მშობლობა COVID-19-ის დროს

მშობლობა COVID-19-ის დროს

COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოჯახები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. სასკოლო აქტივობების სახლში გადმოტანამ, სახლიდან მუშაობამ და ფინანსურმა გაურკვევლობამ მშობლობა უფრო რთული გახადა.

მართალია, იზოლაციამ ბევრ ოჯახს საშუალება მისცა უფრო მეტი დრო გაეტარებინათ ერთად და ბავშვებთან უფრო მყარი ურთიერთობა ჩამოეყალიბებინათ, მაგრამ ცვლილებებთან ადაპტაციის პროცესი მშობლებისთვის სტრესული აღმოჩნდა.

რას შეიძლება გრძნობდეს მშობელი?

1. სტრესს

თუ თქვენ მშობელი ხართ, არ არის გამორიცხული, რომ სტრესით გამოწვეული ნიშნები შეგემჩნიათ თქვენს თავში და ეს სავსებით გასაგებია. თქვენ შეიძლება:

  • განიცდიდეთ შიშს, ბრაზს, სევდას, ფრუსტრაციას;
  • შეგეცვალათ მადა, სურვილები, ინტერესები;
  • დაგიქვეითდათ ენერგია;
  • გიჭირთ ყურადღების კონცენტრირება და გადაწყვეტილების მიღება;
  • შეგეცვალათ ძილის ჩვევები (უძილობა ან კოშმარები);
  • შეგაწუხათ ფსიქოლოგიური მდგომარეობით გამოწვეულმა ფიზიკურმა სიმპტომებმა (თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გამონაყარი კანზე);
  • ჩვეულზე მეტი რაოდენობით თამბაქოს ან ალკოჰოლს მოიხმართ.

პანდემიამ თითქმის ყველა ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე იქონია გავლენა. ამ ყველაფერს მშობლები ორმაგად განიცდიან, რადგან ყველანაირად უნდათ შვილები დაიცვან, როდესაც ხედავენ რამდენად იზოლირებულად გრძნობენ თავს, შფოთავენ და როგორ გაურკვევლობაში არიან ბავშვები.

2. თავდაჯერებულობის ნაკლებობას

არ არის გასაკვირი, თუ ცოტა უფრო მძაფრ ემოციებს განიცდიან მშობლები, რომლებსაც უცბად ახალი როლების მორგება მოუწიათ: ისინი გახდნენ მასწავლებლებიც და საკლასო ოთახის მენეჯერებიც. ზოგ მათგანს ფსიქოლოგის ფუნქციის შეთავსებაც მოუწია.

ძალიან მარტივია, ასეთ დროს იგრძნოთ, რომ თითქოს ვერცერთ როლს ვერ უმკლავდებით ეფექტურად. მაგრამ, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ეს არის უნიკალური მდგომარეობა, რომელიც ყველასთვის უჩვეულო და ახალია. დიახ, ამ ყველაფერმა შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს თქვენს ფუნქციონირებაზე, მაგრამ ეს თქვენი ბრალი არ არის.

3. გაღიზიანებას

ახლა ბავშვს და მშობელს დამატებითი რესურსი და ინდივიდუალური სივრცე სჭირდებათ, სადაც გაკვეთილებზე დასწრებას და მუშაობს შეძლებენ. ბუნებრივია, რომ მშობელი შეიძლება გაღიზიანდეს პირადი სივრცის არ ქონით, ხმაურისგან ან იმის გამო, რომ მუშაობის პროცესში ბავშვი ყოველ წამს მის ყურადღებას ითხოვს.

4. შფოთვას

თუ თქვენ ან თქვენმა მეუღლემ სამსახური დაკარგეთ ან შემოსავალი შეგიმცირდათ, ფინანსური ზეწოლა კიდევ დამატებითი ნერვიულობის წყაროც გახდებოდა. ამ ფაქტორს უკავშირდება მომავლის შიში და შფოთვაც: “სამსახურის გარეშე რომ დავრჩე, რა უნდა ვქნა?!”

უსიამოვნო ემოციების წყარო გახდა ფიქრი იმაზე, თუ ვის დაუტოვოს და რით გაართოს მთელი დღის განმავლობაში ბავშვი იმ მშობელმა, რომელიც დისტანციურად არ მუშაობს.

ეს მდგომარეობა საკმაოდ სტრესული და დამღლელია, მშობლის განცდები კი – სავსებით ბუნებრივი და ნორმალური. მშობლობა ისედაც არ არის მარტივი და ასეთ პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანაგრძნობა გამოიჩინოთ საკუთარი თავის, თქვენი ბავშვის და ოჯახის სხვა წევრების მიმართ.

რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა?

