რა არის იმპოსტორის სინდრომი და როგორ გავუმკლავდეთ?

რა არის იმპოსტორის სინდრომი და როგორ გავუმკლავდეთ?

წარმოიდგინეთ, რომ აღწევთ წარმატებებს, რომელთა მტკიცებულებებიც არსებობს. თქვენ კი, გჯერათ, რომ  მათ მისაღწევად საჭირო უნარები არ გაქვთ, ფიქრობთ, რომ სხვებს არასწორად კარგი წარმოდგენა აქვს თქვენზე და მალე ყველა გაიგებს სიმართლეს.  საიდან მოდის მსგავსი რწმენა და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ მას? 

იმპოსტორის სინდრომი (Impostor syndrome) გულისხმობს შინაგან მდგომარეობას, როდესაც ადამიანს სჯერა, რომ არ არის ისეთი კომპეტენტური, უნარიანი თუ ინტელიგენტური, როგორიც სხვებს ჰგონიათ და რომ მალე, ყველა გაიგებს სიმართლეს. 

ასეთ მდგომარეობაში, ადამიანი ფიქრობს, რომ არ დაუმსახურებია წარმატება, რომელსაც მიაღწია და ყველაფერი მხოლოდ იღბალის დამსახურებაა.

იმპოსტორის სინდრომი არის უფრო მეტი, ვიდრე ეჭვი საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. ეს არის საკუთარი თავის დაუფასებლობა, გრძნობა, რომ რამდენსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც ვერ დაიჯერებ, რომ საკმარისად კარგი ხარ. იმის მიუხედავად, რომ სხვები ხედავენ და სჯერათ შენი წარმატების. 

როგორ ამოვიცნოთ იმპოსტორის სინდრომის მქონე ადამიანი? 

იმპოსტორის სინდრომი არ არის ოფიციალურად აღიარებული დიაგნოზი.  ადამიანების უმრავლესობა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცდის ამ ფენომენის რომელიმე ეპიზოდს. მსგავსი გრძნობა, ნებისმიერს შეიძლება დაეუფლოს, განურჩევლად  სოციალური სტატუსისა, სამუშაო გამოცდილებისა, უნარებისა და ცოდნისა.

იმპოსტორის სინდრომისთვის დამახასიათებელია:

• მუდმივი ეჭვი პიროვნების წარსულთან, ახლანდელ და მომავალ გამოცდილებებთან დაკავშრებით;
• წარმატების მიღწევის გარემო ფაქტორებით ახსნა. (“იმიტომ დამაწინაურეს, რომ ჩემ გარდა სხვა კანდიდატი არ ჰყავდათ და უბრალოდ გამიმართლა.”) სიამაყის და სიხარულის განცდის ნაცვლად, უსიამოვნო გრძნობები გეუფლებათ.
• მუდმივი შიში, რომ სხვები აღმოაჩენენ და გაიგებენ რომ “ყალბი” ხართ.
• ავტორიტეტულ ადამიანებში აღიარების ძიება. მაგალითად, უფროსისგან ან ოჯახის წევრისგან. ფაქტობრივად, სხვას აძლევთ ძალაუფლებას, გადაწყვიტონ წარმატებული ხართ თუ არა.

იმპოსტორის სინდრომის სხვა ნიშნებია:

• თავდაჯერებულობის ნაკლებობა;
• საკუთარი შესაძლებლობების და უნარების სწორედ შეფასების სირთულე;
• საკუთარი შესაძლებლობების დაფასების სირთულე;
• შიში, რომ ვინმეს მოლოდინებს ვერ გაამართლებთ;
• ძალიან რთული მიზნების დასახვა და იმედგაცრუების გრძნობა წარუმატებლობის შემთხვევაში.

