როგორ დავისახოთ საახალწლოდ მიზნები, რომლებსაც ნამდვილად შევასრულებთ?

როგორ დავისახოთ საახალწლოდ მიზნები, რომლებსაც ნამდვილად შევასრულებთ?

ახალი წელი მშვენიერი დროა ცხოვრების ახალი ფურცლიდან დასაწყებად. მავნე ჩვევებისთვის უარის თქმისა და ისეთი ქცევების გამომუშავებისთვის, რომლებიც ემოციურ, სოციალურ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაში დაგეხმარებათ. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ბევრი ადამიანი, საახალწლოდ, მნიშვნელოვან მიზნებს ისახავს, როგორიც არის

• “აი, მომავალი წლიდან აუცილებლად დავიწყებ ვარჯიშს”;
• “ახალი წლიდან დანაზოგის შეგროვებას დავიწყებ”;
• “იანვრიდან თამბაქოს თავს დავანებებ”;
• “ახალი წლები გადავაგორო და სამსახურში აღარ დავიგვიანებ”.

ეს და სხვა მსგავსი ფრაზები, შეიძლება, თქვენთვისაც კარგად ნაცნობია და შარშანაც კი დაისახეთ მიზნად, მაგრამ, რამდენი მათგანის ერთგული დარჩით?

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, წინასაახალწლოდ დასახულ გადაწყვეტილებებს, ადამიანთა მხოლოდ 12% ასრულებს (Wiseman R. New Year’s resolution project.). აღსანიშნავია, რომ ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილებები უკავშირდება წონის დაკლებას, ჯანსაღად კვებას, რეგულარულად ვარჯიშს, უკეთეს ფინანსურ ქცევებს, თამბაქოსთვის თავის დანებებას და ოჯახის წევრებთან უფრო მეტი დროის გატარებას.

კვლევის შედეგად, ისიც დასტურდება, რომ ის ადამიანები, რომლებიც ახალი წლის წინ მიზნებს ისახავენ, 10-ჯერ უფრო დიდია ალბათობა, რომ შეცვლიან თავიანთ ქცევებს, ვიდრე ისინი, ვისაც წინასაახალწლოდ არ აქვთ არანაირი რეზოლუცია.

მარტივია მოიფიქრო, რა შეცვალო ახალ წელს და გაცილებით რთული – შეინარჩუნო გადაწყვეტილებები. საახალწლოდ გადაწყვეტილებების შესრულებას ისე სჭირდება დრო და ენერგია, როგორც ნებისმიერი ახალი ქცევის ჩამოყალიბებას. ახალი ქცევა, ვერ გახდება ავტომატური ერთ ღამეში.

მაშ, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ საახალწლო გადაწყვეტილებები შეასრულოთ?

დაისახეთ კონკრეტული მიზანი

ყოველ წელს, მილიონობით ადამიანი ისახავს მიზნად, რომ “წონაში დაიკლოს”, “უფრო პროდუქტიული გახდეს” ან “ფორმაში ჩადგეს” ახალი წლიდან. ასეთი ზოგადი მიზნის დასახვის ნაცვლად, ფოკუსირდით რაიმე კონკრეტულზე.

რას ნიშნავს, იყოთ უფრო პროდუქტიული? რამდენი კილოგრამი გინდათ დაიკლოთ? რას გულისხმობს “ფორმაში ჩადგომა”?

ეფექტურად განსაზღვრეთ მიზნების რაოდენობა

ფსიქოლოგიის პროფესორი, რიჩარდ ვაისმენი გირჩევთ, მოერიდოთ პოტენციური საახალწლო მიზნების დიდ სიას. სასურველია, შეარჩიოთ ერთი მიზანი და მთლიანად მასზე ფოკუსირდეთ, ვიდრე ყურადღება სხვადასხვა რამეზე გადაანაწილოთ. გახსოვდეთ, რომ ახალი ქცევის ჩამოყალიბებას, დრო და ძალისხმევა სჭირდება.

დეტალურად გაწერეთ სამოქმედო გეგმა

გეგმის გაწერაში, ნებისმიერი მიზნის მიღწევისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა იგულისხმება. მათ შორის იმის მოფიქრება, როდის რა უნდა გააკეთოთ, რა დროისთვის უნდა გქონდეთ ესა თუ ის ამოცანა შესრულებული და როგორ უნდა გაუმკლავდეთ სირთულეებს.

დაწერეთ ძირითადი მიზანი, ჩამოწერეთ რა უნდა გააკეთოთ ამ მიზნის მისაღწევად, დაწერეთ როდის რას აკეთებთ და იქვე აღნიშნეთ, რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი.

მაგალითად, თუ თქვენი მიზანი კვირაში სამჯერ სირბილია, როგორ მოიქცევით, თუ რაიმე მიზეზით, ვარჯიშის ერთი კვირა ჩაგივარდებათ?

დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით

ხშირად, მოქმედების ძალიან სწრაფად დაწყება ის მიზეზია, რის გამოც წინასაახალწლოდ დასახული მიზნების განხორციელება არ გამოდის. ამის მაგალითია, როცა ზედმეტი დატვირთვით იწყებთ ვარჯიშს ან მყისიერად, ძალიან მკაცრ დიეტას იწყებთ 2 იანვარს და ა.შ.

თუ თქვენი მიზანი წონაში დაკლებაა, დაიწყეთ არაჯანსაღი საკვების შედარებით სასარგებლო პროდუქტებით ჩანაცვლება. ამის შემდეგ, რაციონში მეტი ბოსტნეული შეიტანეთ, შემდეგ ულუფები შეამცირეთ და ა.შ.

ძირითადი მიზანი პატარ-პატარა ამოცანებად დაყავით. პატარა მიზნები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროგრესი შეამჩნიოთ,უფრო თავდაჯერებულები გახდეთ და მოტივაცია შეიქმნათ რთული დავალების შესასრულებლად.

გაითვალისწინეთ წარსული გამოცდილება 

თუ, საახალწლოდ ისეთი მიზნის დასახვას აპირებთ, რომლისთვისაც წელს ბევრი ვერაფერი გააკეთეთ, მნიშვნელოვანია გაიაზროთ რატომ მოხდა ასე. რა იყო ეფექტური? რამ არ იმუშავა? რა შეგეშალათ? რა შეიძლებოდა სხვანაირად გაგეკეთებინათ?

გახსოვდეთ, რომ ცვლილება პროცესია

არასასურველი ან მავნე ჩვევები, რომლის შეცვლაც გინდათ, დიდი ალბათობით თვეების და წლების მანძილზე ჩამოყალიბდა. ლოგიკურია, რომ მათ შეცვლასაც დრო სჭირდება. მნიშვნელოვანია, თქვენი ახლანდელი მდგომარეობა რეალურად შეაფასოთ და მოთმინება გამოიჩინოთ.

მომთმენი და მიმტევებელი იყავით საკუთარი თავის მიმართ. თუნდაც რაიმე შეგეშალოთ, არაუშავს, ახლიდან დაიწყეთ და გააგრძელეთ მიზნისკენ სწრაფვა.

მიიღეთ სხვებისგან მხარდაჭერა

ადამიანებისგან მხარდაჭერის მიღება, მოტივაციის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან კარგ ნაცნობებს მოუყევით თქვენი მიზნების შესახებ და მოისმინეთ მათი აზრიც.

მეტიც, კარგი იქნება თუ შეუერთდებით ადამიანთა ისეთ ჯგუფს, რომლებსაც მსგავი მიზნები აქვთ.

განაახლეთ მოიტივაცია

დიდი ალბათობით, იანვრის პირველ დღეებში ძალიან მოტივირებული და თავდაჯერებული იქნებით. მაგრამ, როცა რეალობაში გადავარდებით და გადაწყვეტილებების შესრულებას დაიწყებთ, დიდი შანსია თანდათან ცხვირი ჩამოუშვათ და თქვენმა მოტივაციამაც იკლოს.

როცა თავს ასე იგრძნობთ, საკუთარ თავს შეახსენეთ, რატომ გადაწყვიტეთ ამა თუ იმ მიზნის დასახვა. ჩამოწერეთ იმ სასიამოვნო შედეგების სია, რომელიც გადაწყვეტილების შესრულებას მოყვება.
და ბოლოს…

მართალია, წინასაახალწლოდ მიზნების დასახვა სიმბოლური ქცევაა, თუმცა მათი შესრულება შესაძლებელია. გახსოვდეთ, რომ ყოველი ახალი დღე არის ახლის დასაწყისი და საშუალება იმისა, რომ მივუახლოვდეთ ჩვენს სურვილებს. მთავარია, გახსოვდეთ, რომ მოქმედება მხოლოდ და მხოლოდ აწმყოში ხდება.

ზოგჯერ კი, წარმატებასა და წარუმატებლობას შორის სხვაობა მიზნის სწორად დასახვაში და მის მისაღწევად საჭირო პროცესის სწორად დაგეგმვაშია.

 

ავტორი: ნინი დარსაძე

The post როგორ დავისახოთ საახალწლოდ მიზნები, რომლებსაც ნამდვილად შევასრულებთ? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart