როგორ ვიმუშაოთ სახლიდან ბავშვებთან ერთად?

როგორ ვიმუშაოთ სახლიდან ბავშვებთან ერთად?

როგორც ყველაფერს, სახლში მუშაობასაც მონეტის ორი მხარე აქვს. ჩვენ მოგვეცა საშუალება, უფრო მეტი დრო ვატაროთ საყვარელ ადამიანებთან და გავხდეთ მოწმე იმ მნიშვნელოვანი მომენტებისა, რომლებიც ბავშვების ცხოვრებაში ხდება; არ გამოვაკლდეთ ისეთ ემოციურ წუთებს, როგორიც არის შვილის პირველი ნაბიჯები ან მისი ბავშვური მიამიტობით გამოწვეული უსაზღვრო სიხარული. მაგრამ, როგორ ვიმუშოთ ბავშვებთან ერთად, როცა მათ მუდმივად თამაში და ყურადღება სჭირდებათ?

მშობლებისთვის სახლიდან მუშაობა რთულია. ასეთი თანამშრომლები განსაკუთრებულად იღლებიან და ზოგიერთი დავალების დროულად შესრულება იმის გამო უჭირთ, რომ მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, რთულია ყურადღების კონცენტრირება.

არსებობს ხრიკები, რომლებიც სახლში, ბავშვებთან ერთად მუშაობის გამარტივებაში დაგეხმარებათ.

იყავით ემპათიური

ეცადეთ, თქვენს თავს ბავშვების თვალით შევხედოთ. როგორია, უფროსებს სახლში ხედავდე და მათთან თამაშზე უარს ამბობდე? ან არ დაინტერესდე მშობლის საქმეებით, მით უმეტეს, როცა ცნობისმოყვარე ხარ? რთულია მიხვდე, რა არის სამსახური და რატომ უთმობენ უფროსები მას ამდენ დროს. გახსოვდეთ, რომ “ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ”.

შეინარჩუნეთ რუტინა და გახსოვდეთ, რომ დროის მენეჯმენტი თქვენი მეგობარია

სახლში მუშაობისას, ისევე მნიშვნელოვანია რუტინის შენარჩუნება, როგორც ოფისში. აუცილებელია, ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნოთ სამუშაო და დასვენების დრო.

ოფისში სისტემატურად სიარულისგან განსხვავებით, სახლში შეგიძლიათ უფრო მოქნილი იყოთ და დღე ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით დაგეგმოთ. წინასწარ შეიმუშავეთ კვირის გრაფიკი, სადაც დაახლოებით მაინც განსაზღვრავთ:

• როდის გაქვთ მნიშვნელოვანი შეხვედრა ან გიწევთ ისეთი საქმის გაკეთება, რომლის გადადებაც არ შეიძლება;
• რომელია დღის ის მონაკვეთი, როდესაც ბავშვი განსაკუთრებულად ითხოვს თქვენს დროსა და ყურადღებას;
• როდის უწევთ ბავშვებს გაკვეთილზე დასწრება თუ მეცადინეობა?
• რა არის ისეთი საქმიანობები, რომლებიც თქვენთვის და ბავშვისთვის საერთოა?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა არის ის, თუ რა საქმიანობები გაქვთ თქვენ და ბავშვს საერთო? ეცადეთ, ასეთი აქტივობები ერთმანეთის დროს დაამთხვიოთ. იქნება ეს ერთად სადილი თუ ვარჯიში.

დროის ჩარჩოებში მოქცევა არამარტო მშობელს ეხმარება, არამედ ბავშვსაც. ბავშვისთვის უფრო მარტივია, როცა ის ინფორმირებულია და ობიექტური მოლოდინები აქვს დროსთან დაკავშირებით.

არ დაგავიწყდეთ, ბავშვის სურვილით გამოთქმული აქტივობებიც დაგეგმოთ.

გამოიყენეთ “პომოდოროს მეთოდი”

“პომოდორო” დროის მენეჯმენტის მეთოდია, რომელიც ადრეულ 1980-იან წლებში ფრანჩესკო ჩირილიომ დანერგა. მისი ორგანიზაცია, ბევრ დიდ კომპანიას უწევს კონსულტაციას პროდუქტიულობისა და ეფექტურობის ამაღლების მიმართულებით.

