რა არის Flow და როდის ვართ ყველაზე მოტივირებული?

რა არის Flow და როდის ვართ ყველაზე მოტივირებული?

გამოგიცდიათ თუ არა მდგომარეობა, როდესაც მთლიანად, მთელი გულით ჩაფლული ხართ ამა თუ იმ საქმიანობაში? თითქოს, სამყაროს მოწყდით და მხოლოდ თქვენს პროგრესზე ორიენტირებული ხართ, იმაზე რაც აქ და ახლა ხდება.გამოგიცდიათ თუ არა მდგომარეობა, როდესაც მთლიანად, მთელი გულით ჩაფლული ხართ ამა თუ იმ საქმიანობაში? თითქოს, სამყაროს მოწყდით და მხოლოდ თქვენს პროგრესზე ორიენტირებული ხართ, იმაზე რაც აქ და ახლა ხდება. შეიძლება, ისეთ რამეს აკეთებთ, რაც ძალიან გიყვართ, მაგალითად გიტარაზე უკრავთ და დრო ისე გეპარებათ, რომ ვერც კი ამჩნევთ. 

პოზიტიური ფსიქოლოგიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა მიჰაი ჩიქსინმიჰაიმ, გამოიკვლია ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ყველაზე მოტივირებულები, კრეატიულები, ენერგიულები, მთლიანად ჩართულები ვართ და ყველაზე დიდ სარგებელს და სიამოვნებას ვიღებთ.

მე-19 საუკუნის ბოლოს, ის აკვირდებოდა მხატვარს, რომელიც ზედმეტად ფოკუსირებული იყო ნახატის შექმნაზე და მრავალი დისკომფორტის, დაღლილობისა თუ შიმშილის მიუხედავად, მაინც აგრძელებდა ხატვას. ხატვის დასრულებისათანავე, ხელოვანმა შეწყვიტა ყველანაირი ინტერესის გამოხატვა ნახატის მიმართ.  

ამ ვითარებას მიჰაიმ “Flow” უწოდა. ასეთ დროს, ჩვენი ენერგია და ყურადღება მთლიანად გადართულია რთულ, მაგრამ შესრულებად დავალებაზე. თითქოს დროისა და სივრცის შეგრძნებას ვკარგავთ და ვართ სრულიად აწმყოში. 

მართალია, ადამიანები მიიჩნევენ, რომ ცხოვრების საუკეთესო მომენტები  მოსვენებასა და თავისუფალ დროს უკავშირდება, მაგრამ მიჰაის კვლევები გვიჩვენებენ, რომ რეალურად, ყველაზე კარგად მაშინ ვართ, როცა თავით ვართ „გადაშვებული“ ჩვენთვის საინტერესო საქმიანობაში. ეს შეიძლება იყოს ჰობი, სამსახურთან დაკავშირებული საქმე და სხვა.  

როგორ მივხვდეთ, როდის განვიცდით ასეთ მდგომარეობას? 

Flow-ს პროცესს 8 მახასიათებელი აქვს:

  1. სრულიად კონცენტრირებული ვართ კონკრეტულ ამოცანაზე/დავალებაზე;
  2. ვიცით ამ  დავალების უშუალო მიზანი,  ჯილდო და ვიღებთ დაუყოვნებელ უკუკავშირს; მრავალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს ორაზროვანი და გაუგებარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დავალება უნდა იყოს კარგად გამოკვეთილი იმისთვის, რომ ჩვენი ტვინი ფოკუსირებული დარჩეს ახლანდელ დროზე იმის ნაცვლად, რომ შემდგომ ნაბიჯებზე ვიფიქროთ
  3. იცვლება დროის აღქმა – ამ პროცესში, თითქოს დრო უფრო აჩქარებული ან შენელებულია;
  4. ეს დავალება/გამოცდილება ჩვენთვის შინაგანად ღირებულია, ისევე როგორც შინაგანი მოტივაციისშემთხვევაში;
  5. არ მოითხოვს ძალისხმევას/ძალდატანებას;
  6. არსებობს ბალანსი დავალების სირთულესა და ჩვენს უნარ-ჩვევებს შორის. ზედმეტად რთულმა დავალებამ შეიძლება დაღლილად გვაგრძნობინოს თავი და ჩვენში შფოთვა გამოიწვიოს. Flow-ს გამოსაწვევად, მნივნელოვანია მიზანი არც ძალიან რთული და არც ძალიან მარტივი იყოს;
  7. თითქოს ამ პროცესში „თავს ვკარგავთ“;
  8. ამ დავალებაზე/გამოცდილებაზე კონტროლის შეგრძნება გვაქვს.

როგორ შევიქმნათ Flow მდგომარეობა? 

იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება აღმოვჩნდეთ Flow მდგომარეობაში, დაგვეხმარება სხვადასხვა აქტივობისგან სიამოვნების მიღებაში. 

იფიქრეთ, რისი კეთება მოგწონთ ყველაზე მეტად და როდის განიცდით Flow მდგომარეობას ზემოთ აღწერილი კრიტერიუმების მიხედვით. თუ მაინც ვერ ხვდებით, შეგიძლიათ “გამოცდილების შერჩევითი კვლევის მეთოდი” სცადოთ, რომელიც მიჰაი ჩიქსინმიჰაიმ შეიმუშავა.  

კვლევის ფარგლებში, მიჰაი ადამიანებს ეკითხებოდა, როდის თვლიდნენ, რომ დროს  ყველაზე კარგად ატარებდნენ. უმრავლესობის პასუხი იყო: მოსვენების დროს. თუმცაკვლევის ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, მოსვენებაზე მეტად, ძლიერი კმაყოფილების გრძნობა, საყვარელი საქმის კეთების დროს ეუფლებათ.

თქვენც შეგიძლიათ გამოიყენოთ “გამოცდილების შერჩევითი კვლევის მეთოდი” რომ დაადგინოთ როდის განიცდით Flow-ს, ამისთვის:

  • ტელეფონზე დააყენეთ მაღვიძარა, რომელიც დღის განმავლობაში, შემთხვევითი ინტერვალებით, 8-ჯერ დარეკავს (სასურველია, დაკვირვება 1 კვირის განმავლობაში აწარმოოთ, თუმცა შედეგს 3-4 დღეშიც დაინახავთ)
  • თან იქონიეთ ბლოკნოტი და პასტა, ან შეგიძლიათ ტელეფონში ჩაინიშნოთ;
  • ყოველ ჯერზე, როცა მაღვიძარა დარეკავს, ჩაიწერეთ პასუხი კითხვებზე: რას ვაკეთებ? ვისთან ერთად ვარ? როგორ განწყობაზე ვარ?
  • გადახედეთ პასუხებს და დააკვირდით, რისი კეთების დროს გრძნობდით თავს ყველაზე ენერგიულად და ცოცხლად.  

მას შემდეგ, რაც აღმოაჩენთ, რა აღვიძებს თქვენში ამ მნიშვნელოვან განცდას, ეცადეთ ის რაც შეიძლება დიდი რაოდენობით შეიტანოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არა მარტო სამუშაო, არამედ დასვენების დროსაც უფრო სასიამოვნოს გახდის.

მიჰაის კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ადამიანი 48 საათი მაინც არის Flow მდგომარეობის გარეშე, მის მენტალურ ჯანმრთელობას ზიანი ადგება. ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმიანობის კეთება, არა მხოლოდ კარგი, არამედ აუცილებელიც არის.

ავტორი: ნინი დარსაძე

The post რა არის Flow და როდის ვართ ყველაზე მოტივირებული? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart