#Op-Ed – რა იწვევს დედის „გადაწვას“ და როგორ ავირიდოთ თავიდან – ნინი ჩიქოვანი

#Op-Ed – რა იწვევს დედის „გადაწვას“ და როგორ ავირიდოთ თავიდან – ნინი ჩიქოვანი

რაც არ უნდა ვთქვათ, როგორც არ უნდა ვეცადოთ, რომ პანდემიას, თვით-იზოლაციას და ამ პერიოდს პოზიტიურად შევხედოთ, ერთი რამ მაინც უნდა ვაღიაროთ – ყველა, ვისაც ეს მოვლენები შეგვეხო, აშკარად სტრესის ქვეშ ვართ. მე თუ მკითხავთ, ეს სტრესი ორმაგდება მათთვის, ვინც სახლშია, ითავსებს ოჯახის საქმეებს, ბავშვზე ზრუნვას, ონლაინ მუშაობას, ერთ ორ ვარჯიშს ზუმით და ამ ყველაფერს პოზიტიური (და ხანდახან არც თუ ისე) განწყობით უდგება, რომ სხვებმა გარშემო  არაფერი შეატყონ.

მე თვითონ ბოლო ნახევარი წელია ონლაინ ვმუშაობ. სახლში 8 წლის შვილი მყავს და ყველაფერი ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ჩემს ყოველდღიურობას თან ერთვის.

რა იწვევს დედის გადაწვას? ძილის და ნორმალური კვების ნაკლებობა, სახლის საქმეების დიდი რაოდენობა, პირადი სივრცის და დროის არარსებობა, სოციალური სტერეოტიპები და ზეწოლა, პასუხისმგებლობის გრძნობარა იწვევს დედის გადაწვას? ძილის და ნორმალური კვების ნაკლებობა, სახლის საქმეების დიდი რაოდენობა, პირადი სივრცის და დროის არარსებობა, სოციალური სტერეოტიპები და ზეწოლა, პასუხისმგებლობის გრძნობა; ამ ყველაფერს მე დავამატებდი ერთ რამესაც – თუ გახსოვთ, ასეთი ფილმი რომ იყო – ‘ზაზუნას დღე’, ბილ მიუერით და ენდი მაქდაუელით მთავარ როლში? ყოველ დღე ერთი და იგივე რომ ხდებოდა. აი, ეგ შეგრძნებაც შესატანია ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის სიაში.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ გადაწვის ხაფანგში არ მოვხვდეთ, ან თუ უკვე მოვხვდით, როგორ გამოვიდეთ?

1) გამოვიძინოთ და ჯანსაღად ვიკვებოთ: გასაკვირია, რამდენად ხშირადაა მხოლოდ ეს პატარა სავარჯიშო საკმარისი, რომ თავი უკეთ ვიგრძნოთ. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ყოველ დილით ვენაცვლებით ჩვენი შვილის სკოლისთვის მომზადებასა და საუზმის გაკეთებაში, რაც მე პირადად დამატებით 1 საათს მაძლევს ძილისთვის. აქ არაფერს ვამბობ იმაზე, რომ უნდა ვეცადოთ, ადრე დავიძინოთ და არ გავათენოთ ნეტფლიქსის საახალწლო სერიალების ყურებაში. ასევე მნიშვნელოვანია კარგი კვება, სეირნობა და დასვენება. მივცეთ თავს უფლება, დღეში ნახევარი საათი მაინც დავუთმოთ საკუთარ თავს, ყოველგვარი ნამუსის ქენჯნის გარეშე.

2) დავწიოთ მოლოდინები. ეს არის ჩემი და ყველა პერფექციონისტის ნამდვილი პრობლემა. ბავშვმა სულ უნდა ჭამოს ყველაფერი ჯანსაღი გეგმის მიხედვით, სახლი უნდა იყოს გაწკრიალებული, გაკვეთილები იდეალურად ნამეცადინები, ყველა სამსახურის მეილი სწრაფადვე წაკითხული და პასუხ-გაცემული, ტანი ნავარჯიშები, სახე მოვლილი… თუმცა, ახლა საჭიროა, რომ გავჩერდეთ და დავწიოთ ჩვენი და სხვების მოლოდინები. ეს ყველაფერი მერე იყოს, უკეთეს დროს და უკეთეს მდგომარეობაში.

3) შევამციროთ პასუხისმგებლობა და ვისწავლოთ დელეგირება. ადრე შემხვდა ძალიან სასარგებლო სტატია მენტალურ დატვირთვაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ისეთ სიტუაციებში, როცა წყვილი, ერთი შეხედვით, თითქოს შუაზე იყოფს პასუხისმგებლობებს და მოვალეობებს, ყოველთვის არის ერთი ადამიანი (და ძირითადად ქალი), ვინც ამ ყველაფრის მენეჯმენტს ახდენს. რეალურად, გარდა ფიზიკური საქმეებისა, მას ემატება მენტალური საქმეები – ყოველთვის უნდა ახსოვდეს, თუ რა პროდუქტებია საყიდელი სადილისთვის, ბავშვი რომელზეა წამოსაყვანი სკოლიდან, ვის როდის უნდა უყიდოს ახალი ტანსაცმელი და ა.შ. ეს მენტალური დატვირთვა საკმაოდ დიდ დამატებით რესურსსა და ენერგიას მოითხოვს, სულ რომ არაფერი ვთქვათ პირდაპირ ქმედებებზე. ამ მომენტში დროა გავჩერდეთ, ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და ვისწავლოთ დელეგირება. შვილები, პარტნიორი, ბებუა/ბაბუები, დამხამარე/ძიძები – ყველა ჩავრთოთ პროცესში. ჩამოვწეროთ საქმეების სია და გავანაწილოთ, ვინ რას აკეთებს. როცა დელეგირებას გავაკეთებთ, მოვადუნოთ კონტროლი, და არ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა ხდება იმ დროს, როცა საქმეს სხვა აკეთებს.

4) ვაღიაროთ და გავაზიაროთ გრძნობები. ჩემი გამოცდილებით, პრობლემის საკუთარ თავთან აღიარება უკვე ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ პრობლემის მოგვარებისკენ. მეგობართან და ახლობელთან გაზიარება კიდევ უფრო დიდი ნაბიჯია. გაუზიარეთ მათ, ვინც თქვენს მდგომარეობას და გრძნობებს არ გააუფასურებს, ვინც არ განსჯის და არ არიგებს რჩევებს, არამედ უბრალოდ მოგისმენთ, გითანაგრძნობთ და გაგრძნობინებთ, რომ მარტო არ ხართ.

5) ვიცეკვოთ. ან ვაკეთოთ სხვა ნებისმიერი რამ, რაც გვაძლევს პოზიტივს და არის ჩვენი ენერგიის წყარო.
ბედნიერი და მშვიდი დედა ყოველთვის ჯანსაღ ემოციურ კავშირშია ბავშვთან და ყველამ უკვე დანამდვილებით ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს – ყველა ბოსტნეულის წვნიანზე და ათიანზე გაკეთებულ გაკვეთილზე მეტად.

The post #Op-Ed – რა იწვევს დედის „გადაწვას“ და როგორ ავირიდოთ თავიდან – ნინი ჩიქოვანი appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart