნიკა. ეს მიმართულება დასავლეთში ძალიან პოპულარულია, თუმცა მაღალი ტემპერატურის გამო არ არის განკუთნვილი ყველა მოვარჯიშისათვის.
ავტორი : მარიამ რუსიშვილი
The post იოგას 8 პოპულარული სახეობა დასავლეთში appeared first on Bloomin.