რა მიდგომებია გავრცელებული ამჟამად ფსიქოთერაპიაში?
ფსიქოთერაპია გულისხმობს თერაპევტის მიერ, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას, კლიენტის პრობლემების მოგვარების, ამა თუ იმ საკითხის არსში გარკვევისა და პიროვნული ზრდის მიღწევის მიზნით.
1853 წელს ინგლისელმა ფსიქიატრმა, უოლტერ კუპერ დენდიმ, პირველად გამოიყენა ტერმინი “ფსიქო-თერაპია” და მალევე, ზიგმუნდ ფროიდმა შეიმუშავა ფსიქოანალიზზე დაფუძნებული თერაპიის მეთოდი.
ფსიქოთერაპიის უამრავი მიმართულება არსებობს, როგორც ცალკე მდგომი, ისე – შერეული. ქვემოთ კი გაგაცნობთ დღესდღეობით ფსიქოთერაპიის ოთხ ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ მიმართულებას. ესენია:
ფსიქოდინამიკური
ეს მიმართულება ადამიანის ქცევებსა და მოტივებს ძლიერი შინაგანი ძალებით ხსნის. შეისწავლის, როგორ არის ჩვენი ახლანდელი ქცევები, გრძნობები და ემოციები დაკავშირებული წარსულ გამოცდილებასთან.
ფსიქოდინამიკური სკოლის ფუძემდებლად ითვლება ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939), რომელმაც პირველად შემოგვთავაზა ფსიქოანალიზის მეთოდი. ფროიდის თანახმად, არაცნობიერი გონება არის ადამიანის ქცევის ძირითადი წყარო. როგორც აისბერგის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი არის უხილავი, ისე გონების წამყვანი ნაწილი არის უხილავი, ანუ – არაცნობიერი. ფროიდს სჯეროდა, რომ ადამიანებს ბოლომდე და კარგად არ ესმით თავიანთი ქცევის მიზეზები და მოტივები.
ფსიქოანალიზის დროს, თერაპევტი ადამიანებს ეხმარება, გააცნობიერონ რეპრესირებული (მეხსიერებიდან განდევნილი) გრძნობები, დავიწყებული მომენტები და არაცნობიერი აზრები.
ფსიქოთერაპევტი, ამ ტიპის თერაპიაზე მისულ ადამიანს, პაციენტს უწოდებს.
ამ მნიშვნელოვანი ფაქტების გასაცნობიერებლად, ფსიქოთერაპევტები სიზმრის ანალიზსა და თავისუფალი ასოციაციების ტექნიკას იყენებენ, რომლის დროსაც, ადამიანი ნებისმიერ თემაზე ღიად, ყოველგვარი ცენზურის გარეშე საუბრობს.
თერაპევტი ყურადღებას ამახვილებს მოყოლილი ამბის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებზე. ფაქტებსა და მომენტებზე, რომლებსაც თქვენი ცნობიერი გონება შეიძლება ბლოკავდეს და ხელს გიშლიდეთ მდგომარეობის გაუმჯობესებაში. შედეგად, თერაპევტისგან წამოსული ინტერპრეტაციების დახმარებით, პაციენტი აცნობიერებს, იაზრებს რეალურ მიზეზებს.
მაგალითად, თუ ჩაკეტილი სივრცის გეშინიათ, ამის რა არაცნობიერი მიზეზი შეიძლება არსებობდეს? იქნებ, ის, რომ პატარაობაში დედამ მარტო დაგტოვათ ხალხმრავალ ადგილას, სადაც ძალიან ცუდი ემოციები გამოცადეთ?
დღესდღეობით, ტრადიციული ფსიქოანალიზი ნაკლებად პოპულარულია და ამის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს:
- ამ მიმართულებით მუშაობის შემთხვევაში ადამიანს ბევრი ფსიქოთერაპიული სესიის გავლა სჭირდება, რაც დიდ დროსთან არის დაკავშირებული;
- არ არის საკმარისად ზუსტი და შესაბამისად, რთულია კვლევა. რთულია, მტკიცებით ფორმაში თქვა, რა არის სწორი და რა – არა, რაც მეცნიერულ სამყაროში არც ისე სახარბიელო ფაქტია.
ფსიქოდინამიკური თერაპიის გავლის შემთხვევაში, პაციენტი რაღაც ახალს მიაგნებს არაცნობიერი შინაგანი ძალების, ადრეული ურთიერთობებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბავშვობის გამოცდილებების ანალიზით. თუმცა, ფსიქოანალიზისგან განსხვავებით, თანამედროვე მიდგომები ამდენ ყურადღებას არ ამახვილებენ ადამიანის სექსუალურ ცხოვრებასა და ფროიდის მიერ განსაზღვრულ ფსიქიკური აპარტის (იდი, ეგო, სუპერ-ეგო) კომპონენტებზე.
ეგზისტენციალურ-ჰუმანისტური
ეგზისტენციალურ-ჰუმანისტური ფსიქოლოგია ხაზს უსვამს ადამიანის არჩევანისა და გადაწყვეტილების მნიშვნელობას და სიცოცხლის მიმართ შიშის გრძნობას. ყურადღებას ამახვილებს ადამიანის მიერ რაციონალური არჩევნის გაკეთებაზე, საკუთარი თავის მიმღებლობასა და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაზე.
ეგზისტენციალურ-ჰუმანისტური ფსიქოთერაპია ისევე არის მიმართული ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე, როგორც – ფსიქოდინამიკური. თუმცა, ამ შემთხვევაში, თერაპევტის მიზანია არა რაიმეს განკურნება, არამედ -პიროვნების ზრდა.
ამ მიმართულების მიმდევრები ფსიქოთერაპიაზე მისულ ინდივიდს უწოდებენ არა პაციენტს, არამედ კლიენტს ან უბრალოდ ადამიანს.
ჰუმანისტურ მიდგომას საფუძველი ჩაეყარა 1940 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ სკოლის ფუძემდებლად ითვლება აბრაჰამ მასლოუ და მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის კარლ როჯერსს.
როჯერსმა შექმნა კლიენტზე ორიენტირებული თერაპიის ტექნიკა, რომლის მიხედვითაც, ფსიქოთერაპევტი კლიენტს სთავაზობს ემპათიურ, მიმღებ გარემოს, სადაც ხდება მისი აქტიურად მოსმენა. კარლ როჯერსის თანახმად, ასეთ დროს, ადამიანს საშუალება ეძლევა, მოხვდეს გარემოში, რომელიც უსაფრთხოა და სადაც მას არ განსჯიან. შედეგად, კლიენტს უყალიბდება საკუთარი თავის მიმღებლობა, თავს დაფასებულად და თვით-აქტუალიზირებულად გრძნობს.
ამ მიდგომის სხვა მიმართულებები ადამიანს ეხმარება ადამიანური პოტენციალის მაქსიმუმის გამოვლენაში, ცხოვრების აზრის პოვნაში, ეგზისტენციალური შიშების დაძლევასა და “ნამდვილი მე-ს” პოვნაში.
ნებისმიერ შემთხვევაში, თერაპევტი აქტიურად უსმენს კლიენტს, აგრძნობინებს რომ ესმის მისი და რომ ეს მდგომარეობა მისაღებია.
ბიჰევიორალური
ბიჰევიორალური (მომდინარეობს სიტყვა behavior – დან, რაც ითარგმნება, როგორც ქცევა) თერაპიის მიზანია, ადამიანის ქცევის შეცვლით გააუმჯობესოს გუნება-განწყობილება და ცუდი ემოციები უკეთესით ჩაანაცვლოს.
ბიჰევიორალური სკოლა 1913 წელს დაფუძნდა და მას უკავშირდება ჯონ უოტსონის, ივანე პავლოვის და ედუარდ თორნდაიკის სახელები.
ამ მიდგომის დროს გამოყენებადი ტექნიკის მაგალითია ავერსიული განპირობება. ასეთ შემთხვევაში, არასასურველ ქცევას რაიმე სახის დისკომფორტთან აკავშირებენ. მაგალითად, თუ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას პრობლემას უქმნის ალკოჰოლის მოხმარება, მას ალკოჰოლის შემდეგ მიაწვდიან წამალს, რომელიც გულისრევის შეგრძნებას გამოიწვევს. შედეგად, ადამიანს ალკოჰოლთან დაკავშირებული უარყოფითი ასოციაცია გაუჩნდება და მის მოხმარებას ნელ-ნელა თავს დაანებებს.
მეორე მაგალითია ექსპოზიციური (ლათინური სიტყვიდან expose – ჩვენება/გამჟღავნება) თერაპია, რომლის დროსაც შფოთვის შემცირება ხდება ადამიანის პირისპირ დაყენებით რეალურ ან წარმოსახვით სიტუაციებთან, რომლებისაც ის თავს არიდებს შიშის გამო. ამ შემთხვევაში, თერაპიის მიზანი იმის გააზრება, რომ ეს შიში უსაფუძვლოა.
