რა არის ემოციური/სტრესული ჭამა და რა იწვევს მას?
ყურადღება: არსებობს უფრო სერიოზული კვებითი აშლილობებიც ამ მიმართულებით და ამას სჭირდება ინდივიდუალური გამოკვლევა და თერაპევტთან მუშაობა.
რა არის ემოციური/სტრესული ჭამა?
ჭამა, როგორც ვიცით, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილებაა, რომელიც არსებობისთვის არის აუცილებელი. თუმცა, არსებობს განსხვავება ფიზიკური შიმშილის გამო ჭამასა და ემოციურ ჭამას შორის.
როდესაც ჭამას ნუგეშის, სტრესთან გამკლავების ან საკუთარი თავის დაჯილდოვების მიზნით მივმართავთ, ეს არის ემოციური ჭამა. ანუ, როდესაც საჭმელს ვიყენებთ ემოციური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
როგორ განვასხვაოთ ემოციური ჭამა ფიზიკური შიმშილის გრძნობისგან?
როდესაც:
• უცებ გვშივდება
• გვინდება არაჯანსაღი საკვები
• ვჭამთ გადაჭარბებული რაოდენობით
• ვერ ვკმაყოფილდებით
• ვჭამთ გაუაზრებლად
• ხშირად შემდეგ თავს დამნაშავედ ვგრძნობთ
რატომ გვინდება არაჯანსაღი (განსაკუთრებით მაღალი შაქრის და ცხიმის შემცველი) საკვები ემოციური ჭამის დროს?
სტრესი
როდესაც განვიცდით უარყოფით ემოციებს, ეს ჩვენში იწვევს სტრესს; ასევე, სტრესი, შესაძლოა, გადაიზარდოს უარყოფით ემოციებში (ანუ ეს ორი რამ ერთმანეთზე საკმაოდ მკაფიოდ ახდენს გავლენას).
რა არის სტრესი? სტრესი არის ადაპტაციური თვისება (Adaptive trait), ანუ თვისება, რომელიც ევოლუციის შედეგად გამოგვიმუშავდა, რათა უკეთ შევძლოთ გადარჩენა და გამრავლება.
როდესაც განვიცდით უარყოფით სტრესს, ორგანიზმი თვლის, რომ ის გარდაუვალ საფრთხეშია და ემზადება, ძირითადად, ან ბრძოლისთვის ან გაქცევისთვის (fight or flight). სამწუხაროდ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარი ვერ ასხვავებს შენი სტრესის გამომწვევი მიზეზი რეალური გარდაუვალი საფრთხეა, პარტნიორთან კონფლიქტი, თუ სამსახურში უსიამოვნება. ეს სისტემა არ არის მორგებული იმაზე, რომ ასე ხშირად და ქრონიკულად განვიცდიდეთ სტრესს, როგორც დღევანდელ რეალობაში განვიცდით, შესაბამისად, ბევრ შემთხვევაში, ეს თვისება შეუსაბამო გახდა (maladaptive).
რა ხდება ორგანიზმში სტრესის დროს? ორგანიზმი თვლის, რომ ჩვენ გვჭირდება დიდი რაოდენობით ენერგია… და თან სწრაფად, რათა ამ „საფრთხეს“ შევებრძოლოთ. სწორედ მაღალი მარილის, შაქრის და ცხიმის (განსაკუთრებით რაფინირებული) შემცველი საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით სწრაფად გამოყენებად ენერგიას (რადგან უფრო სწრაფად შლის ორგანიზმი რაფინირებულ საკვებს და გარდაქმნის მას ენერგიად). ტვინი სიგნალს გაძლევს, რომ სწორედ ეს სწრაფი ენერგიის შემცველი საკვები უნდა მიიღო ახლავე, რათა ამ გარდაუვალ საფრთხეს გაუმკლავდე.
პრობლემის გადაჭრის მცდელობა
როდესაც ცუდად ვგრძნობთ თავს, პირველი რა გვინდება? ალბათ ის, რომ აღარ ვიგრძნოთ თავი ცუდად, ხომ ასეა?
როდესაც ვართ ემოციურად დათრგუნულები, განსაკუთრებით შაქრიანი და ცხიმიანი საკვების მიღება ტვინში გამოყოფს ოპიოიდებს (რაც ასევე გვხვდება ისეთ ნარკოტიკებში, როგორიც არის კოკაინი და ჰეროინი), რაც გვეხმარება, რომ ხანმოკლედ თავი უკეთ ვიგრძნოთ. (ამასაც აქვს ევოლუციური ახსნა და ისევ ჩვენი გადარჩენის მაქსიმალიზაციას უკავშირდება)
ანუ, ემოციური ჭამა არის პრობლემიდან ყურადღების გადატანის და სწარფად და მარტივად გადაჭრის მცდელობა. იმის გამო, რომ არ/ვერ ვუმკლავდებით ამ ემოციის/სტრესის გამომწვევ მიზეზს, დროებით მაინც გვინდა, დავივიწყოთ და თავი კარგად ვიგრძნოთ, რაც ძალიან გასაგები და ადამიანურია.
ამის გამომწვევი ემოცია შეიძლება ასევე იყოს მარტოობა, მოწყენილობა, ან საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილება.
კულტურა/აღზრდა
ემოციური ჭამა (და დალევა) ასევე შესაძლებელია უკავშირდებოდეს ჩვენს კულტურას და აღზრდას:
• კულტურა: როგორ ზეიმობენ ჩვენს კულტურაში კარგ ამბავს? ცუდს? ჭამა რასთან ასოცირდება? ჭამაზე უარის თქმა მიღებულია? ისტორიულად იყო დრო, როდესაც საკვების დეფიციტი იყო? კულტურულად საჭმელი გამოზომილად იდება თითო თეფშზე? თუ საერთო თეფშიდან ხდება გადაღება?
• აღზრდა: დაფიქრდით თქვენს ბავშვბაზე. კარგად მოქცევა ნაყინით ან შოკოლადით ხომ არ ჯილდოვდებოდა? როდესაც ცუდად გრძნობდით თავს, მაშინ ხომ არ იყო საკვები თქვენთვის “ნუგეშის” წყარო?
სრულიად ნორმალურია, როდესაც იშვიათად და ზომიერად ვიღებთ ტკბილეულს და სხვა ე.წ. არაჯანსაღ საკვებს, არც ცალსახად საკვების საზეიმოდ გამოყენება არის ცუდი და კულტურას და ტრადიციებს ბევრი დადებითი და ჩვენთვის სასარგებლო თვისებებიც გააჩნია, ისევ ზომიერების ფარგლებში. ეს ხდება პრობლემა, როდესაც ჭამას ჩვენს უარყოფით ემოციებთან და სტრესთან გამკლავების ძირითად ან ერთადერთ მეთოდად ვირჩევთ.
ჯერ ერთი, რომ სამწუხაროდ ტორტის ჭამით ვერ გადავჭრით ჩვენს პრობლემას. ასევე, კვლევები რაფინირებული არაჯანსაღი საკვების რეგულარულად და დიდი დოზით მიღებას ორგანიზმში ანთებით პროცესებს უკავშირებს. ეს ქრონიკული ანთება ორგანიზმში კი არა მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ ჯანრმთელობასა და ტვინის ფუნქციონირებაზე ახდენს უარყოფით გავლენას.
ემოციური/სტრესული ჭამა (და ზოგადად არაჯანსაღი კვება) ასევე უკავშირდება:
• ჭამის შემდეგ დაღლილობის გრძნობას;
• კიდევ მეტი არაჯანსაღი საკვების მიღებას;
• ეკრანის წინ ჭამას;
• შებერილობას, მუცლის არეში დისკომფორტს;
• გაუაზრებელ ჭამას;
• უაზრო სნექინგს;
• გახშირებულ შიმშილის გრძნობას;
• ჭამის შემდეგ დანაშაულის გრძნობას;
• წონაში მომატებას.
ავტორი: ელენე კვერნაძე
The post რა არის ემოციური/სტრესული ჭამა და რა იწვევს მას? appeared first on Bloomin.