როგორ შევამციროთ მოგზაურობასთან დაკავშირებული შფოთვა?

როგორ შევამციროთ მოგზაურობასთან დაკავშირებული შფოთვა?

როგორც წესი, მოგზაურობა სიახლეებით სავსე თავგადასავლებსა და სასიამოვნო გამოცდილებას უკავშირდება, თუმცა ხანგრძლივ მგზავრობასთან დაკავშირებული განწყობებს ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ უმკლავდება. მცირე დროში ახალ გარემოსთან შეგუების აუცილებლობამ, უცნობი ადამიანების გარემოცვამ და მგზავრობასთან დაკავშირებულმა მღელვარებამ ზოგჯერ შეიძლება იმ მდგომარეობამდე მიგვიყვნოს, რასაც ფსიქოლოგები სამოგზაურო შფოთს უწოდებენ.


ზოგი ადამიანისთვის შფოთვა იმდენად ძლიერია, რომ ეს მოგზაურობისგან თავის შეკავების მიზეზიც კი ხდება. ზოგი ადამიანი კი, კარგად დაგეგმილი მოგზაურობის მიუხედავად, მუდმივ დაღლილობას და უკმაყოფილებას განიცდის. 


სამოგზაურო შფოთვას განსხვავებული სიმტომები შეიძლება ახასიათებდეს. მათგან ყველაზე ხშირად გამოყოფენ:

  • გულისცემის აჩქარებას, ზურგის ტკივილს, სუნთქვის გართულებას;
  • კუჭ-ნაწლავის მოქმედების ცვლილებებს - შეკრულობას ან ფაღარათს;
  • უენერგიობას და ძლიერი დაღლილობის შეგრძნებას;
  • საქმეზე კონცენტრაციის სირთულეს;
  • ძილთან დაკავშირებულ დარღვევებს.

სამოგზაურო შფოთვა, შეიძლება, სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ამერიკის მედიცინის ეროვნულ ბიბლიოთეკის გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მგზავრობასთან დაკავშირებული წარსული გამოცდილება შფოთის გაძლიერებაში დიდ როლს თამაშობს. იმ ადამიანთა 65%-ს, რომლებიც ერთხელ მაინც საავარიო შემთხვევის მომსწრე/მონაწილე ყოფილან, სამოგზაურო შფოთის ერთი ან რამდენიმე სიმპტომი ახასიათებთ. 

მოგზაურობის დროს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მარტივი ნამდვილად არ არის, ამ სტატიაში მოცემული რჩევები შფოთის შემცირებაში და ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.


მიეცით თქვენს თავს დასვენების უფლება მგზავრობამდე და მგზავრობის შემდგომ -  საჭირო ნივთების შეძენა, ჩალაგება, ბილეთების შეძენა და მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები ხშირად დასვენებისა და სიმშვიდისთვის დროს აღარ გვიტოვებს. სწორედ ამიტომ, ადამიანების უმეტესობას გამგზავრების წინა დღე/ღამე იმდენად დატვირთული აქვს, რომ ძილს თითქმის ვერ ახერხებს. ამ დროს კი, კარგად გამოძინება მოგზაურობის მშვიდად და არაქაოტურად დაწყებისათვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სასურველია, წინასამოგზაურო სამზადისი ისე დავგეგმოთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საკითხის ერთ დღეს მოგვარება არ გვიწევდეს. ამასთან, კარგი იქნება, თუ თუ ჩვენს თავს ახალ ლოკაციასთან/გარემოსთან შეგუების დროს მივცემთ, ადგილზე ჩასვლის შემდგომ ფეხით გავისერინებთ და გარემოს მშვიდად და ვათვალიერებთ.

გაითვალისწინეთ დროითი განსხვავება - როცა საქმე თვითმფრინავით ხანგრძლივ მგზავრობას ეხება, პირველი, რაც მენტალურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს, ჩვენს სახლსა და ახალ ლოკაციას შორის დროით განსხვავებაა. ეს განსხვავება, შეიძლება, 8-10 საათსაც გულისხმობდეს, რაც ხშირად უხასიათობის, ძილის დარღვევებისა და უენერგიობის მიზეზი ხდება. იმისათვის, რომ ასეთი სხვაობა ორგანიზმმა უფრო მარტივად მიიღოს, სასურველია, ახალ ლოკაციაზე ჩასვლისას პირველივე მზის სხივებს ფხიზლად შეხვდეთ და ახალ ბიოლოგიურ დროზე გადაწყობის შესახებ ამით მივანიშნოთ - ევოლუციურად და ბიოლოგიურად, ცოცხალი ორგანიზმის ტვინი მზის სხივების მიმართ საკმაოდ სენსიტიურია, ამიტომ ასეთი სიგნალის მიღება ახალ დროსთან შეგუების პროცესს საკმაოდ დააჩქარებს. 

წინასწარ დაგეგმეთ მოგზაურობის მარშრუტი - როგორც წესი, ახალი ადგილის სტუმრობისას რამდენიმე ახლომდებარე ღირსშესანიშნაობის ნახვა გინდებათ, ამიტომ უმჯობესია, თუ წინასწარ გათვლით, რის დათვალიერებას აპირებთ. ამით თავიდან აირიდებთ შფოთს იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის /ქვეყნის ისე ნახვა ვერ მოასწარით, როგორც გსურდათ. ამასთან, ღირსშესანიშნაობების წინასწარ მოძიება დაგეხმარებათ, მშვიდად შეარჩიოთ ყველაზე ოპტიმალური მარშრუტი და დღეები ისე გადაანაწილოთ, რომ ძალიან არ გადაიღალოთ.

შეადგინეთ საჭირო ნივთების სია - არ აქვს მნიშვნელობა, თქვენთვის მერამდენე მოგზაურობაა, საჭირო ნივთების სიის შედგენა ყოველთვის მეტ სიმშვიდეს მოგგვრით. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ უკვე ყველაფერი შეიძინეთ, უმჯობესი იქნება, თუ თქვენს თავს 10-15 წუთს დაუთმობთ, მშვიდად ჩამოწერთ ფურცელზე ყველაფერს, რაც ახალი მოგზაურობისთვის გჭირდებათ და შეძენილ/შესაძენ ნივთებს მონიშნავთ. ეს დაგეხმარებათ, თავი უფრო მშვიდად იგრძნოთ და დარწმუნებული იყოთ, რომ არაფერი გავიწყდებათ. 

მზად იყავით დაუგეგმავი სიახლეებისთვის - უმჯობესია, თუ მოგზაურობისას წინასწარ არ შეიქმნით იმის მოლოდინს, რომ ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც თქვენ დაგეგმეთ. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როცა მოგზაურობა თვითმფრინავით გიწევთ. ფრენის გადადება არც ისე იშვიათი მოვლენაა, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, აეროპორტში იმაზე დიდხანს მოგიწიოთ მოცდა, ვიდრე წარმოგედგინათ. შეეცადეთ, ასეთი შემთხვევისთვის წინასწარ გქონდეთ მოფიქრებული, თუ რას გააკეთებთ - შეიძლება ეს იყოს სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, წიგნის წაკითხვა, ელექტრონული ფოსტის შეტყობინებებზე პასუხი თუ უბრალოდ დასვენება. 

შეეცადეთ, მოგზაურობისას ყოველდღიური რუტინული საქმე თან არ გაიყოლოთ - ხარისხიანად დასვენების მნიშვნელობაზე უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ. დასვენება მხოლოდ ადგილის დროებით შეცვლას არ გულისხმობს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ყოველდღიური რუტინისგან და სამსახურებრივი მოვალეობებისგან დროებით სრულად მოწყვეტას მოიაზრებს. ამიტომ, შეეცადეთ, მსგავსი საკითხები გამგზავრებამდე მოაგვაროთ და ამის შესახებ თანამშრომლებიც გააფრთხილოთ. გახსოვდეთ, ის, რომ ენერგიის აღდგენისთვის დრო გვჭირდება, სირცხვილი არ არის - დახარჯული ძალების აღდგენისთვის ხარისხიან დასვენებას ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი საჭიროებს. 

დაგეგმეთ, რას გააკეთებთ შინ დაბრუნებისას - მოგზაურობასთან დაკავშირებული სტრესი შეიძლება მაშინ გაგიმძაფრდეთ, როდესაც სახლში დაბრუნდებით. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ დასვენებისათვის გამოყოფილი დრო თქვენთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ფიქრობთ, რომ მოგზაურობიდან დაბრუნებისთვის ჯერ ძალიან ადრე იყო. ეს ბუნებრივია -  ძველ რუტინასთან დაბრუნება ხშირად საკმაოდ ემოციურია. 2010 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოგზაურობამდე და მოგზაურობის შემდგომი მღელვარება კონტრასტულად განსხვავდება ერთმანეთისგან - მოგზაურობამდე ადამიანები გაცილებით ბედნიერად გრძნობდნენ თავს, როცა მოგზაურობის შემდგომ ამ შეგრძნებას ნოსტალგიისა და დარდის ემოციები ანაცვლებდა. ამიტომ უმჯობესია, თუ წინასწარ დაგეგმავთ, რას გააკეთებთ შინ დაბრუნებისას - ეს შეიძლება იყოს საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება ან სამსახურებრივი საქმის შესრულება, რაც ყურადღებას გადაგატანინებთ და ჩვეულ რუტინაში დაბრუნებისას სტრესს შეგიმსუბუქებთ.


YOUR CART (0)

No Products in the Cart