როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ მარტო ყოფნა
და დარჩა ხალხი სახლში. კითხულობდნენ წიგნებს, უსმენდნენ, ვარჯიშობდნენ და ქმნიდნენ ხელოვნებას, თამაშობდნენ თამაშებს და სწავლობდნენ ყოფნის ახალ გზებს, იყვნენ მშვიდად. და კიდევ უფრო სიღრმისეულად უსმენდნენ. ზოგი მედიტირებდა, ზოგიც ლოცულობდა, ზოგი კი ცეკვავდა. ზოგი შეხვდა საკუთარ აჩრდილებს. და ადამიანებმა სხვანაირად დაიწყეს ფიქრი. და ხალხმა დაიწყო განკურნება.
Kitty O’Meara
ადამიანები ადრეული ასაკიდან ვსწავლობთ სოციუმთან კონტაქტს. სოციალური უნარების არსებობა და ხალხთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ჩვენი ინტერგაციისა და მიმღებლობისათვის. ამისათვის, ჩვენ დაბადებიდან ვითვისებთ სხვებთან ურთიერთობისთვის საჭირო უნარებს, რომელთაც თანდათან ვავითარებთ ოჯახში, ბაღსა თუ სკოლაში. თუ ამ სოციალურ უნარებთან ერთად იმის შესაძლებლობაც გაქვთ, რომ იპოვოთ ბალანსი საზოგადოებასთან ურთიერთობასა და დროის მარტო გატარებას შორის, ნამდვილად გაგიმართლათ.
ბევრ ადამიანს აშინებს მარტო ყოფნის იდეა, იქნება ეს მარტო ცხოვრება თუ უბრალოდ კომპანიონის გარეშე სადილობა.
ეს ბუნებრივია. ჩვილობის ასაკიდანვე მარტო ყოფნა ადამიანში შიშის შეგრძნებას ბადებს, რადგან ის დაკავშირებულია საფრთხის დროს დაუცველობასთან. ამასთანავე, ადამიანი სოციალური ცხოველია და მისთვის ურთიერთობები მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა ბუნებრივად ექსტრავერტი ან ინტროვერტი იყოს ადამიანი, ჩვენ ყველას გვჭირდება სოციალური კავშირები. სხვებთან ახლო, მნიშვნელოვან ურთერთბებს შეუძლია შეამციროს სტრესის დონე, გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი და დაგვიფაროს მარტოობისაგან, როდესაც ცხოვრებისეული სიტუაციები გვაიძულებს თავი გარიყულად ვიგრძნოთ.
მაგრამ საინტერესოა, რომ მარტო დროის გატარება ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რათა უფრო ღრმად დავუკავშირდეთ ჩვენს თავს.
რა განსხვავებაა მარტო ყოფნასა და სიმარტოვის შეგრძნებას შორის?
იმისთვის, რომ მეტი დრო გავატაროთ საკუთარ თავთან და ამით თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რა განსხვავებაა მარტო ყონფასა და სიმარტოვის შეგრძნებას შორის.
მარტო ყოფნა სინამდვილეში მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობაა. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ მომენტში ჩვენ არ ვართ სხვა ადამიანებთან ერთად, არამედ – მხოლოდ საკუთარ თავთან.
სიმარტოვის შეგრძნება ემოციური მდგომარეობაა. ის გამოხატავს მწუხარების განცდას, რომელიც გამოწვეულია კავშირის არქონით.
მარტო ყოფნის დროს ჩვენ შეგვიძლია თავი ვიგრძნოთ კომფორტულად და ბედნიერად, როდესაც საკუთარ თავთან ძლიერ კავშირს ვამყარებთ. ასევე, ძლიერი კავშირი გვაქვს ჩვენს გარემოცვაში მყოფ ადამიანებთან, მაშინაც კი, როდესაც ისინი კონკრეტულ მომენტში ფიზიკურად ჩვენს გვერდით არ იმყოფებიან.
ამის საპირისპიროდ, მარტოობის შეგრძნება შეიძლება გვქონდეს მაშინაც კი, როდესაც სხვა ადამიანებთან ერთად ვიმყოფებით. ეს შეგრძნება შეიძლება გამოწვეული იყოს ცხოვრებისეული მოვლენით (მაგალითად, დაშორებით), ან ძლიერი სოციალური კავშირების არქონით.
როგორ ვისწავლოთ მარტო ყოფნა?
შეიძლება, ჩვენ კმაყოფილები ვიყოთ ჩვენი სოციალური კავშირებით, მაგრამ მარტო ყოფნა მაინც გვიჭირდეს, რადგან ეს ჩვენთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა. ეს იმიტომ, რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ დღის გადატვირთულ გრაფიკს, რომელშიც საკუთარი თავისთვის დრო თითქმის არ გვრჩება. ამასთანავე, მარტო ყოფნის დროსაც, ჩვენ გარშემო უამრავი რამაა, რაც ყურადღებას გვიფანტავს – ჩართული ტელევიზორი, მობილური ტელეფონი და, რა თქმა უნდა, სოციალური მედია.
იმისთვის, რომ მარტო ყოფნისას მხოლოდ ფიზიკურად არ ვიყოთ მარტო და საკუთარ თავთან დრო ხარისხიანად გავატაროთ, მარტო ყოფნა თავიდან უნდა ვისწავლოთ.
დაკავდი სოციალური აქტივობებით მარტო
მარტო ყოფნა არ გულისხმობს ოთახში გამოკეტვას და სამყაროსაგან იზოლირებას. ეს არის საკუთარ თავთან დროის სასიამოვნოდ გატარება. გაისეირნე მარტომ, მიირთვი ყავა კაფეში, ნახე ახალი ფილმი კინოთეატრში და მალე აღმოაჩენ, რომ საკუთარი თავისთვის საუკეთესო კომპანიონი ხარ.
გამოყავი დრო საქმიანობისთვის, რომელიც მოგწონს
საკუთარ თავთან ურთიერთობისათვის დღის განმავლობაში ერთი საათიც საკმარისია. შეარჩიეთ საქმიანობა, რომლის კეთებაც გსიამოვნებთ და დაკავდით ჰობით. ეს შეიძლება იყოს მცენარეების მოვლა, ხატვა, კულინარია, წერა, კითხვა, მუსიკის მოსმენა, ცეკვა თუ სხვა. უმჯობესია, თუ ამ დროს მხოლოდ საკუთარ თავზე კონცენტრირდებით და არ გამოიყენებთ მობილურსა თუ სოციალურ ქსელებს.
დაოსტატდი დაკვირვებასა და საკუთარი თავის მოსმენაში
იმისთვის, რომ ჭეშმარიტად ისიამოვნო მარტო ყოფნით, მნიშვნელოვანია ისწავლო გარემოზე დაკვირვება და უბრალო, ყოველდღიურ მოვლენებში რაიმე ახლის და საინტერესოს დანახვა. სადაც არ უნდა წახვიდე, ეცადე, ადამიანებსა და მოვლენებს ახლებურად შეხედო და უკეთ გაიგო ისინი.
მოუსმინე საკუთარ თავს და საშუალება მიეცი, დაუკვირდე შენს ფიქრებს. ისინი ზოგჯერ შეიძლება არასასიამოვნო და ნეგატიური იყოს, მაგრამ გახსოვდეს, რომ ფიქრები, როგორც ტალღები, მოდიან და მიდიან. საკუთარი თავის მოსმენაზე ვარჯიში დაგეხმარება, გააძლიერო კავშირი შენს თავთან.
რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენს თავთან დროის გატარება?
საკუთარ თავთან დროის გატარება გვეხმარება შევწყვიტოთ სხვა ადამიანებში ვალიდაციის ძიება. მისი საშუალებით უკეთ ვიცნობთ საკუთარ თავს, შეგვიძლია გავმიჯნოთ საკუთარი აზრები და სურვილები საზოგადოების მიერ მოხვეულისაგან და ვიყოთ უფრო დამიუკიდებლები. მარტო ყოფნისგან სიამოვნების მიღება არ ეწინააღმდეგება სოციალიზაციას და არ აკნინებს მის მნიშვნელობას. პირიქით, საკუთარ თავთან დროის ხარისხიანად გატარება გვხემარება ვიყოთ უფრო ავთენტურები და თავისუფლები სხვებთან ურთიერთობისას.
მარტო ყოფნა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგოც სოციალიზაცია და კავშირი სხვა ადამიანებთან. ის არ გულისხმობს იზოლაციას და უარყოფით განცდებს. სიმარტოვის შეგრძენებისაგან განსხვავებით, მარტო ყოფნას და საკუთარ თავთან დროის გატარებას მოაქვს თვითკმარობის შეგრძნება. ჯანსაღი ბალანსი სოციალურ კონტაქტებსა და მარტო ყოფნას შორის მნიშვნელოვნად ამაღლებს ჩვენი ემოციური, მენტალური თუ სოციალური კეთილდღეობის ხარისხს.
სტატია მომზადებულია Planta სა და Bloomin.ge ს პარტნიორობის ფარგლებში.
The post როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ მარტო ყოფნა appeared first on Bloomin.