თუ ფიქრობთ, რომ ეს სინდრომი გაქვთ, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვით:

• ნერვიულობთ თუ არა, სამსახურში დაშვებულ პატარა შეცდომაზეც კი?
• წარმატებას გარემო ფაქტორებს ან იღბალს ხომ არ მიაწერთ?
• კონსტრუქციული კრიტიკის მიმართ, ძალიან მგრძნობიარე ხართ?
• გრძნობთ, რომ სხვები აუცილებლად მიხვდებიან, რომ “ყალბი” ხართ?
• არ აფასებთ შესაძლებლობებს თუნდაც ისეთ სფეროში, სადაც ნამდვილად სხვებზე გამოცდილი ხართ?

იმპოსტორის სინდრომის 5 ტიპს გამოყოფენ (Dr. Valerie Young, The Secret Thoughts of Successful Women: Why Capable People Suffer from the Impostor Syndrome and How to Thrive in Spite of It)

ექსპერტი – ვერ კმაყოფილდება დავალების შესრულებით, სანამ არ გაიგებს რომ ამა თუ იმ თემის შესახებ ყველაფერი იცის. ინფორმაციის ძიებაზე დახარჯულმა დრომ შეიძლება ხელი შეუშალოს დავალებისა თუ პროექტის დასრულებას. 

პერფექციონისტი – განიცდის ძლიერ შფოთვას, ეჭვებშია და ნერვიულობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა განსაკუთღებულად რთულ მიზნებს ისახავს. პერფექციონისტი უფრო მეტად იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც შეეძლო უკეთ გაეკეთებინა, ვიდრე მიღწეულ შედეგზე.

ბუნებრივი “გენიოსები” – ბევრ უნარს იმუშავებენ სწრაფად და მარტივად, ამიტომ ზედმეტად რთული მიზნის მიღწევისას შეიძლება დაითრგუნონ. იმის გაცნობიერება, რომ ზოგიერთი მიზნის მიღწევას წვალებაც სჭირდება, ეხმარება ასეთ მდგომარეობას. 

სოლისტი – ძალიან ინდივიდუალური ადამიანები, რომლებსაც მარტოს ურჩევნიათ მუშაობა. ხშირად, საკუთარ თავს აფასებენ პროდუქტიულობით და ამიტომ უარს ამბობენ დახმარებაზე. ასეთი ადამიანები, სხვისთვის დახმარების თხოვნას სისუსტის ან არაკომპეტენტურობის ნიშნად მიიჩნევენ. ასეთ ადამიანებს ეშინიათ, რომ სხვებისთვის დახმარების თხოვნით აშკარა გახდება მათი არაკომპეტენტურობა. 

სუპერგმირი – ეს ადამიანები, თავს არაადეკვატურად მიიჩნევენ, ამიტომ თავს აიძულებენ რაც შეიძლება მეტი იმუშაონ. ხშირად ემართებათ ე.წ. “burnout” (გადაწვა), რაც ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას ვნებს. 

რა იწვევს იმპოსტორის სინდრომს?  

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს და შეიძლება რამდენიმე ფაქტორის თანაარსებობით აიხსნას. ფაქტორებში მოიაზრება პიროვნული მახასიათებლები (მაგალითად, პერფექციონიზმი) და ოჯახის გამოცდილება . 

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, იმპოსტორის სინდრომის საწყისი უნდა ვეძებოთ მშობლებში, რომლებიც წარმატებას განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ასეთი ზეწოლა,  ზრდასრულობაში შეიძლება განზოგადდეს რწმენად: “იმისთვის, რომ ადამიანებს ვუყვარდე, ბევრს უნდა მივაღწიო.”

სხვა თეორიის თანახმად, იმპოსტორის სინდრომის მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს დაბალი მხარდამჭერის მქონე და კონფლიქტური ოჯახები. ასევე, პრობლემის საფუძველი შეიძლება ვეძებოთ ჩვენს კულტურაშიც. 

როგორ გავუმკლავდეთ იმპოსტორის სინდრომს?

პირველ რიგში, ეცადეთ უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს 

• “რა ბაზისური რწმენები მაქვს ჩემი თავის შესახებ?”
• “ვთვლი, რომ სიყვარულს ვიმსახურებ?”
• “უნდა ვიყო თუ არა იდეალური იმისთვის, რომ სხვებმა მიმიღონ?”

გაუზიარეთ გრძნობები სხვებს 

ესაუბრეთ სხვებს იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობთ თავს. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ არარაციონალური რწმენები ძლიერდება, როდესაც მათ საკუთარ თავში ვინახავთ. 

გრძნობების გაზიარება ან უკუკავშირის მიღება სანდო კოლეგისგან, მეგობრისგან ან ოჯახის წევრისგან, ადამიანს ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების და უნარების უფრო რეალურად დანახვაში.

დაუსვით კითხვები საკუთარ თავს

როდესაც შესაძლებლობებში ეჭვი შეგეპარებათ, ორი წუთით შეჩერდით და თქვენს თავს ჰკითხეთ: ეს აზრი სწორია? ესეთი ფიქრი დამეხმარება თუ ხელს შემიშლის? ეხლა ემოციურად ვგრძნობ თავს და ამიტომ ვფიქრობ ასე თუ სხვა მიზეზია?

ეცადეთ, გაუმკლავდეთ ნეგატიურ აზრებს და მიღწევაზე კონცენტრირდეთ

უსიამოვნო აზრების პოზიტიური ფიქრებით ჩანაცვლება, იმპოსტორის სინდორმის დაძლევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა: გაიხსენეთ წარსულში მიღწეული წარმატებები, ჩამოწერეთ  რა გამოგდით კარგად,  ისიამოვნეთ წარმატებით, ჩაინიშნეთ როდესაც სხვები პოზიტიურად გაფასებენ. 

ეცადეთ, თქვენი თავი სხვებს არ შეადაროთ

ყოველთვის, როცა თავს სხვა ადამიანს ადარებთ, თქვენში მძაფრდება გრძნობა, რომ არ ხართ საკმარისად კარგი. 

გაიჩინეთ მენტორი

ადამიანი, რომელიც თქვენთვის სამაგალითო და საამაყოა. ის, ვინც თქვენი მსგავსი გზა გაიარა.

შეიქმენით შეცდომის დაშვების მოლოდინი

გახსოვდეთ, რომ შეცდომის დაშვება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეცადეთ, წინასწარ დაუშვათ ვარაუდი, რომ შეიძლება რამე შეგეშალოთ ან არ გამოგივიდეთ და რომ ეს ნორმალურია.

პერფექციონისტების მსგავსად, იმპოსტორის სინდრომის მქონე ადამიანები, საკუთარი თავისგან მოითხოვენ, რომ ყველაფერი იდეალურად გააკეთონ. მათ ეშინიათ, რომ ნებისმიერი დაშვებული შეცდომით, სხვები გაიგებენ რომ ისინი არ არიან საკმარისად კარგები ან ჭკვიანები. 

იფიქრეთ იმაზე, რომ არ არსებობს სრულყოფილი ადამიანი

ჩვენ ყველა უნიკალური უნარებით ვიბადებით და მხოლოდ ამ შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა შეგვიძლია. ჯანსაღი თვითშეფასება გულისხმობს მდგომარეობას, როცა ჩვენ საკუთარ თავში ვაღიარებთ როგორც ძლიერ, ისე სუსტ მხარეებს.

მიმართეთ სპეციალისტს 

თუ ამჩნევთ, რომ თქვენი საკუთარი თავი და გარშემომყოფები არ არის საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად და მუდმივ სტრესში იმყოფებით, მიმართეთ ფსიქოლოგს. 

გახსოვდეთ

თუ იმპოსტორივით გრძნობთ თავს, ეს ნიშნავს რომ რაღაც წარმატებას უკვე მიაღწიეთ. დაუკვირდით წარმატებებს და იყავით მადლიერი. მადლიერების გრძნობა მნიშვნელოვანია ბედნიერების შეგრძნებისთვის.

 

ავტორი: ნინი დარსაძე

The post რა არის იმპოსტორის სინდრომი და როგორ გავუმკლავდეთ? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart