რა არის პოზიტიური ფსიქოლოგია და რით განსხვავდება ტრადიციული მიდგომებისგან?
ალბათ, ბევრჯერ მოგიკრავთ ყური პოზიტიური ფსიქოლოგიის შესახებ, თუმცა, ბევრი ადამიანისთვის ეს დარგი ჯერ კიდევ არ არის კარგად ნაცნობი.
პოზიტიური ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის შედარებით ახალი მიმდინარეობაა, რომელიც 1998 წელს მარტინ სელიგმანმა ჩამოაყალიბა. ფსიქოლოგიის ეს დარგი ინდივიდის ძლიერ მხარეებსა და ისეთ ქცევებზეა ფოკუსირებული, რომლებიც მას ეხმარება აზრიან და მიზანდასახულ ცხოვრებაში – აყვავებაში და არა უბრალოდ გადარჩენაში.
იმის მიუხედავად, რომ პოზიტიური ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის სხვა მიმართულებებთან იკვეთება, ის მაინც დამოუკიდებლად განიხილება.
შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციული ფსიქოლოგიის მიზანი ფსიქიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და მკურნალობაა, ძირითადი ყურადღება კი, ადამიანის ცხოვრებაში უარყოფითი მოვლენების ახსნას ეთმობა;
ამის საპირისპიროდ, პოზიტიური ფსიქოლოგია ადამიანის პოზიტიური ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტს შეისწავლის. ამ სფეროს თეორეტიკოსები და მკვლევარები იკვლევევენ იმას, თუ რა იწვევს ცხოვრებით კმაყოფილებას და ადამიანის კეთილდღეობას.
თავად ტერმინი “პოზიტიური ფსიქოლოგია” საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. ის მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას, რომლებიც ადამიანს უბიძგებენ პოზიტიური ემოციების, გამოცდილებისა და პიროვნული მახასიათებლების გამოვლენაში და შემდგომ განვითარებაში. ითვლება, რომ პოზიტიური ფსიქოლოგია ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მთავარ პრინციპებს ეფუძნება. მაგალითად, კარლ როჯერსის კლიენტზე ორიენტირებული თერაპია ემყარება თეორიას, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს ცხოვრების გაუმჯობესება ავთენტური (ნამდვილი) “მე”-ს გამოხატვით შეუძლიათ. ხოლო, აბრაამ მასლოუმ თვითრეალიზებული ადამიანების ის მახასიათებლები გამოჰყო, რომლებიც ინდივიდის ძლიერი მხარეების იდენტიფიცირების მსგავსია და პოზიტიურ ფსიქოლოგიაში ზოგიერთი ინტერვენციის დროს გამოიყენება.
და მაინც, რას გულისხმობს ის და რითი განსხვავდება სხვა მიდგომებისგან?
პოზიტიური ფსიქოლოგია მეცნიერული დისციპლინაა და, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ფსიქოლოგიის სხვა მიმართულებები, ისიც ინდივიდის ქცევას და ფსიქიკურ პროცესებს შეისწავლის. მისი მიზანიც ადამიანთა ქცევის აღწერა, ახსნა, წინასწარმეტყველება და კონტროლია. თუმცა, თუ ტრადიციული ფსიქოლოგია უფრო მეტად პათოლოგიაზე ფოკუსირდება და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა დასტაბილურდეს, მაშინ პოზიტიური ფსიქოლოგია პრობლემაზე მიმართულ მიდგომას აფართოებს. მისი მიზანი, ადამიანის სტაბილური მდგომარეობიდან უფრო პოზიტიურ, გაუმჯობესებულ ფაზაში გადაყვანაა.
ისიც უნდა ითქვას, რომ პოზიტიური ფსიქოლოგიის ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენება ფსიქოთერაპიაში. მისი საშუალებით, თერაპიაზე მისული ადამიანები სწავლობენ, როგორ გახდნენ უფრო ბედნიერები იმ ძლიერი მხარეებიის ამოცნობით და გამოყენებით, რომლებიც გააჩნიათ.
პოზიტიური ფსიქოლოგიის მიმდევრებმა ადამიანის პოზიტიური ფუნქციონირების მრავალი ასპექტი შეისწავლეს. ეს ელემენტები შეიძლება გამოვიყენოთ საკლასო ოთახშიც, სამუშაო სივრცეშიც და სახლშიც. მაგრამ, როგორ?
ამისთვის PERMA-ს შესახებ მოგიყვებით. პოზიტიურ ფსიქოლოგიაში PERMA ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და აღიარებული მოდელია, რომელიც მარტინ სელიგმანმა შემოგვთავაზა. ეს აბრივიატურა კეთილდღეობის 5 კომპონენტს მოიცავს:
- P (Positive emotions)/პოზიტიური ემოციები – ცალკეულად, მხოლოდ პოზიტიური ემოციების ძიება არ არის საკმარისი და ეფექტური გზა კეთილდღეობისთვის, მაგრამ დადებითი ემოციების განცდა მნიშვნელოვანი ფაქტორია. კეთილდღეობის აუცილებელი ნაწილია, იყო ბედნიერი “აქ და ახლა”, გამოსცადო პოზიტიური ემოციები.
- E (Engagement)/ჩართულობა – მდგომარეობა, როდესაც დროის შეგრძნებას ვკარგავთ და მთლიანად გატაცებულები ვხდებით რაღაცით, რაც სიამოვნებას გვანიჭებს და თან, კარგად გამოგვდის. რთულია იყო ბედნიერი, თუ არცერთ საქმეში არ ხარ გულწრფელად ჩართული.
- R ((Positive) Relationships)/პოზიტიური ურთიერთობები – ადამიანები, სოციალური ქმნილებები ვართ და სხვებთან კავშირი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ადამიანებთან ღრმა, მნიშვნელოვანი ურთიერთობები, აუცილებელია ჩვენი კეთილდღეობისთვის.
- M (Meaning) – აზრი/მნიშვნელობა – ის ადამიანიც კი, რომელიც თითქმის ყოველთვის ბედნიერია, შეიძლება არ გრძნობდეს თავს ბოლომდე კარგად, თუ არ აქვს ნაპოვნი ცხოვრების აზრი.
- A ( Accomplishment)/მიღწევა/რეალიზაცია – თითოეული ჩვენთაგანი მიისწრაფის წარმატებისკენ, მიზნის მიღწევისკენ და საკუთარი თავის გაუმჯობესებისკენ. მიზნის მიღწევის “დრაივის” გარეშე, თითქოს, ავთენტურ (ნამდვილ) კეთილდღეობას აკლია ფაზლის რაღაც ნაწილი.
PERMA, კეთილდღეობის გასაგებად და გასაუმჯობესებლად საჭირო ყოვლისმომცველ ჩარჩოს გვაძლევს. და რადგან ვიცით, რომ პოზიტიური ფსიქოლოგიის გამოყენება სხვადასხვა გარემოში შეგვიძლია, თუ, თქვენი ავთენტური ბედნიერების და კეთილდღეობის შეგრძნების ამაღლება გსურთ, მაშინ ფოკუსირდით შემდეგზე:
- ეცადეთ, მიიღოთ რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია; დაკავდით ისეთი აქტივობებით, რაც ბედნიერებას განიჭებთ და ყოველდღიურ რუტინაში ხალისი შემოაქვს;
- იმუშავეთ ჩართულობის გაზრდაზე; მოძებნეთ ჰობი, რომელიც თქვენთვის საინტერესოა, განივითარეთ უნარები და თუ აუცილებელია, ნახეთ ისეთი სამსახური, რომელიც თქვენი ნამდვილი მისწრაფებაა;
- გააუმჯობესეთ სხვებთან ურთიერთობების ხარისხი (და/ან რაოდენობა); იმუშავეთ იმაზე, რომ უფრო პოზიტიური და ერთმანეთის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და პარტნიორებთან;
- ეძებეთ აზრი; თუ აზრს ვერ პოულობთ სამსახურში, იქნებ მოხალისეობა სცადოთ? ეძებეთ აზრი ჰობიში, გასართობ აქტივობებში ან თუნდაც, სხვების მენტორობაში.
- იყავით მიზნის მიღწევაზე ორიენტირებული – მაგრამ არა ზედმეტად; ეცადეთ, რომ თქვენი ამბიციები ბალასნში იყოს, ცხოვრებისთვის აუცილებელ ყველა სხვა ასპექტთან.
ავტორი: ნინი დარსაძე
The post რა არის პოზიტიური ფსიქოლოგია და რით განსხვავდება ტრადიციული მიდგომებისგან? appeared first on Bloomin.