ინსტაგრამის 5 გვერდი, რომლებიც დადებითად იმოქმედებენ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე
ბოლო დროს მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბარი, ნაკლებად ტაბუდადებულ თემად იქცა. ონლაინ თუ რეალურ სივრცეებში, უკვე აქტიურად განიხილავენ და მსჯელობენ ამ თემაზე. ალბათ საკამათო არაა, რომ 2020 წელი განსაკუთრებულად სტრესული აღმოჩნდა ყველასთვის. საკამათო არც ის ფაქტია რომ, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრად აქტიურად ვიყენებთ ელექტრონულ გაჯეტებს, ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს. შეიძლება, ეს ზოგისთვის დამატებით დამსტრესავი და შფოთვისმომგვრელი ფაქტორიც იყოს. საბედნიეროდ, არსებობს სხვადასხვა გზა, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია სოციალური ქსელების მოხმარება ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანო და უფრო მეტად სასარგებლო გავხადოთ.
ამისათვის საუკეთესო საშუალებაა, სწორი ინფლუენსერების პროფილების გამოწერა.
დღეს უკვე ძალიან ბევრი არტისტი, ფსიქოლოგი, მწერალი და აქტივისტი იყენებს ინსტაგრამის პლატფორმას მენტალური ჯანმრთელობის მხარდასაჭერად.
ბევრი მათგანი დაგაფიქრებთ თქვენთვის საინტერესო თემებზე, მოგაწოდებთ საჭირო ინფორმაციას ან უბრალოდ გაგიხალისებთ განწყობას.
გთავაზობთ ჩემ მიერ შერჩეულ 5 ინსტაგრამის გვერდს, რომელთა გამოწერაც დადებითად იმოქმედებს თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე:
Soolooka
ჰონგ-კონგელი ილუსტრატორ-მწერლის მიერ შექმნილი ილუსტრირებული პერსონაჟი შულუკა გარეგნულად დიდ ბავშვს ჰგავს, ფუმფულა თმებით და ტანსაცმლის გარეშე. ავტორის თქმით, იგი აკავშირებს გულსა და გონებას ერთმანეთთან, ადამიანებს გვახსენებს, რომ ჩვენ ვიმსახურებთ სიყვარულსა და სიხარულს და რომ ჩვენ, ყველანი შესანიშნავები ვართ ისეთები, როგორებიც ვართ.
შულუკას ილუსტრირებული პერსონაჟი და პოსტები ალბათ გულგრილს არავის დატოვებს. ინსტაგრამის ეს გვერდი ლამაზი ილუსტრაციების მეშვეობით გვასწავლის, თუ როგორ ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ მიმტევებლები, მეტად მოსიყვარულეები, მომთმენები, როგორ გავუმკლავდეთ უსიამოვნო სიტუაციებსა და ფიქრებს.
ასევე, პოპულარობით სარგებლობს შულუკას ილუსტრირებული პოსტერები და წიგნი სახელად „I believe in Me” (მე მჯერა საკუთარი თავის) რომელთა შეძენაც შეგიძლიათ მოცემულ საიტზე.
Nedratawwab
ნედრა ლიცენზირებული თერაპევტია 12 წლიანი გამოცდილებით. მისი ფილოსოფიის თანახმად, ჯანსაღი საზღვრებისა და თავდაჯერებულობის ნაკლებობა არის ურთიერთობებში პრობლემების ძირითადი გამომწვევი მიზეზი. ნედრა ყოველდღიურად ეხმარება თავის კლიენტებს ჯანსაღი ურთიერთობების შექმნასა და მათ შენარჩუნებაში. ის თავის ინსტაგრამ გვერდზე აქტიურად აზიარებს სასარგებლო რჩევებსა და გამოცდილებას. შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ყოველკვირეულ კითხვა-პასუხში, სადაც შესაძლებელია პირდაპირ დაუსვათ თერაპევტს შეკითხვა და მიიღოთ მისგან პროფესიონალური პასუხი სრულიად უფასოდ.
Realdepressionproject
ორი ავსტრალიელი ძმის, დანი და მეთიუ ბეიკერების მიერ შექმნილი პროექტი Depression Project, მიზნად ისახავს დეპრესიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მათ ძალიან ინფორმატიულ ინსტაგრამის გვერდზე ყოველდღე შეხვდებით საინტერესო პოსტებს, რომლებიც დაგეხმარებათ, მეტი გაიგოთ დეპრესიის შესახებ. დეპრესიის გამოვლინება და მასთან გამკლავების გზები ძალიან მრავალფეროვანია. Realdepressionproject ცდილობს, ყველა რაკურსიდან დაგვანახოს დეპრესია, რაც გვიმარტივებს მის იდენტიფიცირებასა და შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენას, როგორც საკუთარი თავებისთვის, ასევე ჩვენთვის ძვირფასი ადამიანებისათვის.
thefabstory
thefabstory მობილური აპლიკაციაა, რომელიც ბიჰეივორისტული მეცნიერების მეშვეობით, სასარგებლო ჩვევების გამომუშავებაში გვეხმარება. არ არის აუცილებელი, აპლიკაციით ვისარგებლოთ, თუ thefabstory-ს ინსტაგრამ გვერდის გამომწერები გახდებით, ეს გვერდი ყოველდღე შეგახსენებთ იმ მარტივი და ჭკვიანური ქმედებების შესახებ, რომლებიც დადებითად აისახება ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე.
Anxiety_wellbeing
ემა კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპიის აკრედიტირებული პრაქტიკოსია. მისი ინსტაგრამ გვერდი Anxiety_wellbeing შფოთვით აშლილობასთან გასამკლავებლად თვითდახმარების სახელმძღვანელოა. თითოეული პოსტის ქვეშ წაიკითხავთ ვრცელ განმარტებას ფოტოში მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. გვერდს აქვს ასევე IGTV და სხვადასხვა ტიპის გამოწვევა. ინსტაგრამის ეს გვერდი საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც სურს, გაიგოს თუ რა არის შფოთვა, კონკრეტულად რა სიმპტომებით ვლინდება შფოთვითი აშლილობა და რა ხერხებით გავუმკლავდეს მას.
იმედია, ინსტაგრამზე სქროლვაში გატარებული დრო თქვენთვის ბევრად უფრო სასარგებლო გახდება ამ გვერდების გამოწერის შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ინსტაგრამის გვერდები მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და ისინი ვერ ჩაანაცვლებენ თერაპიას. თუ თქვენ გაწუხებთ რაიმე სახის მენტალური პრობლემა, აუცილებლად უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
ავტორი: შორენა კიკალეიშვილი – Bloomin.ge-ს კონტრიბუტორი
The post ინსტაგრამის 5 გვერდი, რომლებიც დადებითად იმოქმედებენ თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე appeared first on Bloomin.