როგორ შევიმუშავოთ მშვიდი და გააზრებული ცხოვრების სტილი

როგორ შევიმუშავოთ მშვიდი და გააზრებული ცხოვრების სტილი

სიჩქარე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, სულ სადღაც გვეჩქარება, ვიღაც გველოდება, რაღაცას ვერ ვასწრებთ, და ასე, დაუსრულებლად...   

თანამედროვეობის მნიშვნელოვანი მიღწევებისა და პროგრესის პარალელურად, ჩვენდა უნებურად, შევქმენით ევოლუციურად ადამიანისათვის საკმაოდ არაბუნებრივი გარემო, რაც თითოეულ ჩვენგანზე უარყოფითად აისახება. ინტენსიური და ქრონიკული სტრესი გავლენას ახდენს როგორც ჩვენს ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე და შედეგად, დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული მენტალური პრობლემების ჩამონათვალი შემდეგია: შფოთვა, დეპრესია, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა და სხვა.

მუდმივ სიჩქარეში და ყოველდღიურ რუტინაში, არის საფრთხე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი - საკუთარი თავი დავკარგოთ. ამიტომ ახლა, ცოტა ხნით შეჩერდით და დაფიქრდით, როგორია თქვენი ყოველდღიური დღის განრიგი და დღის განმავლობაში, რამდენ წუთს უთმობთ საკუთარ თავთან ურთიერთობას?

პერიოდულად, საკუთარ თავზე დაკვირვება და მასთან კონტაქტის შენარჩუნება, უმნიშვნელოვანესია ჩვენი კეთილდღეობისთვის. აწმყოზე და უშუალოდ ჩვენს გარემოზე დაკვირვება, ჩვენში მიმდინარე პროცესებზე ფოკუსირება და მათი მიღება, ჩვენი ემოციების შემჩნევა, ფიქრების გააზრება, ჩვენი ღირებულებების გადახედვა, საზრისის გახსენება ... ეს ყველაფერი გვაახლოვებს საკუთარ თავთან და, გარემოში თუ ჩვენში მიმდინარე ქაოსის საპირისპიროდ, სიმშვიდის განცდას გვმატებს.

საბედნიეროდ, მშვიდი და გონიერი/გააზრებული ცხოვრების სტილის (slow and mindful lifestyle) გამომუშავება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, იმისათვის, რომ თქვენი ყოველდღიურობა უფრო ჰარმონიული და სასიამოვნო გახდეს.

მშვიდი და გააზრებული ცხოვრების სტილის ჩამოყალიბება გონებაში იწყება - ჩვენი ცხოვრება ჩვენი რწმენების, შეხედულებებისა და ღირებულებების მიხედვით წარიმართება და მშვიდი და გონიერი ცხოვრებაც, სწორედ აზროვნების სტილის ცვლილებიდან იწყება, რომელიც ყოველი ჩვენგანისთვის საკმაოდ ინდივიდუალური იქნება. რა არის ცხოვრებაში თქვენთვის მნიშვნელოვანი? ვინ არიან თქვენთვის განსაკუთრებული ადამიანები? რაში ხარჯავთ ყოველდღიურად თქვენს ენერგიას? ბევრი წლის შემდეგ, როდესაც თქვენს ცხოვრებას გაიხსენებთ, რა გინდათ, რომ დაინახოთ? ამ კითხვებზე დაფიქრებით, გადახედეთ თქვენი ცხოვრების პრიორიტეტებს, თქვენი დღეების განრიგს და ნელ-ნელა, შეძლებისდაგვარად, თქვენი ყოველდღიურობა შეავსეთ ამ ღირებულებების მიხედვით.

დააკვირდით და აღმოაჩინეთ უბრალოება - დააკვირდით თქვენს გარშემო არსებულ უბრალო ნივთებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ყურადღებას არ აქცევთ, თუმცა თქვენი ოთახის, სახლისა თუ ბაღის განუყოფელი ნაწილებია. რას გახსენებენ ეს ნივთები? რატომ გაქვთ და რატომ გიყვართ? შეამჩნიეთ ის უბრალო მომენტები თქვენი ყოველდღიურობიდან, რომლებიც დადებით ემოციას იწვევს თქვენში, ეს შეიძლება იყოს ოფისში მისვლისას თქვენი თანამშრომლის გულწრფელი ღიმილი ან სუსხიან ამინდში თქვენს სახეზე მოხვედრილი მზის სხივი. ხშირად, ყურადღებას არ ვაქცევთ და აღარ გვახსოვს ის ბევრი, პატარა მომენტი და ფაქტი, რაც ჩვენს ყოველდღიურობას უფრო სასიამოვნოს ხდის.

გაამარტივეთ ის, რისი გამარტივებაც შესაძლებელია - მშვიდი, ნელი და გააზრებული ცხოვრების სტილის ჩამოყალიბება საკუთარ კეთილდღეობაზე ფოკუსირებას გულისხმობს. ყოველი არჩევანის წინ, დაფიქრდით, რას მოგიტანთ ეს გადაწყვეტილება, რამდენად გინდათ ამ არჩევანის გაკეთება, რა ძალისხმევა დაგჭირდებათ და, შესაბამისად, რამდენად გიღირთ ამ გადაწყვეტილების მიღება? გაამარტივეთ თქვენი ცხოვრება, შეძლებისდაგვარად უარი თქვით იმაზე, რაც არ ემთხვევა თქვენს ღირებულებებს და არ ემსახურება თქვენს კეთილდღეობას. ეს არ გულისხმობს სიზარმაცეს ან პასუხისმგებლობების არიდებს, მშვიდი და გააზრებული ცხოვრება, პირიქით, თქვენი (და არა სხვების) ცხოვრების მიმართ მეტი პასუხისმგებლობით მიდგომას გულისხმობს.

გააკეთეთ მედიტაცია - სუნთქვითი სავარჯიშოები და სულ რაღაც 5 წუთიანი მედიტირება, ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს მშვიდი და გააზრებული ცხოვრების პრინციპის ჩამოყალიბებას. დღის მანძილზე, გამოყავით რამდენიმე წუთი, სახლში შეარჩიეთ კომფორტული, მშვიდი ოთახი ან კუთხე, სადაც პატარა ხალიჩას დააფენთ, სანთლებს დადგამთ და შინაარსობლივ, საინტერესო და დადებით ფიქრებზე შეძლებთ კონცენტრირებას. სუნთქვითი სავარჯიშოები უსაფრთხოებისა და შინაგანი წონასწორობის განცდას მოგცემთ, მედიტაცია კი, აწმყოში, საკუთარ თავთან კავშირის აღდგენაში დაგეხმარებათ.

მშვიდი და გააზრებული ცხოვრების სტილი, არჩევანია და თავდაპირველად, შესაძლოა არ იყოს მარტივი ცხოვრების პრინციპის ამგვარი ცვლილება, თუმცა საბოლოოდ, საკუთარ თავზე ფოკუსირება, საკუთარი გადაწყვეტილებების და ქმედებების გააზრება და თქვენი ღირებულებების მიხედვით ცხოვრება, დიდ სიმშიდეს და ჰარმონიას მოგიტანთ. რაც მთავარია, ამ ყველაფერზე დაფიქრებაც კი, მეტად დაგაახლოვებთ საკუთარ თავთან და თუ დღეს ვერ შეძლებთ პატარ-პატარა ცვლილებების დაწყებას, როდესაც მზად იქნებით, გეცოდინებათ საიდან უნდა დაიწყოთ. 


YOUR CART (0)

No Products in the Cart