როგორ ვასწავლოთ ბავშვებს მნიშვნელოვანი სოციალური უნარ-ჩვევები?

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს მნიშვნელოვანი სოციალური უნარ-ჩვევები?

 ბავშვების აღზრდა, საკმაოდ ხანგრძლივი, რთული და კომპლექსური პროცესია, რომლის დროსაც ბევრი ფაქტორის გათვალისწინება უწევს მშობელს. აღზრდის პროცესში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, ბავშვების სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რადგან ეს უნარები მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდებათ.

მართალია, სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეგვიძლია, თუმცა მათი ჩამოყალიბება და განვითარება ბავშვობის ადრეული წლებიდან იწყება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ და ხელი შევუწყოთ მათ სოციალურ განვითარებასაც.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ ბავშვებში ჯანსაღი სოციალური ინტეგრაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

 

პირადი ნივთების გაზიარება - მცირეწლოვანი ბავშვების ცნობიერება საკმაოდ ეგოცენტრულია და აქედან გამომდინარე, პირადი ნივთების სხვებისთვის გაზიარება მათთვის რთულია და ეს სავსებით ნორმალურია. ყველა ბავშვს აქვს საყვარელი სათამაშო ან ნივთი, რომლის გაზიარებაც შესაძლოა არ სურდეთ და მათ ამის უფლება აქვთ. ნუ დავაძალებთ საყვარელი ნივთის დათმობას, ამის ნაცვლად, შევთავაზოთ პირადი ნივთებიდან რომელი სათამაშო შეუძლია რომ მეგობარს ათხოვოს. გაზიარებით, ბავშვები უფრო მარტივად შეიძენენ მეგობრებს და ეს უნარი, მათ ზრდასრულ ასაკში მნიშვნელოვნად დაეხმარებათ სოციალური კავშირების დამყარებასა და შენარჩუნებაში.


მოსმენის უნარი - აქტიური მოსმენის უნარი, საკმაოდ მნიშვნელოვანია როგორც დასწავლის პროცესში, ასევე სოციალური ინტერაქციისას. როდესაც შეგვიძლია სხვების მოსმენა, ჩვენ გვაქვს უნარი გავიგოთ ახალი შინაარსები, ვუპასუხოთ შეკითხვებს, გამოვიტანოთ დასკვნები და ჯანსაღი კომუნიკაცია ვაწარმოოთ სხვა ადამიანებთან. იმისათვის, რომ ბავშვებმა ისწავლონ თქვენი მოსმენა, თქვენ უნდა მოუსმინოთ მათ. კითხეთ რას ფიქრობენ მათთვის აქტუალურ თემებზე და ყურადღებით მოუსმინეთ მათ პასუხებს, ინეტერესი გამოიჩინეთ და დაასრულებინეთ სათქმელი, როდესაც რაიმეს გიზიარებენ.


ასაკის შესაბამისი მითითებების შესრულება - დავალების გაგება და შესრულება ჩვენი სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. დაწყებული საბავშვო ბაღიდან და დასრულებული პროფესიული საქმიანობით, ამოცანის გაგება და ეტაპობრივად მისი შესრულება, ჩვენი წარმატების და პროდუქტიულობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. მიეცით ბავშვს მარტივი დავალება, რომელსაც ასაკის შესაბამისად გაუმკლავდება, გასაგებად აუხსენით, თუ რა უნდა გააკეთოს და ამოცანის შესრულების შემდეგ, მის მიერ მიღწეული შედეგი შეაფასეთ და შეაქეთ.


გუნდური მუშაობის უნარი - სათამაშოსა და პირადი ნივთების გაზიარების შემდეგ, ბავშვი სწავლობს საკუთარი იდეის, ამბებისა თუ საქმის გაზიარებას. მოზრდილებთან თუ თანატოლებთან თანამშრომლობით, ბავშვი თავისი აზრის/იდეის დაფიქსირებას, სხვების მოსმენას, განსხვავებული აზრის მიმღებლობას, კომპრომისზე წასვლას და საერთო მიზნისთვის მუშაობას სწავლობს. ბავშვთან დროის გატარებისას, წაახალისეთ მსჯელობა და ეცადეთ ერთობლივად შეასრულოთ გარკვეული აქტივობები/დავალებები. თუმცა, გუნდურ მუშაობას ბავშვები ყველაზე კარგად, საბავშვო ბაღსა და შემდეგ უკვე სკოლაში სწავლობენ.


ემოციების ამოცნობა და ემპათიის უნარი - ამ ტერმინის ქვეშ, ვგულისხმობთ ადამიანის უნარს გაიაზროს და შეძლებისდაგვარად განიცადოს სხვა ადამიანის ემოციები თუ განცდები. იმისათვის, რომ ზრდასრულ ასაკში ეს უნარი ჩამოგვიყალიბდეს, თავდაპირველად, საკუთარი ემოციების ამოცნობა უნდა შეგვეძლოს. სწორედ აქ არის თქვენი, როგორც მშობლის/აღმზრდელის ჩართულობა საჭირო. დაეხმარეთ ბავშვებს გაიცნონ და სახელი დაარქვან საკუთარ განცდებს, იქნება ეს რთული თუ დადებით ემოციები. ამის გაკეთება შესაძლებელია შემდეგი ფრაზებით: „მოწყენილი ხარ დღეს სასეირნოდ რომ ვერ წავედით?“ „ახალი სათამაშო რომ მიიღე გახარებული/ბედნიერი ხარ?“ „შეიძლება ახლა გაბრაზებული ხარ..“ ამ და სხვა, ემოციების განმსაზღვრელი ფრაზებით, ბავშვები საკუთარი განცდების სახელდებას სწავლობენ, რაც მომავალში, მათ სხვა ადამიანების ემოციების გაგების საშუალებას აძლევს. ეს კი, სოციალური ურთიერთობისას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი უნარია.  


არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვობის ასაკში შეძენილი კარგი სოციალური უნარები, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მომავალში მათი წარმატებისა და ბედნიერების ხარისხს. ამ უნარ-ჩვევების წყალობით, მათ შეუძლიათ უფრო მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება, უკეთ უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სტრესს, მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ პროფესიულ საქმიანობაში, აქვთ მრავალფეროვანი და საინტერესო სოციალური ცხოვრება და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მათი საერთო სოციალური კეთილდღეობის მაჩვენებელიც მაღალია.  


YOUR CART (0)

No Products in the Cart