პროგრამები, რომლებიც სოციალიზაციასა და დროის საინტერესოდ გატარებაში დაგეხმარებათ

პროგრამები, რომლებიც სოციალიზაციასა და დროის საინტერესოდ გატარებაში დაგეხმარებათ

უკვე რამდენიმე თვეა, ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებთ, რაც ხანდახან თავს მარტოდ გვაგრძნობინებს ხოლმე. აქტიური ცხოვრების წესიდან პასიურზე გადასვლა ბევრისთვის არც თუ ისე მარტივია. ადამიანებს სჭირდებათ იმის შეგრძნება, რომ მიუხედავად ამგვარი ცხოვრების რეჟიმისა, ისინი კვლავაც არიან ჩართული სოციალურ ცხოვრებაში და სახლიდანაც შეუძლიათ საინტერესო გამოცდილების მიღება. 

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამდეც უამრავი ვირტუალური შესაძლებლობა არსებობდა, ბოლო თვეებში სპეციალურად იზოლაციაში მყოფი ხალხისთვის განსაკუთრებით ბევრი აპლიკაცია/პროგრამა შეიქმნა. 

უამრავ შემეცნებით თუ გასართობ პროგრამას შორის კი, გადავწყვიტეთ, ყველაზე საინტერესო ვარიანტები შემოგვეთავაზებინა:

DialUp

ეს არის აპლიკაცია, რომელიც თავდაპირველად იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, ვინც მარტოობას ებრძოდა. ეს პროგრამა ორ ადამიანს ერთმანეთთან შემთხვევითობის პრინციპით აკავშირებს. პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო კი, აპლიკაციის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, საკარანტინო ჩატის სერვისი შეექმნათ, რომელიც კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს დააკავშირებდა. 

გარდა “კარანტინ-ჩატისა” პროგრამა მომხმარებელს ასევე სთავაზობს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებულ დისკუსიებს (მაგ: პლანეტა და მისი გამოწვევები, პოეზია, მხატვრობა..), რომლებშიც კონკრეტულ დროს ჩართვაა შესაძლებელი. 

ასე რომ, თუკი გსურთ აბსოლუტურად უცნობ ადამიანებს თქვენთვის საინტერესო თემებზე ესაუბროთ მსოფლიო მასშტაბით, მაშინ ეს აპლიკაცია თქვენთვისაა!

Nike training club

მნიშვნელოვანია, იმ აპლიკაციებსაც მიაქციოთ ყურადღება, რომლებიც თქვენი გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე იზრუნებენ. ვირტუალური თამაშები ნამდვილად ეფექტური ანტისტრესული საშუალებაა, თუმცა, სახლში მჯდომ ადამიანებს მოძრაობა განსაკუთრებით სჭირდებათ. საამისოდ, Nike Training Club მომხმარებლებს ინდივიდუალურ სავარჯიშო უნარებზე დაყრდნობით 185 უფასო ვარჯიშის სახეობას სთავაზობს. ეს ვარჯიშები კი კატეგორიების მიხედვითაა დაყოფილი, გააჩნია რა მიზნის მიღწევა გსურთ – ძალის გაზრდა გსურთ, წონის დაკლება, თუ უბრალოდ ყოველდღიური მინიმალური აქტივობა. 

Project Foodie

ეს აპლიკაცია მიზნად ისახავს, მომხმარებლებს კულინარიული უნარების განვითარებაში ხელი შეუწყოს. ის აერთიანებს კულინარიულ შოუებს, წიგნებს, აპლიკაციებს, მასტერკლასებსა და პროგრამებს. ამ აპლიკაციის შემქმნელები მომხმარებლებს ჰპირდებიან, რომ ისინი რესტორნის კვალიფიკაციის კერძების მომზადებას ისწავლიან. და რაც მთავარია, მხოლოდ რეცეპტებით არ იხელმძღვანელებენ – აქ ისინი მიიღებენ ისეთ გამოცდილებას, რომელიც მზარეულს დაეხმარება, შემდგომში კლასიკური კერძები უცხო, ორიგინალური და ინოვაციური გზებით მოამზადოს. 

ერთი სიტყვით, Project Foodie ყველაფერ იმის ერთიანობაა, რაც კულინარიით დაინტერესებულ ადამიანს ბევრნაირი საჭირო და საინტერესო გამოცდილებით უზრუნველყოფს.

Rave

ეს ერთგვარი გასართობი აპლიკაციაა, რომელიც რამდენიმე ვირტუალურ აქტივობას ერთდროულად სთავაზობს მომხმარებლებს. მისი მეშვეობით მარტივად შეგიძლიათ, ერთდროულად, ისაუბროთ მეგობართან, მასთან ერთად სინქრონულად უყუროთ ფილმს/ვიდეოს, ითამაშოთ სხვადასხვა თამაში. ასევე,  მილიწამებში ზუსტი სინქრონიზაციის მეშვეობით, Rave-ს შეუძლია ერთი ზარით დაკავშირებული რამდენიმე ადამიანის ხმები ხმამაღალ რეჟიმზე გადაიყვანოს და ვირტუალური კარაოკე წვეულებები მოგიწყოთ. 

ამიტომაც, თუკი გართობა და მეგობრებთან დროის სახალისოდ გაყვანა მოგენატრათ, Rave ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ. 

Window Swap 

ესაა ვებგვერდი, რომელიც მოგზაურობას მონატრებული ადამიანებისთვის შეიქმნა. მისი მეშვეობით შეგიძლიათ, დაათვალიეროთ სხვადასხვა ქვეყნისა და ქალაქის ხედები მათი მოქალაქეების ფანჯრებიდან. ანალოგიურად, თქვენც შეგიძლიათ, თქვენს ხედს კამერა მიუშვიროთ და ის მსოფლიოს გაუზიაროთ. ამისათვის კი საჭიროა, ელექტრონულ ფოსტაზე qunaliaa@gmail.com 10 წუთიანი, ჰორიზონტალური, HD-ხარისხის ვიდეოები გაუშვათ, თქვენი საკუთარი ადგილმდებარეობის მითითებით. 

მსგავსი გამოცდილება საინტერესოა იმ კუთხით, რომ ის ერთდროულად სრულიად უცხო ადამიანების პირად სივრცესა და მსოფლიოს ერთ კონკრეტულ ხედს გვთავაზობს. თუნდაც ადამიანური ცნობისმოყვარეობის გამოც კი მიმზიდველია ეს შესაძლებლობა – დავინახოთ რა ჩანს სხვების ფანჯრიდან..

იმედია, ჩამოთვლილი აპლიკაციები თუ ვებგვერდები თქვენს “სახლურ” რეჟიმს გაახალისებს მანამ, სანამ რეალური, საოცარი და გიჟური გამოცდილებების მიღებას შეძლებთ!

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

The post პროგრამები, რომლებიც სოციალიზაციასა და დროის საინტერესოდ გატარებაში დაგეხმარებათ appeared first on Bloomin.


YOUR CART (0)

No Products in the Cart