როგორ მოვემზადოთ ემოციურად და ფიზიკურად, როცა დაორსულებაზე ვფიქრობთ

როგორ მოვემზადოთ ემოციურად და ფიზიკურად, როცა დაორსულებაზე ვფიქრობთ

გსმენიათ გამონათქვამი: “მშობლობისთვის ვერ მოემზადები”? რთულია ამ სიტყვებს შეეწინააღმდეგო, რადგან მშობლობა და ორსულობის პერიოდიც მოულოდნელობით არის სავსე. თუმცა, მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ზოგიერთი საკითხის წინასწარ გააზრება და მოწესრიგება ორსულობის პერიოდს და მშობიარობის პირველ დღეებს ბევრად მსუბუქს ხდის. 

როგორ მოვეზამდოთ ორსულობისთვის ფიზიკურად?

ორსულობისთვის ფიზიკური მომზადება ნიშნავს ისეთ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილებას, რომლებიც დაორსულების და ჯანმრთელი ბავშის ყოლის ალბათობას ზრდის. ამისთვის:

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან

ექიმთან ერთად განიხილეთ თქვენი ჯანმრთელობის ისტორია და ახლანდელი მდგომარეობა, ფიზიკური ჯანმრთელობის ის საკითხები, რომლებმაც შეიძლება ორსულობაზე გავლენა იქონიოს. მაგალითად, განიხილეთ:

  • რა მედიკამენტებს იღებთ ახლა (მათ შორის, ნივთიერებებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული პირდაპირ ჯანმრთელობასთან, მაგალითად მცენარეული მედიკამენტები, რომლებიც გახდომაში გიწყობთ ხელს);
  • გქონიათ თუ არა რამე გართულება წინა ორსულობის დროს;
  • გაქვთ თუ არა რაიმე სახის ქრონიკული დაავდება ან ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ჩივილები (მაგალითად, სქესობრივად გადამდები დაავადება, დიაბეტი, ჩიყვი და ა.შ);
  • რა ნაბიჯები შეიძლება გადადგათ იმისთვის, რომ ნაყოფი ჯანმრთელად განვითარდეს; ბავშვის ტვინის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ორგანიზმში საკმარისი ოდენობით ფოლიუმის არსებობა, რის გამოც, ექიმები 400 მგ ფოლიუმის მჟავას ნიშნავენ. 
  • როგორი ცხოვრების წესი გაქვთ: ეწევით თუ არა თამბაქოს, მოიხმართ თუ არა ალკოჰოლს, სტრესულ ან ძალადობრივ გარემოში ხომ არ ცხოვრობთ და ა.შ;
  • ვაქცინაცია. არსებობს ვაქცინები, რომელთა გაკეთებაც სასურველია დაორსულებამდე ან ორსულობის პერიოდში. მაგალითად, COVID-19-ის საწინაადღმდეგო ვაქცინა. რატომ? ორსულობის პერიოდში კორონავირუსით დაავადებამ, შესაძლოა, ფატალურ მდგომარეობამდე დაამძიმოს დედისა და ნაყოფის მდგომარეობა, ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად კი, მნიშვნელოვანია შესაბამისი ვაქცინის მიღება. 

გადადით ცხოვრების ჯანსაღ წესზე და ეცადეთ, დაარეგულიროთ თქვენი წონა

წონის ნაკლებობამ და ჭარბმა წონამ, შესაძლოა, ორსულობის პერიოდში სხვადასხვა ტიპის გართულება გამოიწვიოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორი კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და საკმარისი რაოდენობით ძილი. ჯანმრთელობის გარდა, ვარჯიში მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფიზიოლოგიურად უფრო მარტივად იმშობიაროთ და მშობიარობის შემდგომ მარტივად დაუბრუნდეთ ჩვეულ ფორმას.

თამბაქოს, ალკოჰოლის და ზოგიერთი წამლის მოხმარება პრობლემას უქმნის როგორც ორსულს, ისე მის ნაყოფს. ამის მაგალითებია: ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის ფიზიკური თუ ფსიქიკური განვითარების დარღვევები და ახალშობილის გარდაცვალება. 

მოერიდეთ სხვადასხვა ქიმიკატებთან შეხებას

გარემო სავსეა ნივთიერებებით, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებს. გასაგებია, რომ შეუძლებელია ყველაფერს თავის ავარიდოთ და, მაგალითად, სრულიად გავექცეთ გამონაბოლქვისგან დაბინძრურებულ ქალაქს, თუმცა, ეცადეთ, შეძლებისდაგვარად მოერიდოთ მავნე ქიმიკატებს (რომლებიც მრავლად არის სახლის მოვლის საშუალებებში), გარემოში არსებულ სხვადასხვა მეტალს, მცენარეების სპრეებს, შენობებს, რომელთა კედლებიც ტყვიის შემცველი საღებავით არის სავსე და ა.შ.