ამ ტექნიკის გამოსაყენებლად, დაგჭირდებათ მხოლოდ წამზომი. მუშაობისას, წამზომი უნდა დააყენოთ 25 წუთზე და როცა ის დარეკავს, 5 წუთით შეისვენოთ. 5 წუთის შემდეგ, იგივე უნდა გაიმეოროთ. 4 ასეთი 25 წუთიანი სამუშაო დროის გასვლის შემდეგ, დაგეგმეთ შედარებით დიდი შესვენება. ამ შესვენების დროს, ცოტახანს ბავშვთან თამაშს შეძლებთ.

შემოიღეთ წესები და დააწესეთ საზღვრები

არათუ ბავშვებს, ზოგჯერ ზრდასრულებსაც გვიჭირს იმის განსაზღვრა, თუ რას მოელიან ჩვენგან სხვები. გადამეტებული თავისუფლება, დაბნეულობასაც იწვევს. რატომ არ უნდა შევიდე ოთახში, სადაც უფროსები მუშაობენ და იქ ვიმღერო, ვინმემ გამაფრთხილა?

გახსოვთ, ტელეკომპანია BBC-ის ეთერში გასული პირდაპირი ჩართვა, რომელშიც პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, ექსპერტი რობერტ კელი, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრობს? ამ მნიშვნელოვანი თემის განხილვის დროს, კელის ოთახში თამაშ-თამაშით შემოვიდნენ ჯერ მისი 4 წლის ქალიშვილი, შემდეგ კი ვაჟი.

მართალია, მთელი მსოფლიოსთვის სახალისო სანახაობა იყო, მაგრამ არ ვიცი რას ფიქრობდა იმ მომენტში თავად ექსპერტი. როგორც გაირკვა, პირდაპირი ინტერვიუების დროს, კელი ოთახის კარს გასაღებით კეტავდა, მაგრამ ამჯერად დაავიწყდა.

აუციელებელია, ბავშვებს ავუხსნათ რას მოველით მათგან და რატომ. ბავშვთან ერთად ჩამოაყალიბეთ წესები, რომელიც მუშაობის დროს ორივემ უნდა დაიცვათ და თვალსაჩინო ადგილას გამოაკარით. მაგალითად: “თუ, მე ვინმეს ველაპარაკები, დაელოდე საუბრის დასრულებას და მითხარი რისი თქმაც გინდა”.

ასევე, გამოიყენეთ სპეციალური ნიშნები. მაგალითად, მანიშნებელი, რომელსაც ოთახის კარზე დაკიდებთ და ბავშვები მიხვდებიან როდის გცალიათ ან როდის ხართ დაკავებული. ბავშვს უნდა აუხსნათ, როდის არ შეიძლება თქვენი შეწუხება და რატომ.

რა თქმა უნდა, თუ ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება თქვენი გვერდით ყოფნა, აუცილებლად უნდა დაუშვათ გამონაკლისი.

წესების შესრულების შემდეგ, არ დაგავიწყდეთ ბავშის წახალისება.

დააკავეთ ბავშვი ხელოვნებით

რომელ ბავშვს არ უყვარს ხატვა? იმედია, თქვენი შვილი არ არის გამონაკლისი. ხელოვნება კარგი საშუალებაა ბავშვის წარმოსახვის სტიმულირებისთვის და მისი საქმით დაკავებისთვის. უყიდეთ თიხა, გასაფერადებლები და სხვა მსგავსი საშუალებები.

აქციეთ მუშაობა თამაშად

არ მოვიტყუებით, მშობლისთვის, სახლიდან მუშაობა ნამდვილად რთულია. მაგრამ ეცადეთ იყოთ კრეატიულები. ბავშვებს ძალიან უყვართ თამაში და ბევრი პრობლემა, ძალიან მარტივად, თამაშით შეგიძლიათ მოაგვაროთ. მაგალითად, უთხარით ბავშვს, ვითომ ის თქვენი თანამშრომელია და რამე სახალისო საქმით დააკავეთ. როგორც ნამდვილ თანამშრომელთან, ისე მასთანაც შედით საქმიან კომუნიკაციაში.

მოითხოვეთ იმდენი, რამდენიც ბავშვს შეუძლია

გახსოვდეთ, რომ ბავშვები არიან ბავშვები და მათგან ვერ მოვითხოვთ იგივეს, რასაც უფროსებისგან. ბუნებრივია, რომ ბავშვს თამაში უნდა, რომ მას თქვენთან ერთად უნდა დროის გატარება და ნორმალურია, როცა რაღაც ისე არ ესმით, როგორც თქვენ. ბავშვებისგან იმდენი უნდა მოვითხოვოთ, რამდენის უნარიც მათ შესწევთ, ნუ გადააფასებთ მათ შესაძლებლობებს.

დააწესეთ ვირტუალური თამაშის დრო

ბავშვების რაიმე საქმით დიდხანს დაკავება, მარტივი საქმე არ არის. თუ ბავშვს არ შეუძლია, ფიზიკურად ითამაშოს სხვა ბავშვებთან იგივე სივრცეში, მაშინ შეგიძლიათ ვირტუალური შეხვედრები მოაწყოთ.  თანატოლებთან კომუნიკაციისთვის, ბავშვისთვის უსაფრთხო ვიდეო ჩათი გამოიყენეთ და არ დაგავიწყდეთ, გაითვალისწინოთ, ასაკის მიხედვით, რა დროის გატარება შეუძლია ბავშვს ეკრანთან.

დააორგანიზეთ მშობელთა ჯგუფი

იპოვეთ 3-4 ოჯახი, რომელთანაც ახლოს ხართ და გააზიარეთ რესურსები. ეს შეიძლება იყოს ერთად ჭამა, ერთად მეცადინეობა და სხვა.

იყავით გულწრფელი და პირდაპირი 

რა თქმა უნდა, წესებისა და საზღვრების ჩამოყალიბება არ არის 100%-იანი გარანტი იმისა, რომ მშვიდად მუშაობას შეძლებთ. რთულია, ბავშვს ყურადღება არ მიაქციო მაშინ, როდესაც ის რაიმეს გეკითხება ან თამაში უნდა. ამიტომ, აუცილებელია მტკიცე და გულწრფელი იყოთ თანამშრომლებთანაც.

კოლეგებს აუხსენით, რომ მუშაობასთან ერთად, სახლში ბავშვებსაც უვლით და რომ ზოგჯერ, თქვენი ჩართულობა გარდაუვალია. წინასწარ გააფრთხილეთ, მოსალოდნელი “რისკების” შესახებ.

იმის ნაცვლად, რომ სიშვიდის შენარჩუნებას ეცადოთ მაშინ, როცა თქვენი შვილი პერანგზე გექაჩებათ, უბრალოდ თანამშრომლებს შეახსენეთ, რომ დროებით გამოეთიშებით და შეძლებისდაგვარად სწრაფად დაუბრუნდებით საქმეს.

გამოყავით სამუშაო სივრცე

სახლიდან მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე, პროფესიული საქმიანობისა და პირადი ცხოვრების ერთმანეთში არევაა. ერთი მხრივ, ოფისში, უფრო მარტივია საქმეზე კონცენტრირდე. მეორე მხრივ,  უფრო რთულია საქმეს თავის დაანებო მაშინ, როდესაც სამსახური და სახლი ერთ სივრცეშია.

ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა, სამუშაო და მოსასვენებელი ადგილების ერთმანეთისგან გამიჯვნაა. ეცადეთ,  სახლში ისეთი ადგილი იპოვოთ, რომელიც მხოლოდ მუშაობისთვის იქნება განკუთვნილი და რომელსაც სამუშაო დღის ბოლოს, აუცილებლად დატოვებთ.

გაინაწილეთ როლები

თუ პარტნიორთან ერთად ცხოვრობთ, რომელიც ასევე სახლიდან მუშაობს, აუცილებლად გაინაწილეთ დრო. მაგალითად, შესაძლებელია, დილას ერთ-ერთმა თქვენგანმა საუზმე გაამზადოს და ბავშვებს აჭამოს, მაშინ როცა მეორე  იმუშავებს და პირიქით.

 

ავტორი: ნინი დარსაძე

The post როგორ ვიმუშაოთ სახლიდან ბავშვებთან ერთად? appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart