რატომ გვიჭირს ჩამოყალიბებული აზრის შეცვლა და როგორ დავძლიოთ ის ?

რატომ გვიჭირს ჩამოყალიბებული აზრის შეცვლა და როგორ დავძლიოთ ის ?

შეგიმჩნევიათ, რამდენად რთულია ადამიანების გადარწმუნება, როცა რაიმე საკითხზე აზრი უყალიბდებათ? ზოგჯერ, ადამიანები ყურადღებას ამახვილებენ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ იმ მოვლენებს, რომლებიც მათ რწმენებს შეესაბამება. 

გაიხსენეთ ნაცნობი, რომელთან კამათის დროსაც, თქვენი პოზიციის განსამტკიცებლად რამდენიმე არგუმენტი მოგყავთ, უამრავი კვლევის შედეგი და სხვა დადასტურებული საბუთი. ამის მიუხედავად, როგორც არ უნდა ეცადოთ, ის ჯიუტად არ გეთანხმებათ და რაღაც ახსნას პოულობს თქვენი აზრის საპირისპიროდ. არც კი ცდილობს, თქვენი პოზიცია გაიგოს და მიიღოს.  

მოდით, წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტური სიტუაცია. ირაკლი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული რესტორნის მენეჯერია. მას სჯერა, რომ თავდაუზოგავი შრომა წარმატების მთავარი წინაპირობაა. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, ბევრს აღარ აქვს რესტორანში სიარულის საშუალება, მომხმარებლების რაოდენობამ იკლო, რესტორნის შემოსავალიც შემცირდა. ირაკლის სწამს რომ “თავდაუზოგავი შრომა, უპირობო წარმატების საწინდარია” და შემოსავლის კლებას მხოლოდ იმას აბრალებს, რომ მისი თანამშრომლები არასაკმარისად შრომობენ.  

იმის დადასტურება, რისიც გვჯერა (Confirmation bias) არის მოვლენა, რომლის დროსაც ადამიანები ეძებენ და აფასებენ ინფორმაციას ისე, რომ მათი აზრები და არსებული რწმენები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განმტკიცდეს. 

ეს არის აზროვნების ხარვეზი, რომელიც ინფორმაციის გადამუშავების დროს ხდება. ჩვენ არაცნობიერად ვეძებთ და ვადასტურებთ ინფორმაციას, რომელიც გვინდა, რომ გამართლდეს და თუნდაც გულში, ჩვენ თავს ვუთხრათ: “აი, ხომ ვამბობდი?!”

ამის საპირისპიროდ, მოცემული კონცეფციის ცოდნა გვეხმარება საკუთარ რწმენებსა და მოსაზრებებში ეჭვის შეტანასა და გადამოწმებაში, სიმშვიდეში, რომ სხვებთან უაზრო კამათზე არ დავხარჯოთ დრო და არ გავიფუჭოთ ხასიათი. 

რა გვიბიძგებს ასეთი ტიპის აზროვნებისკენ?

ამის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს:

  1. სირთულეების თავიდან აცილება – არ გვინდა, რომ ჩვენი რწმენის დისკრედიტაცია მოხდეს;
  2. განმტკიცებისკენ სწრაფვა – გვსიამოვნებს იმის გაგება, რომ ჩვენ მართლები ვიყავით. 

როცა რაიმე სიტუაციის ან რომელიმე ადამიანის შეფასებას ვიწყებთ, როგორც წესი, გვჯერა რომ ლოგიკურად და ობიექტურად ვაზროვნებთ, ვააანალიზებთ ყველა სახის ინფორმაციას, რომელიც ჩვენს ხელთაა. 

რა ზიანი მოაქვს ისეთი “ფაქტების” მარტივად დადასტურებას, რისიც ჩვენ გვჯერა?

ამ ტიპის აზროვნება, ხელს გვიშლის საკითხის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებაში და  საპირისპირო შეხედულებების დანახვაში. როცა სიტუაციას ობიექტურად ვერ ვაფასებთ, არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ და ხშირად ვცდებით არჩევანში.

როცა არ ვეძებთ ჩვენი რწმენის საპირისპირო ფაქტებს და მხოლოდ მათ განმამტკიცებელ დეტალებს ვიმახსოვრებთ, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე ვრჩებით. 

მიკერძოებულ დადასტურებას შეუძლია დააზიანოს სხვადასხვა ტიპის ურთიერთობა, მათ შორის – რომანტიულიც. მაგალითად, როცა ადამიანს სჯერა, რომ მისი მეორე ნახევარი არ არის ერთგული, პარტნიორის ბევრ ქცევას აღიქვამს როგორც საეჭვოს. შეიძლება, სხვებთან ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია აღიქვას როგორც “ დასტური” იმისა, რომ თეორია ტყუილის შესახებ მართალია. 

როგორ ამოვიცნოთ, რამდენად სუბიექტურები ვართ აზროვნების პროცესში?

მარტივია, შევამჩნიოთ როდის ავლენს სხვა ადამიანი ტენდენციას სუბიექტურად შეაფასოს ესა თუ ის სიტუაცია, მაგრამ საკუთარ თავზე მეტი დაკვირვება გვჭირდება. არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ თქვენც მიკერძოებულად ადასტურებთ რიგ მოვლენებს: 

  • ეძებთ ინფორმაციას, რომელიც თქვენს არსებულ რწმენას განამტკიცებს;
  • უარყოფთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც თქვენს რწმენას ეწინააღმდეგება ისე, რომ არ იძიებთ ფაქტებს;
  • არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებთ ან მანიპულირებთ ინფორმაციით, რომ განამტკიცოთ ის, რისიც უკვე გჯერათ;
  • ეძებთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი მსგავსი რწმენები აქვთ;
  • სხვებს არწმუნებთ, რომ რისიც თქვენ გჯერათ – მართალია;
  • შერჩევითად ისმენთ (ან მხოლოდ იმას იმახსოვრებთ, რისი დამახსოვრებაც გინდათ)
  • გჯერათ, რომ თქვენი საპირიპისო შეხედულების მქონე ადამიანებს აქვთ სხვა, უფრო ღრმა მოტივები. 

როგორ გადავეჩვიოთ ჩვენი წინასწარგანწყობების სუბიექტურად დადასტურებას? 

ძირითადად, ასეთი ტიპის აზროვნება თავს იჩენს მაშინ, როდესაც ადამიანი იწყებს ინფორმაციის შეგროვებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ის ჩნდება არაცნობიერადაც, როცა ვერც კი ვფიქრობთ, როგორი გავლენა აქვს ჩვენს გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, მიკერძოებული დადასტურებისთვის თავის არიდების პირველი ნაბიჯი არის იმის გაცნობიერება, რომ ის არსებობს და ეს არის პრობლემა.

საკუთარ თავზე მუშაობით, შეგიძლიათ ისწავლოთ ასეთი ტიპის აზროვნების ამოცნობა და მიხვდეთ, რა გავლენა აქვს მას თქვენს ფიქრებზე. როცა რაიმე ინფორმაციას წააწყდებით, ეცადეთ გაარკვიოთ:

  • რა არის ამ ინფორმაციაში ისეთი, რაც მის ობიექტურობას ადასტურებს? 
  • ჩემი წყარო სანდოა?
  • რამდენი წყაროდან მიღებულ ინფორმაციას ვეყრდნობი?
  • ზოგადად, როდესაც ჩემს აზრს ვინმე ან რაიმე ეწინააღმდეგება, ამას შეტევად აღვიქვამ?
  • დასკვნა სიტუაციის ნაწყვეტით გამომაქვს თუ მთლიანი შემთხვევის გაანალიზებით?
  • ეს ინფორმაცია თავს უფრო ძლიერად მაგრძნობინებს თუ რამე სირთულეს მიქმნის?
  • არიან თუ არა ჩემ ირგვლივ ადამიანები, ვისი აზრიც რადიკალურად განსხვავდება?
  • როგორ ემოციურ მდგომარეობაში ვარ, როცა ამა თუ იმ ინფორმაციას “ვადასტურებ”? ხომ არ ვარ მოწყენილი ან დეპრესიულ მდგომარეობაში? ან რომელიმე სხვა მძაფრ ემოციას ხომ არ განვიცდი?
  • შესაძლებელია რომ ვცდებოდე? თუ კი, რა შეიძლება გამოიწვიოს ჩემმა შეცდომამ? 

 

მთავარია, ვაღიაროთ მიკერძოებული დადასტურების არსებობა. შემდეგ კი, ვიმუშაოთ ჩვენი ღრმა რწმენების საპირისპირო აზრების აღმოჩენაზე და ამ მიმართულებით ცნობისმოყვარეობის გავარჯიშებაზე.  შეგნებულად მოიძიეთ თქვენი შეხედულების საწინააღმდეგო ინფორმაცია იმისთვის, რომ თქვენს თავს “დაუმტკიცოთ” რომ ცდებით. ამ დროს, ჩვენ გამოვდივართ იმ ვაკუუმიდან, რომელშიც ჩვენმა განწყობებმა მოგვაქცია. შესაძლებელია, ასეთი კრიტიკული ადამიანის ფუნქციის ახლობელ ადამიანს დააკისროთ და სთხოვოთ, გითხრათ, როდესაც მიკერძოებულად იფიქრებთ.

მნიშვნელოვანია, რეალურად მოვუსმინოთ, რას და რატომ ამბობენ სხვები. ეს ყველაფერი, საშუალებას მოგვცემს, სხვადასხვა საკითხს სხვების პერსპექტივიდან შევხედოთ და მივიღოთ მაქსიმალურად ობიექტური გადაწყვეტილებები. ვიყოთ უფრო ემპათიურები, გავიუმჯობესოთ ადამიანებთან ურთიერთობები და გავხდეთ ნაკლებად კონფლიქტურები.

ავტორი : ნინი დარსაძე

The post რატომ გვიჭირს ჩამოყალიბებული აზრის შეცვლა და როგორ დავძლიოთ ის ? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart