როგორ დავკავდეთ მედიტაციით სიარულის დროს
რას წარმოიდგენთ, როდესაც სიტყვა მედიტაცია გესმით? ალბათ, ბუნებაში განმარტოებულ, ლოტუსის პოზაში მჯდომ თვალდახუჭულ ადამიანს.
თუმცა, სანამ ამაზე ვისაუბრებთ, უმჯობესია, ჯერ მოკლედ განვმარტოთ, რა არის მედიტაცია. ეს არის ცნობისმოყვარეობით, ყოველგვარი განსჯის გარეშე აწმყოში დაკვირვება ჩვენსავე ფიქრებსა და განცდებზე. მედიტაცია არის გონებრივი ვარჯიში, რომელიც მოიცავს მოდუნებას, ყურადღებასა და ცნობიერებას. მას დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ტვინზე, გონებაზე, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, რასაც უამრავი კვლევა ადასტურებს.
ჩვეულებრივ, მედიტაციის პრაქტიკა სწორედ ასე ტარდება – ინდივიდუალურად, მშვიდ გარემოსა და მჯდომარე პოზაში. თუ ოდესმე მედიტაციით დაინტერესებულხართ და მისი გზამკვლევები წაგიკითხავთ, ისინიც სწორედ ამას გვირჩევენ: განმარტოვდით მშვიდ, წყნარ და მოწესრიგებულ ადგილას, დაჯექით გამართულად, ისე, რომ ხერხემალი იდეალურად სწორი იყოს და არაფერს ეყრდნობოდეთ, უმჯობესია, თუ მედიტაციით დილით დაკავდებით..
თუმცა, მედიტაციისთვის სულაც არ არის აუცილებელი იდეალური გარემოს შექმნა და იატაკზე ლოტუსის პოზაში ჯდომა. ასეთ გარემოში უბრალოდ უფრო ადვილია კონცენტრირება, განსაკუთებით დამწყებთათვის. თუ თქვენი დღის განრიგი არ გაძლევთ საშუალებას, რომ მედიტაციისთვის თუნდაც რამდენიმე წუთი გამოყოთ, მარტივად შეგიძლიათ ის ჩართოთ თქვენს ყოველდღიურ რუტინაში სიარულის დროს.
სიარული არაჩვეულებრივი ვარჯიშია სხეულისათვის, ქვემოთ მოცემული შვიდი რჩევა კი დაგეხმარებათ, მას გონებრივი ვარჯიშიც შეუთავსოთ.
იყურეთ გარშემო
ადამიანების უმრავლესობა სიარულის დროს თითქოს ავტომატურ რეჟიმზეა და ვერ ხედავს, რა ხდება მის გარშემო. როგორც წესი, ჩვენ ვიყურებით წინ ან ვუყურებთ ჩვენივე ფეხებს, რითიც ვკეტავთ ჩვენი თვალთახედვის არეალს. სიარულის დროს დაუკვირდით, რას ხედავთ თქვენ გარშემო, იარეთ ბუნებრივი ტემპით, აიხედეთ ცაში და მიმოიხედეთ ირგვლივ. საშუალება მიეცით თქვენს თვალებს, აღიქვან და დააფიქსირონ გარემო.
მოუსმინეთ გარემოს
გაიხსენეთ ბოლოს როდის გივლიათ გარეთ ყურსასმენების გარეშე? მართლაც, არაფერი ჯობია სიარულის დროს საყვარელი მუსიკის მოსმენას, ასე თითქოს დანიშნულების ადგილამდეც უფრო მალე მივდივართ. მაგრამ ხანდახან საჭიროა მოვუსმინოთ იმ მუსიკასაც, რომელსაც სამყარო ყოველ წამს ქმნის ჩვენთვის.
სიარულისას ფოკუსირდით ხმებზე, რომლებიც თქვენ გარშემოა. ისინი შეიძლება სასიამოვნო იყოს, მაგალითად, ჩიტის ჭიკჭიკი და ფოთლების შრიალი; ან უსიამოვნო, მაგალითად, მანქანის გაბმული სიგნალი. იფიქრეთ, საიდან მოდის ეს ხმები და როგორ გაგრძნობინებენ ისინი თავს. ეს დაგეხმარებათ ბოლომდე ჩართული იყოთ მომენტში.
შეანელეთ ტემპი
სიარულის დროს მედიტაციისთვის მნიშვნელოვანია, დააკვირდეთ თქვენს ტემპს. იარეთ ჩვეულებრივზე უფრო ნელა. ასეთ დროს თქვენ უკეთ აღიქვამთ სამყაროს თქვენ გარშემო, პატარ-პატარა დეტალებით, ნაკლითა და სილამაზით.
აუცილებელი არ არის, წინასწარ შეარჩიოთ დანიშნულების ადგილი, მაგრამ კარგი იქნება. თუ გეცოდინებათ რა გზის გავლას აპირებთ. ასე არ მოგიწევთ ფიქრი იმაზე, თუ საით წახვიდეთ, თქვენი სხეული ამას თქვენ ნაცვლად გააკეთებს.
ყველა ადამიანს ინდივიდუალური სიარულის ტემპი აქვს. შესაძლოა, ცოტა დრო დაგჭირდეთ მედიტაციისთვის იდეალური ტემპის შესარჩევად. პირველ რიგში, ეცადეთ სიარულის დროს არ იჩქაროთ. შეუსაბამეთ სიარულის ტემპი თქვენი სუნთქვის ტემპს. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ აჩქარდეთ, როდესაც თქვენი ფიქრები აჩქარდებიან. თუ ამას შეამჩნევთ, ეცადეთ დაუბრუნოთ თქვენი სუნთქვა ბუნებრივ ტემპს და შეანელოთ მოძრაობა.
მოუსმინეთ თქვენს სუნთქვას
სუნთქვა თავისთავად ხდება, სხვაგვარად ვერ ვიცოცხლებდით. მაგრამ, რამდენადაც ჩვენი სხეული ჩვენი გაცნობიერებული ჩარევის გარეშე სუნთქავს, ჩვენ ნაკლებად ვაქცევთ მას ყურადღებას.
სუნთქვა მედიტაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ყურადღება მიაქციეთ, როგორ სუნთქავთ სიარულის დროს, როგორ იცვლება თქვენი სიარულის ტემპი სუნთქვის ტემპის ცვლილებისას და პირიქით. ისწავლეთ საკუთარი სუნთქვის მოსმენა. ღრმად ჩაისუნთქეთ ნაბიჯის გადადგმისას და ამოისუნთქეთ შედეგი ნაბიჯის გადადგმის დროს. ეს დაგეხმარებათ, ერთმანეთს შეუწყოთ თქვენი სიარულის და სუნთქვის ტემპი.
იარეთ გამართულმა
ჩვენ მიდრეკილები ვართ მოხრილი სიარულისკენ. ეს იმიტომ ხდება, რომ დროის დიდ ნაწილს კომპიუტერთან ვატარებთ და მოხრილი ჯდომა თითქოს იცავს ჩვენს გულს. როდესაც გამართულად ვმოძრაობთ, ჩვენს გულს ვუხსნით ჩვენს თავს.
გამართულად დგომა აგრძელებს ჩვენს კუნთებს, ხსნის გულ-მკერდს და გვმატებს თავდაჯერებულობას.
მხრები გაშალეთ, თავი მაღლა აწიეთ და საშუალება მიეცით თქვენს ნიკაპს, მოშორდეს თქვენს გულმკერდს. ასე გამართვა საშუალებას მისცემს თვალებს ძალდაუტანებლად იყურონ წინ. როდესაც გამართული ვდგავართ და დავდივართ, ჩვენი გულმკერდი და ფილტვები იხსნება და უკეთ ვსუნთქავთ.
იმეორეთ მანტრა
მანტრა ეს არის ბგერა, სიტყვა ან წინადადება, რომლის გამეორებაც გონებას ფოკუსირებაში ეხმარება. მათ ყველაზე ხშირად ინდუიზმსა და ბუდიზმში ვხვდებით. აღმოსავლურ კვლევებში ათასამდე მანტრა გვხვდება, მათი მოძებნა თქვენც შეგიძლიათ. მაგალითად ბგერა „Om”, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ მედიტაციის დროს, მანტრაა. არსებობს სხვადასხვა სახის მანტრები, რომლებიც მიმართულია ჯანმრთელობისკენ, ჰარმონიისკენ, მადლიერებისკენ და სხვა.
არ არის აუცილებელი უკვე არსებული მანტრა აირჩიოთ. შეგიძლიათ თავად შექმნათ საკუთარი მანტრა – ბგერა, სიტყვა ან წინადადება, რომელიც თავს უკეთ გაგრძნობინებთ. სიარულის დროს მედიტაციისას მანტრა დაგეხმარებათ დარჩეთ ფოკუსირებული, როდესაც თქვენი აზრები ხეტიალს დაიწყებს. ის დაგაბრუნებთ ახლანდელ მომენტში და საშუალებას მოგცემთ დარჩეთ ცნობიერების მდგომარეობაში.
დატოვეთ სმარტფონი სახლში
სიარულის დროს მედიტაციისას უმჯობესია სმარტოფნი სახლში დატოვოთ, თუ არ უსმენთ მედიტაციის გზამკვლევს ან სპეციალურად მედიტაციისთვის განკუთვნილ მუსიკას.
თუ გსურთ მედიტაციით დაკავდეთ იმ დროს, როდესაც სამსახურში ფეხით მიდიხართ ან სახლში ბრუნდებით და სმარტფონის სახლში დატოვება არ შეგიძლიათ, გამოურთეთ ხმა და გათიშეთ ინტერნეტი, რათა მიღებულმა შეტყობინებებმა ხელი არ შეგიშალოთ ფოკუსირებაში.
ეს რა თქმა უნდა არ არის სიარულის დროს მედიტაციის ერთადერთი გზა. თქვენ თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ როგორი ტემპით სიარული ან რისი მოსმენა გსურთ მედიტაციისას, გეხმარებათ თუ არა მანტრების გამეორება ან თქვენს სუნთქვაზე დაკვირვება. თუმცა, თუ სიარულით მედიტაციას ახლა იწყებთ, ზემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ კონცენტრაციაში და გაგიადვილებთ პრაქტიკის საწყის პერიოდს.
ეცადეთ სიარულის დროს მედიტაციის პრაქტიკა ჩართოთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. გააკეთეთ ეს ისეთ დროს, როდესაც ფიქრობთ, რომ ყველაზე მეტად შეძლებთ მოდუნებას და გონების გათავისუფლებას. რამდენიმე დღიანი მედიტაციის შემდეგ, თქვენ თავად დაინახავთ სასიამოვნო ცვილელებს თქვენს თავსა და განწყობაში.
ავტორი: მარიამ რუსიშვილი
The post როგორ დავკავდეთ მედიტაციით სიარულის დროს appeared first on Bloomin.