მოიძიეთ ოჯახის ისტორია

კარგი იქნება, თუ მოიძიებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი იყო ორსულობა თქვენი მშობლის შემთხვევაში, ხომ არ იყო დაორსულების სირთულე, ნაყოფის შენარჩუნების პრობლემა ან გართულებული მშობიარობა? ოჯახის ახლო წევრებში ხომ არ არის რაიმე დაავადებების ისტორია, რომელთა გამოწვევასთანაც კავშირში არის გენეტიკა? 

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს რომ თქვენც იგივე გამოცდილება გექნებათ, უბრალოდ ოჯახის ისტორიის ცოდნა თქვენც და ექიმებსაც პრევენციული ზომების მიღებაში დაგეხმარებათ. 

როგორ მოვეზამდოთ ორსულობისთვის მენტალურად?

ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არანაკლებ საყურადღებო და ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანიც კი, მომავალი ორსულის მენტალური ჯანმრთელობაა. მენტალური ჯანმრთელობა არის ის, თუ როგორ ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვუმკლავდებით ცხოვრების სირთულეებს. 

სამწუხაროდ, ზოგი ორსული საკმარის ყურადღებას არ აქცევს მენტალურ ჯანმრთელობას ან არასწორი გზით ცდილობს ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებას, მაგალითად წამლების მოხმარებით, ალკოჰოლის ან თამბაქოს მიღებით, საკუთარ თავზე უზრუნველობით. ეს ყველაფერი კი, ძალიან ცუდად მოქმედებს ნაყოფზე. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მხრივ?

შეაფასეთ საკუთარი მენტალური ჯანმრთელობა

ზოგჯერ, ყველა ნერვიულობს, შფოთავს ან მოწყენილია. განსაკუთრებით ბუნებრივია გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილება ორსულებში. თუმცა, თუ მუდმივად განერვიულებული ან სევდიანი ხართ, შესაძლოა ეს რაიმე უფრო სერიოზულის მანიშნელებლი იყოს. ასეთ შემთხვევაში, კარგი იქნება თუ სპეციალისტს გაესაუბრებით. რაც მალე დაიწყებთ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მით უფრო მალე იგრძნობთ თავს უკეთ. 

გაიაზრეთ ორსულობის და მშობიარობის მოსალოდნელი შედეგები

მენტალური მომზადება იმ შედეგების წინასწარ გაცნობიერებასაც გულისხმობს, რომლებიც ორსულობას და მშობიარობას შეიძლება მოჰყვეს. მაგალითად, წონის მატება, უცნაური საკვების მიმართ ლტოლვა, გაღიზინება, ტკივილები, ცვლილებები გარეგნობაში და ა.შ. 

ეცადეთ, რეალური მოლოდინები შეიქმნათ ბავშვის გაჩენის შესახებ და გაიაზროთ, რომ ორსულობის და შემდგომი პირველი წელი, ბევრ დადებით ემოციასთან ერთად, საკმაოდ რთულიც შეიძლება იყოს, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად და მატერეალურადაც.

შეიმუშავეთ გეგმა

ორსულობა/მშობიარობის მოსალოდნელი შედეგების გააზრების შემდეგ, დაფიქრდით გამოსვალზე. წინასწარ დაგეგმეთ, როგორ გაუმკლავდებით რომელიმე სირთულეს, მისი წარმოქმნის შემთხვევაში.

მოითხოვეთ სოციალური მხარდაჭერა

მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდის შესახებ კომუნიკაცია პარტნიორთან (თუ გყავთ პარტნიორი), ოჯახის წევრებთან და/ან მეგობრებთან. ასევე, გამოცდილების გაზიარება იმ ქალებთან, რომლებიც ახლა გადიან იმავე პროცესს. ასეთი მხარდაჭერის მისაღებად, შეგიძლიათ სხვადასხვა ჯგუფში გაწევრიანდეთ, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით. 

და ბოლოს… 

დაორსულებამდე ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მოწესრიგება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეცადეთ, ამაზე ფიქრს საკმარისზე მეტი ყურადღება არ დაუთმოთ. უბრალოდ თქვენს თავს მოუსმინეთ, როგორ გრძნობთ თავს? ფიქრობთ, რომ მზად ხართ?  

გახსოვდეთ, რომ ზოგი ქალისთვის, დაორსულებისთვის რამდენიმე თვეც საკმარისია, მაშინ როცა ზოგს, შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს და ეს სავსებით ნორმალურია.

ასევე, თუ ნერვიულობთ, იცოდეთ, რომ არ ხართ მარტო. ცოტათი შფოთვა ძალიან ბუნებირვია, განსაკუთრებით, პირველი ან დაუგეგმავი ორსულობის შემთხვევაში.

 

სტატია მომზადებულია თიბისი დაზღვევა-სა და Bloomin.ge ს პარტნიორობის ფარგლებში. 

The post როგორ მოვემზადოთ ემოციურად და ფიზიკურად, როცა დაორსულებაზე ვფიქრობთ appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart