რჩევები თქვენი პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად
21-ე საუკუნეში ადამიანები პროდუქტიულობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენს ხელთ არსებული რესურსისა და დროის ეფექტურად გამოყენება ხშირად განაპირობებს ჩვენს როლს და ადგილს საზოგადოებაში. თუმცა, პროდუქტიულობა ინდივიდის თანდაყოლილი თვისება ყოველთვის არ არის და, დიდწილად, მუდმივ ვარჯიშს საჭიროებს, მით უმეტეს, როცა გვსურს, რომ დატვირთული და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, ჯანსაღ მენტალურ მდგომარეობას ვინარჩუნებდეთ.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, გაზარდოთ თქვენი პროდუქტიულობა. მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი, როგორც ადამიანების ღირებულება ჩვენი პროდუქტიულობის დონით არ განისაზღვრება. ჩვენ ბევრად მეტი ვართ, ვიდრე - ნამუშევარი საათების რაოდენობა და თვის განმავლობაში გამომუშავებული ანაზღაურება.
წინასწარ დაგეგმეთ დღის განრიგი - მომდევნო დღის დეტალურად გაწერა, როგორც წესი, რთული და შეუძლებელიც კია, რადგან ცხოვრება ხშირად სავსეა მოულოდნელობებით, თუმცა, შეეცადეთ, მაქსიმალურად კონკრეტულად ჩამოწეროთ მომდევნო დღეს გასაკეთებელი აუცილებელი საქმეები და დაფიქრდეთ, რა დროს დაუთმობთ თითოეულ მათგანს (მაგ.: 13:00-14:30 საათი - წავიკითხავ წიგნის 2 თავს), ეს მეთოდი მუშაობის დროს დროის უკეთ აღქმასა და განაწილებაშიც დაგეხმარებათ. კარგი იქნება, თუ შეინარჩუნებთ რეალისტურ განწყობას და თქვენს თავს ისეთ შეუსრულებელ მისიას არ დაუსახავთ, რომელიც თავიდანვე შეუსრულებლობისთვის იქნება განწირული. დღის წინასწარ დაგეგმვა დილით დროის დაზოგვაში და საქმეზე უკეთ კონენტრირებაში დაგეხმარებათ.
გამოყავით სამუშაო სივრცე - თანამედროვე პირობებში, როდესაც საქმის დიდი ნაწილის შესრულება ხშირად სახლიდან გვიწევს, რთულია, თუმცა, აუცილებელია, ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ პირადი და სამუშაო სივრცეები. ერთსა და იმავე სივრცეში რაღაცის კეთება ჩვენს გონებაში ქმნის ასოციაციას ამ ადგილსა და კონკრეტულ ქმედებას შორის. მაგალითად, თუ ჩვენ საწოლიდან მუშაობას გადავწყვეტთ, დიდი ალბათობით, ნაკლებად პროდუქტიული ვიქნებით, რადგან ჩვენს გონებაში საწოლი ასოცირდება არა მუშაობასთან და აზროვნებასთან, არამედ - დასვენებასთან და განტვირთვასთან. და პირიქითაც, საწოლიდან მუშაობა დაარღვევს მის, როგორც მოსვენებისთვის განკუთვნილი კუთხის ასოციაციას, რის გამოც შედარებით რთულად დაგვეძინება. ამიტომ, აჯობებს, მუშაობისთვის გამოვყოთ კონკრეტული, დამოუკიდებელი სივრცე და შესაბამისად, საკუთარი თავი პროდუქტიულად მუშაობისთვის განვაწყოთ.
მოაწესრიგეთ სამუშაო სივრცე - მას შემდეგ, რაც მუშაობისთვის კონკრეტულ სივრცეს გამოვყოფთ, სასურველია, მის მოწესრიგებაზეც ვიზრუნოთ. გარემოს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, შესაბამისად, ქაოტური გარემო ხშირად აპროვოცირებს არეულობას ჩვენს ტვინშიც, რაც კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას იწვევს. ამიტომ, ეცადეთ, შეინახოთ ზედმეტი/არასაჭირო ნივთები და მაქსიმალურად მოაწესრიგოთ სამუშაო გარემო თქვენ ირგვლივ.
პრიორიტეტი მიანიჭეთ აუცილებლად შესასრულებელ საქმეებს - იქიდან გამომდინარე, რომ მომდევნო დღის განრიგი სრულად ჩვენზე არაა დამოკიდებული და ხშირად თავს იჩენს გაუთვალისწინებელი მოვლენები, შეიძლება, დაგეგმილი საქმის ნახევრის შესრულება ვერც მოასწროთ. ამიტომ, განრიგის დაგეგმვისას აუცილებლად მიანიჭეთ პრიორიტეტი მეტად მნიშვნელოვან საქმეებს და შეეცადეთ, მომდევნო დღე სწორედ ამ საქმეებით დაიწყოთ. შეგიძლიათ, გამოყოთ 3 მთავარი და გადაუდებელი ამოცანა, რომელიც დღის განმავლობაში გაქვთ შესასრულებელი. რა თქმა უნდა, აჯობებს, თუ დღის ბოლომდე ყველა დაგეგმილ აქტივობას შეასრულებთ, მაგრამ თქვენს თავს მიეცით უფლება, რომ ის დღე პროდუქტიულად ჩათვალოთ, თუკი ამ 3 ძირითადი ამოცანის შესრულებას მოასწრებთ.
დააკვირდით, როდის ხართ ყველაზე პროდუქტიული - ყველა ადამიანს აქვს დღის კონკრეტული მონაკვეთი, როდესაც მისი პროდუქტიულობა პიკშია. შეიძლება, ეს იყოს დილა, შუადღე, საღამოც კი. საკუთარ თავზე დაკვირვება და ორგანიზმის საჭიროებებში გარკვევა როგორც პროდუქტიულობის, ისე - მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი გასაღებია. ამიტომ მოუსმინეთ თქვენს განწყობებს - როდის გრძნობთ თავს მეტად ენერგიულად და მოტივირებულად? როცა დღის კონკრეტულ პერიოდს დაადგენთ, შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ ამ დროს შეხვედრების ჩანიშვნაც კი, რათა ხელი არ შეგეშალოთ თქვენთვის ყველაზე პროდუქტიულ დროის გამოყენებაში.
კონცენტრირდით მხოლოდ კონკრეტულ მიზანზე - დაისახეთ კონკრეტულ დროში შესასრულებელი კონკრეტული მიზანი და ეცადეთ, მხოლოდ მასზე კონცენტრირდეთ. ერთი საქმიდან მეორეზე გადასვლა ხშირად უარყოფითად აისახება როგორც შესრულებული საქმის ხარისხზე, ისე - თქვენს განწყობაზე, კმაყოფილებასა და ენერგიაზე.
შეისვენეთ - რამდენიმე საათიანი უწყვეტი მუშაობა მალევე იწვევს მენტალურ გადატვირთვას, რის შედეგადაც ქვეითდება პროდუქტიულობა. იმისათვის, რომ დღის ბოლომდე ენერგია გეყოთ, აუცილებელია, რომ ორგანიზმმა მცირე დროით მაინც შეისვენოს. განტვირთვის მიზნით, შეგიძლიათ, წაიხემსოთ, მოუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას, გააკეთოთ მსუბუქი გაწელვები/ვარჯიშები ან უბრალოდ, არაფერი აკეთოთ. მოკლევადიანი დასვენების შემდეგ საქმის შესრულების ეფექტურობა გაცილებით გაიზრდება.
შეეცადეთ, არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის მიმღებლობა და თანაგრძნობა -
რაც არ უნდა კარგად დავგეგმოთ და მოვემზადოთ, მაინც იქნება დღეები, როდესაც გაგვიჭირდება, ვიყოთ პროდუქტიულები. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ჩვენი თავის მიმართ გამოვიჩნოთ მიმღებლობა და თანაგრძნობა და გვახსოვდეს, რომ ჩვენი ღირებულება, როგორც ადამიანის, ჩვენი პრდუქტიულობით არ განისაზღვრება.
კარგია, როდესაც ჩვენს დროსა და რესურსს ოპტიმალურად ვიყენებთ (ზემოთ ჩამოთვლილი ჩვევები და მიდგომები დაგემხარებათ, იყოთ მეტად პროდუქტიული). თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ გადაიზარდოს არაჯანსაღ, არარეალურ პერფექციონისტურ ტენდენციებში, რის გამოც მუდმივად უკმაყოფილოები ვართ საკუთარი თავით და მიღწევებით. ამიტომ, სასურველია, თუ მუშაობის დროსაც მოვუსმენთ ჩვენს სხეულს, გონებას და ემოციებს, ვივარჯიშებთ საკუთარი თავის მიმღებლობაზე, თანაგრძნობაზე და ვეცადებით, სწორად შევათავსოთ დასვენება და პროდუქტიულობა, რათა არ განვიცადოთ მენტალური თუ ფიზიკური გადაწვა.