კიდევ ერთი ტექნიკაა სისტემური დესენსიტიზაცია (მგრძნობელობის შემცირება ან სრულიად დაკარგვა). ადამიანს ეტაპობრივად, პატარა ნაბიჯებით აახლოვებენ მისთვის შფოთვის გამომწვევ სტიმულთან მაშინ, როცა ის რელაქსირებულ და მშვიდ მდგომარეობაში იმყოფება. მაგალითად, თუ ადამიანს ეშინია ფრენის, მას ჯერ ანახებენ თვითმფრინავის ფოტოს, შემდეგ აჩვევენ აეროპორტს და ბოლოს ამზადებენ ფრენისთვის. ეს მიდგომა ძალიან ეფექტურია შიშების, ფობიებისა და სხვადასხვა ტიპის შფოთვითი აშლილობების დროს.
კოგნიტური
კოგნიტური (cognition ლათინურად ნიშავს შემეცნებას, აზროვნებას) თერაპია ფსიქოთერაპიის შედარებით ახალი მიმართულებაა, რომლის ძირითადი კონცეფციის თანახმადაც, ჩვენი აზრები გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ ვგრძნობთ თავს. ხშირად, ჩვენი პრობლემების საფუძველი, ჩვენივე აზროვნებაში უნდა ვეძებოთ.
ბიჰევიორალური თერაპიის მსგავსად, კოგნიტური თერაპიაც უფრო მეტად აქცენტს აკეთებს აწმყოზე, ვიდრე წარსულ გამოცდილებაზე. თუ თქვენ შეცვლით ფიქრებს, შეიცვლება თქვენი ქცევაც და მდგომარეობაც.
კოგნიტური სკოლის ფუძემდებლად ითვლება ამერიკელი ფსიქიატრი აარონ ბეკი.
მაგალითად, ელენეს ეშინია, რომ გამოცდას კარგად ვერ დაწერს. თუ გამოცდას ვერ დაწერს, ვერ აიღებს დიპლომს, არ აიყვანენ სამსახურში და შედეგი იქნება კატასტროფული. ამ შემთხვევაში, თერაპევტი ელენეს ისეთ კითხვებს დაუსვამს, რომელიც ელენეს დაეხმარება გააცნობიეროს, რომ ერთი ტესტის დაწერა არ წყვეტს მთელ მის მომავალს და რომ გამოცდის ვერ ჩაბარება ავტომატურად არ ნიშნავს სამყაროს დასასრულს.
ინტეგრირებული თერაპიული მიდგომები
არსებობს ინტეგრირებული თერაპიული მიდგომებიც, მაგალითად კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, სადაც კოგნიტური და ბიჰევიორალური თერაპიის ელემენტები ერთად გამოიყენება. ითვლება, რომ ეს მიდგომა ძალიან ეფექტურია, შედეგების მეცნიერული ანალიზი უფრო მარტივია და კლიენტისგან ნაკლებ რესურსს მოითხოვს.
ფსიქოთერაპევტები იყენებენ არა მარტო ინიდივიდუალურ სესიებს, არამედ აწყობენ ჯგუფურ შეხვედრებსაც, სადაც ადამიანებს საშუალება ეძლევათ, ერთმანეთთან ინტერაქციაში შევიდნენ, გამოცდილებები გაიზიარონ და ა.შ. ერთ-ერთი მაგალითია ოჯახის თერაპია, სადაც თერაპევტი ოჯახს უყურებს როგორც სისტემას, სადაც ადამიანებს გავლენა აქვთ ერთმანეთის ქცევაზე.
დღეს, თერაპევტთა უმრავლესობა იყენებს მიდგომას, რომელსაც უწოდებენ “ეკლექტურს” და რომელიც მოიცავს სხვადასხვა სკოლიდან მომდინარე თერაპიულ მიდგომებს.
უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ ფსიქოთერაპია მართლაც ეფექტურია და, უმეტეს შემთხვევაში, დადებითად მოქმედებს ჩვენზე.
კვლევები ასევე ადასტურებს, რომ არც ერთ კონკრეტულ მიმართულებას ან მეთოდოლოგიას არ ენიჭება უპირატესობა. რეალურად, ბევრად უფრო მნიშნველოვანია ფსიქოთერაპევტთან მისული ადამიანისთვის მისაღები იყოს არჩეული მიდგომა, წინასწარ იყოს განსაზღვრული და შეთანხმებული თერაპიის მიზანი. წარმატებული ფსიქოთერაპია ეფუძნება კარგ თერაპიულ კავშირს ( therapeutic alliance), ანუ პატივისცემაზე, ემპათიასა და გულწრფელობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას თერაპევტსა და მასთან მისულ ადამიანს შორის.
ავტორი: ნინი დარსაძე
The post რა მიდგომებია გავრცელებული ამჟამად ფსიქოთერაპიაში? appeared first on Bloomin.