რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს პირადი საზღვრების დაცვა – ნინი ჩიქოვანი
რამდენჯერ ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში სიტუაცია, როცა უარის თქმა გვინდა და ვერ ვამბობთ იმიტომ, რომ გვერიდება. რამდენჯერ ყოფილა, როცა რაღაცას ძალით ვაკეთებთ იმიტომ, რომ ‘უხერხულია’; როცა ვთმობთ ჩვენს სურვილებს და სხვისი დაჟინებული თხოვნის გამო დისკომფორტს ვიქმნით. ზოგჯერ პირიქითაც ყოფილა, სხვის საქმეში ჩაგვიყვია ცხვირი, რჩევა მიგვიცია მაშინ, როცა არავის ჩვენგან ეს რჩევა არ უთხოვია; ჩვენი აზრი მოგვიხვევია, გაგვიკრიტიკებია ვინმეს გარეგნობა ან ჩაცმულობა, მოგვითხოვია ყურადღება მაშინ, როცა მეორე ადამიანი არ იყო მზად, რომ ეს ყურადღება ჩვენთვის მოეცა…
ყველა ამ სიტუაციას ერთი რამ აერთიანებს – ასეთ დროს ირღვევა ჩვენი ან სხვისი პირადი საზღვრები.
ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან ჩვეულებრივი სიტუაციებია, რომლებიც შეიძლება ჩვენს ყოველდღიურობაშიც შეგვემთხვეს და როცა ხდება, არც კი ვაქცევთ მათ ყურადღებას; მით უმეტეს, არ მოგვდის თავში აზრად, რომ ასეთ დროს რაღაც ირღვევა.
მოდი, განვიხილოთ, რა არის პირადი საზღვრები.
პირადი საზღვრები არის უხილავი ხაზები, რომლებიც გადის ადამიანებს შორის და ისინი საჭიროა იმისთვის, რომ მიხვდე, ‘სად ვარ მე, და სად არ ვარ’; „სად არის ჩემი პირადი და სხვების ემოციები, ქმედებები და მოსაზრებები’’. პირადი საზღვრები იცავენ ჩვენს შიდა სამყაროს გარე ზემოქმედებისგან და გვჭირდება იმისათვის, რომ ვიცოდეთ, თუ რა არის ჩვენი საკუთრება (და რა უნდა დავიცვათ) და რაზე ვართ პასუხისმგებლები ჩვენ.
როდესაც პირად საზღვრებზე ბავშვების კონტექსტში ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ პატარაობიდან ვასწავლოთ პირადი საზღვრების ცნება, საკუთარი სურვილების დაცვა და უარის თქმა ისეთ რაღაცებზე, რაც მათ არ მოსწონთ.
ეს ცოდნა ეხმარება ბავშვს აბსოლუტურად განსხვავებულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, მაგალითად, როცა უარის თქმაა საჭირო რაღაც არასასიამოვნო, არასასურველ ან სახიფათო ქმედებაზე (რამე საშიშის გაკეთების ნიძლავზე, ვიღაცის მოტყუებაზე, ქურდობაზე, დაცინვა-ბულინგზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და აშ). ბავშვებს ასეთ დროს ძალიან ხშირად არ უნდათ ამ რაღაცების გაკეთება, მაგრამ თხოვნისა და დაძალების შემთხვევაში, არ იციან, როგორ უნდა თქვან უარი. ხოლო როდესაც ბავშვს არ აქვს პირადი საზღვრების შესახებ ცოდნა, მისი მართვა ძალიან ადვილი ხდება.
როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მშობლები, რომ ბავშვებს პირადი საზღვრების ცნება დავუმკვიდროთ, პირველ რიგში ჩვენ თვითონ უნდა მოვეპყროთ მათ შესაბამისად:
- არ დავსაჯოთ ფიზიკურად
- არ გავაკეთებინოთ არაფერი დაძალებით (ჭამა, ექიმთან წასვლა, ჩაცმა და ა.შ.)
- არ დავაძალოთ ბავშვს ჩახუტება და კოცნა, თუ მას ეს არ მოსწონს („ჩაეხუტე ბებიას, ეწყინება თუ არ აკოცებ’’)
- ნებართვისა და დაკაკუნების გარეშე არ შევიდეთ მის ოთახში (5 წლის ასაკიდან)
- არ დავაიგნოროთ ბავშვის სურვილები (თუ სცხელა და ქურთუკს იხდის, არ ჩავაცვათ და არ ვუთხრათ, რომ ჩვენ უკეთესად ვიცით, მას სცხელა თუ სცივა)
- არ მივცეთ შენიშვნა სხვების თანდასწრებით (ნემისმიერი მსგავსი კომენტარი მისაღებია მხოლოდ ერთი ერთზე)
- ვასწავლოთ, რომ მათი სხეული მხოლოდ მათ ეკუთვნით და არავის აქვს უფლება შეეხოს ნებართვის გარეშე. აქ კარგად მუშაობს ‘საცურაო კოსტიუმის წესი’. რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმს, მასაჟისტს, ნებისმიერ სხვა სპეციალისტს აქვს უფლება, რომ ნახოს ბავშვის ეს ზონა, მხოლოდ ბავშვის მხრიდან ნებართვის შემდეგ.
მსგავსი სავარჯიშოები უნდა გავაკეთოთ ასევე საპირისპირო შემთხვევაშიც. ჩვენმა შვილებმაც უნდა იცოდნენ სხვისი საზღვრების პატივისცემა. სხვისი სათამაშო სხვისია, და ის ნებართვის გარეშე არ უნდა ავიღოთ. სხვას შეიძლება არ მოსწონდეს ჩახუტება, კოცნა და ზედმეტი ყურადღება (ჩარტყმა ან ჩხუბზე არაფერს ვამბობ) და ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ. სხვას შეიძლება უნდოდეს მარტო ყოფნა და ჩვენ ამის საშუალება უნდა მივცეთ.
რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ და ჩვენს შვილებსაც ვასწავლოთ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ – სხვა ადამიანების საზღვრების პატივისცემა ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ჩვენ ვაძლევთ უფლებას, იყვნენ ჩვენგან განსხვავებულები, ფიქრობდნენ და იქცეოდნენ ისე, როგორც მათ უნდათ.
როგორი თითქოს მარტივი და თან რთული რამ არის, არა?
ავტორი : ნინი ჩიქოვანი
The post რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს პირადი საზღვრების დაცვა – ნინი ჩიქოვანი appeared first on Bloomin.