  • ეცადეთ, დღის განმავლობაში პატარ-პატარა დადებითი მომენტები იპოვოთ – გახსოვდეთ, რომ მართალია სტრესული გარემო და ბევრი საფიქრალია, თუმცა შესაძლებელია, რომ ვკონცენტრირდეთ ან ჩვენ თვითონ შევქმნათ პატარ-პატარა ბედნიერი მომენტები ჩვენს შვილებთან ერთად. მაგალითად, ვახშმის დროს ერთმანეთს გაუზიარეთ თუნდაც ერთ კარგი რამ, რაც დღის განმავლობაში მოხდა..
  • გაუფრთხილდით საკუთარ თავს – ზოგჯერ, გვგონია რომ ბავშვზე ზრუნვა და ყველა სხვადასხვა სახლის საქმე ჩვენი პასუხისმგებლობაა, მათი სხვებისთვის განაწილებით კი გვგონია, რომ ჩვენს პასუხისმგებლობას გავურბივართ, თუმცა გახსოვდეთ, რომ თუ სხვების დახმარებაზე უარს ვიტყვით, ამან შეიძლება გადაწვის პირად მიგვიყვანოს, რა დროსაც მართლაც რთული გახდება სხვებზე ზრუნვა, ამიტომ შეძლებისდაგვარად გადაუნაწილეთ ბავშვთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები ოჯახის სხვა წევრებს;
  • იზრუნეთ საკუთარ თავზე – ზოგჯერ, საკუთარ თავზე ზრუნვა ეგოისტური გვგონია ან შეიძლება, საკუთარი თავისთვის დროც კი არ დაგვრჩეს. თუმცა, თუ ჩვენ ჩვენს ფიზიკურ და ემოციურ რესურს ამოვწურავთ, შეიძლება ვერც საკუთარ თავზე და ვერც სხვებზე ვეღარ ვიზრუნოთ. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგჯერ, სულ ცოტა, 30 წუთით მაინც დაისვენოთ, ცხელი შხაპი მიიღოთ ან სხვა სასიამოვნო აქტივობით დაკავდეთ, რაც მოგცემთ იმის ენერგიას, რომ უფრო ლაღი და ენერგიულები იყოთ.
  • შეიმუშავეთ დღის გეგმა – სახლში დიდი დროის ტარებამ ბევრი ჩვენგანი ამოაგდო რუტინიდან. ეცადეთ, თქვენი დღის გეგმა ახალ რეალობას მოარგოთ, შეინარჩუნეთ სტრუქტურა როგორც თქვენი პირადი, ისე ბავშვის ნორმალური აქტივობების მიხედვით.
  • შექმენით სტრესის დაძლევის სტრატეგია – ჩამოაყალიბეთ ისეთი ჯანსაღი აქტივობები, რომლებიც სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. თავი აარიდეთ ისეთ ქცევებს, როგორიც არის მაგალითად გადამატებული დოზით ალკოჰოლის თუ სხვა ნივთიერებების მიღება. გახსოვდეთ, რომ სტრესის დაძლევის ასეთი ნეგატიური მექანიზმები უფრო ამძაფრებს ადამიანის მდგომარობას და სიტუაციას მხოლოდ ართულებს.
  • ხშირად ჩაეხუტეთ და ფიზიკურად გამოხატეთ ბავშვების მიმართ სითბო – ეს მათ სიმშვიდის შენარჩუნებაში დაეხმარებათ და თქვენც უკეთ იგრძნობთ თავს, რადგან ჩახუტება ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას უწყობს ხელს;
  • დაუკვირდით რას გრძნობს ბავშვი.
  • წაახალისეთ ბავშვები თამაშისკენ – თამაში ბავშვებს ეხმარება სტრესის დაძლევაში, განვითარებაში და უსიამოვნო თემებისგან ყურადღების გადატანაში.

ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ოთხიდან ერთი ადამიანი განიცდის მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. კორონავირუსის პადემიასთან ერთად, დღეს უფრო მეტი მათგანი აღმოჩნდა კრიზისულ სიტუაციაში.

ახალ რეალობასთან მორგება უფრო რთული აღმოჩნდა მშობლებისთვის. თუმცა, ადრე თუ გვიან ადამიანი ნებისმიერ სიტუაციას ეგუება და დროთა განმავლობაში ეს სტრესიც გაივლის. ახლა კი, კარგი იქნება, თუ უფრო მეტად დავაფასებთ ზოგიერთ პოზიტიურ მომენტს, რომელიც პანდემიამ მოიტანა, მათ შორის, ბავშვების გვერდით უფრო მეტი დროის ტარების შესაძლებლობას.

სტატია მომზადებულია  თიბისი დაზღვევა-სა და Bloomin.ge -ის პარტნიორობის ფარგლებში. 

 

ავტორი: ნინი დარსაძე

The post მშობლობა COVID-19-ის დროს appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart