რა არის “შენობაში ცუდად ყოფნის სინდრომი”?
იცოდით, რომ არსებობს ტერმინი “შენობაში ცუდად ყოფნის სინდრომი” (Sick Building Syndrome (SBS)), რომელიც ადამიანებს, შენობაში ძალიან ბევრი დროის ტარებისგან ემართებათ? მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს სინდრომი სხვადასხვა ტიპის დახურულ სივრცეში ყოფნით არის გამოწვეული და შენობაში არსებული გარემოს უხარისხობას უკავშირდება.
SBS -ს სიმპტომები შესაძლოა შეამჩნიოთ ცვლილებებით კანზე, სასუნთქ გზებსა თუ ნევროლოგიურ სისტემაზე. სიმპტომთა ფართო სპექტრის გამო, დიაგნოზის დასმა არ არის მარტივი. საქმეს ართულებს ისიც, რომ ამ სინდრომის სიმპტომები სხვა მდგომარეობებს ძალიან ჰგავს; მაგალითად, ჩვეულებრივ გაციებას.
მაშ, რა სიმპტომები ახასიათებს “შენობაში ცუდად ყოფნის სინდრომს”?
• ყელის გაღიზიანება
• სუნთქვის სირთულეები
• შებოჭილობა გულ-მკერდის არეში
• სურდო
• ალერგიის მსგავსი სიმპტომები, მაგალითად, ცემინება
• ცხვირის წვის შეგრძნებები
• კანის სიმშრალე, ქავილი ან გამონაყარი
• თავის ტკივილი
• თავბრუსხვევა
• კონცენტრაციის გაძნელება
• მეხსიერების გაუარესება
• დაღლილობა
• მომატებული გაღიზიანებადობა
• გულისრევის შეგრძნება
• სახსრების ტკივილი
• ცხელება ან შემცივნება
როგორ მივხვდეთ, თუ რასთან გვაქვს საქმე?
პირველი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, არის შემდეგი: “არის თუ არა რაიმე მიზეზი, რომლითაც შეიძლება ეს მდგომარეობა იყოს გამოწვეული”? თუ, თქვენი პასუხი არის არა, მაშინ დააკვირდით, როდის იჩენენ ჩივილები თავს. ამ სინდრომის სიმპტომები უმჯობესდება და შვებას გრძნობთ მაშინ, როდესაც შენობიდან გადიხართ; ხოლო უარესდება, როცა იგივე დახურულ სივრცეში ბრუნდებით. თუ შეამჩნევთ, რომ ერთი და იგივე სიმპტომები, კონკრეტულ შენობაში ყოფნის დროს გიჩნდებათ, მაშინ, შეგიძლიათ პრობლემის ძიება აქ დაიწყოთ. სიმპტომები, შეიძლება, ჩნდებოდეს ლოკალურად, ერთ კონკრეტულ ოთახში ან მთელ შენობაში.
“შენობაში ცუდად ყოფნის სინდრომის” გამომწვევ მიზეზად შეგვიძლია განვიხილოთ შემდეგი ფაქტორები:
• ქიმიური ნივთიერებები – როგორც გარედან მომავალი, ისე შენობის შიგნით არსებული დამაბინძურებლები. მაგალითად, გარედან შემოსული ავტომობილის გამონაბოლქვი, მტვერი თუ ჰაერი, რომელიც სავენტილაციო საშუალებებიდან შემოდის. აღსანიშნავია, რომ შიდა ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერება შეიძლება იყოს სინთეთიკური სუნამოები, თავის მოვლის საშუალებები, საწმენდი საშუალებები, ხალიჩები და ა.შ.
• ბიოლოგიური დამაბინძურებლები – ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები. აქვე შეგვიძლია მოვიაზროთ მწერებისა თუ ფრინველების ნარჩენები. ამ ტიპის დაბინძურება იწვევს ცხელებას, გულ-მკერდის არეში დაჭიმულობას, კუნთების ტკივილს და სხვადასხვა ალერგიულ რეაქციას. ასეთი მიზეზით, დაავადება შეიძლება მარტივად გავრცელდეს ოფისებში, სადაც ადამიანები ძალიან მჭიდროდ სხედან.
• არასაკმარისი ვენტილაცია – ითვლება, რომ “შენობაში ცუდად ყოფნის სინდრომის” სიმპტომები უფრო ხშირია კონდიცირებულ შენობებში, ვიდრე ბუნებრივად ვენტილირებად შენობებში.
• ელექტრომაგნიტური რადიაცია – ისეთი მოწყობილობები, როგორიც არის მიკროტალღური ღუმელი, ტელევიზორი და კომპიუტერი, რომლებიც გამოყოფენ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რაც ჰაერში იონის შემცველობას ზრდის.
• ფსიქოლოგიური ფაქტორები – სამსახურთან დაკავშირებული გადაჭარბებული სტრესი ან უკმაყოფილება, ცუდი ინტერპერსონალური ურთიერთობები და სუსტი კომუნიკაცია, ასევე უკავშირდება SBS-ს.
• ცუდი და არასაკმარისი განათება, ბუნებრივი განათების დეფიციტი, ცუდი აკუსტიკა, შრომისთვის შეუსაბამო პირობები და ნესტი.
სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კომისიის თანახმად, შიდა ჰაერის დაბალი ხარისხი, ახალი და გარემონტებული შენობების დაახლოებით 30%-ში გვხვდება.
შეგვიძლია თუ არა “შენობაში ცუდად ყოფნის სინდრომის” პრევენცია?
სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ განსაზღვრავთ შიდა სივრცეში არსებულ ფაქტორებს, რომლებმაც შეიძლება დაავადება გამოიწვიოს. მაგრამ, შეგიძლიათ გარკვეული ზომები მიიღოთ. მაგალითად:
• რეგულარულად გადით შესვენებაზე, შენობის გარეთ და წაიხემსეთ სუფთა ჰაერზე;
• ხშირად გაანიავეთ ოთახი, თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ (უმჯობესია, ეს ისეთ დროს გააკეთოთ, როდესაც გარე დაბინძურების შენობაში შემოტანის დაბალი ალბათობაა. მაგალითად მაშინ, როდესაც ქუჩაში ნაკლები მანქანა დადის);
• ხშირად გაწმინდეთ მტვერი;
• დაასვენეთ თვალები კომპიუტერის ყურებისგან;
• ადექით, გაისეირნეთ დერეფანში ან ოფისში სხვა ნაწილში;
• მოერიდეთ და ფრთხილად გამოიყენეთ შიდა ქიმიკატები.
• შეავსეთ თქვენი შიდა სივრცე ცოცხალი მცენარეებით;
• ეცადეთ, სამუშაო მაგიდა დადგათ ფანჯარასთან ახლოს, რომ მეტი ბუნებრივი სინათლე მიიღოთ დღის განმავლობაში;
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანის ისტორიული განვითარების გათვალისწინებით, ჩვენს ორგანიზმს, ბუნებასთან მაქსიმალურად ახლოს ყოფნის მოთხოვნილება აქვს. შეიძლება ითქვას, რომ SBS-ის წამალი, სწორედ ასეთ გარემოსთან დაახლოებაა. ადამიანის ორგანიზმისთვის არ არის ბუნებრივი ის გარემო, რომელსაც დღეს ვირგებთ, იქნება ეს დახურულ სივრცეში საათობით ყოფნა, ეკრანის დიდხანს ყურება თუ სხვა ზემოთ ნახსენები ფაქტორები.
ავტორი: ნინი დარსაძე
The post რა არის “შენობაში ცუდად ყოფნის სინდრომი”? appeared first on Bloomin.