რა არის მომენტით ტკბობა და რატომ არის ის ბედნიერების გასაღები?

რა არის მომენტით ტკბობა და რატომ არის ის ბედნიერების გასაღები?

ცხოვრება სავსეა მარტივი დადებითი ემოციების გამომწვევი მომენტებით. ეს შეიძლება იყოს მეგობრისგან გამოგზავნილი სიმბოლური საჩუქარი, თანამშრომლისგან მიღებული კომპლიმენტი ან თუნდაც, ზღვაში მზის ჩასვლის ყურება. პატარა მომენტები, რომლებიც დადებით ემოციებს გვანიჭებენ, მაგრამ ძალიან მალე გვავიწყდება. გიფიქრიათ, რა როლს ასრულებენ ისინი ჩვენს ცხოვრებაში ?

კეთილდღეობისთვის ადამიანს ორი აუცილებელ რამ სჭირდება: უსიამოვნო სიტუაციებთან გასამკლავებელი უნარები და ტკბობის უნარი,  რომელიც ხელს შეუწყობს დადებითი მომენტების ბოლომდე შეგრძნებას.

იმისთვის, რომ დადებითი ემოციები გავაღვივოთ, არ არის აუცილებელი ველოდოთ, როდის მოხდება რაიმე განსაკუთრებული. შეგვიძლია, უბრალოდ, გავიხანგრძლივოთ ბედნიერება, რომელიც დაკავშირებულია მაგალითად, ბუნებაში ყოფნასთან, საყვარელი კერძის მირთმევასთან ან იმაზე დაკვირვებასთან, თუ როგორ თამაშობენ ჩვენი შვილები. მომენტით ტკბობა არის ის, რაც შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას გავაკეთოთ.

მომენტით ტკბობა ნიშნავს, რომ  ბოლომდე ვცდილობთ ვისიამოვნოთ, შევიგრძნოთ და გავიხანგრძლივოთ პოზიტიური გამოცდილება. ამ პროცესში ჩვენს თავს საშუალებას ვაძლეთ, დადებითი ემოციების ისეთ ტკბილ შეგრძნებებში ჩავიძიროთ, როგორიც არის სიხარული, სიყვარული, მადლიერების გრძნობა და სიმშვიდე. ეს არის შესანიშნავი საშუალება პოზიტიური აზრების ხანგრძლივი ნაკადის განვითარებისთვის.

მომენტით ტკბობა, პოზიტიურ ფსიქოლოგიაში კარგად დამკვიდრებული კონსტრუქტია  და კვლევების თანახმად, ის ადამიანში ბედნიერების შეგრძნების ზოგად დონეს ზრდის

დადებით მომენტებზე ფოკუსირება, ჩვენში ცვლილებებს ფიზიოლოგიურ დონეზე იწვევს. FMRI-ზე (მაგნიტო-რეზონანსული გამოსახვა) დაკვირვებით, თავის ტვინის მთავარ რეგიონებში ნერვული აქტივობა ვლინდება იმ ადამიანებში, რომლებიც პოზიტიურ გამოცდილებას იხსენებენ.

როგორ ვისწავლოთ მომენტით ტკბობა

პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ არ არის საჭირო ზედმეტად თავის დაძაბვა ნებისმიერი დადებითი სიტუაციისგან მაქსიმუმის მისაღებად. უბრალოდ, შეამჩნიეთ რაღაც მომენტები, დაუკვირდით ხმებს, სურნელებს, რომლებიც თქვენს ირგვლივაა და დაფიქრდით, რა განიჭებთ ყველაზე დიდი სიამოვნებას ამ  მომენტებში?

დატკბით წარსულით

მომენტით ტკბობაზე ვარჯიშის ყველაზე მარტივი ხერხი, წარსულით ტკბობაა. ამისთვის, წარსულში მომხდარ ბედნიერ, სახალისო ან სასიამოვნო სიტუაციაზე ფიქრს რამდენიმე წუთი დაუთმეთ. შეიძლება გაიხსენოთ, რა კარგი დრო ატარეთ მეგობრებთან ერთად რომელიმე ღონისძიებაზე ან როგორ დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტი.

როდესაც ასეთ მომენტს გაიხსენებთ, იფიქრეთ იქ მყოფ ადამიანებზე, ფიზიკურ შეგრძნებებზე, რომლებიც იქ ყოფნისას გიჩნდებოდათ, სურნელზე, ხმებზე და სხვა აღსანიშნავ დეტალებზე. როცა სასიამოვნო მოგონებებში ხეტიალობთ, უბრალოდ იპოვეთ ის, რაც თავს კარგად გაგრძნობინებთ და ამ ფიქრებზე შეჩერდით.

ღრმად ამოისუნთქეთ და დაუკვირდით, როგორ მოქმედებს ეს დადებითი ემოციები თქვენს სხეულზე. მიეცით თავს საშუალება, რომ ემოციები თავისით დაუბრუნდენ აქტუალურ მდგომარეობას და შემდეგ გააგრძელეთ თქვენი საქმიანობა.

დატკბით აწმყოთი

ზოგჯერ, ვერ ვამჩნევთ ან სათანადოდ ვერ ვაფასებთ სიამოვნების მომგვრელ პატარა მომენტებს. ეცადეთ, დაუკვირდეთ ნებისმიერ სიტუაციას, როცა რაღაც პოზიტიურს გრძნობთ. როდესაც თავს კარგად იგრძნობთ, თქვენი ფიქრები ამ გრძნობებზე შეაჩერეთ და დაუკვირდით, რამ გამოიწვია დადებითი ემოციები. ამასთან ერთად, მადლიერების გამოხატვაზეც შეგიძლიათ ივარჯიშოთ, თავს შეახსენეთ რისთვის და ვისთვის ხართ მადლიერი, რამ გამოიწვია პოზიტიური შეგრძნებები.

დადებითი ემოციების გასახანგრძლივებლად, კარგად ყოფნის დროს გაჩენილი განცდები გაუზიარეთ, მოუყევით და აჩვენეთ სხვებს. ამ პროცესს “პოზიტიური მოვლენების კაპიტალიზაციას” უწოდებენ:

“ანახეთ” – არავერბალურად გამოხატეთ პოზიტიური ემოციები. მაგალითად, გაიღიმეთ, გაიცინეთ.

“უთხარით” –  სხვებს მოუყევით, რა იწვევს თქვენში სიხარულს. შეიძლება დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ მეგობარს ან უბრალო ნაცნობს მოუყვეთ, როგორ გრძნობთ თავს.

გახსოვდეთ, რომ დადებითი ემოციების გამომწვევი მიზეზი არ უნდა იყოს აუცილებლად რაიმე გრანდიოზული.

დატკბით მომავლით

იცოდით, რომ ზოგჯერ დადებით ემოციებს მაშინაც განვიცდით, როდესაც მიზნისკენ მივისწრაფვით? მანამდეც კი, სანამ ამ მიზანს მივაღწევთ. როგორ? წარმოსახვის საშუალებით,  ბედნიერების შეგრძნების გაზრდით. მაგალითად, საზაფხულო არდადეგების მოლოდინში, თუ იფიქრებთ იმაზე, რას გააკეთებთ, ვინ იქნება თქვენთან ერთად და რა ემოციებს მოგიტანთ, შედეგად თქვენ დატკბებით იმითაც კი, რაც ჯერ არ მომხდარა.

ხშირად გვგონია, რომ ბედნიერებას უნდა ველოდოთ და რომ ის, სადაცაა კარს მოგვადგება. ტკბობა კი, საშუალებას გვაძლევს შევამჩნიოთ და დავაფასოთ ის, რაც უკვე არის.

რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს მიზანი და უკეთესობისკენ მივისწრაფვით, მაგრამ ნამდვილი ბედნიერებისთვის, ზოგჯერ გვჭირდება, რომ ჩვენი ხედვის პერსპექტივა შევცვალოთ.

ავტორი: ნინი დარსაძე

The post რა არის მომენტით ტკბობა და რატომ არის ის ბედნიერების გასაღები? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart