რა არის „ინ“ იოგა და როგორ დავიწყოთ პრაქტიკა
„ინ“ (Yin) იოგა დასავლეთში გავრცელებული იოგას სახეობებიდან ერთ-ერთია. თავისი არსით ის პასიურ იოგას მიეკუთვნება, რადგან მის სხვა მიმდინარეობებთან შედარებით ნელია და არ მოითხოვს მოძრაობების განმეორებას სუნთქვის რიტმში. ინ იოგას პრაქტიკოსი თითოეულ ასანაში (პოზაში) მინიმუმ რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩერდება. სწორედ ამიტომ, იოგას ამ სახეობას მედიტაციური და თერაპიული ეფექტი აქვს. ინ იოგა არ მოითხოვს გამოცდილებას და მისი ვარჯიში დამწყებებსაც შეუძლიათ.
რა არის ინ იოგა
ინ იოგას პრაქტიკა ემყარება უძველეს ჩინურ ფილოსოფიებსა და დაოისტურ პრინციპებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩვენს სხეულში არის გზები, რომლებშიც მოძრაობს ენერგია. ინ იოგას მიზანია დაბლოკილი გზების გახსნა და ენერგიის გათავისუფლება. სხეულის გაჭიმვითა და ერთ პოზაში ხანგრძლივად გაჩერებით ვათავისუფლებთ ენერგიას და საშუალებას ვაძლევთ მას თავისუფლად იმოძრაოს ჩვენს სხეულში.
ინ იოგა შედგება პასიური, ნელი და ხანგრძლივი მოქმედებებისაგან და მიზნად ისახავს შემაერთებელი ქსოვილების, ძვლებისა და სახსრების გაღვიძებას და გააქტიურებას. იოგას ეს სახეობა ფოკუსირდება ისეთ კუნთებსა და ქსოვილებზე, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად ვიყენებთ. რამდენადაც ინ იოგა უფრო ნელია, ვიდრე ტრადიციული იოგას სახეობები, ის უფრო მედიტაციურია, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, ჩავწვდეთ ჩვენს სხეულს, გავიაზროთ ჩვენი ფიზიკური შეგრძნებები და ემოციური მდგომარეობა.
მისი მიზანი არ არის სხვადასხვა პოზებში თავისუფლად გადაადგილება. აქ შეიძლება თითოეულ ასანაში 3-5 ან თუნდაც 20 წუთის განმავლობაში გავჩერდეთ. ინ იოგას პრაქტიკოსი ცდილობს ჩაწვდეს სხეულის ღრმა ქსოვილებს. სწორედ ამიტომ, პოზების უმრავლესობა ფოკუსირებულია ისეთ ადგილებში, როგორიცაა თეძოები და ხერხემალი.
ინ იოგას გავლენა ჩვენს სხეულსა და გონებაზე
ინ იოგას მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი ფიზიკური, გონებრივი თუ ემოციური ჯანმრთელობისათვის.
ახანგრძლივებს/წელავს შემაერთებელ ქსოვილებს
ჩვენს თითოეულ კუნთსა და ორგანოს გარშემო აქვს შემაერთებელი ქსოვილი, ფასცია, რომელიც კრავს ყველა კუნთს, სისხლძარღვს, ძვალს თუ ნერვულ ბოჭკოს. როდესაც ეს შემაერთებელი ქსოვილი აქტიურად არ გამოიყენება და არ მოძრაობს ის ნაკლებად ელასტიური და მეტად მტკიცე ხდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაჭიმულობა და ტკივილი. სწორედ ასეთ ქსოვილებს ამოქმედებს ინ იოგა. როდესაც ინ იოგას პოზებში დიდი ხნის განმავლობაში ვჩერდებით შემაერთებელი ქსოვილები იწელება და უფრო ელასტიური ხდება.
ზრდის მოქნილობას
ინ იოგას პრაქტიკის ერთ-ერთი მთავარი სარგებელი მოქნილობის ზრდაა. ელასტიური ფასცია და მობილური სახსრები იწვევს მოქნილობის გაუმჯობესებას. იმისთვის, რომ ფასცია გაიჭიმოს, საჭიროა მინიმუმ 120 წამიანი გაწელვა, რის გამოც, ინ იოგას პოზები მისთვის იდეალურია. შესაბამისად, იოგას ეს სახეობა საუკეთესოა სხეულის მოქნილობის გასაუმჯობესებლად და დაძაბულობისგან გასათავისუფლებლად, პოზებში ხანგრძლივი შეჩერების გამო.
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
ინ იოგას პოზაში ყოფნისას ჩასუნთქვის დროს ჩვენ ვკონცენტრირდებით ორგანიზმის ღრმა ქსოვილებსა და იოგებზე, ასე მათ მეტი ჟანგბადი მიეწოდებათ, რაც აუმჯობესებს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას.
ამცირებს სტრესის დონეს
ინ იოგას პრაქტიკის შემდეგ თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ. მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სტრესისა და შფოთვის შემცირებაზე. ის ააქტიურებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რომელიც ანელებს გულისცემას და ამშვიდებს სხეულს.
როგორ დავიწყოთ პრაქტიკა
- გამოიყენეთ დამხმარე საშუალებები: იოგას ეს სახეობა მშვენიერია დამწყებთათვის, რადგან საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ იმდენი რეკვიზიტი, რამდენიც გვჭირდება. შეგიძლიათ გამოიყენოთ იოგას ბლოკები, პლედი და სხვა საშუალებები, იმისთვის, რომ ერთ პოზაში სწორად და კომფორტულად გაჩერდეთ.
- ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას: სუნთქვა იოგას მნიშვნელოვანი კომპონენტია. სუნთქვაზე კონცენტრირება დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ არაკომფორტულ პოზებს.
- ნელა იმოძრავეთ: ერთი პოზიდან მეორეში გადასვლის დროს იმოძრავეთ ნელა. რაც უფრო დიდხანს იქნებით ერთ პოზაში და ნელა გადაინაცვლებთ ერთი პოზიდან მეორეში, მით უფრო ბუნებრივად გაიხსნება სხეული.
- დაიწყეთ ნელა, ეტაპობრივად: ინ იოგას პოზებში ხანგრძლივად უნდა გაჩერდეთ. თუმცა ეს არის მიზანი და არა წესი. ამიტომ, ნუ ეცდებით პირველივე ცდაზე ერთ პოზაში 5 წუთი ან მეტი გაჩერდეთ. იოგას პრაქტიკა არ უნდა იყოს მტკივნეული და არ უნდა განიცდიდეთ დისკომფორტს. იოგაში პროგრესი ნელა მიმდინარეობს, ამიტომ ნუ დააძალებთ თავს რომელიმე პოზაში დიდხანს გაჩერდეთ. დაიწყეთ 1 წუთით და შემდეგ ეტაპობრივად გაზარდეთ დრო.
ყურადღება: თუ გაქვთ ხერხემლის, კისრის ან თავის ტრამვა, ასევე მაღალი წნევა ან გულსისხლძარღვთა პრობლემები აუცილებელია დამატებითი სიფრთხილის გამოჩენა ინვერსიის პრაქტიკისას. გთხოვთ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და იოგას სერტიფიცირებულ ინსტრუქტორთან სანამ ამ პოზების გაკეთებას შეეცდებით.
ავტორი: მარიამ რუსიშვილი
The post რა არის „ინ“ იოგა და როგორ დავიწყოთ პრაქტიკა appeared first on Bloomin.